კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა რაგბის მწვრთნელი რიჩი დიქსონი და ვის უწევდა მასპინძლობას მისი დედა

ურთიერთობისას საკმაოდ უშუალოა, იგრძნობა შოტლანდიური ხასიათი, სილაღე, გულისხმიერება, რაც მთავარია, საკუთარი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარული და საქართველოს უზომო პატივისცემა. კითხვებს ამომწურავად პასუხობს, ცდილობს, არაფერი დარჩეს უთქმელი... საოცრად კონტაქტურია, პირველივე პრესკონფერენციაზე ისეთ პოსტულატებს შეეხო, მივხვდი, ქართულ რეალობასთან საკმაოდ ახლოს დგას.

„ნაკრები ერთი ოჯახივით უნდა იყოს... გარდა სპორტული მხარისა, მოთამაშეებს, როგორც პიროვნებებს, ისე დავაკვირდები...“ – ეს სიტყვები საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ახალ თავკაცს რიჩარდ დიქსონს ეკუთვნის. ვიფიქრე, ბორჯღალოსანთა ახალი გურუს გაცნობა არ უნდა ყოფილიყო მკითხველისთვის უინტერესო, მით უფრო, რომ „მამაცი შოტლანდიელის“ ხელმძღვანელობით, ჩვენმა ლომკაცებმა უკვე მოახერხეს მსოფლიო რეიტინგში მათზე წინ მდგომი ნაკრებების – კანადისა და ამერიკის ძლევა.

რიჩი დიქსონი: საქართველოში რომ ჩამოვედი, ერთი ქართული სიმღერა მომასმენინეს, ძალიან ლამაზი მელოდიაა. მითხრეს, რომ შოტლანდიელი პოეტის, რობერტს ბერნსის ლექსზე იყო დაწერილი. ისიც მითხრეს, იმდენად ქართული შინაარსისაა ტექსტი, რომ ვერც წარმოვიდგენდით, თუ სხვა ერის წარმომადგენელი იქნებოდა მისი ავტორიო (საუბარია გიორგი ცაბაძის სიმღერაზე „კაცი ვარ და ქუდი მხურავს“ – ავტორი). ბერნსის ასეთი სიახლოვე ქართულ რეალობასთან, გასახარია ჩემთვის. მით უფრო, რომ იგი ჩემი სოფლის სიახლოვეს დაიბადა. ძალიან პოპულარულია შოტლანდიაში, რადგან ხალხური ფესვები აქვს მის ნააზრევს. თუნდაც ამ ფაქტმა მიმანიშნა, რომ საოცრად ახლობელი უნდა ყოფილიყო ქართული კულტურა, ქართველი ხალხი ჩემთვის. როგორც კი ჩამოვედი საქართველოში, ვიგრძენი თუ რაოდენ ახლოს დგას მენტალურად ქართველი ხალხი შოტლანდიელებთან. ხშირად მიფიქრია, რომ ჩემს მშობლიურ გარემოში მოვხვდი. ჩემს თავს აქაურობის განუყოფელ ნაწილად მივიჩნევ.

ქართველები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ხართ, ისევე როგორც შოტლანდიის საზღვრისპირა მოსახლეობა. ეს თვისება ჩემს ერს განსაკუთრებული სიმძაფრით აქვს სისხლში გამჯდარი. მახსოვს, როცა მამაჩემი და ჩემი ძმები ბრუნდებოდნენ სამუშაოდან, ბევრი ხალხი გვხვდებოდა შინ. გაშლილი იყო სუფრა და უამრავი უცხო ხალხი იჯდა. დედაჩემი მათ უმასპინძლდებოდა თავისი გამომცხვარი ტკბილეულით. ყველას იცნობდა, ყველას უდიდეს პატივს სცემდა. ძალიან ხშირად, არც კი ვიცოდით ვინ იყო ეს ხალხი. არადა, ისე გულუხვად უმასპინძლდებოდა მათ ჩვენი ოჯახი, ვხვდებოდი, ეს უპირველესად, ეროვნული ტრადიციებისადმი პატივისცემა იყო. ძალიან სტუმართმოყვარე დედა მყავდა, მისი სტუმართმოყვარეობა გენეტიკურად მეც გამომყვა. სამუშაო ეთიკა და ადამიანთა პატივისცემა მამაჩემისგან მერგო.

* * *

დავიბადე სოფელში, სასაზღვრო ზოლის მახლობლად. მამაჩემს ცხვრის ფარა ჰყავდა. ბავშვობა სოფელ ბერვიკშირში გავატარე. ჩემი პატარაობისას ფერმა მექანიზირებული არ იყო და ცხვრების მოვლას ბევრი ადამიანი სჭირდებოდა. მეც დაუზარელად ვეხმარებოდი მამას. ყველა მუშაობდა, უამრავი ბავშვი იყო ჩემს გვერდით. საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩემს გარშემო და მათთან ურთიერთობა ბევრ რამეს მასწავლიდა.

მეტად რომანტიკული ბავშვობა მქონოდა. ამ ამბავს რომ ვყვები, ტრადიციულად მეკითხებიან, ლექსებს ხომ არ წერდი ბავშვობაშიო. თავად არ მიცდია ლექსების წერა, თუმცა, ლექსების კითხვას კი დიდ ყურადღებას ვუთმობდი. მიყვარს შოტლანდიური პოეზია, განსაკუთრებით ხალხური პოეზია, სადაც ჩემი თანამემამულეების ფსიქოლოგიური განწყობა კარგადაა წარმოჩენილი.

მუშაობის შემდეგ ვერთობოდით, მიზიდავდა სპორტის სათამაშო სახეობები. მაშინ მივხვდი, რომ უნდა გავმხდარიყავი ფიზიკური აღზრდის სპეციალისტი და ჩემი სპეციალობა ადამიანებთან ურთიერთობას უნდა დაკავშირებოდა. სტუდენტობის პერიოდიდან არჩევანი რაგბიზე გავაკეთე. ჩემმა პედაგოგებმა მირჩიეს, ამ გზას გავყოლოდი. მითხრეს, რომ მე კარგად ვთამაშობდი რაგბის. ძალიან დიდი ნაბიჯი იყო ჩემთვის პატარა სოფლიდან მეტროპოლიაში – დიდ ქალაქში ჩავსულიყავი. გლაზგოში უამრავ ადამიანს დავუმეგობრდი, იქ ბევრი ჩემი ყოფილი თანასოფლელი დამხვდა, რამაც გამიადვილა უცხო გარემოსთან ადაპტაცია.

* * *

გლაზგოში რომ ჩავედი, თან ვსწავლობდი და, თან ვთამაშობდი რაგბის. გავხდი კვალიფიციური პედაგოგი. გლაზგოს ერთ-ერთი გარეუბნის სკოლაში დავიწყე პედაგოგიური საქმიანობა. ძალიან მომეწონა ბავშვებთან ურთიერთობა, ვასწავლიდი 25 წლის განმავლობაში. როცა სკოლაში ვასწავლიდი, გარშემო დიდი მინდვრები იყო. სოფლის გარემოს მაგონებდა იქაურობა, ბავშვებიც ძალიან გულისხმიერები იყვნენ. მსიამოვნებდა მათთან ურთიერთობა და ვხედავდი, რომ არა მარტო მე შემეძლო მათთვის რაიმე მესწავლებინა, მათგანაც ვსწავლობდი ბევრ რამეს. ძალიან მომწონდა ჩემი პროფესია, მით უფრო ის გარემო, რომელიც მაგონებდა სოფელს, ჩემს ბავშვობას. ახლა რომ მივდივარ იქ, აღარ არის გაშლილი სივრცეები და მინდვრები, სულ შენობებია ირგვლივ. საოცარ ნოსტალგიას იწვევს ხოლმე ის წლები ჩემში.

მიმაჩნია, რომ ძალიან იღბლიანი ვარ. რაგბის მეშვეობით მთელი სამყარო შემოვიარე. ანდებში არის ქალაქი მენდოსა, არგენტინაში ვიყავით ჩასული შოტლანდიის ნაკრებთან ერთად. ჩემთვის ვიჯექი ერთ-ერთი კაფეს გარეთ და ყავას ვსვამდი. უცებ ვხედავ, ჩემსკენ ღიმილით მოდის ერთი ჭაბუკი, მეძახის: „გამარჯობა, მისტერ დიქსი“, ვიფიქრე ვინ უნდა ყოფილიყო აქ, ვინ უნდა მიცნობდეს-მეთქი. მომიახლოვდა ჭაბუკი და შემრჩა ხელში ანცი ბიჭუნა, რომელსაც სკოლაში ვასწავლიდი. უამრავმა ბავშვმა გაიარა ჩემს ხელში. შეიძლება ყველა არ მახსოვს, მაგრამ მიხარია, რომ მათ ვახსოვარ. ბევრი მათგანი შემხვედრია შოტლანდიის ფარგლებს გარეთ, ყოველთვის დიდი სიხარული იყო ჩემთვის ჩემს ყოფილ მოსწავლეებთან შეხვედრა. მათი რეაქციით ვრწმუნდები, რომ ამაოდ არ ჩაუვლია ჩემს 25-წლიან პედაგოგიურ საქმიანობას.

* * *

უდიდესი ისტორია აქვს შოტლანდიას. უილიამ უოლასი 1286 წლიდან იბრძოდა შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის. ეს იყო ინგლისელებთან ბრძოლის პირველი პრეცედენტი. ამის შესახებ გადაღებულია ფილმი „მამაცი გული“. უოლასი გაყიდეს, ის გასცეს მოღალატეებმა, ედუარდ პირველი იყო მაშინ ინგლისის მეფე, საზღვარზე იდგა ბერვიკის ციხესიმაგრე, სწორედ აქ მოიხმო ედუარდ პირველმა ინგლისელებიც და შოტლანდიელებიც და ერთგულების ფიცი დაადებინა. ბერვიკს საოცარი ისტორია აქვს, მუდამ ბრძოლაში იყო. ამ პერიოდისთვის ცამეტჯერ ხელიდან ხელში გადავიდა – ხან შოტლანდიელები ფლობდნენ ამ ციხესიმაგრეს, ხან ინგლისელები.

ბერვიკი თბილისისავით მთაგორიან რელიეფზეა გაშენებული. ედუარდ პირველმა ამოხოცა ქალები, ბავშვები. ქალაქში სისხლის გუბეები მდინარესავით მოდიოდა, ასეთი სისასტიკით მას სჭირდებოდა დაენახვებინა შოტლანდიელებისთვის, რომ ის იყო მეფე და უძლეველი ხელისუფალი. შოტლანდიის ეროვნული გმირის რობერტ ბრიუსის მამა ამ შეხვედრას ესწრებოდა. მას არ მოსწონდა, რომ მამამისმა ქედი მოიყარა ედუარდ პირველის წინაშე. რობერტ ბრიუსმა შემოიკრიბა მომხრენი და დაიწყო მეორე აჯანყება ინგლისის წინააღმდეგ. ეს 1314 წელს მოხდა.

ვიცი რომ, ქართველებისთვისაც ეს პერიოდი მნიშვნელოვანია. თბილისში რომ ჩამოვედი, ულამაზეს ადგილზე მიმიყვანეს, მეტეხის ხიდზე. მაშინ მომიყვნენ, რომ ასი ათასი ქრისტიანი ქართველი ამოუხოცავს დამპყრობელს იმისათვის, რომ ქრისტიანობა არ უარყვეს, თავისუფლებას რომ არ შეელივნენ. მაშინვე გამახსენდა ბერვიკის ისტორია, სისხლისმსმელი ედუარდ პირველი, რომელიც მოწოდებული იყო ამოეწყვიტა შოტლანდიელები. სხვათა შორის, მისი სიკვდილის შემდეგ, როცა ტახტზე მისი შვილი ავიდა, ედუარდ მეორე, მანაც არ მოიშალა მამამისის პოლიტიკა. ცუდად დაებედა შოტლანდიას ედუარდის სახელი...

მოუთმენლად ველოდი „ბორჯღალოსნების“ გაცნობას, მიხარია, რომ კარგ ადამიანებთან მაქვს საქმე, ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია. რაგბიში პიროვნულ ღირსებებს არანაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე სპორტულ ხასიათს, ფიზიკურ მომზადებას. იმის განცდა, რომ ერთი ოჯახი ვართ, რომ ერთ საქმეს ვაკეთებთ, საკმაოდ დადებითად დაგვმუხტავს თითოეულ ჩვენგანს.


скачать dle 11.3