ექიმის რჩევები
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კითხვა: ხშირად მეცრემლება თვალები. მექავება და მეწვის. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ასეთი სიმპტომები ახასიათებს კონიუნქტივიტს. ის შეიძლება, იყოს ალერგიული ხასიათისაც და ვირუსული, ბაქტერიული ან პარაზიტული ინფექციის შედეგიც. გირჩევთ, მიმართოთ თვალის სპეციალიზებულ კლინიკას, სადაც ჩაგიტარებენ თვალის ნაცხის ლაბორატორიულ გამოკვლევას და კვალიფიციურ მკურნალობას დაგინიშნავენ.
კითხვა: დამიდგინეს მესამე ხარისხის ოლიგოსპერმია. გთხოვთ ამიხსნათ, რა იწვევს მას, საშიშია თუ არა, და მემკვიდრეობით ხომ არ გადადის?
პასუხი: მოხუცებს ოლიგოსპერმია მუდმივად აღენიშნებათ, ახალგაზრდებს კი – განმეორებითი სქესობრივი აქტის დროს. ეს ფიზიოლოგიური მოვლენაა. პათოლოგიური ოლიგოსპერმია აქვს მას, ვინც პროსტატიტი, სათესლე ბუშტუკების ან სათესლე ჯირკვლების ანთება გადაიტანა. საშიშია იმ მხრივ, რომ ამ დროს მამაკაცის შვილოსნობის უნარი მცირდება. ოლიგოსპერმია მემკვიდრეობითი არ გახლავთ. ზუსტი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის უნდა მიმართოთ უროლოგს.
კითხვა: გთხოვთ, გვიამბოთ ადისონის დაავადების ნიშნებსა და მკურნალობაზე.
პასუხი. ადისონ-ბირმერის დაავადება ანემია გახლავთ. ის მიეკუთვნება B12 ვიტამინ-დეფიციტურ ანემიათა ჯგუფს. B12 ვიტამინი აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისთვის. დაავადების დროს ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემა, სისხლძარღვთა სისტემა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტი. დასაწყისში ავადმყოფს აწუხებს სისუსტე, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, კანი უშრება, ფრჩხილები ემტვრევა, სცვივა თმა. სისხლში მცირდება ჰემოგლობინისა და ერითროციტების რაოდენობა. მისი მთავარი სამკურნალო საშუალებაა B12 ვიტამინის შეშხაპუნება კუნთებში. გირჩევთ, მიმართოთ თერაპევტს, რომელიც გაითვალისწინებს თქვენი ორგანიზმის თავისებურებებს და საჭირო მკურნალობას დაგინიშნავთ.
კითხვა: ბავშვის განავალში შევნიშნე პატარა, თეთრი კვერცხები. ვიფიქრე, ჭია ჰყავს-მეთქი, მაგრამ, როგორც ვიცი, ჭიების დროს ბავშვი კბილებს აკრაჭუნებს და უკანა ტანში ქავილი აწუხებს. არც ერთი ეს სიმპტომი ბავშვისთვის არ შემიმჩნევია. თუმცა, უმადობა დასჩემდა. ეგებ, ამიხსნათ, რა პარაზიტი შეიძლება იყოს ეს და როგორ ვუმკურნალო?
პასუხი: ჭიის კვერცხები იმდენად მცირე ზომისაა, რომ მათი დანახვა არამცთუ შეუიარაღებელი თვალით, არამედ სპეციალური ხელსაწყოებით, ლაბორატორიული კვლევის დროსაც კი, საკმაოდ ძნელია. ასე რომ, თქვენ მიერ დანახული კვერცხები ჭიისა ვერ იქნებოდა. თუ ეჭვობთ, რომ ბავშვს ჭიებით ინვაზია აქვს, გირჩევთ, გაუკეთოთ განავლის ანალიზი ჭიის კვერცხებზე.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ანალიზებით დადგინდეს, როგორი იმუნიტეტი აქვს ადამიანს?
პასუხი: იმუნიტეტი არის ორგანიზმის თავდაცვის უნარი გარე და შიდა გამღიზიანებელთა მიმართ. როცა ადამიანი ადვილად ცივდება, ხშირად ხდება ავად ამა თუ იმ ინფექციური დაავადებით, მასზე იტყვიან სუსტი იმუნიტეტი აქვსო. იმუნური სისტემის მდგომარეობის განსაზღვრა ლაბორატორიული მეთოდებითაც შეიძლება. პირველი დასკვნების გაკეთებას სისხლის საერთო ანალიზიც შეგვაძლებინებს. სისხლში არის იმუნოკომპეტენტური ცილები, იმუნოგლობულინები, რომელთა რაოდენობის მიხედვითაც შეიძლება, იმუნიტეტის მდგომარეობაზე მსჯელობა.