მამათა შეგონებანი
გაბრიელ ეპისკოპოსი: მარხვა ცოდვათა ძილისგან გამოღვიძების ჟამია.
მარკოზ განშორებული: უმჯობესია, მოყვასისთვის ღვთისმოშიშებით ვილოცოთ, ვიდრე რაიმე ცოდვაში ვამხილოთ ის.
ამპილოქე: უსიყვარულო ლოცვა ჰგავს კეთილ და ლამაზ ფრინველს, რომელსაც ფრთები არ აქვს და ფრენა არ შეუძლია.
ნეტარი ავგუსტინე: როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს ხედავდეს, თუ რაიმე სხივით არ არის განათებული, ასევე ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ცხოვრება სათნოდ განვლოს, ღვთის მადლის გარეშე.
პაისი მთაწმინდელი: მაცდური სარგებლობს ახალგაზრდული ასაკით, რომელშიც ყველაფერთან ერთად ახალგაზრდული ხორციც ამბოხებულია და ცდილობს, ახალგაზრდობა იმ რთულ პერიოდში გარყვნას, რომელშიც ისინი იმყოფებიან. მათი გონება ჯერ მომწიფებული არ არის, სრულიად გამოუცდელნი არიან და სულიერი სიფრთხილე არ გააჩნიათ. ამიტომ ყმაწვილებმა ამ კრიტიკულ ასაკში უნდა იგრძნონ, რომ მათთვის გამუდმებით უფროსების რჩევებია საჭირო. ეს რჩევები სჭირდებათ იმისთვის, რომ ერული დაცემის ტკბილ გორაკზე ფეხი არ დაუსხლტეთ. რაც იმით ემუქრება, რომ შედეგად მათი სული შფოთით აღივსება და სამუდამოდ განეშორებიან ღმერთს.
იოანე ოქროპირი: შემწყნარებელნი ვიყოთ მტრების მიმართ, რათა იგივე მივიღოთ ღვთისაგან.
ბერი პაისი: მისთვის, ვინც მოყვასის წრფელ სიყვარულში იღლება, დაღლილობა დასვენებად ექცევა. ხოლო ის, ვისაც საკუთარი თავი უყვარს და არაფერს აკეთებს, უსაქმოდ ჯდომისგანაც იღლება.
ჭაბუა ამირეჯიბი: ცოდნა რაა, თუ რწმენამდე არ მივიდა?!
სქემ-იღუმენი იოანე: უმჯობესია, ღმერთთან გქონდეს ცუდი ურთიერთობა, ვიდრე სულიერ მამასთან, რადგან, ასეთ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი შეგარიგებს უფალთან, მაგრამ, თუ სულიერ მამას განეშორები, ღვთისკენ მიმავალ გზასაც მოიკვეთ.
სილუანი: მთელი ჩვენი ბრძოლა იმისთვისაა, რომ მოვიპოვოთ მორჩილება. ჩვენი მტრები დაეცნენ სიამაყით და ჩვენც გვიზიდავენ. მაგრამ მოვიპოვოთ მორჩილება და მაშინ დავინახავთ უფლის დიდებას ჯერ კიდევ აქ, დედამიწაზე.
ანტონ დიდი: იყავი ბრძენი და მათი ბაგეები, ვინც შენზე ცუდს ამბობენ, მდუმარებით დააცხრე და არა მრისხანებითა და ლანძღვით.
ისიდორე პელუზიელი: ისე ვერაფერი გაამხიარულებს სასოწარკვეთილსა და მწუხარებისგან დათრგუნულ გულს, როგორც ღმერთის გახსენება.
ტიხონ ზადონელი: ვისაც დიდი სურს, იგი მცირეს არ დაეძებს და ვინც მარადიულ ნეტარებას ეძიებს, ის დროებითს არად აგდებს.
გრიგოლ სინელი: უფალი ნეტარებად ხმობს არა რაიმეს ცოდნას ღმერთის შესახებ, არამედ თვით ღმერთის შეძენას ადამიანის მიერ საკუთარ არსებაში, ანუ ღმერთით აღვსებასა და შემოსვას, რასაც წმიდანნი აღწევენ.
ამბროსი მედიოლანელი: ნურც თვითონ იქნები მლიქვნელი და ნურც სხვას მისცემ საშუალებას, თავი დაიმციროს შენ წინაშე და გეპირფეროს: პირველი ცბიერი და ვერაგი ადამიანის თვისებაა, უკანასკნელი კი – პატივმოყვარე და ამპარტავნისა.
ნიკოლოზ სერბი: ნებისმიერ ფასად გადაარჩინე რწმენა და ელოდე, ელოდე, სანამ მისგან სიყვარული არ ამოიზრდება. სიყვარულის დაკარგვით ხის ნაყოფს დაკარგავ, რწმენის დაკარგვით კი თვითონ ხეს დაღუპავ.