სიბრძნე მინიატურებში
დიდოსტატების დიალოგი
წმიდა ადგილების მოსალოცად მოგზაურობის დროს ფარიდი მაგახარში მოხვდა. იქ ცხოვრობდა ინდოეთის სახელგანთქმული პოეტი, უდიდეს ოსტატად აღიარებული ქაბირი. თანამგზავრები ფარიდს შეუჩნდნენ, რომ იგი ქაბირს სწვეოდა.
– მოდი, რამდენიმე დღე მის ამშარ საგაში გავატაროთ, – ეხვეწებოდნენ ისინი, – ჩვენთვის ჭკუის სასწავლებელი იქნება თქვენი სჯა-ბაასი. ეს ხომ ჭეშმარიტი წყალობაა ღვთისა, ჩვენ ვერ ავიტანთ, თუ ამ შესაძლებლობას ხელიდან გავუშვებთ. ბოლოს და ბოლოს ფარიდი დათანხმდა, მოენახულებინა ქაბირი, მაგრამ თანამოაზრენი გააფრთხილა, რომ მათ ტყუილად ჰქონდათ იმედი რაიმე თემაზე დიდოსტატებს შორის დიალოგის მოსმენისა.
ქაბირისთვის ცნობილი გამხდარიყო ფარიდის ჩამოსვლის შესახებ. ქაბირის მოწაფეებიც მოითხოვდნენ მისგან, მიეწვია თავისთან ის გამოჩენილი პიროვნება. ქაბირი დაყაბულდა და ფარიდი მისი თანმხლები პირებითურთ მიიწვია აშრამში დასასვენებლად.
დათქმულ დღეს ქაბირი სოფლის მოედანზე გამოვიდა, რათა საპატიო სტუმარს შეჰგებებოდა. ურთიერთს ორი დიდოსტატი შეხვდა! ისინი მოეხვივნენ ერთმანეთს, თვალი თვალში გაუყარეს, სიხარულის ცრემლებს არ მალავდნენ. ბოლოს ხის ქვეშ ჩრდილში ჩამოსხდნენ. მათი მოწაფეებიც გარშემო მოკალათდნენ და ცდილობდნენ, მოძღვართა ყოველი სიტყვა მთელი ყურადღებით მოესმინათ. ისინი ხომ ბევრჯერ ნატრობდნენ ამ ბედნიერი შემთხვევის დადგომას, ემზადებოდნენ, რომ ბრძენთა საუბრიდან უდიდესი სიამოვნება მიეღოთ. მაგრამ იმედი გაუცრუვდათ: ბრძენნი მდუმარედ უყურებდნენ ერთმანეთს. გავიდა ერთი დღე, მას მეორე მიჰყვა, დადგა განშორების ჟამი. ნირწამხდარი მოწაფეები ხედავდნენ, რომ მათი მოძღვრები უბრალოდ ისხდნენ, ერთმანეთს თვალებში უყურებდნენ და რატომღაც იცინოდნენ.
ქაბირმა სტუმრები სოფლამდე გააცილა. იგი გადაეხვია ფარიდს და დაემშვიდობა ისე, რომ მათ ერთმანეთისთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამთ.
როცა ოსტატები ერთმანეთს დაშორდნენ, ერთმა მოწაფემ ქაბირს შეჰბედა და ჰკითხა, რატომ დუმდნენ ისინი მთელი შეხვედრის განმავლობაში. ქაბირმა უპასუხა:
– რაზე უნდა გვესაუბრა? ჩვენ ხომ აღარ დაგვრჩა კითხვები, ყველაფრის პასუხს მივაგენით. მანაც ჩემსავით თავისი სათავე იპოვა.
მაშინ მოწაფეები დაინტერესდნენ, რატომ იცინოდნენ ეს ბრძენნი დროდადრო.
ქაბირმა მიუგო:
– თქვენზე ვიცინოდით, როგორც კი შევამჩნევდით, რომ რომელიმე თქვენგანი მოთმინებას კარგავდა, სიცილს ვიწყებდით, ეს კი თქვენ გაშმაგებას აცხრობდა.