მსოფლიო ბიზნესი ქრთამებზე ყოველწლიურად 40 მილიარდს ხარჯავს
საერთაშორისო ორგანიზაცია, „ტრანსპარენსი ინტერნეიშნლის“ მონაცემებით, განვითარებად და გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში კომპანიები პოლიტიკოსებისა და ჩინოვნიკების ქრთამებზე ყოველწლიურად 40 მილიარდამდე დოლარს ხარჯავენ. ამის გამო სხვადასხვა პროექტის განხორციელება, კორუფციული დანამატის გათვალისწინებით, სულ მცირე, 10 პროცენტით გაძვირდა. „ტრანსპარენსი ინტერნეიშნლის“ ბოლო ხანებში ჩატარებული კვლევის შედეგად, რუსეთმა კორუმპირებულობის დონით, 180 სახელმწიფოს შორის 147-ე ადგილი დაიკავა. გარდა ამისა, ამ ქვეყანამ ბოლო, 22-ე ადგილი დაიკავა ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ იმ სახელმწიფოებს შორის, რომელთა კომპანიებიც ყველაზე ხშირად იძლევიან ქრთამს უცხოეთში. კორუფციის მხრივ, რუსეთის „მეზობლები“ ბანგლადეში, კენია, ყაზახეთი და სირია აღმოჩნდნენ, სიის ბოლოში კი ერაყი, ბირმა და სომალი განლაგდნენ. საერთაშორისო ორგანიზაცია, „ტრანსპარენსი ინტერნეიშნლის“ მონაცემებით, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულებს შორის დანია, შვედეთი და ახალი ზელანდია ლიდერობენ. საინტერესოა, რომ რუსეთის მეზობელი უკრაინა მასზე ნაკლებად კორუმპირებული აღმოჩნდა.