კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არის ოჯახის მეორედ შექმნა სიძვაზე უკეთესი და რატომ რჩება ადამიანი სიცოცხლის ბოლომდე პირველ მეუღლეზე ჯვარდაწერილი

დღეს ბევრი მართლმადიდებლური ოჯახი ინგრევა, ამის მიზეზი კი ხშირად ოჯახის დაუფიქრებლად შექმნა ხდება. რა უნდა გაითვალისწინოს წყვილმა ოჯახის შექმნის დროს, როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მათ ქორწინების შემდეგ, ამის შესახებ გვესაუბრება, ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):

– საეკლესიო სწავლებით, წმიდა მამები გვარიგებენ: ვისაც განუზრახავს ოჯახის შექმნა, მან, უპირველეს ყოვლისა, უნდა მიაშუროს ეკლესიას, მოძღვარს ჰკითხოს, თუ რა მოვალეობები აკისრიათ მათ. როცა უფალმა ადამი შექმნა სამოთხეში და შემდეგ მისი ნეკნისგან შექმნა ევა, სწორედ მაშინ დაწესდა ქორწინების საიდუმლო. ღმერთმა უთხრა ადამს, ეს არის შენი ხორცი-ხორცთაგანი და ძვალი-ძვალთაგანიო, ანუ, ისინი შექმნა ერთმანეთისთვის და მისცა მათ კურთხევა: „ინაყოფიერეთ და გამრავლდით ქვეყანასა ზედა.” ცოლ-ქმრულ კავშირში მთავარი ფიგურა ღმერთია. როდესაც ორი ადამიანი უღლდება, მათი ცნობიერება, ყურადღება მიდრეკილი უნდა იყოს უფლისკენ, უნდა ფიქრობდნენ, რატომ შექმნა ღმერთმა ისინი ერთმანეთისთვის, რას ავალებს და რას მოითხოვს მათგან. როცა თანამედროვე წყვილები მოდიან ეკლესიაში, ისინი გამოწყობილები არიან ლამაზ საპატარძლო კაბაში, ჩოხა-ახალუხში, მათ მოძღვარი ლოცავს, აკურთხებს, არიგებს, სასულიერო პირი უკითხავს იოანეს სახარებას, ასევე, ადგილს ეფესელთა მიმართ ეპისტოლედან. მე ამ ადგილებს ყოველთვის ხმამაღლა და გარკვევით ვკითხულობ, შემდეგ კი მცირე კომენტარებს ვუკეთებ, რათა მათ მოისმინონ, კარგად გაიგონ, რა წავიკითხე და რა ევალებათ.

– რა არის საღმრთო წერილის მთავარი დარიგება?

– საღმრთო წერილის მოკლე დარიგება, რომელიც იკითხება ღვთისმსახურების დროს, რომელიც აღესრულება ქორწინების საიდუმლოს ჟამს, ასეთია: ისე უნდა უყვარდეს მამაკაცს მეუღლე, როგორც საკუთარი თავი უყვარს, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია, თავი გასწირა მისთვის. ცოლს კი, წესია, უნდა ეშინოდეს ქმრისა. როგორც ეკლესია დამორჩილებულ არს ქრისტეს, ასე უნდა დაემორჩილოს ცოლი ქმარს, ქმარი კი უნდა იყოს ცოლის თავი, როგორც ქრისტეა ეკლესიის თავი. მინდა, ასევე, ძალიან საინტერესო მომენტზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც, სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს არ ესმის: როგორც ეკლესია არ იყო თავიდან წმიდა და ის განწმიდა ქრისტემ საბანელითა წყლისაითა, ანუ ნათლისღებით, ისევე, თუ მამაკაცს დედაკაცი არ მოსწონს, ის ვალდებულია, არა ჩხუბითა და აყალმაყალით, არამედ შეგონებით, პირადი მაგალითით, თავმდაბლობით, თავგანწირული ურთიერთობით აღმოფხვრას მასში ცუდი თვისებები. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ უნდა მოითმინო შენი მეუღლის სიზარმაცე, მრისხანება, გარკვეული ნაკლოვანებები და საკუთარი თავივით უნდა გიყვარდეს, უნდა მოითმინო მისგან ყველაფერი, გარდა სიძვისა და მრუშებისა. დღეს ძალიან ბევრი ოჯახი გარიგებით, გარკვეული მატერიალური დაინტერესებით იქმნება. ეს დამოკიდებულება დამამცირებელი და არაეკლესიურია და ასეთ ურთიერთობას ყოველთვის ძალიან ხანმოკლე მომავალი აქვს. მინდა, ყველას შევახსენო სოლომონ ბრძენის სწავლება: სახლი და კარი მამის დანატოვარია, ხოლო კარგი ცოლი (ქმარიც იგულისხმება) უფლისგან არის. თუ განვიზრახავთ ოჯახის შექმნას, პირად ლოცვაში შეგვიძლია, უფალს ვთხოვოთ: „უფალო, იყოს ნება შენი და არა ნება ჩემი, ისეთი მეუღლე მომგვარე, ვისთანაც მე ვიქნები ბედნიერი, სულიერად და ხორციელად გახარებული.” ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს მათი ასაკი, განათლება, ურთიერთობა, ინტერესები. დღეს ერთად ხდება დაწინდვა, დანიშვნა და ჯვრისწერა. ადრე ეს ცალ-ცალკე ხდებოდა: ჯერ დაიწინდებოდნენ წყვილები და რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ ხდებოდა მათი შეუღლება, ანუ, ეს იყო გამოსაცდელი, გასაცნობი პერიოდი, რათა წყვილებს კარგად გაეცნოთ ერთმანეთი და, თუ დარწმუნდებოდნენ, რომ ერთად ჰარმონიულად გაატარებდნენ დარჩენილ ცხოვრებას, მაშინ ხდებოდა მათი ჯვრისწერა. მაგრამ, თუ წყვილები ვერ დარწმუნდებოდნენ, რომ შეეძლოთ, ჰარმონიულად ეცხოვრათ, მაშინ შეიძლებოდა ბეჭდების დაბრუნება და ჯვრისწერაზე უარის თქმა. დღეს ასეთი რამ აღარ არსებობს პრაქტიკაში. წყვილები ძალიან მალე უღლდებიან და ასევე, უცბად ინგრევა მათი ოჯახები. სამწუხაროდ, დღეს ქორეპისკოპოსის ოთახთან იმ ადამიანების დიდი რიგი დგას, რომლებსაც ჯვრის აყრა სურთ. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ჯვრის აყრა – ასეთი ცნება ეკლესიას არ აქვს. ჯვრის დაწერის შემთხვევაში, ჯვრის აყრა მხოლოდ ერთი მხარის გარდაცვალების შედეგად ხდება. უბრალოდ, ამ დროს ეკლესია ითვალისწინებს ადამიანის გულცივობას, დაცემულ ბუნებას, მის მოთხოვნილებას და ქორეპისკოპოსი აძლევს ამა თუ იმ პიროვნებას კურთხევას, ნებართვას, რომ შექმნას მეორე ოჯახი, მაგრამ ის მაინც ჯვარდაწერილი იქნება პირველ მეუღლეზე. თუმცა, ეკლესია აკურთხებს მეორე და მესამე ქორწინებას, რადგან ეს სიძვაზე, მრუშობაზე ოდნავ უკეთესია. ანუ, ადამიანმა უფრო მეტი ცოდვა რომ არ ჩაიდინოს, ეკლესია ამისთვის გარკვეულ შეღავათს აკეთებს – ამის უფლება აქვს ეკლესიას, მაგრამ მაინც ნუ მივალთ აქამდე. ადამიანები, გახარებული სახით გამოდიან ქორეპისკოპოსის ოთახიდან და არ იციან, რომ, შეიძლება, მომავალი ოჯახი, რომელსაც ასევე ურწმუნოებით, დაუფიქრებლად შექმნიან, შეიძლება, უარესი ჯვარი იყოს, ვიდრე პირველი ქორწინება. ამიტომ, ოჯახის შექმნისას კარგად გავიგოთ, რა უფლება-ვალდებულებები ვიკისრეთ. დღეს, სამწუხაროდ, ქორწინების საიდუმლოება მხოლოდ ნახევარი საათის განმავლობაში აღესრულება ეკლესიაში, დანარჩენი დრო კი გრძელდება რესტორანსა და საქორწინო მოგზაურობაში, რაც არ არის ტრადიციული. როდესაც ოჯახი იქმნებოდა, მოძღვარი და მრევლი მიდიოდნენ სახლში და ლოცავდნენ იმ ოჯახის ჭერს, ფუძეს; რაც მთავარია, ის დღე იმდენად წმიდა იყო, რომ არ ხდებოდა სარეცლის გაყოფა – ეს რამდენიმე დღის მერე უნდა მომხდარიყო. დღეს კი, ეკლესიიდან გამოსვლისთანავე მიდიან წყვილები რესტორანში, სადაც იმართება შოუ უაზრო სიმღერებით, ცეკვა-თამაშით, რაც საბოლოოდ ჩხუბით, ნერვული აშლილობით მთავრდება. შემდეგ მეუღლეები მიდიან საქორწილო მოგზაურობაში და მათი შეუღლება ხდება მატარებელში ან სასტუმროში, რაც შეუფერებელი, ყოვლად დაუშვებელი და არაეკლესიურია. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ჯვრისწერა არ არის მხოლოდ მოვალეობის მოხდა და ძვირფასი სამოსლით ტაძარში შესვლა. უნდა მოვისმინოთ ეკლესიური სწავლება, დავიცვათ, შევინახოთ ის და, ქორწინების დღე, რომელიც ეკლესიაში დაიწყო, მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა გრძელდებოდეს. ქორწინების პირველ პერიოდს ერში „თაფლობის თვეს” უწოდებენ. რატომ უნდა გრძელდებოდეს თაფლობის თვე ერთ თვეს, ხოლო ჩხუბი და მრისხანება – წლების განმავლობაში. თუ მამაკაცს ეცოდინება, რომ უნდა იყოს თავგანწირული მეუღლე, ხოლო დედაკაცი – თავმდაბალი, ერთგული, ღვთისმოშიში ცოლი, მაშინ ისინი იქნებიან ბედნიერები და ჰარმონიულად გაატარებენ დარჩენილ ცხოვრებას.

– დღეს წყვილებს შორის ხშირია დიდი ასაკობრივი სხვაობა. როგორ უყურებს ამ საკითხს ეკლესია?

– არსად წერია, რომ წყვილებს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს, მაგრამ 16-17 წლის მოზარდებს ეკლესია არ სწერს ჯვარს, რადგან მათ კარგად არ აქვთ გააზრებული, რა საიდუმლოებაა ეს და რა მოვალეობები აკისრიათ. სასურველია, მეუღლეებს შორის არ იყოს დიდი ასაკობრივი სხვაობა, რადგან ეს მომავალში უთანხმოებას გამოიწვევს. თუ მამაკაცი ან ქალი გაცილებით უფროსი იქნება თავის მეორე ნახევარზე, ის უფრო ადრე შევა ასაკში და ეს, შეიძლება, ეჭვიანობის საბაბი გახდეს. რა თქმა უნდა, ამაზე ეკლესია პირდაპირ არ მიანიშნებს, მაგრამ, ადამიანური გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია, გითხრათ, რომ ასეთ დროს მეუღლეებს შორის ბევრი დამაბრკოლებელი გარემოება ჩნდება. სასურველია, მათ ჰქონდეთ ერთმანეთის შესაფერისი გარეგნობა, ასაკი, სოციალური მდგომარეობა, მაგრამ, თუ ასაკობრივად დიდი სხვაობაც იქნება და დიდი სიყვარულიც, ჩვენ წინ ვერ დავუდგებით ვერავის. შეიძლება, დღეს მიყვარს ის ადამიანი, მაგრამ უნდა გავითვალისწინო, შევძლებ თუ არა მასთან გაჭირვებაში ცხოვრებას; ის რომ ასაკში შევა, შევძლებ თუ არა, მისი ერთგული დავრჩე ბოლომდე, ანუ, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება და ჩვენ გვინდა, ბოლომდე დავუსვათ ეს კითხვები იმ წყვილებს, რომლებიც ქორწინდებიან.


скачать dle 11.3