კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უჩნდება აჯანყების სურვილი ქალს, რომელსაც ქმარი უზრუნველ ცხოვრებას უქმნის

საკმაოდ ბევრი ქალი ოცნებობს, გათხოვდეს შეძლებულ მამაკაცზე და ამით საკუთარ თავს, ასევე, მომავალ შვილებს უზრუნველი ცხოვრება შეუქმნას. ერთი შეხედვით, ამ ოცნებაში ცუდი არაფერია. მამაკაცი ისედაც მიჩნეულია ოჯახის მარჩენლად. მაგრამ, ყველა მედალს აქვს მეორე მხარე. ანუ, ყველაფერი არც ისე მარტივია. მოგიტანს კი ბედნიერებას ქორწინება, რომელიც ფინანსურ უზრუნველყოფაზეა გათვლილი? ალბათ, აუცილებელია, წინასწარ ჰკითხო საკუთარ თავს, რა გჭირდება, სიყვარული თუ ყოფითი პრობლემების გარეშე, ფუფუნებაში ცხოვრება. რადგან ერთიც და მეორეც, ერთად... სამწუხაროდ, არ გამოდის. რა თქმა უნდა, გამონაკლისებიც არსებობს, მაგრამ რეალობა უფრო ისაა, რომ ან ერთი უნდა აირჩიო, ან მეორე. საკმაოდ ხშირად, მამაკაცი, რომელსაც ბევრი ფული აქვს, ერთპიროვნულ ლიდერად და მბრძანებლად გრძნობს თავს. ბუნებრივია, მუსიკას უკვეთავს ის, ვინც ფულს იხდის.

შეძლებულ, ხელგაშლილ მამაკაცთან შეხვედრისას, ქალმა შესაძლოა, ვერ შენიშნოს ყველა ის ნაკლი, რომელიც მერე სერიოზულ პრობლემად იქცევა. ფული და უზრუნველი მომავლის ხიბლი ამის საშუალებას არ მისცემს. ხოლო, როცა რეალობასთან პირისპირ აღმოჩნდება, შეიძლება, გვიანიც იყოს.

ლენუკა (24 წლის): თუ ნებას მომცემთ, ძალიან კონკრეტული არ ვიქნები. არ მინდა, ჩემი მეუღლე მიხვდეს, რომ ეს მე ვარ. ასეთ ჟურნალებს ის არ კითხულობს, მაგრამ „კეთილის მსურველები“ უამრავი ჰყავს. ინფორმატორების მთელი ჯარი ემსახურება. ვიღაც ამბავს მიუტანს და... მოკლედ, პრობლემები ისედაც საკმარისად მაქვს. ვეღარ დავიმატებ, შორიდან ისიც შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ მე უმადური ადამიანი ვარ. რომ ბევრი ინატრებდა ჩემს ბედს. მე კი არ ვაფასებ იმას, რაც მაქვს... იცით, რაშია საქმე? სხვისი ცხოვრება კარგად და ლამაზად ჩანს, როცა არ იცი, შიგნით რა ხდება. თავიდან მეც ვიყავი დარწმუნებული, რომ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნებოდა, მაგრამ... დღეს უკვე ძალიან ბევრ რამეს სრულიად სხვანაირად აღვიქვამ, მაგრამ არაფრის შეცვლა აღარ შემიძლია.

– რისი შეცვლა აღარ შეგიძლიათ, თუ ქმარი არ გიყვართ და არ გინდათ, შეგიძლიათ, გაშორდეთ.

– ასე მარტივად რომ არ არის საქმე? მეც ვფიქრობ იმაზე, რომ უნდა გავცილდე, მაგრამ როცა წარმოვიდგენ, რის ფასად შეიძლება ეს დამიჯდეს, ვეღარ ვრისკავ. ჩემი ქმარი საშიში ადამიანია. თუმცა, ერთი შეხედვით ამის შემჩნევა ადვილი არ არის.

– საშიშში რას გულისხმობთ – გცემთ, სასტიკად გექცევათ?

– არა, არა... ჯერჯერობით, საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფამდე არ მისულა. თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოიქცევა, თუ ჩემგან მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდება. ანუ, ცემასაც არ გამოვრიცხავ. ხვდებით, ხომ?

– არაპროგნოზირებადია?

– არ ვიცი. ჯერ ბოლომდე კარგად არ ვიცნობ. ნელ-ნელა ვხედავ მასში ისეთ თვისებებს, ძალიან რომ მაშინებს. ალბათ, გიკვირთ, როგორ გავყევი ცოლად ადამიანს, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდი. მეც მიკვირს და სხვათა შორის, საკმაო ხანს ვებრძოდი საკუთარ თავს, გადაწყვეტილებას რომ ვიღებდი. შინაგანი ხმა უკან „მექაჩებოდა“. ვგრძნობდი, რომ ისე ძალიანაც არ მიყვარდა.

– ანგარიშით გათხოვდით?

– მე მეგონა, რომ არა. მაგრამ საბოლოოდ, მაინც ასე გამოვიდა. ჩემი ქმარი ჩემზე თვრამეტი წლით უფროსია. არ ვიტყვი, სად გავიცანით ერთმანეთი. მირჩევნია, მინიშნებითაც არ ვთქვა. ასე უფრო მშვიდად ვიქნები. ურთიერთობის გაგრძელების ინიციატივა იმან გამოიჩინა და რომ იტყვიან, გასაქანი აღარ მომცა. მე ძალიან უბრალო ოჯახიდან ვარ. ბევრი რამ მაკლდა ყოველთვის. ბევრი რაღაც მინდოდა და მენატრებოდა. იცით, ადვილია თქვა, ფულს არ უნდა დახამდეო. მე ვერ ვიტყვი, რომ დავხამდი, მაგრამ ვაღიარებ, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორი ნამდვილად იყო. არავინ თქვას, არც ერთმა ქალმა, რომ კაცისგან საჩუქრები და ყურადღება არ სიამოვნებს. ამას არავინ დაიჯერებს. თან, მართლა არაჩვეულებრივად მექცეოდა. არასოდეს ვყოფილვარ განებივრებული მდიდარი მამაკაცების ყურადღებით. ჩემს თანატოლებს კი მოვწონდი რამდენიმეს, მაგრამ, როცა ჩემი მომავალი მეუღლე გავიცანი, მარტო მაშინ ვიგრძენი, რომ ქალი ვარ, თანაც ძალიან ლამაზი ქალი.

– მარტო იმიტომ, რომ მოეწონეთ?

– არა. მარტო ამიტომ არა. საკმაოდ ძვირფასი საჩუქრებით მანებივრებდა. ჩვენი ურთიერთობა ძალიან მალე გახდა ოფიციალური. ძალიან მალე დაიწყო მან ჩემ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღება. გულახდილად გეტყვით, თავიდან ეს მომწონდა კიდეც. ძალიან პატარა ვიყავი, კაცებთან ურთიერთობის დიდი გამოცდილება არ მქონდა. ჩემი მეგობარი გოგოები მეუბნებოდნენ, თუკი არ მოგწონს, ვალდებული არ ხარ, ცოლად გაჰყვე. მერე რა, რომ საკმაოდ ბევრი ფული დაგახარჯა. თუკი არ უნდოდა, ნუ გააკეთებდა ამას. შენ ხომ არაფერი მოგითხოვიაო. მეორე მხრივ, ვხვდებოდი, რომ მეორე ასეთი შანსი, შეიძლებოდა, არც მომცემოდა.

– რა შანსი?

– შანსი, რომ შევყვარებოდი მდიდარ, სერიოზულ მამაკაცს, რომელიც ჩემს უზრუნველ ცხოვრებას უზრუნველყოფდა. მართლა მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ყველაფერი ჰქონოდათ, თანაც ისე, რომ მე არ დამედგა წელებზე ფეხი. დედაჩემმაც იგივე მითხრა, ჩემი თაყვანისმცემელი რომ გავიცანი. სხვათა შორის, მან თავად მოინდომა, დედაშენი გამაცანი, ჩემს მომავალ სიდედრს ხომ უნდა ვიცნობდეო. აი, ზუსტად ასე მითხრა და მერე დაამატა, არ მითქვამს, რომ მალე ცოლად გირთავო?

– თქვენ კი გინდოდათ, სიყვარული აეხსნა?

– ახლა უკვე არ ვიცი, რა მინდოდა, მაგრამ მაშინ ძალიან გავოცდი. ვერ ვიტყვი, რომ გავბრაზდი, თუმცა, მართლა ძალიან მოულოდნელი იყო. გვიან მივხვდი, რომ სიტუაციას მე აღარ ვმართავდი და ყველაფერს ის წყვეტდა.

– ცუდია, როცა მამაკაცი იღებს გადაწყვეტილებას?

– გააჩნია, რა შემთხვევაში. რა თქმა უნდა, საშინელებაა, როცა ოჯახში ქალი მბრძანებლობს და ქმარს არაფერს ეკითხება, მე არ ვარ ამის მომხრე. თუმცა, ზოგიერთი მამაკაცი ეგუება ამას და ბედნიერად ცხოვრობს მბრძანებელ ცოლთან. ისევე, როგორც ბევრი ცოლი ცხოვრობს მბრძანებელ ქმართან და სხვანაირად ვერც წარმოუდგენია. მე ამ ქალების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, მათი საქმეა, როგორ იცხოვრებენ და ვისთან. მე ჩემი პრობლემა მაწუხებს და მადარდებს. რა ვქნა, არ შემიძლია, ვიღაცის მონა და მხევალი ვიყო, თუნდაც საკუთარი ქმრის. მე უკვე აღარ გამაჩნია საკუთარი აზრი. ისე უნდა ვიცხოვრო, როგორც ჩემს ქმარს უნდა. სუნთქვითაც კი ისე უნდა ვისუნთქო, როგორც ის მიმითითებს. არაფერს ვაზვიადებ და სიტუაციის „გამუქებას“ არ ვცდილობ. პირველად მაშინ შევშფოთდი, როცა ჩემთვის საქორწინო კაბას ვარჩევდით. დარწმუნებული ვიყავი, რომ ისეთ კაბას ვიყიდდით, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. მაგრამ ჩემი საქმრო ლამის გაგიჟდა, გემოვნება ხომ დამიწუნა, მერე მითხრა, ეგღა მაკლია, ჩემს ცოლს უბრალო კაბა ეცვას და ხალხის დასაცინი გავხდეო. ისეთი ძვირფასი საქორწინო კაბა უნდა გეცვას, რომ ყველას შეშურდეს შენიც და ჩემიცო. არ მინდა, ასეთ კაბაში თავს კომფორტულად ვერ ვიგრძნობ-მეთქი, არ მაინტერესებს, შენ რას იგრძნობ, იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვიო. მაშინ გამკრა გულში, ნეტავ, სწორად ვიქცევი, ამ კაცს რომ ცოლად მივყვები-მეთქი? მაგრამ, მაინც ვერაფრით წარმოვიდგენდი, თუ მისი მბრძანებლობისა და ძალაუფლების სიყვარული ასეთ მასშტაბებს მიიღებდა. დამიჯერეთ, რამდენი ფულიც უნდა ჰქონდეს თქვენს ქმარს და როგორ კომფორტშიც უნდა გაცხოვრებდეთ, ვერასდროს იქნებით ბედნიერი, თუ ის თქვენში პიროვნებას კი არა, ნივთს დაინახავს. ნივთს, რომელიც, როგორც ყველაფერი დანარჩენი, თავის მოსაწონებლად სჭირდება და რომელსაც იმ ადგილს მიუჩენს, თავად რომ მიაჩნია მისთვის შესაფერისად.

– თქვენ ფიქრობთ, რომ ყველა მამაკაცი, რომელსაც ბევრი ფული აქვს, ასეთი ქმარია?

– მე არ შემიძლია ეს დავამტკიცო. თუმცა, მგონია, რომ მათი ცოლები კარგავენ პიროვნულ თავისუფლებას და არჩევნის ნებას. წარმოიდგინეთ, საქმე იქამდე მივიდა, რომ მეგობრებიც თავისი შეხედულებისამებრ შემირჩია. ჩემს სამეგობროსთან და სადაქალოსთან ხშირი კონტაქტი ამიკრძალა.

– „ამიკრძალა“ ძალიან კატეგორიულია და „ტირანიად“ ჟღერს.

– თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ტირანიაა (სხვათა შორის, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს არის ტირანია), მაშინ, ჩემი ქმარი ახალი ყაიდის ტირანი ყოფილა. მე მისთვის ვარ ლამაზი თოჯინა, რომელიც ყველაფერში უნდა დაემორჩილოს. ლამაზი და ჯანმრთელი შვილები გაუჩინოს... სწორედ ასე მითხრა, ჯანმრთელი გვარის გამგრძელებელი მჭირდება და უნდა გამიჩინოო. თითქოს, მე ინკუბატორი ვარ. თან მეუბნება, მიყვარხარო.

– თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ არ უყვარხართ?

– დარწმუნებული მარტო იმაში ვარ, რომ ეს მამაკაცი მე ვერასოდეს გამიგებს. მანქანა მიყიდა, მაგრამ საჭესთან მარტო მაშინ მსვამს, როცა გვერდით თვითონ მიზის. ეს ძალიან იშვიათად ხდება. სხვა დღეებში მძღოლი მატარებს. სახლში დამხმარე ქალი მყავს... სახლს რაც შეეხება, იყიდა, გაარემონტა და მოაწყო, ჩემთვის საერთოდ არაფერი უკითხავს. ფარდებიც კი თვითონ შეარჩია... სამშვენისები... იმასაც აკონტროლებს, სახლში რა მაცვია და როგორ გამოვიყურები. თავს შებორკილივით ვგრძნობ და ამ ბორკილების დანგრევის სურვილი მიჩნდება. ახალმოსახლეობა რომ ვიზეიმეთ, ჩემი ნათესავებისა და მეგობრების დაპატიჟება ამიკრძალა. შენ თვითონ უნდა გესმოდეს, როგორი საზოგადოება გვეყოლება სტუმრად. მათთან ვერ გამოვაჩენო. რად მინდა ძვირფასი ტანსაცმელი, ძვირფასი სამკაული და ფუფუნებაში ცხოვრება, თუკი ჩემ მაგივრად სულ სხვამ უნდა იფიქროს და იაზროვნოს. ლოგინშიც ერთპიროვნული მბრძანებელია. მე ვიცი, როგორი რეაქცია ექნება ხალხს ამ სტატიას რომ წაიკითხავენ – ზუსტად ისეთი, როგორიც ჰქონდა დედაჩემს, როცა დავიწუწუნე. რა უნდა გელაპარაკო, ხალხი შენნაირ ქმარს ნატრობს. არაფერი გაკლია და განებივრებული ხარ. საქმე და საზრუნავი რომ აღარ გაქვს, იმიტომ ეძებ პრობლემებს. ცოტა ჭკუა დააყოლეო. როგორ ავუხსნა და გავაგებინო, რა მინდა. აზრი არ აქვს მასთან ლაპარაკს. სიძემ „პენსია“ დაუნიშნა და ჭკუაზე არ არის. მისნაირი სიძე არავის ჰყავს მთელ ქვეყანაზე.

– კონკრეტულად რა გინდათ, რომ თქვენმა მეუღლემ თქვენი აზრი გაითვალისწინოს?

– ასე მარტივად არ არის საქმე. მე ახლა ძირითადად ჩემი ქმრის ბიზნესპარტნიორების მეუღლეებთან მაქვს ურთიერთობა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმესთან ძალიან ვახლობლობ. უბრალოდ, რადგან ჩემს ქმარს ასე უნდა, რომ მათ საზოგადოებაში ვიყო, ერთად დავდივართ სპა-სალონებში და აუზზე. არც მიფიქრია, რომ მათ გავანდო ჩემი პრობლემები. ისინი კმაყოფილები არიან ასეთი ცხოვრებით. შეიძლება, არც ასეთი მბრძანებელი ქმრები ჰყავთ. მე ხომ არ ვიცი?! თუმცა, ვერც ერთს ვერ ვატყობ, რომ ქმრის სიყვარულით ჭკუას კარგავს.

– ბოდიში, ამას რომ გეუბნებით, მაგრამ თქვენც ხომ კარგი ცხოვრება გინდოდათ?

– არა. მე სიყვარული და ურთიერთგაგება მინდოდა. ვერ ვიტყვი, რომ არანორმალურად ვიყავი ქმარზე შეყვარებული, მაგრამ მე ის ძალიან მომწონდა და იმედი მქონდა, რადგან მასაც ვუყვარდი.

– იქნებ, მან ასეთი სიყვარული იცის.

– თავიდან მეც ვფიქრობდი ამას, მეუბნებოდა, მიყვარხარო. ახლაც მეუბნება, ჩემი პატარა თოჯინა ხარო, პაწაწინა და გასართობი სათამაშოო... სწორედ ეს მაგიჟებს და მანერვიულებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულფასოვან ქალად და ადამიანად ვერ აღმიქვამს. არ მინდა, სათამაშო ვიყო. მართლა არ მინდა. იმ ჩემმა „მეგობრებმა“ მონახეს „გამოსავალი“. რამდენიმეს საყვარელი ჰყავს და მშვენივრად გრძნობს თავს. ჩემთვის არც დაუმალავთ, რომ ეს მათი რელაქსაციის საშუალებაა. ქმრებს ძირითადად მოწყენილობის გამო ღალატობენ. ერთობიან, რა... მეც მირჩიეს – შენს ქმარს შენგან მორჩილება უნდა, შენც დაემორჩილე და შეირგეო. მე ეს არ შემიძლია. რას ნიშნავს, გავერთო. მე ვერც საყვარლისგან მივიღებ იმას, რაც მინდა. ძალიან ცუდ დღეში ვარ. ბევრს ვნერვიულობ. ახლა უკვე ისიც არის პრობლემა, რომ ფეხმძიმობა მიგვიანდება. ბრაზობს ჩემი ქმარი. აქამდე ბავშვი როგორ ვერ გავაკეთეო. ექიმთან უნდა წაგიყვანოო... ანუ, ესეც ჩემ გარეშე დაგეგმა.

– შვილი რომ უნდა, ამაში ცუდი რა არის?

– ერთი შეხედვით, არაფერი. მაგრამ მე ხომ ინკუბატორი არ ვარ. ქალი ვარ და გრძნობები გამაჩნია. ეტყობა, თქვენ ჯერ არავინ მოგქცევიათ ნივთივით. როცა აღარ დავაკმაყოფილებ მის მოთხოვნებს, რას იზამს, გარეთ გამაგდებს?

– „მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებთ“, ანუ...

– ანუ, გავუწევ წინააღმდეგობას, ან შევეცდები, ბავშვი ჩემი შეხედულებისამებრ გავზარდო... დარწმუნებული, ვარ, ჩემს ნებაზე, ხელშიც არ დამაკავებინებს. მოიყვანს ორ ძიძას, ჩააცმევს ძვირფას ტანსაცმელს და ეყოლება „საჩვენებელი ბავშვი“. მე არ შემიძლია ასეთი ცხოვრება. ერთხელ მითხრა, თუ არ დამემორჩილები და გაჯიუტდები, ბევრს წააგებო. ვფიქრობ, ახლავე ხომ არ გავცილდე. თუ შვილი გავაჩინე, მერე მასთან განშორება გამორიცხული იქნება. შვილს აუცილებლად წამართმევს. ყველანაირად გამამწარებს. ახლაც არ მაქვს იმის გარანტია, რომ ადვილად დამანებებს თავს. წარმომიდგენია, რას მოიმოქმედებს. ან სად წავიდე? ჩემი მშობლები სახლშიც არ შემიშვებენ, ისე ჰყავს ამას „დამუშავებული“. უნივერსიტეტი კი მაქვს დამთავრებული, მაგრამ ისე „დამბლოკავს“ ყველგან, ჭურჭლის მრეცხავადაც არ ამიყვანენ. ძალიან მინდა, სწორად გამიგოთ. მე არავის ვადანაშაულებ, საკუთარი თავის გარდა. უნდა გამეცნო ჯერ, ვის მივყვებოდი ცოლად... მაგრამ ნუთუ ამ შეცდომამ მთელი ცხოვრება უნდა დამიმახინჯოს...


скачать dle 11.3