ინტიმური საუბრები
რედაქციაში შემოსული უამრავი
წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.
„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.
ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com
ან მოიტანოთ რედაქციაში
წერილის სახით.
ძმამ ქუჩაში დამტოვა
მყავს ნახევარძმა, რომელიც, პრაქტიკულად მე გავზარდე, ამიტომ უზომოდ მიყვარდა და მისთვის სიცოცხლეს არ დავიშურებდი, მაგრამ ჩემი ასეთი სიყვარულით მან ბოროტად ისარგებლა და ისეთ დღეში ჩამაგდო, ოჯახიც დამინგრია და ქუჩაშიც დამტოვა.
ერთ დღეს სახლში მომადგა გაფითრებული და მითხრა, დიდი ვალი დამედო და ორ დღეში ფული თუ არ მივიტანე, მომკლავენო. თვითონ სიმამრთან ცხოვრობდა, ამიტომ ბინას ვერაფერს უზამდა, სხვა ღირებული უძრავი ქონება კი არ ჰქონდა. რა უნდა ქნა-მეთქი? – ვკითხე შეშფოთებულმა. მან კი პირდაპირ მითხრა, თქვენს ბინას თუ ჩადებ ბანკში, ერთ თვეში ვალი უნდა დამიბრუნონ და ისევ გამოვიხსნი, თუ არა და, ასპროცენტიანი „დამბრიდავენო“. მერე აკანკალდა და გაფითრებულმა მითხრა, ჩემს თავს არ დავეძებ, ცოლ-შვილის დახოცვით დამემუქრნენო. შიშისგან გონება დამიბნელდა. წესიერად არც კი მიკითხავს, რა მოხდა, ისე ბრმად ვენდე სიტყვაზე. საღამოს, ჩემი ქმარი რომ დაბრუნდა სამსახურიდან, ყველაფერი ვუამბე და ვუთხარი, ბინა უნდა დავაგირავოთ-მეთქი. რა თქმა უნდა, არ გახარებია, მაგრამ, ბოლოს მაინც დამეთანხმა. თუმცა, მითხრა, იცოდე, ქუჩაში არ აღმოვჩნდეთო. მე თავი გავიგიჟე – ჩემი გაზრდილი ძმა ასე როგორ გამწირავს-მეთქი. მერე ჩემმა ქმარმა მითხრა, შენს ძმას დაურეკე, მოვიდეს და წესიერად ამიხსნას, რა მოხდაო. ჩემი ძმა მოვიდა და ყველაფერი აუხსნა, ოღონდ, მე ოთახიდან გამომიშვეს და ისე ილაპარაკეს. მეორე დღეს ჩვენი ბინა დავაგირავეთ და მთელი თანხა – 30 ათასი დოლარი – ხელში მივეცით ჩემს ძმას. ჩემმა ქმარმა შესთავაზა, წამოგყვებიო, მაგრამ, უარი მიიღო – მარტომ უნდა მივიტანოო. მეორე დღეს გახარებული მოვიდა ჩვენთან და ლამის მუხლებზე დაგვიდგა, იმდენი მადლობა გვიხადა. მერე კი წავიდა და გაქრა – ტელეფონითაც კი არ დაურეკავს. კი მიკვირდა, მაგრამ, ვფიქრობდი, ალბათ, თავის საქმეებს აგვარებს და ვერ მოიცალა-მეთქი. მაგრამ, პროცენტის შეტანის დრო რომ დადგა და მაშინაც არ გამოჩნდა, პირველად შემეშინდა სერიოზულად. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, დაქალებში შევაგროვე საჭირო თანხა და პროცენტი ჩუმად შევიტანე, ქმარს კი ვუთხარი, რომ ვითომ ფული ჩემმა ძმამ გადაიხადა. მაგრამ, მეორე თვეც რომ მიიწურა და ჩემი ძმა ისევ არ გამოჩნდა, მივხვდი, რომ ცუდად გავები. რომ გავიკითხ-გამოვიკითხე, გავიგე, რომ ის ვალი კაზინოში ჰქონია წაგებული. რა თქმა უნდა, არც არანაირ თანხას არ ელოდა. მივხვდი, რომ მწარედ მოვტყუვდი, მაგრამ, არ ვიცოდი, საქმისთვის როგორ მეშველა. ყოველთვიურად შესატანი პროცენტი საკმაოდ დიდი თანხა იყო და ვეღარ ვშოულობდი, ან, რომც მეშოვა, მერე რით უნდა გადამეხადა! ოთხი თვის შემდეგ კი ჩვენი ბინა პროცენტის გადაუხდელობის გამო აუქციონზე გაიტანეს. ჩემმა ქმარმა იმდენი მოახერხა, თვითონ მიიღო ბინის გაყიდვის უფლება, მაგრამ, ვალების გასწორების შემდეგ ისე ცოტა დარჩა, რომ ერთოთახიანი ძლივს იყიდა. რა თქმა უნდა, კატასტროფული სკანდალი მოგვივიდა, რაც, საბოლოოდ, ჩვენი გაყრით დასრულდა.
გამწარებულმა სახლში მივაკითხე ჩემს ძმას. მისმა სიმამრმა კი მითხრა, თვეზე მეტია, სახლიდან გავაგდე და წარმოდგენა არ მაქვს, სად გდიაო. თურმე, ოჯახი გაუცალა – ჩუმ-ჩუმად იპარავდა და ყიდდა ძვირფას ნივთებს კაზინოს ვალების გასასტუმრებლად. იმის მერე რამდენიმე თვე გავიდა. მე და ბავშვი დედაჩემთან შევიხიზნეთ ერთოთახიანში და ვარ ასე გაუბედურებული.
თამრიკო, 34 წლის.
ვაითუ, ისე არ მიყვარს
სკოლაში ბიჭებთან უფრო ვმეგობრობდი, ვიდრე გოგონებთან. თანაკლასელი ბიჭებიდან განსაკუთრებით ვმეგობრობდი ზვიოსთან და ჯაბასთან. გარდა იმისა, რომ თერთმეტი წელი ერთ მერხთან ვისხედით, მე და ზვიო მეზობლები ვიყავით და ერთად გავიზარდეთ, თან, ჩვენი ბებიებიც მეგობრობდნენ, მამებიც და დედებიც. ჩემი ბავშვობის არც ერთი დღე არ მახსენდება ზვიოს გარეშე, სულ ერთად ვიყავით. დასასვენებლადაც კი ერთად დავყავდით მშობლებს. ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, რომ ზვიოს მშობლები „რძალოს“ მეძახდნენ ხუმრობით, ჩემი მშობლები კი ზვიოზე ამბობდნენ – სიძე-კაციო. ისე შევეჩვიეთ ყოველივე ამას, რომ, როცა წამოვიზარდეთ, მეგობრებიდან შეყვარებულებად ვიქეცით.
ჯაბა მეხუთე თუ მეექვსე კლასში გადმოვიდა ჩვენს სკოლაში – სადაც მანამდე სწავლობდა, იქიდან გამოაგდეს უწესობის გამო. ხომ წარმოგიდგენიათ, მეხუთე კლასიდან ბავშვს რომ გააგდებენ, რა ტიპი უნდა იყოს. ჩვენთან რომ გადმოვიდა, ისე უცნაურად იქცეოდა, რომ კლასმა არ მიიღო და გაინაპირა. მე და ზვიოს რაღაცნაირად შეგვეცოდა და შევიკედლეთ. მერე კი ისე დავმეგობრდით, სულ ერთად ვიყავით. თავისი სიცელქისა და უწესრიგობის მიუხედავად, ჯაბა ძალიან კარგი ბიჭი აღმოჩნდა: ერთგული, გამტანი, ვაჟკაცური. ბავშვობიდან ბიჭურად ლამაზი იყო, რომ წამოიზარდა, რაღაცნაირი ბოჰემური სიმპათიურობა დაემატა მის სილამაზეს. ერთი სიტყვით, ისეთი ბიჭი დადგა, მიუხედავად იმისა, რომ დილიდან საღამომდე ბირჟაზე იდგა და, პრაქტიკულად, უსაქმური იყო, მთელი სკოლის ლამაზი გოგოები გუნდ-გუნდად დასდევდნენ კუდში და მე მეხვეწებოდნენ, გაგვაცანიო. თან, გაოცებულები იყვნენ – როგორ არ შეგიყვარდაო. ჯაბა ჩემთვის ძმასავით იყო, მასზე „სხვანაირად“ არასდროს მიფიქრია. უბრალოდ, ძალიან მსიამოვნებდა მის საზოგადოებაში ყოფნა, მიხაროდა, როცა ჩვენთან მოდიოდა ხოლმე, რადგან სულ მანებივრებდა. თავისი ეგრეთ წოდებული „ქუჩის ბიჭობის“ მიუხედავად, რაღაცნაირად სათუთად მეპყრობოდა, მფარველობას მიწევდა, თან ისე, რომ ამას ვერავინ მიხვდებოდა, მხოლოდ მე ვგრძნობდი. მისი შიშით თუ ხათრით, არა მარტო სკოლაში, არამედ მთელ უბანშიც, ვერც ერთი ბიჭი ვერაფერს მიბედავდა, თუმცა კი ბევრს მოვწონდი. ზვიო სულ სხვა ტიპი იყო – მშვიდი, გაწონასწორებული, დახვეწილი, განათლებული. ინტელექტუალურად მასთან უფრო მეტ საერთოს ვპოულობდი, მაგრამ ჯაბას საზოგადოებაში უფრო მხიარული, ხალისიანი და რაღაცნაირი ბედნიერი ვიყავი, თუმცა ამას ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი.
ზვიოს ჯაბასთვის რამდენჯერმე ჰქონდა ნათქვამი, ჩვენი მეჯვარე შენ უნდა იყოო. ჯაბა არაფერს პასუხობდა, რასაც ზვიო თანხმობად უთვლიდა. მეთერთმეტე კლასში კი ჯაბა უცბად გაგვინაპირდა – ისე იშვიათად იყო ჩვენთან ერთად, რამდენჯერმე ვკითხე კიდეც, რამე ხომ არ გაწყენინეთ-მეთქი, მაგრამ კატეგორიულად უარობდა – თქვენგან რა უნდა მწყენოდაო. ერთხელ კი, სრულიად მოულოდნელად, გულმა რაღაც მიგრძნო – მივხვდი, რომ ამ განაპირების მიზეზი მე ვიყავი: ერთხელ მასწავლებელმა დაფასთან გამიძახა და გაკვეთილს ვყვებოდი. ჯაბა უკანა მერხზე იჯდა და ისეთი თვალებით შემომცქეროდა, გული შემეკუმშა. დიდხანს ვფიქრობდი ამ წუთებზე და, ჩემდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ასეთი თვალებით ზვიოს არასდროს შემოუხედავს ჩემთვის. ჩემი ეჭვის შესახებ, რა თქმა უნდა, არავისთვის არაფერი მითქვამს – მაინც ვფიქრობდი, რომ რაღაც მომეჩვენა. ჩემი ეჭვების რეალობაში კი სკოლის გამოსაშვებ ბანკეტზე დავრწმუნდი: ზვიომ ბევრი დალია, დათვრა და ეჭვიანობის სცენა მომიწყო – ცეკვა ამიკრძალა, თან, საკმაოდ უხეშად. მე მეწყინა და ცრემლები წამომივიდა. ამის დანახვაზე ჯაბა ზვიოსთან მივიდა და ვითომ სხვათა შორის უთხრა, ამ გოგოს მოუფრთხილდი, ეტყობა, აზრზე არა ხარ, რა ბედნიერება გარგუნა ღმერთმაო. ზვიომ ხელი აუქნია და უპასუხა, ბედნიერება არა, ჩემი ფეხები, დავიღალე მთელი ცხოვრება კუდის ქიცინითო. ამ სიტყვებზე ჯაბამ ისეთი გააწნა სახეში, ყველა შეკრთა და უცებ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. დაბნეულმა ზვიომ ხელი მოისვა ლოყაზე და უთხრა, ჩემი მეჯვარე რომ არ იყო, პასუხს მიიღებდიო. ჯაბამ კი უპასუხა: შენი მეჯვარე არ ვიქნები, სხვისი მოძებნა მოგიწევსო – და ბანკეტიდან წავიდა. მაშინ დავრწმუნდი, რომ ჯაბას ვუყვარდი, მაგრამ არ ამხელდა ამ გრძნობას. ძალიან იმოქმედა ჩემზე იმ შემთხვევამაც და ჩემმა აღმოჩენამაც. სიმართლე გითხრათ, არ მწყენია, მაგრამ, ვერც იმას ვიტყვი, სიხარულით ფეხზე აღარ ვიდექი-მეთქი. იმ საღამოს ზვიოს გავებუტე და ჩემთან დარეკვაც კი ავუკრძალე. მთელი სამი თვე მართლაც არ შემხმიანებია. ეზოში ან სადარბაზოში თუ შევეჩეხებოდით, ერთმანეთს თვალს ვარიდებდით. მერე მისაღები გამოცდები დაიწყო და ორივეს ჩვენ-ჩვენი პრობლემები გვქონდა – მეცადინეობის მეტს არაფერს ვაკეთებდით. მერე სტუდენტები გავხდით და სულ ვეღარ ვიცლიდით შესარიგებლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჯაბა არ გამოჩენილა. რამდენჯერაც დავურეკე, მეუბნებოდნენ, სახლში არ არისო მობილური გათიშული ჰქონდა და მეც დავანებე თავი.
მალე მამა გარდამეცვალა. დედამ ბინა გაყიდა და სხვა უბანში გადავედით საცხოვრებლად. ზვიო ისევ არ მეხმიანებოდა და მეც ნელ-ნელა გამიცივდა გული. მესამე კურსზე რომ გადავედი, გავიგე, რომ ზვიო თავის თანაკურსელს ირთავდა ცოლად. ცოტათი კი განვიცადე, მაგრამ თავი არ მომიკლავს – ეტყობა, გულში შეგუებული ვიყავი ამ ამბავს.
მეხუთე კურსზე ისე გადავედი, ბიჭისკენ არ გამიხედავს, მთლიანად სწავლაზე ვიყავი გადართული. დიპლომის აღების დღეს კი, სახლში ულამაზესი თაიგული მომიტანა ვიღაც ბიჭმა და ბარათიც გადმომცა. მაშინვე მივხვდი – ჯაბა მილოცავდა უნივერსიტეტის დამთავრებას. მეორე დღეს დამირეკა და შეხვედრა მთხოვა, ერთი კვირის შემდეგ სიყვარული ამიხსნა და თავისი გული და ხელი შემომთავაზა, მოსაფიქრებლად კი ერთი თვე მომცა – ასე მითხრა, მინდა, კარგად აწონ-დაწონო, დარწმუნდე შენი გადაწყვეტილების სისწორეში და მერე მითხარი პასუხიო. ჯერ ერთი კვირაა გასული და მე უკვე ვიცი, რა პასუხიც უნდა გავცე, მაგრამ ხანდახან მაინც მიპყრობს შიში – ვაითუ, ისე არ მიყვარს, როგორც ის იმსახურებს-მეთქი.
ნანა, 22 წლის.
ჩემი გემოვნების ქალი ვერ ვიპოვე
ძმაკაცებისთვის და, საერთოდ, მეგობრებისთვის, როგორც თვითონ ამბობენ, კაი ტიპი ვარ, მაგრამ, დედაჩემს რომ ჰკითხოთ, უმძიმესი ხასიათი მაქვს და თვითონაც არ ვიცი, რა მინდა. არ ვიცი, ვინ არის მართალი, ალბათ, გარკვეულწილად, ორივე (მეგობრებიც და დედაც), მაგრამ დედაჩემი ამას იმიტომ მეუბნება, რომ, როგორც თავად ამბობს, ჩემი მოსაწონი ქალი ჯერ არ გაჩენილა დედამიწაზე. საქმე ისაა, რომ 32 წლის ასაკში მესამედ დავქორწინდი და რამდენიმე თვეში ისევ გაყრაზე მაქვს საქმე.
პირველი ცოლი 19 წლის ასაკში მოვიყვანე. ანი 17 წლის იყო და, ასაკიდან გამომდინარე, ცოტა თავში „უქროდა“. მე და ანი ერთად ექვსი წელი ვიყავით, შვილიც გვყავს. მანამდე თითქოს მომწონდა მისი ცეტი ხასიათი, მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ (ეტყობა, ასაკი რომ მომემატა, იმანაც იქონია გავლენა) მივხვდი, რომ ყელში ამომივიდა მისი სისულელეები. უკვე ყველაფერი მაღიზიანებდა: მისი სიცილიც, ხმაურიც, ტირილიც, ფუსფუსიც, ჭკუას მოკლებული აზრების პრეტენზიული გამოხატვაც... ვითმინე, ვითმინე და ბოლოს გავეყარე. ერთი წლის შემდეგ მეორედ დავქორწინდი. თავიდან თამთამ თავისი სიდინჯითა და სერიოზულობით მომხიბლა, მაგრამ, თურმე, გადაჭარბებული არაფერი ვარგა. პირველ ხანებში საოცრად მშვიდად ვგრძნობდი თავს – დავისვენე ზედმეტი წიოკისა და აჟიოტაჟისგან, მაგრამ, მერე და მერე დავაფიქსირე, რომ თამთა არასდროს იცინოდა, სიცილი კი არა, შემიძლია, ვთქვა, მის სახეზე ღიმილიც კი არ მინახავს – სულ სერიოზული, დაფიქრებული და საქმიანი სახე ჰქონდა, რაც თანდათან მთრგუნავდა. წარმოიდგინეთ, როგორი გასაძლებია: სახლში მიდიხარ – დაღვრემილი ცოლი გხვდება, ეფერები – ერთს არ გაიღიმებს, სადმე წაიყვან და, ისე მოგყვება გვერდით, გეგონება, საჩხუბრად ემზადება... ერთი სიტყვით, ვერაფრით რომ ვერ გავაღიმე, მასაც გავეყარე. მასთან მხოლოდ ორი წელი გავძელი. თამთას შემდეგ რამდენიმე წელი აღარ მიფიქრია ცოლის შერთვაზე, შარშან კი ისევ დავქორწინდი. ვერ ვიტყვი, რომ ჩემს მესამე ცოლს ცუდი ხასიათი აქვს, მაგრამ, შვილის გაჩენა არ უნდა. მართალია, მყავს ერთი შვილი პირველ ცოლთან, მაგრამ, კიდევ მინდა, რომ მყავდეს, უფრო სწორად, სამი შვილი მინდა, ირმა კი ერთის გაჩენაზეც უარს მეუბნება, ასე ამბობს, ხუთი წლის შემდეგ მელაპარაკე მაგ თემაზეო. ამას წინათ ისევ დავუწყე ამ საკითხზე ლაპარაკი და ბოლოს ისეთი ჩხუბი გამოგვივიდა, აკრიფა თავისი გუდა-ნაბადი და სახლიდან წავიდა. ჰგონია, გავეკიდები და ხვეწნას დავუწყებ. თუ ოჯახი არ უნდა, კარგად იყოს, ოღონდ, უჩემოდ.
ამჟამად ისევ უცოლო ვარ. სამი ცოლის გაშვების გამო მექალთანე კაცის სახელი გამივარდა, არადა, სინამდვილეში, სულაც არ ვარ ქალის კაბას გამოკიდებული, უბრალოდ, წყნარი, მშვიდი, მყუდრო, შვილებიანი ოჯახი მინდა, მქონდეს, ასეთი ქალი კი ჯერჯერობით ვერ ვიპოვე და არც ვიცი, ოდესმე ვიპოვი თუ არა, რადგან, სიმართლე გითხრათ, უკვე ხელი ჩავიქნიე – ალბათ, მარტოობაში დაბერება მიწერია.
გურამი, 33 წლის.
ბიძა და მამიდა ერთ
ოთახს გვედავებიან
მამაჩემს ერთი და და ერთი ძმა ჰყავს. მამიდაჩემი გერმანიაშია გათხოვილი, ოცი წელია, იქ ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში სულ ორჯერ იყო ჩამოსული. ქართული თითქმის აღარ ახსოვდა და აღარც აქაურობა აინტერესებდა. სანამ აქ იყო, სულ იმას გვეუბნებოდა, აქ როგორ ძლებთ, რომ მომისაჯოთ, ერთ თვესაც ვერ ვიცხოვრებ საქართველოშიო. ბიძაჩემი კი ამერიკაში ცხოვრობს. სტუდენტი იყო, აქ ჩამოსული ამერიკელი გოგო რომ შეირთო ცოლად და მერე მასთან ერთად გაემგზავრა ამერიკაში. ისიც უკვე წლებია, ნიუ-იორკში დასახლდა და ისე აქვს ცხოვრება და ბიზნესი აწყობილი, ჩვენთან დასარეკადაც ვეღარ იცლის და, წელიწადი ისე გავა, ორ-სამჯერ თუ შეგვეხმიანება. მამიდაჩემი და ბიძაჩემი თავიანთ მშობლებს, ანუ ჩემს ბებიას და ბაბუას ხანდახან თუ გამოუგზავნიდნენ ხოლმე ას დოლარს ან ევროს და მიაჩნდათ, რომ შვილის ვალს მშობლების წინაშე ამით იხდიდნენ. ცნობისთვის მოგახსენებთ, რომ ორივეს აქვს თბილისში დაკეტილი ბინა. ბებია და ბაბუა ცალკე ცხოვრობდნენ ოროთახიან ბინაში, საბურთალოზე, ჩვენ კი – მე, დედა, მამა და ჩემი ძმა – ოროთახიანში, ვერაზე. ბებიამ ხუთი წელი იავადმყოფა და გარდაიცვალა. ახლა ბაბუაც მძიმედ არის ავად, თან, უკვე საკმაოდ მოხუცებულია და განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, რასაც, მოგეხსენებათ, უამრავი ხარჯი (რომ აღარაფერი ვთქვა ფიზიკურად მოვლაზე) მოჰყვება. ცხადია, ბიძა და მამიდა იქიდან ვერაფერს იზამენ, ამიტომ, ყველაფერი ჩვენს კისერზე გადადის. არ გეგონოთ, ვწუწუნებ ან ვინმეს რამეს ვაყვედრი, უბრალოდ, ამ ყველაფერს იმიტომ გწერთ, რომ ჩვენი სიტუაციის რეალური სურათი დაგიხატოთ.
დედა და მამა მუშაობენ და, ძალიან რომ გაუჭირდათ ბაბუასთან დღეში ორ-სამჯერ სირბილი, გადაწყვიტეს, ბაბუასთვის ეთხოვათ, თავისი ბინა ჩვენი კარის მეზობლისთვის გადაეცვალა – ასე უფრო გაგვიადვილდებოდა მოვლა. ჩვენთან ვერ გადმოვიყვანეთ, რადგან ოროთახიან ბინაში თვითონაც ვერ ვეტეოდით. ბაბუა ამ წინადადებაზე სიხარულით დაგვთანხმდა. ჩვენს მეზობელსაც აწყობდა ერთ გაურემონტებელ ოთახში ოროთახიანი ბინა აეღო და ჩვენც ფართი გვემატებოდა. ორ კვირაში მოვაგვარეთ ოფიციალური საკითხები, მერე რამდენიმე დღე ახალი ოთახის მსუბუქად შერემონტებას მოვანდომეთ და ბაბუა თავისი ბარგი-ბარხანით ჩვენთან გადმოვიყვანეთ.
ისე მოხდა, რომ სწორედ იმ პერიოდში დაურეკა მამიდაჩემმა მამამისს მოსაკითხავად და ბაბუამაც უამბო, რაც მოხდა. მეორე დღესვე ერთმანეთის მიყოლებით გაისმა ჩვენს სახლში ზარი ამერიკიდან და გერმანიიდან – მამიდამაც და ბიძამაც ბაბუას ოროთახიანი ბინიდან თავ-თავიანთი წილი მოითხოვეს. ეს რომ ბაბუამ გაიგო, კინაღამ გაჟონვა დაემართა, ისე გაბრაზდა და სასწრაფოდ ანდერძი დაწერა – ამ ერთ ოთახს და ჩემს დანარჩენ უძრა-მოძრავ ქონებასაც ჩემს შვილიშვილებს (ანუ მე და ჩემს ძმას) ვუტოვებ, უფროს შვილებსა და მათ მონაგარს კი მემკვიდრეებად არ ვცნობო. ეს ამბავი თვითონვე უთხრა თავის ვაჟსა და ქალიშვილს და მასთან დარეკვაც აუკრძალა. ბიძაჩემი და მამიდაჩემი კი ლამის დღეში ცხრაჯერ გვირეკავენ და ჩივილით გვემუქრებიან, რომ, ვითომ, მამაჩემმა მოხუცი და უგონოდ მყოფი ავადმყოფი მოტყუებით დავითანხმეთ, ასეთი ანდერძი რომ დაეწერა. მაგრამ, ღმერთმა ხომ იცის, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.
ძალიან მაინტერესებს, თუ ოდესმე ჩამოვლენ საქართველოში, არ შერცხვებათ, მამას ან ძმას თვალებში შეხედონ?!
გელა, 19 წლის.