როგორ იშოვა ნავთობის ჭაბურღილზე ხანძრის ჩაქრობით მილიარდები ფილიპ ანშუტცმა და რა აკავშირებს მას მაიკლ ჯექსონთან და დევიდ ბექჰემთან
ამერიკელ მილიარდერებს შორის არსებობენ ისეთი კატეგორიის ადამიანები, რომელთა ძალაუფლება და გავლენა მათზე გაცილებით ცნობილ და მდიდარ მაგნატებს აყენებს ჩრდილქვეშ. მილიარდერების ამ კატეგორიას ექსპერტები „იდუმალ მაგნატებად“ მოიხსენიებენ და სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება ფილიპ ანშუტცი, ამერიკელი მილიარდერი, რომელმაც დააარსა ამერიკის უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანია; მასვე ეკუთვნის ფერმების ყველაზე დიდი რაოდენობა, რაც კი შეიძლება ეკუთვნოდეს ერთ პიზიკურ პირს; გარდა ამისა, მის საკუთრებაშია ამერიკის რკინიგზის აქციათა საკმაოდ სოლიდური პაკეტი და ასევე, ამერიკის საფეხბურთო ლიგის რამდენიმე კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტი და, ბოლოს, სწორედ ფილიპ ანშუტცმა ჩამოაყალიბა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და თანამედროვე სატელეკომუნიკაციო კომპანია შეერთებულ შტატებში „ქვესთ ქომუნიქეიშენი“. 2009 წლის „ფორბსის“ მილიარდერთა რეიტინგში ფილიპ ანშუტცი 5 მილიარდი დოლარით 98-ე ადგილზე იმყოფება.
ფილიპ ანშუტცი 1939 წელს კანზასის შტატში, ქალაქ რასელში დაიბადა. საინტერესოა, რომ ბაბუამისი რუსეთის ქალაქ სამარიდან იყო წარმოშობით და მათი ოჯახი ჯერ კიდევ რევოლუციამდე გადაბარგდა ამერიკის კონტინენტზე. 1961 წელს, ადგილობრივი უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ფილიპი მამის კომპანიის საქმიანობაში ჩაერთო. მამამისი ალალბედზე არჩეულ ადგილებში ნავთობის ძებნით იყო დაკავებული. ეს საქმიანობა საკმაოდ მომგებიანი იყო, რადგან ბურღვის 5 პროცენტი ნავთობის მცირე მარაგის მქონე საბადოს იძლეოდა. მამასთან მუშაობის პარალელურად ფილიპმა ვაიომინგის შტატში ჯერ კიდევ გამოუკვლევი ნავთობის საბადოები შეიძინა. იმ პერიოდისთვის ანშუტცების ბიზნესი გაბანკროტების გზაზე იდგა და ფილიპის მთელი იმედები ამ ნავთობსაბადოებს უკავშირდებოდა. მიწების ყიდვიდან სულ ცოტა ხანში ანშუტცის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ ჭაბურღილზე აფეთქება მოხდა და ცეცხლი მეზობლად მყოფ სხვა ჭაბურღილებსაც გადაედო. მანამ ხანძარი მძვინვარებდა, ანშუტცმა მეზობელ და თავისნაირ ნავთობმომპოვებლებთან ხელშეკრულებების გაფორმება დაიწყო. ის საკუთარ თავზე იღებდა ხანძრისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების ხარჯებს, სამაგიეროდ კი გადამწვარი ჭაბურღილებიდან მოპოვებულ ნავთობს, რომელიც არავინ იცოდა, იყო იქ თუ არა, ამოიღებდა. ხელშეკრულებების გაფორმებიდან ცოტა ხანში ანშუტცმა მეოცე საუკუნის შუა პერიოდში ნავთობჭაბურღილებზე გაჩენილი ხანძრების ლიკვიდატორი, ლეგენდარული პოლ ადაირი მოიყვანა, რომელსაც ვაიომინგის ჭაბურღილებზე ხანძრის ჩაქრობა დაავალა. ადაირი ცნობილი პიროვნება იყო ამერიკაში და ჰოლივუდი მასზე ავტობიოგრაფიული ფილმის გადაღებით იყო დაინტერესებული. ამ ფაქტის გათვალისწინებით, ანშუტცი დაუკავშირდა პროდიუსერებს და შესთავაზა მათ, ბუნებრივ პირობებში გადაეღოთ ჭაბურღილზე ხანძრის ჩაქრობის სცენები. ჰოლივუდელი საქმოსნები დაინტერესდნენ ანშუტცის შეთავაზებით და 100 ათასი დოლარის სანაცვლოდ ანშუტცმა ადაირს თავისივე ჭაბურღილები ჩააქრობინა, და ეს ყველაფერი კინოფირზე აღიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ანშუტცის რისკმა გაამართლა – ხანძრისგან განადგურებულ საბადოებზე მართლაც ამოხეთქა ნავთობმა, რომელმაც პირველი მილიონები მოუტანა ფილიპ ანშუტცს.
ნაბთობის გარდა, ანშუტცი სატელეკომუნიკაციო ბიზნესითაც იყო დაინტერესებული და ის იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი მეწარმე, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების გაყვანით იყო დაკავებული. თავის მფლობელობაში არსებული რკინიგზის – „საუზერნ პასიფიქის“ ლიანდაგების პარალელურად, ანშუტცმა ათასობით კილომეტრი ცარიელი მილები ჩადო მიწაში, რათა მომავალში დაინტერესებულ კომპანიებს ამ მილებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზები გაეყვანათ. მან ჩამოაყალიბა კერძო კომპანია „ესპე ტელეკომი“, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზების გაყვანით იყო დაკავებული და, როდესაც 1996 წელს ანშუტცმა 1,6 მილიარდ დოლარად გაასხვისა „საუზერნ პასიფიქი“, თვითონ დაიტოვა ამ კომპანიის შვილობილი ფირმის – „ესპე ტელეკომის“ აქციათა საკონტროლო პაკეტი, მოგვიანებით კი ჩამოაყალიბა ამერიკის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია „ქვესთ ქომუნიქეიშენი“. გარდა ამისა, ანშუტცი, რომელიც ფლობს ორ საფეხბურთო („ჰიუსტონ დინამო“ და „ლოს-ანჯელეს გელექსისს“) და ერთ ჰოკეის გუნდს ამერიკაში, ამერიკული თეატრებითა და კინოთეატრებითაც დაინტერესდა და მათი შესყიდვაც დაიწყო. სხვათა შორის, კინოთეატრებში ჩადებული ინვესტიცია მის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ პროექტად ითვლება, რადგან ყიდვიდან სულ ცოტა ხანში ამერიკის მასშტაბით გაიზარდა საფასური ბილეთებზე, ასევე ფასმა მოიმატა პოპკორნზე და გამაგრილებელ სასმელებზე.
ფილიპ ანშუტცის ახლობლები მას სრულიად ჩვეულებრივ, არაეგოცენტრულ ადამიანად მოიხსენიებენ. საინტერესოა, რომ ანშუტცს 1974 წლის შემდეგ არც ერთი ოფიციალური ინტერვიუ არ მიუცია და მის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტები ნაწილ-ნაწილ აგროვებენ მისი მეგობრებისა და საახლობლო წრისგან. ის საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს სრულიად ჩვეულებრივ კერძო სახლში დენვერში, უკეთია იაფფასიანი მაჯის საათი და ყოველ კვირა დადის ეკლესიაში. მისი ჩვეულებრივი სამუშაო დღე დილის ხუთის ნახევარზე იწყება. თავდაპირველად ის ორი საათის განმავლობაში კაბინეტში მუშაობს, შემდეგ კი 15-20-კილომეტრიან მანძილს ფარავს ძუნძულით. ბოლო 30 წელია, ანშუტცი თითქმის ყოველდღე ფარავს ამ მანძილს და თავისუფალ დროს მონაწილეობასაც კი იღებს სხვადასხვა სახის მარათონში. აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი ასეთი მარათონის დროს ანშუტცმა ფეხი იღრძო, მაგრამ უარი განაცხადა მარათონიდან გასვლაზე და კოჭლობით, მაგრამ მაინც მივიდა ფინიშამდე. სირბილის გარდა ანშუტცი, რომლის ფინანსებით დევიდ ბექჰემი ევროპიდან ამერიკის კონტინენტზე გაემგზავრა ფეხბურთის სათამაშოდ, ნადირობითაც არის დაკავებული, კერძოდ კი მას გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა იტაცებს. ასევე ანშუტცი წიგნის კითხვის დიდი მოყვარულია და ყველაზე მეტად მას ცნობილი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების ციტირება უყვარს.
ბოლო დროს ფილიპ ანშუტცის სახელი მაიკლ ჯექსონის არშემდგარ ლონდონურ კონცერტებს უკავშირდებოდა. საქმე ისაა, რომ ანშუტცის საპრომოუტერო კომპანია „აეიჯი ლაივი“ ახორციელებდა კონცერტების ორგანიზებას და არშემდგარი კონცერტების ბილეთების მფლობელებმა სწორედ ამ კომპანიას მიმართეს.
უშანგი რუხაძე