რა გეგმები აქვს აჩიკო ნიჟარაძის
ახალ ჯგუფს “City Life-ს„
ქართული ესტრადის მომღერალმა აჩიკო ნიჟარაძემ შექმნა ჯგუფი „City life“. მომღერალი ცოცხალი ბენდის თანხლებით შეასრულებს სიმღერებს, რომლებიც მხოლოდ მისი ჯგუფისთვის დაიწერება. სიმღერებს კი დაწერს მისივე ბენდის წევრი გიგი. როგორ აპირებს ახლად შექმნილი ჯგუფი თავის დამკვიდრებას ქართულ მუსიკალურ სამყაროში და რა უახლოესი გეგმები აქვთ, აჩიკო ნიჟარაძე თავად გვიამბობს.
– ბოლო დროს მგონი, ყველა გაქრა. რთული პერიოდი იყო. ჯერ ერთი, ქართულ შოუ-ბიზნესში ახალი თითქმის არაფერია. თან, იყო ომი და სამღერლად ვის ეცალა. ვფრთხილობდი, ხალხი არ შემეწუხებინა. ახლა ნელ-ნელა გავაქტიურდი. სიახლეა ჩემს შემოქმედებაში და მსმენელს თავს არ მოვანატრებ.
– შექმენი ჯგუფი „City life“, სოლო კარიერას თავს ანებებ?
– სოლო კარიერას თავს არ ვანებებ. ჯგუფშიც მარტო მე ვმღერი, უბრალოდ, მყავს ბენდი, რომელიც 5 წევრისგან შედგება. ადრე თუ ფონოგრამით ვმღეროდი, ახლა მყავს ბენდი, ცოცხალი მუსიკა, რაც უფრო სასიამოვნოა, როგორც ჩემთვის, ისე ჩემი მსმენელისთვის. უკვე იყო ჩვენი ჯგუფის პრეზენტაცია. გვქონდა კონცერტი „მაგთიკლუბში“. საზოგადოების მხრიდან დადებითი მუხტი წამოვიდა, რაც ჩვენთვის კიდევ ერთი სტიმულია. ჯგუფს ექნება საკუთარი სიმღერები, რომლებსაც ბენდის ერთ-ერთი წევრი, გიგი (ვანდერა) წერს. ჯგუფის შექმნის იდეა დაახლოებით ორი თვის წინ გამიჩნდა. დავიწყე ბენდისთვის მუსიკოსების მოძიება. ვისაც ვიცნობდი, ყველას შევეხმიანე, მაგრამ სანამ ვინმე რამეს მირჩევდა, თვითონ შევხვდი ამ ბიჭებს. გიგი (ვანდერა) ჭიპაშვილი – კლავიში, უჩა მეტრეველი – გიტარა, ზაზა ცერცვაძე – დასარტყამი ინსტრუმენტი, ლევან ბეისაძე – ბასგიტარა და მე, არჩილ ნიჟარაძე – ვოკალი.
ახლა ვფიქრობთ კონცერტების გამართვას. ახალი წლისთვის უკვე ფართო მასებისთვისაც გახდება ჩვენ შესახებ ცნობილი. ვფიქრობთ, ალბომის გამოშვებას, რომელიც იქნება მთლიანად ინგლისურენოვანი და მასში შევა 10 სიმღერა. ჩვენი დიდი პლუსია, რომ სიმღერები, რომლებსაც შევასრულებ, იქნება ჩვენი. არ ვიმღერებთ ვიღაცის ნამღერ სიმღერებს. ჩვენ-ჩვენი სიმღერებით ვაპირებთ თავის დამკვიდრებას. სამომავლოდ, როდესაც დიდი კონცერტები გვექნება, ჯგუფის წევრების რაოდენობასაც გავზრდით, გვეყოლება ბექ-ვოკალიც, მაგრამ ეს – დიდი კონცერტებისთვის, ძირითადი ბირთვი კი ეს ხუთი კაცია.
– უცხოეთში თუ აპირებთ გასვლას კონცერტებზე ან რაიმე ფესტივალზე?
– უცხოეთში უფრო გასვლითი პროგრამებით ვაპირებთ კონცერტებს, მაგრამ ეს უკვე მაშინ მოხდება, როდესაც ჩვენი ალბომი გვექნება. ეს დიდი პლუსია ჩვენთვის, რომ საკუთარი სიმღერები გვექნება.
გიგი (ვანდერა): ჩვენ თითქმის პირველები ვართ. არის ჩვენნაირი ჯგუფები, მაგრამ არ აქტიურობენ. ჩვენ გვინდა, გავხდეთ ცნობილები. აუცილებლად უნდა იყოს ერთი ჯგუფი, რომელიც დაუკრავს გემოვნებიან მუსიკას, რაც ხალხს ენატრება. ყოველ შემთხვევაში, თვითონ ამბობენ, გვენატრებაო. ახლა ვაპირებთ, მეორე სიმღერის ჩაწერას და მისი პრეზენტაციაც რომელიმე შოუში მოხდება. გვინდა, გადავიღოთ კლიპი, რომელიც „City life-ის“ სავიზიტო ბარათი გახდება. უკვე გვაქვს სარეკლამო ბანერიც. თავს არ ვზოგავთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ და შევქმნათ რაიმე გემოვნებიანი.