რატომ გაიარა ნათია გაბაძემ „ბოტეგა ვენეტასთან“ მოლაპარაკება „ლაუდსპიკერით“ და რატომ თქვა მასთან მუშაობაზე უარი
ასეთი შემოთავაზება ცხოვრებაში ალბათ ერთხელ ხდება. ათი წლის განმავლობაში იმუშაო „ბოტეგა ვენეტასთან“ ტყავზე – ეს მსოფლიო მწვერვალებისკენ სავალი ყველაზე მოკლე გზაა. თუმცა, ნათია გაბაძემ სიყვარულისა და პირადი ბედნიერების გამო ამ შემოთავაზებაზე უარი თქვა და ცდილობს, თბილისში ნულიდან დაიწყოს ყველაფერი. მოდის კვირეული მისთვისაც წარმატებული აღმოჩნდა.
ნათია გაბაძე: მოდის ამ კვირეულზე ვაჩვენე ფეხსაცმელები, ჩანთები და ყველანაირი აქსესუარი, რომელიც არა მარტო ტყავით, თვლებითა და ქვებითაცაა შესრულებული. ფეხსაცმლიდან რაც ტყავები მრჩება, იმისგან ვქმნი აქსესუარებს. ფაქტობრივად, ნარჩენებისგან ვაკეთებ, მაგრამ, მხოლოდ ყველაზე საუკეთესო ტყავს ვიყენებ.
– რატომ არ ჩანდი აქამდე? ჩვენ პირველი ინტერვიუ გვქონდა, როდესაც შენ პრინცესა გოლიცინას შეხვდი – მაშინ უკვე იტალიაში სწავლობდი.
– იტალიის საელჩოში მოვიგე კონკურსი და ერთი წლით სასწავლებლად გამიშვეს იტალიაში და იქ ყოფნის დროს შევხვდი გოლიცინას. უდიდესი გამოფენა ჰქონდა რომში, სადაც გამოტანილი იყო მისი შემოქმედების სრული რეტროსპექტივა. უკვე ძალიან დაბერებული იყო, მაგრამ თავისი სილამაზე და შარმი შერჩენილი ჰქონდა. ეს იყო ქალბატონი, რომელიც ჟაკლინ კენედისა და მისი დონის ქალბატონებს უკერავდა ტანსაცმელს. ის დიდხანს მუშაობდა „დიორთან“. თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კონფერენცია მქონდა აკადემიაში და გოლიცინასთან შეხვედრაზეც იქ მოვყევი. აქედან კიდევ უფრო მეტად წამოვიდა ამ ქალბატონის მიმართ ინტერესი. სამწუხაროდ, ის უკვე გარდაიცვალა.
– შემდეგ უკვე თბილისში მუშაობდი?
– დიახ, მამასთან დავიწყე მუშაობა, რომელსაც, წლებია, ფეხსაცმლის სახელოსნო აქვს. ფაქტობრივად, ტყავის სუნში ვარ გაზრდილი – ეს ჩემი განუყოფელი ნაწილია. პრინციპში, უკვე ვეღარ ვგრძნობ ამ სუნს. გარკვეული პერიოდის მუშაობის შემდეგ ისევ მომეცა იტალიაში სასწავლებლად წასვლის შანსი, რომელიც, რა თქმა უნდა, გამოვიყენე და საზაფხულო კურსების გასავლელად წავედი რომში. კოლეჯში, რომელშიც ვსწავლობდი სისტემატურად მოდიოდა მოწვევები სხვადასხვა მოდის სახლიდან, სადაც მაღალი ქულების მქონე, კარგ სტუდენტებს უშვებდნენ.
– იქნებ უფრო კონკრეტულად მითხრა, რა სკოლა იყო?
– ეს იყო „აკადემია დი მოდი ი კოსტუმე“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველი და პრესტიჟული აკადემიაა მთელ იტალიაში. „გუჩის“ სახლის ამჟამინდელ დიზაინერს, ფრიდა ჯანინისაც ეს აკადემია აქვს დამთავრებული. ამას გარდა, კიდევ ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი სწავლობდა აქ. სხვათა შორის, როგორც აკადემიის წარმატებული კურსდამთავრებულები, ისე სხვა ცნობილი სახეები მოდის სფეროში, ხშირად მოდიოდნენ და გვიტარებდნენ მასტერკლასებს. სამწუხაროდ, ჩემი კურსების დროს არ დაემთხვა, რომ ვინმე ასეთი ჩამოეყვანათ, სამაგიეროდ ისეთი ლექტორები მყავდა, რომ მათი ერთი ლექციის მოსმენა რომელიმე საშუალო დონის სკოლის მთლიან კურსს უდრიდა. ერთ-ერთი იყო ცნობილი კოსტიუმერი, რომელიც მუშაობდა ჰოლივუდის ფილმებზეც. სხვათა შორის, მისი ერთ-ერთი ფილმია „საჰარა“. „საჰარას“ კოსტიუმებზე, როგორც თავად გვითხრა, „ვალენტინოს“ უნდა ემუშავა, თუმცა, რაღაცეებზე ვერ შეთანხმდნენ და საბოლოოდ ამან გააკეთა. თეატრალურ და კინოწრეებში ის ძალიან ცნობილი პიროვნებაა. სხვათა შორის, ჩემი იქ სწავლის დროს აკადემიაში ჩამოსული იყო აგატა რუჟ დე ლა პრადა – დიზაინერი, რომელმაც „ჯორჯიან ფეშენ ვიქზეც“ აჩვენა კოლექცია. მისი კოსტიუმებით გაფორმებული სპექტაკლი ჰქონდათ ჩამოტანილი, რომელიც ანდერსენის ზღაპრების მიხედვით იყო დადგმული. კაცის მოდას გვასწავლიდა ანდრეა პრიორი, რომელიც მთელ იტალიაშია ცნობილი და კაცის ტანსაცმლის ყველა პრესტიჟულ, ნომერ პირველ მოდის სახლებში მუშაობდა.
– ცალკე ფეხსაცმლის ან ქალის ტანსაცმლის დიზაინს გასწავლიდნენ, თუ ყველაფერს ერთად სწავლობდი?
– ყველაფერს ვსწავლობდი. ცალკე იყო სამკაულების განხრა და, თუ გინდოდა, შეგეძლო, იმ მიმართულებით გაგეგრძელებინა სწავლა. მრავალმხრივი განათლება მივიღე: ვსწავლობდი როგორც თეატრის, ისე კინო და ტელე კოსტიუმების მოდას. მოდელირებას რაც შეეხება, საერთოდ ყველაფერი ვისწავლე. ბავშვები, რომლებიც ამ აკადემიას ამთავრებენ, ძალიან ცნობილ მოდის სახლებში განაგრძობენ მუშაობას. ჩემი ჯგუფელი, მაგალითად, ახლა „გუჩის“ სახლში ფეხსაცმელებს ხატავს. რამდენიმე დღის წინ მომწერა, ამიყვანესო და გავგიჟდი, ვკითხე, ასისტენტი არ გჭირდება-მეთქი? მარტო ეს გოგო კი არა, ყველა მწერს, რომ ზოგი პარიზში წავიდა სამუშაოდ, ზოგი – ნიუ-იორკში და ასე.
– მხოლოდ შენ დარჩი თბილისში?
– დიახ, თუმცა, ეს ნებაყოფლობით მოხდა. აკადემიაში მოვიდა მოწვევა „ბოტეგა ვენეტას“ მოდის სახლიდან – ჩემი მონაცემები, ნახატები და სხვა რაღაცეები გავგზავნე და ცოტა ხანში დამიკავშირდნენ. მილანთან პატარა ქალაქში აქვს „ბოტეგა ვენეტას“ ჰედ-ოფისი და, როდესაც დამიკავშირდნენ, შევთავაზე, იქნებ ტელეფონით გავისაუბროთ-მეთქი – ძალიან შორს იყო რომიდან და ვერ ჩავიდოდი (იცინის).
– კონკრეტულად რა გაგზავნე?
– ყველაფერი, რასაც ვხატავდი: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ჩანთები... ჩემთვის, ადამიანისთვის: რომელმაც მთელი ცხოვრება ტყავის სუნში გაატარა, „ბოტეგა ვენეტა“ ნომერ პირველი მოდის სახლია. მათაც, სივში რომ წაიკითხეს, გარდა სწავლისა, პრაქტიკულად უკვე ნამუშევარი მაქვს ტყავზე და მესმის მისი სპეციფიკა, სწორედ ეს მოეწონათ. ძალიან სასაცილო იყო „ლაუდსპიკერი“ – ხმამაღლა მოლაპარაკე რომ ჩართეს და სამ ადამიანს ასე ვეკონტაქტებოდი. უფრო ტყავთან მუშაობის ამბები გამომკითხეს. ეს არის ფირმა, რომელიც ტყავს თავიდან ბოლომდე თვითონ ამუშავებს და სულ ხელით იკერება ყველაფერი. მათი ცნობილი, საფირმო დაწნული ტყავის ჩანთებიც იმიტომ ღირს ასეთი ძვირი. ვესაუბრე მოდის სახლის ტექნიკურ მენეჯერს, ტყავის ტექნიკოსს და კიდევ ერთ ქალს – ალბათ კადრების მენეჯერი იყო. ბოლოს მკითხეს, მზად თუ ხარ იტალიაში სამუდამოდ დარჩეო? თუ კონტრაქტს გაგიფორმებთ, ის ათწლიანი მაინც იქნებაო. თავად შემეძლო ამერჩია, კონსტრუქციის ხაზით წავიდოდი თუ დიზაინის. ისე, კონსტრუირებას აქ ნაკლებად ვიყენებ – იმდენად ძვირი ჯდება ყველაფრის ხელით გაკეთება, რომ გადახდისუნარიან ადამიანს ძალიან ცოტას თუ იპოვი.
– მაგრამ, არ დარჩი...
– არა (იცინის). თბილისში მიწევდა ჩამოსვლა, ბილეთი მქონდა აღებული. ჩამოვედი და ვეღარ წავედი. ჩამოვედი, გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე და სამ-ოთხ თვეში გავთხოვდი. არადა, ჩემმა მეგობარმა უთხრა, იტალიაში მიდის საცხოვრებლად, თავი დაანებეო, მაგრამ, არ დამანება. (იცინის). როდესაც არჩევნის წინაშე დავდექი უარი ვთქვი, რადგან იქ წასვლა უკვე იტალიაში სამუდამოდ დარჩენას ნიშნავდა, რასაც ვერ გავაკეთებდი. ცოტა ხნით რომ წავსულიყავი, კონტრაქტის გაწყვეტას ფულადი ჯარიმა და ძალიან გრძელი იურიდიული პროცესები მოჰყვებოდა. მოკლედ, დავრჩი. მაგრამ, ალბათ, მთელი ცხოვრება ვიფიქრებ ჩემს ამ ნაბიჯზე – რა იქნებოდა, რომ წავსულიყავი, სად ვიქნებოდი და რას გავაკეთებდი. კი არ ვნანობ ამ ნაბიჯს, უბრალოდ, სულ მექნება ეს მომენტი – რა იქნებოდა?.. მოკლედ, ერთი-ორი წელი დავისვენე, ბავშვი გავაჩინე და მას ვუთმობდი ჩემს დროს. ახლა კი ისევ ფორმაში ვარ და ჩემი ნამუშევრები გამოვიტანე თბილისის მოდის კვირეულზე: ვაჩვენე ხელთათმანები, პორტსიგარები – ყველაფერი, რაც შეიძლება, ტყავისგან შექმნა. განსაკუთრებით მოეწონათ ჩემი აქსესუარები და მანათობელი ჩანთები. იდეა გაჩნდა უცნაურად: ჩემი შვილის სათამაშო მედო ჩანთაში, რომელსაც პატარა დიოდის შუქი ჰქონდა. რაღაცას რომ ვეძებდი ჩანთაში, ამ სათამაშოზე მომიხვდა ხელი და შუქი აინთო. ამან შთამაგონა, გამეკეთებინა ჩანთები, რომლებიც, შეიძლება, შიგნიდან აინთოს და იოლად იპოვო სასურველი ნივთი. ალბათ, ყველა ქალი დამეთანხმება, ეს რამხელა კომფორტია. „ახალ ნათებაში“ შევუკვეთე პატარა, ჩანთაში ჩასაყენებელი ნათურები და, შეგიძლიათ, ის მარტივად გამოიყენოთ.