ჯაყოების ცვენა
„ჩემი შენ გითხარიო“
არა იმიტომ, რომ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, უბრალოდ, იმის გამო, რომ აშშ და ევროკავშირი მხარს უჭერენ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, გული საგულეს გვაქვს. თუმცა, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჩვენ: ედუარდ-ჯაყო კოკოევმა თავის ხელქვეითებს, კერძოდ, ახალგორის რაიონის ეგრეთ წოდებული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას საცხოვრებელი სახლების, ფართებისა და მიწის ნაკვეთების აღწერა დაავალა. მათვე დააკისრა კონფლიქტის დროს გადაადგილებულ პირთა აღრიცხვაც („ლენინგორიდან“ ქართველებმა რომ გაყარესო). ეს აღრიცხვა კი, არც მეტი, არც ნაკლები, იმისთვის ყოფილა საჭირო, რომ ამ „იძულებით გადაადგილებულებს“ საშუალება მიეცეთ, მიმართონ „იუჟნაია ოსეტიას“ სასამართლოს, რათა ამ უკანასკნელმა „უკანონოდ ჩასახლებულები“ (ანუ ახალგორელი ქართველები) გაასახლონ (ახი არ არის?!). ამ კონკრეტული „ბრძანებულებით“ ედუარდ-ჯაყო, თურმე, „იუჟნაია ოსეტელების“ უფლებების დაცვას ცდილობს, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას მათი კუთვნილ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჩვეულებისამებრ, საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თურმე, რუსეთი ერთმნიშვნელოვნად არღვევს საერთაშორისო-სამართლებრივ ვალდებულებებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული და, ამდენად, მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ დაგმოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევის ფაქტი. ღრმად ვარ დარწმუნებული, საერთაშორისო თანამეგობრობა ფაქტის დაგმობას არ დაგვზარდება (ისევე, როგორც არც რუსეთს არ დაზარდება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას). სხვათა შორის, ხელისუფლების წარმომადგენლები (მათ შორის ისინიც, რომლებიც ახლა ოპოზიციაში ბრძანდებიან) 2008 წლამდე, სანამ „იუჟნაია ოსეტიას“ დამოუკიდებლობას რფ და ზედაც ნიკარაგუა-ვენესუელა აღიარებდნენ, ჯიუტად უწოდებდნენ „სამხრეთ ოსეთს“, მათ ტერმინოლოგიაში საფუძვლიანი გარღვევა ოდენ 2008 წლის შემდეგ მოხდა და „სამხრეთ ოსეთი“, რატომღაც, ცხინვალის რეგიონად ექცათ.
ამის პარალელურად, „ქრისტიან-დემოკრატი“ გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას (არასეპარატისტულს) მოუწოდებს, რომ აჭარაში საკუთრების უფლების უხეშ ხელყოფის ფაქტებს ჯეროვანი ყურადღება მიაქციოს. კერძოდ, ბ-ნი თარგამაძე ბრძანებს, რომ 280 აჭარელ მესაკუთრეს, რომელთაც გასულ წლებში მიწის ნაკვეთები პრეზიდენტის ბრძანებულებით დაუკანონდათ, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამა წლის 5 დეკემბერს ჩამოართვა. სამწუხაროდ, ამის გამო არც ჩვენს საგარეო უწყებას მიუმართავს მსოფლიო თანამეგობრობისთვის (შესაძლოა, იმიტომ რომ მის კომპეტენციაში არ შედიოდა) და, მაინცდამაინც, არც საქართველოს პარლამენტს შემოუხევია ტანზე (რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის მისამართით): გამოიკვლიეთ და აღკვეთეთ საკუთრებით დარღვევის ფაქტებიო. აქედან გამომდინარე კი (თუ ბ-ნ თარგამაძეს ვერწმუნებით), არც არასეპარატისტულ საქართველოში უნდა ვუჩიოდეთ ჯაყოების ნაკლებობას?!