გზათმფრენი
ანუ 3 ევრო = ხუთ ლარს
ქართულმა ელმედიამ მეტად საფუძვლიანად გააშუქა საქართველოს პრეზიდენტის მექსიკური ვიზიტი და ისიც, თუ როგორ გამოსცადა ბ-ნმა სააკაშვილმა „ნისანის“ მარკის ელექტრომანქანა. მას გვერდს, ბუნებრივია, ქ-ნი ქობალია და ბ-ნი ხაჩიძე უმშვენებდნენ (ეს უკანასკნელი არა იმიტომ, რომ, ბუნებრივია, ალბათ, უფრო იმის გამო, რომ მექსიკაში გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მხარეთა მეთექვსმეტე კონფერენცია იმართებოდა). ქვეყნის პირველი პირი, რომელიც მეტად კმაყოფილი ჩანდა ავტოს მართვით, დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს საავტომობილო პარკიც ელექტრომობილებით შეივსება, რაც საწვავის მოხმარებასაც შეამცირებს (ვითომ შავი ღრუბლები იქუფრება ქართველი მენავთო-მესაწვავეების თავზე?!) და გამონაბოლქვსაც (ესე იგი, დემმიღწევებით ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ვისიამოვნებთ, ბუნებრივია, მხოლოდ ისინი, ვინც რეფორმებს გადავურჩებით).
პრეზიდენტმა არც ელექტროავტოს ტარებით გამოწვეული შთაბეჭდილებების გაზიარება დაგვამადლა: ძალიან რბილი სატარებელია (არადა, რამდენ მანქანაზე არ ვმჯდარვარო?!), მეტიც, ნახევარ საათშია შესაძლებელი ბატარეის დატენვაო (ამიტომაც, ავტობანებზე ისეთი ადგილები უნდა შევქმნათ, რომ მძღოლებმა ბატარეის დატენვის პროცესითაც ისიამოვნონო). მეორე მხრივ, რაკი, ვის, თუ არა, პრეზიდენტს, მოეხსენება, რომ საქართველო მეორადი ავტომანქანების ქვეყანაა, აღნიშნა, რომ ელექტროავტოები სამთავრობო დონეზე დაინერგება (აკი, 2011 წლის ბიუჯეტი არ ითვალისწინებს ავტოპარკის განახლებასო?!), თუმცა, იმის იმედიც გამოთქვა, რომ ხალხიც თანდათანობით მიხვდება ელექტრომობილების უპირატესობას და თავისი ნებით გადასხდებიან (ისიცაა, თუ ვერ მიხვდებიან, მიახვედრებენ!).
ამ ამბავს სიტყვა, რასაკვირველია, ჩვენი მდგრადი და ეკონომიკური განვითარების მინისტრმაც შეაწია, თუმცა, მხოლოდ ამას არ დასჯერდა, კერძოდ, იწინასწარმეტყველა, რომ ათიოდ წელიწადში მსოფლოში ავტომანქანების უმეტესობა ელექტრო იქნება, რაც შემდეგი არგუმენტებით გაამყარა: „ერთი ბატარეის დატენა, რაც 160 კილომეტრის დასაფარავადაა აუცილებელი, 3 ევრომდე ჯდება“. ამის შემდეგ ევროების კონვერტაცია ეროვნულ ვალუტაშიც გააკეთა და დაასკვნა, რომ 160 კილომეტრის დაფარვა საქართველოში 5 ლარი დაგვიჯდება (არადა, თუ თვალს ოფიციალურ კურსს გადავალებთ, 3 ევრო, თუ ათის ფარგლებში ანგარიში არ მეშლება, ხუთ ლარს აჭარბებს, მაგრამ, მოდი, ასეც ნუ დავწვრილმანდებით!). შესაბამისად, ქ-ნმა ქობალიამ დაასკვნა, რომ თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა 5 ლარი დაჯდება (თბილისიდან ბათუმამდე ვითომ 160 კილომეტრია?!). ჩვენ, ბუნებრივია, არაფერი ვიცით, რა დოზით ახდება ჩვენი მდგრადი და ეკონომიკური განვითარების მინისტრის წინასწარმეტყველება, თუმცა იმის თქმა უკვე ამთავითვე შეგვიძლია, რომ ქ-ნი ქობალიას სტიქია ციფრებით მანიპულირება ნამდვილად არ ყოფილა.