თუ გამოიცნობთ
1. წმიდა იოანეს ორდენის რაინდებს ტამპლიერებს, ანუ მეტაძრეებს ეძახდნენ, ჯვრის რაინდებს – იეზუიტებს. იყვნენ წმიდა ჰუბერტის რაინდებიც. ჰუბერტი იმ საქმიანობის მფარველი იყო, რომელსაც ჩვენში საკმაო მიმდევარი ჰყავდა და ახლაც ჰყავს, ოღონდ ახლა მას უფრო ჰობის სახე აქვს. რას ეძახდნენ მათ?
2. რატომ გაქრა რუკიდან ისეთი ობიექტები, როგორებიცაა: სამეფო კომპანიის კუნძული, ზურმუხტის კუნძული, დეგერტის კუნძული, ნიმროდის კუნძული?
3. ძველ ინდოეთში ბგერები სა და მა – სიმშვიდეს გამოხატავდა, ჩა და ჯა – დღესასწაულს, რე – რისხვას, პა – სიხარულს, ნი – ნაღველს. დაასახელეთ მათი თანამედროვე ანალოგები.
4. 1917 წელს ნობელის პრემია ლიტერატურაში მიიღო გელერუპმა და პონტო პიდანმა, ფიზიკაში – ჩარლზ ბერკლმა... როგორც ცნობილია, ეს პრემია არ მიენიჭება სამედიცინო დარგში, თუმცა ამ წელს ნობელის პრემია გადაეცა ისეთ ორგანიზაციას, რომელიც მჭიდრო კავშირშია მედიცინასთან... დაასახელეთ ეს ორგანიზაცია.
5. იქ ისინი ცნობილი მეცნიერების, დამსახურებული ადამიანების პატივსაცემად გაჩნდა: 1944 წელს „გაჩნდა“ პიერი და მარია კიურების, 1952 წელს – ენრიკო ფერმის, 1955 წელს – დიმიტრი მენდელეევის, 1957 წელს – ალფრედ ნობელის, 1961 წელს – ერნესტ რეზერფორდის. სად?
6. ადრე მშენებლებს ბევრი „ჯადოსნური“ სიტყვა ჰქონდათ, რაც უიოლებდათ მუშაობას. მათგან მხოლოდ ორი შემორჩა. რომლები?
7. რა უნდა წაიღოს მთამსვლელმა, გარდა ტრადიციული ალპინისტური აღჭურვილობისა, რათა საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად დააფიქსიროს მის მიერ მწვერვალის დაპყრობა?
8. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში მას „აზრების სავანეს“, „ბრძნული აზრების სახლს“, „სულის აფთიაქს“ უწოდებდნენ. რას ვეძახით ჩვენ მას?
9. მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში ფლორენციაში მცხოვრები, სინიორ ფრანჩესკო დი ბართლომეო და ძაკობი საკმაოდ წარმატებული ვაჭარი იყო და რესპუბლიკის უხუცესთა შორის კარგი თანამდებობაც ეკავა. თუმცა, ისტორიაში ახალგაზრდა ცოლის წყალობით შევიდა, რომელიც უძველესი გვარის – გერარდინების შთამომავლი იყო, მაგრამ ქმრის გვარს ატარებდა. დაასახელეთ სინიორ ფრანჩესკოს გვარი.
10. 1495 წელს ინკვიზიტორმა პედრო არბეუსმა ერეტიკოსების დასჯის ახალი საშუალება მოიგონა – მისი აზრით, ასე, სასიამოვნო სასარგებლოსთან იყო შეთავსებული და თანაც, სპორტულ ჟინსაც არ იყო მოკლებული. დასჯის ახალ პროცესში ძირითად როლს ორი ბრმა მღვდელი ასრულებდა. ერეტიკოსებს ერთდროულად არ სჯიდნენ, არამედ თანდათანობით, რამდენიმე საათის განმავლობაში. დაასახელეთ, რამდენი ერეტიკოსი უნდა ყოფილიყო აუცილებლად ამ ჯგუფში, თუ ბოლოს ერთი მათგანი ცოცხალი რჩებოდა.
პასუხები იხილეთ 87-ე გვერდზე.