როგორ ააფეთქა დარჩილოვმა სვეტიცხოვლის ეზოში ეკლესია და როგორ მოვიდა ქართველ მეფეთა საძვალე დღემდე
მცხეთის სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი, მიუხედავად მრავალგზის დარბევისა და დაზიანებისა, კათოლიკოს-პატრიარქთა და მეფეთა მუდმივი მზრუნველობით, ყოველთვის აღდგებოდა და ქართველთა უპირველესი სიწმიდე გახლდათ. ახალი ძნელბედობის ხანა სვეტიცხოვლის ისტორიაში დაიწყო რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ. ამის თაობაზე გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ვახტანგ გურული.
– სვეტიცხოველი, როგორც ცნობილია, მეთერთმეტე საუკუნეში აიგო. მეთოთხმეტე საუკუნის ბოლოს, თემურ ლენგის ერთ-ერთი შემოსევისას მტერმა ტაძარი სერიოზულად დააზიანა. თუმცა, ერთიანი საქართველოს მეფემ, ალექსანდრე პირველმა ტაძარი აღადგინა.
– რა შეიცვალა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ?
– რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა და საქართველოს ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსი ეგზარქოსები სვეტიცხოველზე ზრუნვით თავს არ იწუხებდნენ. ასეთმა დამოკიდებულებამ თავისი შედეგი გამოიღო. 1826 წლის 1 მაისს ჩამოიქცა მცხეთის სვეტიცხოვლის გალავანში არსებული სამრეკლო, ნანგრევებში მოყვა გალავნის კედელთან მდგარი საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც დაიღუპა 8 წლის ბავშვი. ამ საგანგაშო ფაქტსაც არ მოუხდენია გავლენა საქართველოს ეგზარქოსის, მიტროპოლიტ იონა ვასილევსკის განწყობაზე. ცხადია, ვერც რუსეთის ეკლესიის უწმიდესი სინოდი და ვერც საქართველოს რუსი ეგზარქოსები ღიად ვერ გამოხატავდნენ თავის დამოკიდებულებას, მაგრამ ფაქტობრივად, სხვადასხვა დამაბრკოლებელი პირობების მომიზეზებით, ყველანაირად ცდილობდნენ, ხელი არ შეეშალათ, სვეტიცხოვლისა და სხვა ტაძრების ნგრევის პროცესისთვის. ამავე დროს, რუსები სახსრებს არ ზოგავდნენ, საქართველოში რუსული ეკლესიების მშენებლობისა და მოვლა-პატრონობისთვის. ყოველივე ამის დასტურია შემდეგი ფაქტი: 1827 წელს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალმა სიპიაგინმა, რუსეთის იმპერიის მთავარი შტაბის უფროსს წარუდგინა მოხსენება – გორისა და დუშეთის მაზრებში შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვა. გუბერნატორი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ხსენებულ მაზრებში სერიოზულად იყო დაზიანებული ეკლესიები, მათ შორის სვეტიცხოველიც. არსებული წესის მიხედვით, მოხსენება იმპერატორ ნიკოლოზ პირველს მიართვეს.
– რა რეაქცია ჰქონდა იმპერატორს, ამ მოხსენების წაკითხვის შემდეგ?
– იმპერატორმა შექმნილი მდგომარეობა შეუწყნარებლად მიიჩნია და ბრძანება გასცა, აღედგინათ ეკლესიები, უპირველესად კი, სვეტიცხოველი.
– საინტერესოა, იმპერატორის ბრძანების შემდეგ, რა მოიმოქმედა რუსმა ეგზარქოსმა?
– არც მეტი, არც ნაკლები, რუსმა ეგზარქოსმა თავის მართლება დაიწყო. პირველ ყოვლისა, ჩაეჭიდა სვეტიცხოვლის რესტავრაციისთვის საჭირო თანხის არარსებობას. იგი წუწუნებდა: საქართველოში არსებული ტაძრები ძალიან ძველია და ისედაც დანგრევის პირასაა მისული. მუდმივად ზიანდებოდა, მტრების შემოსევისას. მრევლი კი, ძალიან ღარიბია და არ შეუძლია, შესაწირის გაღებაო. უფრო დამაჯერებელი, რომ ყოფილიყო, მისი მოხსენება, ეგზარქოსი იონა, კიდევ ორ არგუმენტს იშველიებდა: სვეტიცხოველი მძიმე მდგომარეობამდე ქართველი კათოლიკოს-პატრიარქების უყაირათობამ მიიყვანა, ხოლო მდგომარეობის გამოსწორება ფერხდებოდა იმის გამო, რომ ქართველებში სულიერება დაეცა და სვეტიცხოვლის ბედი არავის ადარდებსო. მიუხედავად იმპერატორის ბრძანებისა, უსაშველოდ გაჭიანურდა სვეტიცხოვლის რესტავრაციის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა. ეს საქმე ვერ დასრულდა, ვერც ეგზარქოს იონას და ვერც მომდევნო ეგზარქოსის – მოსე ბოგდანოვ-პლატონოვის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდში და როგორც იქნა, საქმე დაიძრა ახალი ეგზარქოსის, არქიეპისკოპოს ევგენი ბაჟანოვის დროს – 1935 წელს. სვეტიცხოვლის რესტავრაციის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია შეადგინა ინჟინერ-პორუჩიკმა ყორღანოვმა. რესტავრაციისთვის საჭირო თანხა 49 239 მანეთითა და 67 კაპიკით განისაზღვრა. მოგვიანებით, ეს ციფრი ვიღაცას წითელი მელნით გადაუხაზავს და რესტავრაციისთვის საჭირო თანხა 29 934 მანეთსა და 36 კაპიკამდე შეუმცირებია.
– როგორ წარმართა რესტავრაციის პროცესი?
– რესტავრაციის დაწყებამდე, იმხანად არსებული წესის მიხედვით, უნდა გამოცხადებულიყო ტენდერი, მაშინდელი ტერმინოლოგიით, საჯარო ვაჭრობა. ტენდერში გაიმარჯვა და მოიჯარადრე გახდა თბილისის მცხოვრები – ხეჩო დარჩილოვი. ყველაზე დიდი თანხა – 28 696 მანეთი გადაიხადა, მოიჯარადრის უფლების მოპოვებისთვის და სამუშაოსაც შეუდგა. არსებული წესის მიხედვით, ხეჩო დარჩილოვმა გირაოში ჩადო მისი კუთვნილი 2 საცხოვრებელი სახლი და დუქანი თბილისში, ასევე, სხვა უძრავი ქონება. კონტრაქტის ძალით, სარესტავრაციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო.
– შეასრულა თუ არა კონტრაქტის ეს პირობა ხეჩო დარჩილოვმა?
– ხეჩო დარჩილოვმა კონტრაქტის პირობები არ შეასრულა. სპეციალური კომისიის მიერ შედგენილ აქტში აღნიშნულია: არ შეკეთებულა ტაძრის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში დატანებული კარები, სამკვეთლოს, საკურთხევლისა და სალაროს იატაკი; არ შელესილა ტაძრის თაღები; არ შეცვლილა ტაძრის კედლებზე სახურავიდან ჩამონადენი წყლით დაზიანებული გაჯის ფენა.
– შერჩა კი კონტრაქტის პირობების დარღვევა ხეჩო დარჩილოვს?
– ხეჩო დარჩილოვს, როგორც ჩანს, მფარველები ჰყავდა. ამიტომ, იგი ადვილად გადარჩა. საქართველო-იმერეთის სინოდურმა კანტორამ დარჩილოვს ხელწერილი ჩამოართვა იმის თაობაზე, რომ კომისიის აქტში მითითებულ ნაკლოვანებებს გამოასწორებდა, რის შემდეგადაც დაუბრუნდებოდა გირაოში ჩადებული ქონება. ამასთან ერთად, ხეჩო დარჩილოვს იჯარის შესრულებისთვის განკუთვნილი თანხიდან კიდევ მისცეს 6 000 ვერცხლის მანეთი. დარჩილოვმა კონტრაქტის პირობები კვლავ არ შეასრულა, ეს უკვე მეტისმეტი იყო. საქართველო-იმერეთის სინოდურმა კანტორამ არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, შექმნა კომისია, რომელმაც 1844 წლის 6 მაისს, ანუ სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებიდან 7 წლის შემდეგ, შეადგინა აქტი, რომელშიც აღნიშნულია: ტაძრის კედლებზე გაკრული გაჯის ფენა დაძველებულია, რის გამოც მას კირნარევი ხსნარი დასცილდა; ტაძრის თაღები ბევრ ადგილას დანესტიანებულია; სახურავიდან კვლავ გრძელდება ტაძარში წყლის ჩადინება; რის გამოც კედლებს გაუჩნდა ბზარები. ხეჩო დარჩილოვი ამჯერადაც გადარჩა, მართალია, მან რაღაც სამუშაოები შეასრულა, მაგრამ კომისიის მორიგ დასკვნაში კვლავ საგანგაშო მდგომარეობაზეა მინიშნება: წვიმის დროს ტაძარში სახურავიდან კვლავ ჩაედინებოდა წყალი, კედლებიდან სინესტის გამო კვლავ ცვიოდა საღებავის ფენა, ახლად გალესილი კედლები კვლავ გაშავდა, ახლად გალესილ ჩრდილოეთის დიდ თაღზე ხელახლა გაჩნდა ბზარები.
– რა მოჰყვა ამ დასკვნას?
– მოიჯარადრე ხეჩო დარჩილოვმა ვალდებულება აიღო 1845 წლის ზაფხულისთვის თავისი სახსრებით გამოესწორებინა კომისიის მიერ მითითებული ნაკლოვანებები. საქართველოს ეგზარქოსი კვლავ ენდო მას და სინოდურმა კანტორამ უპირო მოჯარადრეს საბოლოო ანგარიში გაუსწორა – მისცა დარჩენილი 3 693 მანეთი. ხეჩო დარჩილოვმა კარგად ისარგებლა მისდამი ასეთი ლოიალური დამოკიდებულებით, სასწრაფოდ რაღაც სამუშაოები შეასრულა, მაგრამ ძალზე უხარისხოდ. რაც მთავარია, არ შეუკეთებია ტაძრის სახურავი. სახურავიდან წყალი ტაძარში კვლავ ჩაედინებოდა და აზიანებდა თაღებსა და კედლებს.
– ამჯერად რითი იმართლა დარჩილოვმა თავი?
– ხეჩო დარჩილოვს თავის მართლება აღარ დასჭირვებია. იგი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. სინოდურ კანტორასთან ურთიერთობა უკვე მისმა შვილმა მოაგვარა და გირაოც დაიბრუნა. სვეტიცხოვლის სახურავიდან ტაძარში წყალი მომდევნო 6 წლის განმავლობაში კვლავ ძველებურად ჩაედინებოდა. ხეჩო დარჩილოვი მარტო თაღლითი არ ყოფილა. სვეტიცხოვლის ჩრდილოეთ მხარეს იდგა პატარა ეკლესია. ტაძრის სამშენებლო კომიტეტის გადაწყვეტილებით, რესტავრაციის პროცესში ეს ეკლესია უნდა დაენგრიათ. არქიტექტორმა რიპარდმა დარჩილოვს მისცა რეკომენდაცია: ეკლესიის დანგრევა დაეწყოთ გუმბათის მოხდით, ხოლო შემდეგ დაეშალა მისი კედლები. დარჩილოვმა ეკლესია საძირკველში ჩადებული დენთით ააფეთქა. შედეგად, ეკლესია დაინგრა, მაგრამ ბზარი გაუჩნდა სვეტიცხოვლის საკურთხევლის კედელს. თვითნებობა გამოიჩინა ხეჩო დარჩილოვმა ტაძრის გუმბათზე მოოქრული ჯვრის აღმართვისასაც. აღმართვამდე ჯვარი დარჩილოვს სამშენებლო კომიტეტის წევრებისთვის არ უჩვენებია. ჯვარი კი ისე ცუდად დაამაგრეს, რომ მალე გადაიხარა. სამშენებლო კომიტეტმა ამ თვითნებობის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობა საქართველო-იმერეთის სინოდურ კანტორას, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.
– საბოლოოდ, რა შედეგი გამოიღო სვეტიცხოვლის რესტავრაციამ?
– 1837 წელს დაწყებული ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები, ძირითადად, 1844 წელს დასრულდა. დაუმთავრებელი დარჩა ზოგიერთი სამუშაო, რის გამოც, საერთო ჯამში, აღდგენითი სამუშაოები 10 წელი გაგრძელდა. მიუხედავად სერიოზული თანხის გაღებისა, სვეტიცხოვლის ტაძრის სახურავიდან კვლავ ჩაედინებოდა წყალი და მუდმივად დანესტიანებული იყო ტაძრის თაღები, კედლები. პრაქტიკულად, ტაძრის გადასარჩენად არაფერი გაკეთებულა. ამიტომ იყო, რომ 1860-1874 წლებში ტაძარს მეორე რესტავრაცია ჩაუტარდა, რომელიც 28 333 მანეთი დაჯდა. სამწუხაროდ, არც მეორე რესტავრაციის შემდეგ გაუმჯობესებულა სვეტიცხოვლის ტაძრის საერთო მდგომარეობა. ამიტომ იყო, რომ მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, კვლავ დაისვა სვეტიცხოვლის რესტავრაციის საკითხი. 1893 წელს სვეტიცხოვლის დეკანოზმა იოანე მრევლიშვილმა შეადგინა მოხსენება, რომელშიც აღნიშნულია, რომ: სახურავის ძლიერი დაზიანების გამო, მთავარი თაღიდან ტაძარში ჩაედინებოდა წყლის ძლიერი ნაკადი, რის შედეგადაც საკურთხეველსა და ტაძარში დგებოდა გუბეები.