აფრიკაშიც იგივე...
სიყვარული ყველგან სიყვარულია. აფრიკაშიც და ჩრდილოყინულოვან პოლუსზეც... მაგრამ აი, მასთან დაკავშირებული რიტუალები კი, ზოგჯერ სრულიად წარმოუდგენელ ფორმას იღებს...
ძალიან ბევრ ხალხში მამაკაცი ბატონად და მბრძანებლად არის მიჩნეული. მას ქალზე მეტი უფლებებიც აქვს და მისი პირადი თავისუფლებაც გაცილებით შეუზღუდავია. მაგრამ...
* მეცხრამეტე საუკუნემდე არისტოკრატიული ეტიკეტი მამაკაცს ქალთან მიახლოებას და დალაპარაკებას უკრძალავდა, თუკი მას ქალბატონთან ამ ქალის რომელიმე მამაკაცი ნათესავი არ წარადგენდა.
საჰარის უდაბნოში ცხოვრობს ტუარეგების ტომთა გაერთიანება, სადაც გაცნობის ინიციატივა ქალიშვილს ეკუთვნის. აქ, როცა ქალი 15 წლის ხდება, თავად ირჩევს კავალერს – საქმროს, სვამს მასთან ერთად, უმღერის, უყვება თავისი ოჯახის შესახებ, ეპატიჟება პაემანზე... ერთი სიტყვით, „აბამს“. მამაკაცს მხოლოდ იმის უფლება აქვს, ჩუმად უსმინოს და დაეთანხმოს.
ზულუსებშიც ქალი განსაკუთრებულად თავისუფალია. თუ ქმარი მის იმედებს არ გაამართლებს, ისე გააგდებს სახლიდან, ნებართვას არავის სთხოვს. ერთი ქალის დაწუნებულ მამაკაცს სხვა ქალებიც ჭირიანივით ერიდებიან. ამიტომაც, მამაკაცები ტყავში ძვრებიან, ოღონდ ცოლი არ გააბრაზონ.
* დიდ ბრიტანეთში მამაკაცი განსაკუთრებული გალანტურობით გამოირჩევა, თუკი მას ამას ქალბატონი სთხოვს. მაგრამ, გამოირკვა, რომ ახალგაზრდა ინგლისელ ქალბატონებს სულაც არ სწყინთ, როცა კავალერი „ძუნწობს“ და ურთიერთობის განმავლობაში მხოლოდ ნიშნობის ბეჭდით შემოიფარგლება. მაგრამ ბეჭედი ბრილიანტის თვლით უნდა იყოს. სამაგიეროდ, იტალიაში შეყვარებული მამაკაცი ასე იოლად ვერ „გამოძვრება“, იქ დღემდე არსებობს ტრადიცია, რომლის თანახმადაც კავალერი, უბრალოდ, ვალდებულია, თავის გულის სწორს ფანჯრებთან სერენადა უმღეროს, თანაც გიტარა აუცილებელია.
ქორწინება სიყვარულით მაინც მეოცე საუკუნის მონაპოვრად არის მიჩნეული. თუმცა, მეცხრამეტე საუკუნეშიც არსებობდნენ ღვთისმსახურები, მაგალითად, ინგლისში, რომლებიც შეყვარებულებს ჩუმად, ნათესავებისგან მალულად, წერდნენ ჯვარს.
თქვენ გგონიათ, რომ ხალხმრავალი ქორწილები მხოლოდ ქართველებმა ვიცით?! იტალიასა და საბერძნეთში 1 000-კაციანი ქორწილით ვერავის გააკვირვებ. იაპონიასა და ჩინეთში ახლა მოდაშია მასობრივი ქორწინებები. როცა რამდენიმე ასეული წყვილი ერთად ატარებს საქორწინო ცერემონიას. იქნებ, არ იცით, რომ საქორწინო კაბის ტრადიციული ფერი ინდოელი პატარძლებისთვის არის წითელი, ესპანელისთვის – შავი. თუმცა, ახლა ზოგიერთი ესპანელი საპატარძლო სიამოვნებით იცვამს თეთრ საქორწინო კაბას.