რომელი მცენარე იტანს ყინვას და რომელი მცენარე გამოყოფს დიდი რაოდენობით ჟანგბადს
– როგორი მცენარეა კალისცემონი და რას გვეტყვით მის შესახებ?
– ეს მცენარე ძალიან ლამაზი და ამასთანავე, იოლად გასახარებელიცაა. კალისცემონი შესწავლილია, სამკურნალო დანიშნულება აქვს, გამოიყენება მედიცინაში. ჭრილობის, ასევე, ძვლის შესახორცებლად და სისხლის შესაჩერებლად.
– საქართველოს პირობებში რა ზომის იზრდება კალისცემონი?
– ჩვენს პირობებში კალისცემონი 2-3 მეტრი სიმაღლის იზრდება. ის მშვენივრად ხარობს პატარა ქოთანშიც.
– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გარე გრუნტში გაზრდა?
– კალისცემონი ყინვის ამტანია, ამიტომ შეგიძლიათ, იოლად გაახაროთ ბაღებშიც. თუ მცენარე გარე პირობებშია, ფოთოლმცვენი ხდება, ხოლო სათბურსა და ბინაში მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ფოთლებს.
– რა ტემპერატურაზე ვამყოფოთ მცენარე, რომ კარგად გაიხაროს?
– ზაფხულში თუ მცენარე ქოთნის პირობებშია, ბინიდან გარეთ გაიტანეთ – აივანზე ან ბაღში. ზამთრის პირობებში კი, ბინაში კალისცემონს 25-28 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება. ეს მცენარე იანვარში ყვავის და ამიტომ, ამ დროს მაღალ ტემპერატურაზე უნდა იყოს.
– რით გვირჩევთ ამ მცენარის გამრავლებას და როგორ ქოთანში ჩავრგოთ ის?
– ეს მცენარე მრავლდება როგორც ამონაყარით, ასევე კალმითაც. თუმცა, კალმით გამრავლება, შედარებით რთულია. ამიტომ, გირჩევთ, გაამრავლოთ თესლით და უფრო იოლად აღმოცენდება.
– რა სიხშირით მოვრწყათ კალისცემონი?
– ზაფხულში კალისცემონს კვირაში ერთხელ სჭირდება მორწყვა, ხოლო ზამთარში – ორ კვირაში ერთხელ. როგორც უკვე გითხარით, მისთვის განსაკუთრებული პირობების შექმნა არ არის აუცილებელი და ძალიან იოლად ხარობს ნებისმიერ პირობებში.
– როგორ ნიადაგში გვირჩევთ მცენარის ჩარგვას?
– მისი ნიადაგის შემადგენლობაში უნდა იყოს: თითო წილი ტორფი და აზოტი, ორი წილი ქვიშა და ნაკელი.
– ემტერება თუ არა ამ მცენარეს მავნებლები და როგორ დავიცვათ ის პარაზიტებისგან?
– მცენარეს მავნებელი ეხვევა განსაკუთრებით ყვავილობის დროს. ამიტომ, ყურადღებით იყავით, ბუგრების ოჯახს შეუძლია, დააზიანოს მცენარის ყვავილი და ამავე დროს, ხელი შეუშალოს ზრდაში. გაზაფხულიდანვე ეცადეთ, შეწამლოთ მცენარე ან ცოტაოდენი ნაფტალინი მოაყაროთ მიწის ზედაპირზე. წამლის სუნი განდევნის პარაზიტებს და მცენარეს აღარ მიეკარებიან.
– რაც შეეხება ალამანდრას, რას გვეტყვით მის შესახებ?
– ეს მცენარეც, კალისცემონის მსგავსად ძალიან უპრეტენზიო და იოლად გასახარებელია. ის დაახლოებით ორი მეტრი სიმაღლის იზრდება და შეგიძლიათ, ააყოლოთ საყრდენს.
– შესაძლებელია თუ არა ამ მცენარის გასხვლა და მისთვის კომპაქტური ფორმის მიცემა?
– მისი გასხვლაც, დაბუჩქებაც შესაძლებელია. და თუ გნებავთ, მხოლოდ 60 სანტიმეტრი სიმაღლის ალამანდრასაც კი მიიღებთ. დაბუჩქებული ალამადრა უფრო უხვად იყვავილებს და ხანგრძლივადაც. მის ნიადაგს აუცილებლად სჭირდება ტორფითა და ხავსით გამდიდრებული მიწა, სადაც მცენარის ფესვები თავისუფლად და ლაღად იგრძნობს თავს. მცენარე თესლს ივითარებს და ამ თესლით მისი გახარება შეიძლება. როდესაც ახალი ალამანდრა აღმოცენდება, ხუთი ფოთლის ფაზაში, შეგიძლიათ, ქოთანში გადაიტანოთ.
– როგორ მოვუაროთ ამ დროს მცენარეს?
– ზაფხულში მის სადგამზე დატოვეთ წყალი, რომ ნიადაგს მუდმივად ჰქონდეს წყლის შეწოვის უნარი, ხოლო ზამთარში ათ დღეში ერთხელ მორწყეთ. აუცილებლად მიაწოდეთ სასუქი სითხის სახით. არ დააყაროთ გრანულები ან ჩხირები. ალამანდრა ძალიან კარგად ასუფთავებს ჰაერს. ის შთანთქავს ნახშირორჟანგს და გამოყოფს საკმაოდ დიდი რაოდენობით ჟანგბადს. ამიტომ, ვურჩევ, ყველა ოჯახს, რომ ეს მცენარე ბინაში აუცილებლად ჰქონდეთ.
– სად გვირჩევთ ბინაში ამ მცენარის დადგმას?
– ამ მცენარის დადგმა კირგია საძინებლებში, ასევე მისაღებ ოთახებში, სადაც უფრო მეტ სუფთა და ჟანგბადით გამდიდრებულ ჰაერს მიიღებთ. გაითვალისწინეთ, რომ ალამანდრას არ უყვარს ყვავილობის დროს ზედმეტად შეწუხება და ოთახიდან ოთახში გადაადგილება. ასეთ დროს შესაძლებელია, ყვავილები ჩამოეყაროს და ძველებური ელფერი დაკარგოს. სასურველია, თუ ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილას დადგამთ და ატმოსფეროს არ შეუცვლით.
– მათი მავნებლების შესახებ რას გვეტყვით?
– ამ მცენარეს მხოლოდ ტკიპისებრი ოჯახი აავადებს. ამიტომ, აუცილებლად შეწამლეთ, მხოლოდ გახსოვდეთ, რომ წამალი ფოთლებზე ზემოდან არ დაასხუროთ, მას ძალიან მგრძნობიარე ფოთლები აქვს.