კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იწვა ნინა რამდენიმე თვე სიბნელეში და როდის უნდოდა მას თავის მოკვლა

ნინა წკრიალაშვილი საზოგადოებამ სულ რამდენიმე წლის წინ გაიცნო სიმღერით, „მატირე”. ერთ დღესაც ხმის ჩამწერ სტუდიაში წავიდა და სიმღერა ჩაწერა. მიზეზი კი, რამაც სიმღერა დააწყებინა, დეპრესია იყო. ის თავად მოგიყვებათ თავისი ცხოვრების იმ მხარეზე, რაც აქამდე არავინ იცოდა.

– როცა წინააღმდეგობები გხვდება, როგორ მოქმედებ?

– ძალიან მიყვარს რისკი და რაც თავი მახსოვს, სულ რაღაც პრობლემებს ვაწყდები, ჩემი გულახდილობის, თამამი ნაბიჯებისა თუ საწინააღმდეგო აზრის გამოთქმის გამო. თხუთმეტი წლის რომ ვიყავი, დამოუკიდებლობა მინდოდა. რა თქმა უნდა, ჩემს ჭკუაზე არავინ მატარებდა და აი, მაშინ შემხვდა პირველი დაბრკოლება. როცა ეს ოჯახის წევრებთან გამოვაცხადე დამცინეს და მართლებიც იყვნენ. ახლა რომ ჩემმა შვილმა გამომიცხადოს, დამოუკიდებლად მინდა ცხოვრებაო, მეც ბევრს ვიცინებ, მაგრამ, მაშინ ძალიან ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, რა უბედური ვარ-მეთქი. ამაზე მეტი პრობლემების წინაშე დავდექი უკვე მერე. სერიოზულად ვიგრძენი, რომ შველა მჭირდებოდა. გავთხოვდი, მაგრამ მივხვდი, რომ იქ არ ვიყავი, სადაც მინდოდა ყოფნა. ფანტასტიკური ადამიანები იყვნენ ჩემი ქმარიც და მისი ოჯახის წევრებიც, მაგრამ იმ სიტუაციას ვერ მოვერგე. ესეც, შეიძლება, ერთგვარი პროტესტი იყო. პრეტენზია გაქვს, რომ დიდი ხარ, დამოუკიდებლად გინდა იცხოვრო და ამ დროს, სად მიდიხარ?! მართლა უტვინო ხარ. ყველაზე კარგი მშობლებთან ცხოვრებაა და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ შანსი, რომ, რაც შეიძლება, მეტხანს ვიყოთ მათთან. უცბად, ჩამომძვრა ვარდისფერი სათვალე და შევეჯახე დიდ პრობლემებს. მივხვდი, რომ ჩემს სულს შველა სჭირდებოდა. ეს ძალიან მძიმე იყო, მეტი რომ არ შეიძლება.

– ასეთი ტრაგიკული რატომ აღმოჩნდა შენთვის გათხოვება?

– თვითონ პატარა ხარ და შვილი გიჩნდება. მერე ხვდები, რომ სწავლა, გართობა, მოგზაურობა გინდა და არაფერი გამოგდის. ყველაფერი ეს მერე მომინდა. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ჩემი ყოფილი ქმარი ძალიან კარგი ადამიანია, და ვერ ვხვდები, რა მინდოდა. ეტყობა, შენს გემოზე რომ ვერ ცხოვრობ, ყველაფერი სხვანაირად გეჩვენება. სისულელეებზე ვჩხუბობდით. მე კინოში მინდოდა წასვლა – იმას არ უნდოდა, თეატრში მინდოდა – მას არ უნდოდა, ან პირიქით. მას ფეხბურთზე უნდოდა წასვლა – მე არ მინდოდა და დავხოცეთ ერთმანეთი. გავიბუტე. არ უნდოდა და მოკალი, თუ გინდა. ჩვენი უთანხმოება მაინც ჩაცმას ეხებოდა – ეს ნუ გაცვია, ის ნუ გაცვია, მაგრამ ესეც არ იყო მთავარი. ბოლოს მიხვდა, რომ მის ჭკუაზე ვერ გადამიყვანდა. აბსოლუტურად შემეცვალა ხასიათი. უხასიათო გავხდი, საკუთარ თავში ჩავიკეტე, საერთოდ, გაქცევა მინდოდა. ის სიტუაცია არ მომწონდა. თავისთავად, სტრესია, როცა პატარა ასაკში თავისუფლებას ემშვიდობები. გვიან რომ იქმნება ოჯახები, ის უფრო მყარია, ყოველ წუთს რაღაც სისულელეებზე არ ეკამათები ქმარს. აი, აქედან მომდევს სტრესები. ქმარს რომ გავშორდი, თითქოს ლოდი მოვიხსენიო, ისე ვგრძნობდი თავს. ეს იყო ახალი ცხოვრების დასაწყისი.

– ახალი ცხოვრების დაწყება წარსულის გარეშე ძნელია და მგონი, ის პირველი, მაინც სულ გახსოვს. როგორ გადალახე სირთულეები?

– მე მაქვს ორი რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა დეპრესიის დროს. ერთი, როცა გაუთავებლად ვჭამ, რის გამოც ერთხელ ოცდაათი კილო მოვიმატე და მეორე – წყალსაც კი ვერ ვსვამ. ერთხელ, ორი თვე ვიწექი. არაფერი მაწუხებდა, უბრალოდ, ვიწექი. ამ დროს არავის ნერვები არ მაქვს, ტელეფონის აღება არ მინდა, არ მაინტერესებს, რა მაცვია, სალონში არ მივდივარ, სულერთია, გარშემო რა ხდება. ამ დროს ან ვუკრავ, ან ჩემთვის რაღაც ჩანახატებს ვაკეთებ. ერთ დღესაც ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მომბეზრდა და მდგომარეობიდან გამოვდივარ. მაქვს ისეთი მომენტებიც, როცა ყოჩაღად ვარ, მაგრამ როგორც კი პრობლემებს ვაგვარებ, ვწყდები.

– კიდევ როდის გრძნობდი თავს ცუდად?

– ყველაზე მძიმედ ვიყავი ამ ერთი წლის წინ, როცა შეყვარებული ვიყავი და გარკვეული მიზეზების გამო, ეს ურთიერთობა დამთავრდა. აი, მაშინაც ორი თვე ვიწექი სრულ სიბნელეში, გამოვეთიშე ყველაფერს. ხანდახან ტელევიზორს თუ შევავლებდი თვალს, ოღონდ, რას ვუყურებდი, არ ვიცი. თუ თბილი ხალათი და წინდები მაცვია, ესე იგი, ძალიან ცუდად ვარ. ამ დროს ოჯახის წევრები არ მელაპარაკებიან. ჩემი შვილი ცდილობს, მდგომარეობიდან გამომიყვანოს და გამოსდის კიდეც. ჩემი ცხოვრებიდან არაფერი ქრება, ყველაფერი კვალს ტოვებს. თან, იმასაც ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ამდენი დროის დაკარგვა – ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა იყოს. დამიჯერეთ, არაფრის გამო არ ღირს ნერვების მოშლა, როცა გვერდით ასეთი კარგი შვილი და ოჯახი გყავს. არ ვიცი, შეიძლება, ის ჩემზე მეტად ტიროდა. არასოდეს ვცდილობ, მიზეზის გარკვევას. მე შედეგი მტკენს გულს.

– მახსოვს, როცა საზოგადოებაში გამოჩნდი, ქმარს ახალი გაცილებული იყავი. ფიქრობდი, რომ დეპრესიიდან გამოსვლის და ახალი ცხოვრების დაწყებისთვის საუკეთესო გზა – შენი სიმღერა იყო?

– ჩავწერე ერთი სიმღერა და კარგი გამოვიდა. მართალია, ვფიქრობდი, რომ ვითომ ეს ცოტას გამომიყვანდა მდგომარეობიდან და ახალი ცხოვრების დასაწყისი იქნებოდა, მაგრამ გაშორების გამო იმდენი არ მინერვიულია. მამაჩემმა უფრო მანერვიულა, ვიდრე იმან, რომ ოჯახი დამენგრა. გაყრის სასტიკი წინააღმდეგი იყო. თვეები ვიბრძოდით. მას ეგონა, რომ ეს ჩემთვის უარესი იქნებოდა – ცუდ გავლენას მოახდენდა. ხან მეფერებოდა, ხან მეჩხუბებოდა, საარსებო წყარო გადამიკეტა, მაგრამ ბოლოს მიხვდა, რომ მაინც არაფერი გამოვიდოდა და თავი დამანება. ზუსტად მამაჩემის ხასიათი მაქვს და როცა რაღაცაზე მეკამათება, დედაჩემი ეუბნება – რატომ ეკამათები, ესეც ზუსტად შენნაირიაო. ორივე საშინელი ჯიუტები ვართ და მეცინება. რასაც მე ვაკეთებ, ისიც იმას აკეთებს.

გარედან ყველაფერი მარტივად ჩანს და ფიქრობენ, ეს რა უპრობლემოდ ცხოვრობსო. ზოგი ადვილად აღწევს ცხოვრებაში რაღაცას. მაგრამ, მე რაც დამიგეგმავს, ვერაფერს ვაკეთებ, ყველაფერი ირევა და მერე თავისით ვითარდება მოვლენები. ალბათ, ასეა საჭირო. ბევრი გულის ტკენა მქონია, თუნდაც მაშინ, როცა გამოვჩნდი. მესმოდა, რასაც ლაპარაკობდნენ ჩემს ზურგს უკან – სოფლელი გორელი... ვერ ვხვდები, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის დაბადების ადგილს. მთავარია, ჭკუით არ იყო სოფლელი. თანდათან ყველა გავიცანი და დღეს არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მათთან. მეც არ მომწონს ჩემი ზოგიერთი სიმღერა. რამდენჯერაც არ უნდა ვიმღერო, მაინც მგონია, კარგად ვერ ვმღერი, არ მიხდება.

– ახლა რას განიცდი?

– დავიღალე. ჩემი შვილი გელას მეძახის, იმიტომ რომ, ხედავს, დედაც მე ვარ, მამაც და ყველაფერი. ზოგჯერ ჩემი თავი მეცოდება. კი არ ვწუწუნებ, მაგრამ, რადგან გულახდილად ვსაუბრობთ, გეტყვი, რომ ძალიან ძნელია მარტო ყოფნა, თან, ამდენი საქმის კეთება. ვალდებული ხარ, გააკეთო, მით უმეტეს, როცა შვილი გყავს. მერე ფიქრობ, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ შენ ხომ ქალი ხარ. გინდა, სადღაც გახვიდე, გაერთო. როცა პირადი ცხოვრება აუწყობელი გაქვს, ვითომ არ განიცდი, მაგრამ სინამდვილეში სხვანაირადაა. გადაღლილი და ცუდ ხასიათზე რომ ხარ, გინდა, დროზე მიხვიდე სახლში, ქმარს ჩაეხუტო და უთხრა, დავიღალე.

– მეგონა, გართობა და დასვენება არ გაკლდა.

– ორი, სამი წლის წინ თუ არც ერთ „ტუსოვკას“ არ ვაკლდებოდი და გახარებული მივდიოდი. დღეს ეს ყველაფერი მომბეზრდა. ამას წინათ მისაყვედურეს – არსად აღარ დადიხარ და აღარც დაგპატიჟებთო. მერე მივხვდი, რომ ასეც არ შეიძლება. იმ დღეს მეზობელმა მკითხა: შვიდი საათის შემდეგ, შენი მანქანა აქ დგას და მართლა სახლში ხარ თუ სხვა მანქანით გადიხარო.

– მეზობლები, ეს კიდევ სხვა თემაა. არ გაღიზიანებს, როცა იცი, რომ შენზე ჭორაობენ, შენს ცხოვრებაში იქექებიან?

– ახლა ჩემი ძმის სახლში ვცხოვრობ, ჩემი სახლი გაქირავებული მაქვს. საბურთალოზე რომ ვცხოვრობდი, მართლა კატასტროფა იყო, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. ისეთი აგრესიულები იყვნენ ჩემ მიმართ, შეურაცხყოფაც კი მოუყენებიათ. პოლიტიკურ ორიენტაციას და რაღაცეებს ერთმანეთში ურევენ, რაც უვიცობის ბრალია. საღამოს კონცერტიდან ან დაბადების დღიდან სახლში ხან ვის წამოვუყვანივარ, ხან – ვის, როცა ჩემი მანქანით არ ვყოფილვარ. მეც წამიყვანია ვიღაც სახლში. მერე რა მოხდა?! ხომ ვერ გადმოვდგები ამისთვის აივანზე და ახსნა-განმარტებებს დავიწყებ. არავის წინაშე ვალდებული არ ვარ. ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს, რადგან აბსურდულ რაღაცეებს ამბობდნენ. აქ კი არა, თურმე, რუსულ საიტებზეც რაღაც საოცრებები იწერება. ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა ვარ, რომ ჩემზე მნიშვნელოვანი აღარავინაა... ჩემმა მეგობრებმა გადმომიგზავნეს, ნახე, რაები წერიაო. დამცინოდნენ, იქითაც გახვედიო. ერთხელ კიდევ, ინტერნეტ ფორუმზე ისეთი საშინელი რაღაცეები ვნახე ჩემზე, აი, მაშინ მართლა მინდოდა თავის მოკვლა. მაგის გაზრდილი შვილი რა უნდა იყოს, მამის როგორ არ რცხვენიაო...

– მე ვიცი, რომ წამლებსაც სვამდი რაღაც პერიოდი.

– ანტიდეპრესანტების დალევა მიწევს ხშირად. ერთხელ სამი თვე მომიწია და სამი თვე რომ გავიდა, ექვსი თვით კიდევ გამიგრძელეს, ისე ცუდად ვიყავი. ლოგინიდან ვერ ვდგებოდი, ფიზიკურად არ მქონდა ძალა და წამლები რომ მივიღე, შედარებით უკეთ ვიგრძენი თავი, გარეთ გასვლა მომინდა. მას შემდეგ პატარა სანერვიულოც რომ მაქვს, ყველაფერი თავიდან მეწყება. ამიტომ, ვცდილობ, არ ვინერვიულო.

– გაბრაზებული ნინა ვერ წარმომიდგენია.

– ჩემდა სამარცხვინოდ, შეიძლება, ერთი მაგრად დავიყვირო და შევიგინო. მამაჩემი იქ რომ იყოს, შეიძლება, ერთი შემომარტყას. ჰგონია, ისევ პატარა ვარ, მაგრამ მალე ოცდაცამეტის ვხდები. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და ეს მშველის. როგორი კატასტროფული მდგომარეობაც არ უნდა მქონდეს, უფლის იმედი ყოველთვის მაქვს. როცა საშველი აღარ არის, მეორე დღეს ვგრძნობ, ზუსტად ვიცი, ვინც გამომიგზავნა შვება. საოცრებები ხდება ჩემს ცხოვრებაში, ალბათ, იმიტომ, რომ ბოროტი ადამიანი არ ვარ. ბოლომდე არასდროს ვიძირები. ჩემი მეგობრები ამბობენ, რომ შენ ისეთი ხარ, ყველა კატეგორიის ადამიანს რომ ერგებაო.


скачать dle 11.3