რომელი ავტომობილით უნდა ვიაროთ ქალაქის ქუჩებში
თბილისის ქუჩებში ისედაც გადატვირთულ და ქაოსურ მოძრაობას ძალიან დიდი რაოდენობით „ჯიპებიც“ ართულებს, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია ჩვენი დედაქალაქისთვის. „თბილისელების“ დღევანდელ ნომერში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რომელი ავტომობილით არის უფრო კომფორტული საქართველოს გზებზე სიარული და რა შემთხვევაშია საჭირო „ჯიპის“ ყოლა.
გიგა ლორთქიფანიძე: ევროპულ ქალაქებთან შედარებით, სადაც უპირატესობას მსუბუქ, კომფორტულ, ქალაქის პირობებთან იდეალურად მორგებულ და ეკონომიურ ავტომობილებს ანიჭებენ, თბილისში ძალიან ბევრი „ჯიპი“ დადის. ვყოფილვარ ევროპულ დედაქალაქებში, რომელთა უმრავლესობაში თბილისის მსგავსად ვიწრო ქუჩებია და მჭიდროდ არის დასახლებული. მაგალითად, რომი, სადაც ქრონიკულად საცობებია. ამის გამო, ქალაქში ყველა მხოლოდ და მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით დადის, მათ შორის ნახავთ ორადგილიან „ფიატებსაც“. უკეთესად რომ მიგახვედროთ, ეს ის ავტომობილებია, როგორითაც თბილისში „ნაბეღლავის“ დისტრიბუტორები დადიან. ევროპაში ამ ტიპის ავტომობილიდან არაჩვეულებრივად ჩაცმული მამაკაცი ან ქალბატონი გადმოდის. ხშირად ნახავთ სკუტერებსაც, მაგრამ ჯერ, ალბათ, ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ახალგაზრდებმა მაინც იარონ სკუტერებით. ორადგილიანი, ან, უბრალოდ ორკარიანი მსუბუქი ავტომობილი პარკინგზეც პატარა ადგილს იკავებს, ძალიან ცოტა საწვავს მოიხმარს და, შესაბამისად, გარემოსაც ნაკლებად აბინძურებს. ჩვენთან „სედანებსაც“ კი იმის მიხედვით ირჩევენ, რომ ის რაც შეიძლება პრესტიჟული იყოს, თან ბევრსაც წვავდეს.
– თან, „ჯიპს“ მართვის თავისებური სპეციფიკა აქვს, ხომ?
– რა თქმა უნდა. თუ მაინცდამაინც ძალიან ძვირად ღირებულ ულტრათანამედროვე „ჯიპებზე“ არ ვისაუბრებთ და შევეხებით ისეთ მოდელებს, რომლებიც თბილისში ბევრი დადის, მაგალითად, „რავ 4“, „პაჯერო იო“, „ნისანი“ და სხვა, მაშინ გეტყვით, რომ მათი მართვა გაცილებით რთულია. თუ მანამდე მძღოლს მსუბუქი ავტომობილი ჰყავდა, წინა ან უკანა წამყვანი თვლებით, მაშინ რაღაც პერიოდის განმავლობაში მაინც გაუჭირდება ოთხივე წამყვანი თვლით აღჭურვილ ავტომობილთან შეგუება. „ჯიპი“ ძალიან ცუდად უხვევს, რასაც თავისი მიზეზები აქვს: პირველი მსუბუქ ავტომობილთან შედარებით, ის გაცილებით დიდია; მეორე – გაცილებით მძიმე და გვერდულ ინერციას იწვევს, ანუ, რომ მივდივართ, ინერცია გვერდით მიგვაქანებს და თან გადაბრუნებისკენ გვიბიძგებს; მესამე – საბურავები აქვს მაღალი. ანუ სანამ მძღოლი უხვევს, ღერძს დიდი დრო სჭირდება, რომ მან საბურავი გამოიყოლოს. ამ შემთხვევაში მთავარია, სულ გვახსოვდეს, რომ მას ნაკლები სიჩქარით შეუძლია იმ მოსახვევის გავლა, რომელსაც მსუბუქი ავტომობილი დიდი სიჩქარით გადიოდა. „ჯიპი“ თბილისის ტალღოვან გზებზეც კი საშიშია, მისი ამორტიზაცია არ არის გათვალისწინებული ასეთ გზებზე სასიარულოდ და თითქოს შეფრთხიალდება ხოლმე. ამიტომ, გირჩევთ, თუ „ჯიპი“ გყავთ და გზის ასეთ საფარს დაინახავთ, სვლა რაც შეიძლება შეანელოთ და ფრთხილად გაიაროთ. თქვენმა „შეფრთხიალებამ“ შეიძლება, ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვიოს.
– თუ ადამიანს მაინც „ჯიპი“ უნდა, რომელი უნდა შეიძინოს თბილისის ქუჩებში სასიარულოდ?
– თუ მძღოლს უჭირს მსუბუქ ავტომობილთან შეგუება, მაშინ ვურჩევ, ორკარიანი, პატარა „ჯიპი“ შეიძინოს. ქალაქის ქუჩებში ის არ არის მოუხერხებელი, მშვენივრად შეძლებთ მოძრაობასაც და პარკინგსაც. უბრალოდ, ის პრობლემები, რაც ზემოთ „ჯიპთან“ დაკავშირებით ჩამოვთვალე, უნდა გახსოვდეთ. მართალია, ქალაქის პირობებში არასდროს დაგჭირდებათ ხიდებისა და იმ გამაძლიერებლების გამოყენება, რომელიც „პატარა ჯიპებს“, როგორც მათ ჩვენთან უწოდებენ, აქვთ, მაგრამ, ურიგო არ იქნება, რომ მათი გამოყენება იცოდეთ. რა იცით, რაში დაგჭირდებათ?!
კონკრეტულად რა მოდელებია უკეთ მორგებული ქართულ რეალობაზე?
– ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ მაინც რამდენიმეზე შევაჩერებ ყურადღებას. იმ მოდელებზე ვიტყვი, რომლებსაც საშუალო ფასი აქვს, თან, ასეთები ბევრი დადის: „ნისან ტიდა“, ახალი „ოპელ ასტრა“ ან „ოპელ კორსა“, რომელიც ეკონომიური, ვიზუალურად ძალიან ლამაზი და გამძლე მოდელებია, ახალი „ჰონდა სივიკი“ ან ცოტა უფრო ძვირი „ჰონდა ჯაზი“, „მიცუბიში კლიო“ და სხვა. არჩევანი დიდია, მთავარია, მოდელი არა „მარიაჟობის“, არამედ საჭიროების მიხედვით შეარჩიოთ.