კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდებენ იაპონელ კენ ვატანაბეს იდეალურ არამზადას და რატომ ოცნებობს მასზე ყველა რეჟისორი

აბა, დაფიქრდით და გაიხსენეთ, რამდენ იაპონელ მსახიობს აქვს დაპყრობილი ჰოლივუდი? თუკი, ერთს მაინც გაიხსენებთ, ეს აუცილებლად კენ ვატანაბე იქნება – ვაჟკაცი სამურაი ბლოკბასტერიდან „უკანასკნელი სამურაი“. მან არა მხოლოდ დაიპყრო ჰოლივუდი, არამედ პირველი რანგის ვარსკვლავი გახდა, რომელსაც პლანეტის საუკეთესო რეჟისორები იწვევენ თავიანთ პროექტებში.

ამჟამად კენ ვატანაბეს სახელი ჰოლივუდში ყველას პირზე აკერია, რადგან მან ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა, ყველაზე გახმაურებულ, მძაფრსიუჟეტიან ფილმში, კრისტოფერ ნოლანის „დასაწყისში“. მისი პარტნიორი კი გადასაღებ მოედანზე თვით ლეონარდო დიკაპრიო იყო. 50 წლის ვატანაბემ იდეალურად მოირგო უარყოფითი პერსონაჟის როლი და კი არ დაკარგულა დიკაპრიოს ფონზე, პირიქით, ზოგიერთ მომენტში დაჩრდილა კიდეც „ტიტანიკის“ ვარსკვლავი. თანამედროვე ჰოლივუდში კენ ვატანაბე უარყოფითი პერსონაჟების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელია, ერთი სიტყვით, იდეალური არამზადა, რომელზეც ყველა რეჟისორი ოცნებობს.

კენ ვატანაბეს სრული სახელი კენსიაკუა და იგი 1959 წელს იაპონიაში, დასახლება კოიდეში, მასწავლებელთა ოჯახში დაიბადა. სკოლაში სწავლის დროს კენი ტრომბონზე დაკვრას სწავლობდა, პარალელურად, სკოლის ანსამბლში მღეროდა. სწორედ მაშინ მოინდომა მან მსახიობის კარიერის არჩევა და 19 წლისა ტოკიოში გაემგზავრა, სადაც თეატრალურ სტუდიაში მოეწყო. 1981 წელს ვატანაბეს დებიუტი შედგა თეატრალურ სცენაზე, ხოლო ერთი წლის თავზე, იგი ტელევიზიაში სამუშაოდ მიიწვიეს, სადაც სხვადასხვა ჟანრის ტელეფილმებში თამაშობდა. 1984 წელს მისი დებიუტი შედგა სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „მაკარტურის ბავშვები“, რომელიც ეხებოდა ამერიკის შეერთებული შტატების გავლენას იაპონიის ოკუპაციაზე. ვატანაბემ იმავე წელს საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის დაწესებული იაპონიის კინოაკადემიის პრემია მიიღო. 80-იან წლებში ვატანაბემ არაერთ მძაფრსიუჟეტიან ფილმში ითამაშა, მათ შორის საბჭოთა კავშირში, ვიდეოსალონების პერიოდში პოპულარულ „ბოევიკში“ – „ნინძას ცხრა სიკვდილი“. 1989 წელს, ერთ-ერთი ფილმის გადაღების დროს, ვატანაბეს მძიმე დაავადება – ლეიკემია აღმოაჩნდა. გადაღებები შეჩერდა, ხოლო მსახიობი საავადმყოფოში მოხვდა, საიდანაც მხოლოდ 1994 წელს გამოწერეს. თუმცა, დაავადებამ კვლავ იჩინა თავი და ვატანაბე იძულებული გახდა, კიდევ ერთი წლით აეღო დროებითი პაუზა კინოში. 1996 წელს ვატანაბეს სენს რემისიის პერიოდი დაუდგა და სამურაის როლის საუკეთესო შემსრულებლად აღიარებული – კენ ვატანაბე კინოში დაბრუნდა, მან მთავარი როლი ითამაშა ფილმში – „კიძუნა“, რომლისთვისაც ამერიკული „ოსკარის“ იაპონური ანალოგი მიიღო ჯილდოდ. ასეთივე ჯილდო მას 2002 წელსაც გადასცეს, როცა დრამაში „გენძი“ მან ფუძივარი მიჩინაგი – ისტორიული პერსონაჟი განასახიერა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ ფილმში იხილა ვატანაბე პირველად, „უკანასკნელი სამურაის“ რეჟისორმა, ედვარდ ცვიკმა, რომელიც იმ პერიოდში იაპონელი სამურაების მეთაურის, კაცუმოტოს როლის შემსრულებელს უშედეგოდ ეძებდა.

ფილმი „უკანასკნელი სამურაი“ კენ ვატანაბეს კარიერაში ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევარია. ამ ფილმამდე მის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი შეერთებულ შტატებში და უცებ ყველა მასზე ალაპარაკდა. მისი შედარება დაიწყეს ლეგენდარულ იაპონელ მსახიობთან, „შვიდი სამურაისა“ და „წითელი მზის“ ვარსკვლავთან – ტოშირო მიფუნესთან. კინოეკრანზე ვატანაბემ ჭეშმარიტად მამაცი და ცოტაც რომანტიკული სამურაი გააცოცხლა, რომელიც თავისუფლებისთვის სიკვდილისთვისაც მზად არის. ის სცენა კი, როდესაც ვატანაბეს გმირი – კაცუმოტო, ერთგულ თანამებრძოლებთან ერთად ჰაუბიცებით შეიარაღებული ჯარისკაცების წინააღმდეგ, სამურაის ხმლით ხელში მიემართება, მსოფლიო კინემატოგრაფიის, ერთ-ერთ საუკეთესო სამხედრო ბატალურ სცენად ითვლება, რომელშიც არ არის გამოყენებული არც ერთი ვიზუალური ეფექტი. ვატანაბეს შეუდარებელი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩათ ამერიკულ კინოაკადემიაში. ამიტომაც სწორედ იგი და არა – ტომ კრუზი, იყო წარდგენილი „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ ნომინაციებზე.

2005 წელს კინოეკრანებზე ორი პოტენციური ბლოკბასტერი გამოვიდა, რომლებშიც კენ ვატანაბე მნიშვნელოვან როლებს ასრულებდა. თუკი „ბეტმენის“ ფრენჩაიზის გადატვირთვაში მან უარყოფითი პერსონაჟის როლი შეასრულა, რომელიც ადამიან-ღამურას ოპონენტობას უწევდა, „გეიშას მემუარებში“ დადებითი პერსონაჟი, გეიშას სიყვარულის ობიექტი განასახიერა. ფილმმა 162 მილიონი დოლარი მოაგროვა კინოგაქირავებაში და „ოსკარის“ სამ ნომინაციაზე იყო წარდგენილი. იმავე წელს ვატანაბემ ამერიკული კინოს პატრიარქთან, კლინტ ისტვუდთან, ფილმში „წერილები ივოძიმიდან“ იაპონელი გენერლის როლი განასახიერა. ისტვუდის დილოგია – „ჩვენი მამების ალმები“ და „წერილები ივოძიმიდან“ მეორე მსოფლიო ომის პერიოდს ეხება და ორივე ფილმი გვაჩვენებს ამერიკელებისა და იაპონელების თვალით დანახულ ომს. აღსანიშნავია, რომ კენ ვატანაბემ ყველა წერილი გადაიკითხა, რომელიც კი მის მიერ განსახიერებულ იაპონელ გენერალ კურიბაიაშის ჰქონდა გაგზავნილი. 2010 წელს კენ ვატანაბეს ორი ფილმი იხილა მაყურებელმა, საშინელებათა ჟანრის – „ერთი ვამპირის ისტორია“ და ფანტასტიკური – „დაწყება“, რომელიც წლის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმად აღიარეს კინოკრიტიკოსებმა. აღსანიშნავია, რომ ფილმის ბიუჯეტი 200 მილიონი ამერიკული დოლარი გახლდათ.

მიუხედავად იმისა, რომ კენი ძირითადად ამერიკულ პროექტებშია დაკავებული, მას მაინც ტოკიოში, თავის მყუდრო ბინაში ურჩევნია ცხოვრება მეორე ცოლთან, მსახიობ კაო მინამისთან, რომელზეც 2005 წელს დაქორწინდა. პირველ ცოლთან, იუმიკო ვატანაბესთან კენს ორი შვილი ჰყავს – 26 წლის მსახიობი დაი ვატანაბე და 24 წლის ანე ვატანაბე, რომელიც იაპონიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფეშენ-მოდელად ითვლება. ანე ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშრომლობს, როგორიცაა – „ტომი ჰილფიგერი“, „დიან ფონ ფურსტენბერგი“ და მის გარეშე არც ერთი იაპონური მოდის კვირეული არ იმართება. მისი მონაცემების მოდელი იაპონიაში არცთუ ბევრია.

P.S. კენ ვატანაბე იაპონიაში თავმდაბლობით არის ცნობილი. მას არ უყვარს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გამოჩენა, რადგან უმალ ყურადღების ეპიცენტრში ექცევა. „მე არ ვარ დიდი ვარსკვლავი იაპონიაში. მე მხოლოდ მსახიობი ვარ. ჩვეულებრივად ვცხოვრობ და კვირაში ხუთჯერ ჩემს სამზარეულოში კერძებს ვამზადებ. ნამდვილი ვარსკვლავები ასე არ იქცევიან“, – აი, ასე დაახასიათა საკუთარი თავი ერთ-ერთ ინტერვიუში, პლანეტის ნომერ პირველმა იაპონელმა მსახიობმა – „უკანასკნელმა სამურაიმ“ კენ ვატანაბემ.


скачать dle 11.3