30 თებერვალი
– დედაშენი ძალიან ლამაზი ქალი იყო, – უთხრა ცირამ შორენას, – მიუხედავად იმისა, რომ მშობიარობისგან იყო გატანჯული, ნატიფი ნაკვთები ჰქონდა.
– რა ხნის იქნებოდა, თქვენი აზრით?
– მაქსიმუმ 30 წლის, არც კი, ალბათ 27-28-ის.
– კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით თქვენს მონათხრობს?
– არა, არაფერს, – თავი გააქნია ცირამ, – რაც ვიცოდი, ყველაფერი მოგიყევი და დასამატებელი ნამდვილად არაფერი მაქვს.
– კარგი, გასაგებია, – უთხრა შორენამ ცირას და დანარჩენი ფულიც გადასცა, შემდეგ შეტრიალდა და ცირას დაუმშვიდობებლად დაშორდა.
სანიტარმა ფული ჯიბეში შეინახა და შორენას თვალი გააყოლა, შემდეგ ადგილს მოსწყდა, გოგონას დაეწია, შემოატრიალა და უთხრა:
– ძალიან გთხოვ, ჩემო გოგო, ჩვენი შეხვედრისა და საუბრის შესახებ არავის უთხრა, ხომ იცი, „კაგებეს“ ყურამდე რომ მივიდეს, კარგ დღეს არ დამაყრიან.
– ხომ გითხარით, არავის არაფერს ვეტყვი-მეთქვი, ასე რომ, ნუ გეშინიათ, – მიუგო შორენამ ცირას და წასვლა დააპირა, მაგრამ ცირამ მკლავზე მოჰკიდა ხელი და უჩურჩულა:
– ერთი რაღაც დაგიმალე და, რომ არ გითხრა, სინდისი არ მომასვენებს.
– ბრძანეთ, გისმენთ.
ცირამ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა და ხმას დაუწია:
– ხომ არ გამთქვამთ?
– არა.
– შენი დაბადებიდან, სულ რაღაც, ორი კვირა იყო გასული, როდესაც წყნეთში, ერთ-ერთი ბობოლა კაცის აგარაკზე ამიყვანეს ავადმყოფის მოსავლელად. ლოგინად ჩავარდნილი ავადმყოფი ძალიან მოხუცი იყო, მე მას ვბანდი, ვუცვლიდი, ვაჭმევდი, ერთი სიტყვით, ჩვილი ბავშვივით ვუვლიდი, მაგრამ ძალიან ავად იყო და სამ კვირაში ჩაჰბარდა პატრონს. იქვე, გვერდით, მწვანეში ჩაფლული მეორე აგარაკი იყო და ჩემი იქ ასვლის მესამე დღეს იმ აგარაკის ტერასაზე დედაშენს მოვკარი თვალი. ის ხალათში იყო გამოწყობილი, სავარძელში იჯდა, სიგარეტს აბოლებდა და ვიღაც შუახნის კაცს გაცხარებული ელაპარაკებოდა. მე მათ მივაშტერდი, მათაც შემნიშნეს, იმწამსვე სახლში შევიდნენ და მას მერე ტერასაზე არავინ გამოჩენილა. მე სულ იქითკენ მეჭირა თვალი, მაგრამ არც დედაშენი და არც სხვა ვინმე ერთხელაც აღარ დამინახავს. ის აგარაკი კი „კაგებეს“ პოლკოვნიკ გორსალიასი ყოფილა, როგორც ეს მე ჩემმა მომაკვდავმა პაციენტმა მითხრა. ასე რომ, ჩემო გოგო, თუკი დედაშენს გინდა მიაგნო, ალბათ, ის პოლკოვნიკი თუ ვიღაც ჯანდაბა გორსალია უნდა მოძებნო და აალაპარაკო, მაგრამ, გაფიცებ, ეს რომ მე გითხარი, არავისთან წამოგცდეს.
– ნუ გეშინიათ, არავისთან წამომცდება, – გაუღიმა შორენამ ცირას, და, სანამ წავიდოდა, გამოემშვიდობა, – დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ნახვამდის.
– მშვიდობით, ჩემო გოგო, წარმატებას გისურვებ, – მიუგო ცირამ შორენას და სანიტრების ოთახისკენ გახარებულმა გასწია.
შორენამ მეორე დღესვე დაიწყო დედის კვალის ძებნა, მაგრამ საგულისხმო ვერაფერი შეიტყო. მან მხოლოდ იმის გაგება მოახერხა, რომ მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში გორსალიამ პოლკოვნიკის ჩინი და მაღალი თანამდებობა მიიღო, რამდენიმე წელიწადში კი ის დააწინაურეს, მოსკოვში გადაიყვანეს სამუშაოდ და მას შემდეგ საქართველოში აღარც გამოჩენილა. შორენამ გორსალიას ყოფილ აგარაკსაც მიაგნო, სადაც უკვე სხვები ცხოვრობდნენ. სახლის ახალმა მფლობელებმა უთხრეს, რომ აგარაკი გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში შეიძინეს პოლკოვნიკ გორსალიასგან შუამავლის მეშვეობით. გორსალიაზე მათ არაფერი იცოდნენ, შუამავალი კი გარდაცვლილი იყო. აგარაკის გაყიდვის თარიღი გორსალიას მოსკოვში გადაბარგების წელს ემთხვეოდა და შორენასთვის დედის ძებნის ჯაჭვი იმ ადგილზე წყდებოდა. მიუხედავად ამისა, გოგონა მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს და ყველა ღონეს ხმარობდა, დედის მოსაძებნად, რადგან შინაგანი ხმა კარნახობდა, რომ დედამისი ცოცხალი იყო და, თუკი მის ძებნას განაგრძობდა, აუცილებლად იპოვიდა. სანიტარ ცირასთან ლაპარაკის შემდეგ შორენა მიხვდა, რომ დედამისი „კაგებეს“ აგენტი იყო, უშიშროების დავალებას ასრულებდა და ახალშობილი იმიტომ დაუმალეს, რომ თავის საქმიანობაზე ხელი არ აეღო. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ დედამისი გორსალიამ მოსკოვში წაიყვანა და მის ძებნას საქართველოს ფარგლებს გარეთ აპირებდა. თუმცა, როგორ უნდა გაეკეთებინა ეს, წარმოდგენაც არ ჰქონდა. მან მხოლოდ ის იცოდა, რომ ჯერ გორსალიაზე გასვლა იყო საჭირო.
დედის ძებნა და საგიჟეთში სტაჟიორად მუშაობა შორენამ ერთდროულად დაიწყო. ისე იყო გაფაციცებული, რომ ყველგან დედის კვალს ეძებდა და არც იმას გამორიცხავდა, რომ, შესაძლო იყო, მისთვის სასურველი ინფორმაცია სრულიად შემთხვევითაც კი მიეღო. მართლაც, ერთხელ შორენა თავის კოლეჯელ მეგობარსა და თანატოლს – თაკოს ეწვია სახლში, რომელიც კოლეჯის დამთავრების შემდეგ არ ენახა და რადგან გოგონას გლანდების ოპერაცია ჰქონდა გაკეთებული, მის სანახავად მივიდა. თაკო ვაკეში, ერთ-ერთ ძველ, ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა. შორენა მასთან პირველად მივიდა და ზარი რომ დარეკა, კარი სამოციოდე წლის მამაკაცმა გაუღო.
– მე თაკოსთან ვარ, – უთხრა შორენამ მამაკაცს, რომელიც მას ღიმილით ათვალიერებდა.
– მობრძანდი, აი, იქითაა თაკოს ოთახი, – მამაკაცმა პირდაპირ გაიშვირა ხელი, – შენ, ალბათ, შორენა ხარ, ხომ.
– დიახ, – უთხრა შორენამ მამაკაცს, რომელმაც მას ხელი ჩამოართვა და გაეცნო:
– მე კი კახა ბაბუა ვარ, თუმცა ჩემს შვილიშვილს ჩემთვის ბაბუა არასოდეს დაუძახია, კახუნას მეძახის.
– სასიამოვნოა, კახა ბაბუა, – გაუღიმა შორენამ მასპინძელს.
– აი, იქ შედი, შვილო, მე კი სულ მალე გეახლებით, – უთხრა შორენას თაკოს ბაბუამ, სტუმარს გაუღიმა და სამზარეულოსკენ გაემართა, ათი წუთის შემდეგ კი შვილიშვილის ოთახში გორგოლაჭებიანი მაგიდა შეაგორა, რომელზეც სხვადასხვა ნუგბარი, ხილი და წვენები ელაგა.
– აბა, ერთი ვნახოთ, რით გაგვიმასპინძლდა კახუნა, – თქვა თაკომ, მაგიდაზე დალაგებულ საჭმელ-სასმელს დახედა და ბაბუამისს უთხრა:
– როგორც ყოველთვის, ყავა დაგავიწყდა, კახუნა.
ბაბუამ გაუღიმა შვილიშვილს და მიუგო:
– შენ კი, ჩემო თაკუნა, როგორც ყოველთვის, ბაბუას გამოჯავრების ხასიათზე ხარ, თორემ, ხომ იცი, რომ ბაბუაშენს არასოდეს არაფერი ავიწყდება და ყავა ყოველთვის ბოლოს შემოაქვთ სუფრაზე?
– რაც მართალია, მართალია, – გაეცინა თაკოს, – კახუნას ფენომენალური მახსოვრობა აქვს და არასდროს არაფერი ავიწყდება. აბა, ტყუილად ხომ არ მუშაობდა „კაგებეში“. ფუი, მგონი, ისევ შემეშალა. რა ჰქვია, კახუნა, იმას, სადაც შენ ადრე მუშაობდი?
– „კაგებეში“, შვილო, „კაგებეში“, – შეუსწორა შვილიშვილს ბაბუამ, – ახლა „კაგებე“ აღარ არსებობს, დიდი ხანია, დაიშალა, აღარ არსებობს...
– აბა, იმ დღეს რომ ამბობდი, „კაბეგე“, ფუი, „კაგებე“... – საკუთარ შეცდომაზე გაეცინა თაკოს, – უკვდავიაო?
– მე სისტემას ვგულისხმობდი და არა სახელს, მაგრამ ეს ნაკლებად საინტერესო თემაა, – თქვა კახა ბაბუამ, – აბა, წავედი, გოგოებო და, თუ რამე დაგჭირდებათ, მიხმეთ, ყავა კი ჯერ ადრეა, ბოლოს ტორტთან ერთად მოგართმევთ.
– „კაგებეში“ მუშაობდით, კახა ბაბუა? – ჰკითხა კახას შორენამ და მეგობრის ბაბუა ყურადღებით შეათვალიერა.
– დიახ, „კაგებეში“ ვიმუშავე ოც წელიწადზე მეტი, – მიუგო შორენას კახამ, რომელსაც სახეზე ღიმილი შეეყინა, – რატომ მეკითხები?
– პეტრე გორსალიას იცნობდით?
კახა პეტრე გორსალიას ყოფილი თანამშრომელი იყო და სწორედ ის მეორე „კაგებეშნიკი“, რომელთანაც ვიტალის საუბარი მოისმინა სანიტარმა ცირამ. თავისი უფროსის ასე მოულოდნელმა ხსენებამ კახას მხიარული გამომეტყველება წაშალა. მან გამომცდელად შეხედა სტუმარს და ჰკითხა:
– შენ რა იცი, პეტრე გორსალია ვინაა, იცნობ?
– არა, ისე, უბრალოდ, მაინტერესებს, – შეიშმუშნა შორენა, რომელსაც არ გამოჰპარვია, რომ გორსალიას ხსენებაზე თაკოს ბაბუას გუნება წაუხდა, – „კაგებეს“ ხსენებაზე გამახსენდა. ადრე ჩემი მეგობრები „კაგებეზე“ ლაპარაკობდნენ რაღაცას და ერთ-ერთმა პოლკოვნიკი გორსალია ახსენა, მე კი დამამახსოვრდა და იმიტომ გკითხეთ.
კახას სახის ძველი გამომეტყველება დაუბრუნდა, თუმცა, მხოლოდ გარეგნულად, გუნება-განწყობა კი გაფუჭებული ჰქონდა, რაც ძველი შეფის ხსენებით იყო გამოწვეული და შორენას ღიმილით ჰკითხა:
– რაო, მაინც, რა თქვეს პეტრე გორსალიაზე?
– ისეთი არაფერი, მე მგონი, ერთ-ერთი მისი თანამშრომლის შვილიშვილი იყო და იმან ახსენა გაკვრით, – იცრუა შორენამ.
– თანამშრომლის გვარი მითხარი.
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა მოღიმარმა შორენამ, რომელიც მიხვდა, რომ გორსალიას ხსენებამ კახა ბაბუა საკმაოდ ააღელვა, – ვიღაც უცნობი ბიჭი იყო და იმან თქვა, ბაბუაჩემი გორსალიასთან მუშაობდაო.
კახა კარგად იცნობდა ყველა თავის კოლეგას და ისიც მშვენივრად იცოდა, რომ შვილიშვილი მხოლოდ მას ჰყავდა. ამიტომ, არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ მის წინაშე მდგარი მშვენიერი გოგონა ცრუობდა. თუმცა, არ იცოდა, რატომ და სწორედ ამის გარკვევა უნდოდა. ამიტომ, მან შორენას გაუღიმა და უთხრა:
– მე ვმუშაობდი პეტრე გორსალიასთან, ის ჩემი უშუალო უფროსი იყო. სიმართლე მითხარი, რატომ გაინტერესებს?
შორენა წამოწითლდა და კახას უთხრა:
– იცით, მე დედას ვეძებ და გორსალიამ იცის, ის სად არის.
– დედას ეძებ და გორსალიამ იცის, სად არის? – გაიმეორა შორენას სიტყვები კახამ, – არაფერი მესმის! აბა, უფრო დალაგებულად მითხარი, შვილო, რაშია საქმე.
– კახა ბაბუა, მე რომ დავიბადე, დედაჩემი მოატყუეს, თითქოს დაბადებისთანავე დავიღუპე, სინამდვილეში კი უპატრონო ბავშვთა სახლში ჩამაბარეს და იქ ვიზრდებოდი. მე ზუსტად ვიცი, რომ დედაჩემი გორსალიას ბრძანებით მოატყუეს, მაგრამ, რა მიზნით, ეს ვერ გავიგე. ამიტომ, თუკი გორსალიას მოვძებნი, იქნებ, დედაჩემის შესახებაც შევიტყო რამე და, თუ ცოცხალია, ვიპოვო და ვუთხრა, რომ ცოცხალი ვარ.
თაკოს ბაბუა შორენას სიტყვებმა ისე ააფორიაქა, რომ მან შვილიშვილის ოთახში სიგარეტი გააბოლა, რასაც ის არასდროს აკეთებდა, თან ყბა აუცახცახდა, რადგან მიხვდა, რომ მის წინაშე სწორედ ის გოგონა იდგა, რომლის დედის მოტყუებაში მასაც დიდი წვლილი მიუძღოდა. მან ჯერ იქვე დააპირა შორენასთვის პასუხის გაცემა, თუმცა, გადაიფიქრა, რადგან შვილიშვილს მოერიდა და თქვა:
– სამწუხარო ისტორიაა, მაგრამ, გორსალია უკვე დიდი ხანია, რუსეთში წავიდა. ის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დააწინაურეს მოსკოვში და მას მერე აღარ მინახავს. კარგად, გოგოებო, მე წავალ და ხელს აღარ შეგიშლით საუბარში, თუ დაგჭირდით, გამომიძახეთ.
კახა წავიდა, თაკომ კი, რომელიც აქამდე უხმოდ უსმენდა შორენასა და ბაბუამისის საუბარს, მეგობარს უთხრა:
– ეს ვინ უხსენე კახუნას? ბაბუაჩემი ასეთი დაბნეული არასოდეს მინახავს.
– არის, რა, ერთი, – პასუხს თავი აარიდა შორენამ.
– მე არც ის ვიცოდი, თუ ბავშვთა სახლში გაიზარდე და დედ-მამა არ გყავდა, – უთხრა თაკომ, – რატომ არ მეუბნებოდი?
– რა ვიცი, თაკო, მერიდებოდა.
– დაქალები არ ვართ? რატომ გერიდებოდა? – არ ჩერდებოდა თაკო.
– ჰო, რა ვიცი, მრცხვენოდა. აბა, რა სასიამოვნოა იმის თქმა, რომ უპატრონო ხარ, თანაც გეფიცები, მეც ახლახან შევიტყვე, – თავი იმართლა შორენამ, რომელსაც ერთი სული ჰქონდა, კახას პირისპირ დალაპარაკებოდა, რადგან მიხვდა, რომ ის შვილიშვილის გამო მოერიდა შორენასთან საუბარს.
– მომისმინე, შორენ, – უთხრა თაკომ დაქალს, – ვხედავ, რომ ბაბუაჩემმა რაღაც იცის, რაც შენ გაინტერესებს, ამიტომ ახლავე დავუძახებ და ვეტყვი, რომ დაგეხმაროს, კახუნა მე არაფერზე მეუბნება უარს, შენ თვითონ დარწმუნდები...
– არ დაუძახო, თაკო, არ გინდა, თორემ წავალ და აქ არასოდეს მოვალ, – კატეგორიულად უთხრა შორენამ თაკოს, შემდეგ საუბრის თემა შეცვალა და გოგონები ქალებისთვის ჩვეულ ჭორაობას შეუდგნენ.
თაკოსთან შორენამ ორიოდე საათი დაყო და კახამ მხოლოდ ერთხელ შეაკითხა მათ – ყავა მიუტანა და უხმოდ გავიდა, ხოლო როდესაც შორენა წასასვლელად მოემზადა, ბაბუამ შვილიშვილს უთხრა:
– არ მოიწყინო, ბაბუ, მე მარკეტში ჩავალ და სიგარეტს ვიყიდი, თან შორენას გავაცილებ და მალე დავბრუნდები.
– კარგი, ბაბუ, მიდი, – გაუღიმა თაკომ კახას.
– ოჰო, ეს რაღაც სიახლეა, – გაეცინა კახას, – პირველად ცხოვრებაში ჩემმა შვილიშვილმა ბაბუა დამიძახა. რაშია საქმე, თუ იცი, ხომ არ ვბერდები, ნეტავ?
– არა, ბაბუ, უბრალოდ, ძალიან მიყვარხარ, – თქვა თაკომ, შემდეგ შორენასაც გამოემშვიდობა და კარი მიხურა.
შორენა და კახა ლიფტით დაეშვნენ და ხმა არც ერთს არ ამოუღია, მხოლოდ მაშინ, ქუჩაში რომ გავიდნენ, თაკოს ბაბუამ სიგარეტი გააბოლა და გოგონას უთხრა:
– წამოდი, სკვერში, სკამზე ჩამოვსხდეთ და ვილაპარაკოთ. თაკოს თანდასწრებით არ მინდოდა შენთან ლაპარაკი და ბოდიშს გიხდი, შვილო.
– მივხვდი, კახა ბაბუა, – გაუღიმა შორენამ სკვერში, მის გვერდით სკამზე მოკალათდა და მოსასმენად მოემზადა.
– ჯერ ის მითხარი, შვილო, საიდან გაიგე პეტრე გორსალიას სახელი, – ჰკითხა კახამ შორენას.
– იცით, ამას ვერ გეტყვით, პირობა მაქვს იმ ადამიანისთვის მიცემული და, რომ მომკლათ, მაინც ვერ დავარღვევ, – მიუგო კახას შორენამ.
– კარგი, შვილო, არც ჩაგეძიები, – ჩაეცინა კახას, – თუმცა, ეს არც ისე რთული გამოსაცნობია. შენ მხოლოდ ის მითხარი, ქალმა გითხრა თუ კაცმა?
– ვერც ამას გეტყვით, ბატონო კახა, – კატეგორიულად იუარა შორენამ.
– არ მეტყვი და ნუ მეტყვი, ამას არც აქვს დიდი მნიშვნელობა, შენი ინფორმატორი ან პელო იქნება, ან – ცირა. უფრო ცირა მგონია. ვიტალიმ მაშინ ისიც კი მითხრა მასზე, ფული ძალიან უყვარს და, თუ გადაუხდიან, შეიძლება, ყველაფერი დაფქვასო, – სხვათა შორის თქვა კახამ.
– ესე იგი, მეორე „კაგებეშნიკი“, რომელმაც დედაჩემი ჰოსპიტლის სამშობიაროში მიიყვანა, თქვენ იყავით? – წამოსცდა აღელვებულ შორენას, მაგრამ ენაზე იკბინა, როდესაც მიხვდა, რომ უნებლიეთ ცირა გათქვა.
– ესე იგი, ცირამ გიამბო ყველაფერი, – ჩაეცინა კახას, – დედაშენი ვიტალიმ მიიყვანა სამშობიაროში, მე კი მოგვიანებით მივედი იქ – პროცესის ბოლომდე გაკონტროლება მქონდა დავალებული პეტრე გორსალიასგან.
– ბატონო კახა, – უთხრა შეწუხებულმა შორენამ, – ცირას არ ვიცნობ, ტყუილად გაქვთ იმ ვიღაც ცირაზე ეჭვი. ეგ ამბავი სულ სხვისგან შევიტყვე და ცირა აქ არაფერ შუაშია.
– ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ნუ გეშინია, ცირას არავინ მოსთხოვს პასუხს, ან რისთვის უნდა მოსთხოვონ, – ჩაეცინა კახას, – როგორც ეტყობა, მან ჩემი და ვიტალის საუბარი მოისმინა კიბეებთან მაშინ, როცა ჩვენ სიგარეტს ვეწეოდით.
– არა, არა, ბატონო კახა, – ჯიუტად უარყოფდა შორენა, – ცირა ვინაა, არც ვიცი, მე სულ სხვისგან შევიტყვე ეგ ამბავი.
– კარგი, სხვისგან იყოს. მოკლედ, ასე: დედაშენი წყნეთში „კაგებეს“ ერთ-ერთ აგარაკზე ცხოვრობდა კონსპირაციულად, რომელიც პეტრე გორსალიას ეკუთვნოდა და ჰოსპიტალში სამშობიაროდ სწორედ იქიდან წაიყვანეს. შემდეგ იქვე დააბრუნეს და ორი თვის შემდეგ პოლკოვნიკმა მას რაღაც დავალება მისცა, რის შესახებაც არაფერი ვიცი.
– დედაჩემს იცნობდით?
– მშობიარობამდე არა, შემდეგ კი მე და ვიტალი ვმორიგეობდით ხოლმე წყნეთის აგარაკზე – ეს იყო და ეს. თითქმის არც დავლაპარაკებივართ ერთმანეთს. ის სულ ოთახში იყო გამოკეტილი, სიგარეტს ეწეოდა და, როგორც ეტყობა, შვილის დაკარგვას დარდობდა. ზოგჯერ გორსალიაც ამოდიოდა აგარაკზე და დედათქვენს რაღაცაზე ელაპარაკებოდა. ამ დროს ისინი მარტო რჩებოდნენ, ჩვენ იქ ყოფნის უფლება არ გვქონდა. ამიტომ, გორსალია რომ მოდიოდა, მე და ვიტალი აგარაკის ეზოში ჩავდიოდით და მხოლოდ მაშინ ვბრუნდებოდით შენობაში, როდესაც გორსალია მიდიოდა. იმ პერიოდში, შვილო, მე რიგითი თანამშრომელი ვიყავი და ისე იყო ჩვენი სტრუქტურა მოწყობილი, რომ სხვის საქმეში ცხვირს არავინ ჩაგაყოფინებდა, ხოლო, თუ ვინმე მაინც გაბედავდა ამის გაკეთებას, ცხვირსაც მოიტეხდა და კისერსაც. კისრის მოტეხვა კი, აბა, ვის უნდა და მხოლოდ იმით ვინტერესდებოდით, რასაც დაგვავალებდნენ ხოლმე.
– დედაჩემს რა ჰქვია?
– ჩვენ მერის ვეძახდით, სინამდვილეში რა ერქვა, ნამდვილად არ ვიცი. შეიძლება, მერიც კი იყო მისი ნამდვილი სახელი, შეიძლება – არა. ერთი სიტყვით, ჩვენ გვითხრეს, მერი დაუძახეთო და ასე მივმართავდით.
– ალბათ, არც ის იცით, რა დავალებებს ასრულებდა დედაჩემი.
– კონკრეტულად რას აკეთებდა, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ჩვენს განყოფილებას არაოფიციალურად „რელიგიურ განყოფილებას“ უწოდებდნენ და ისიც, ალბათ, ამ სფეროში მოღვაწეობდა.
– მაინც, რა უნდა ეკეთებინა ამ სფეროში?
– ბევრი რამ, შვილო, მაგალითად, შეიძლება, ის რომელიმე მონაზონზე, ან, თუნდაც, ეპისკოპოსზე იყო მიჩენილი და გორსალიას სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა, ან, სულაც, შეიძლება, თავადაც კი იყო რაიმე რელიგიურ სტატუსში. ზუსტად ვერაფერს გეტყვი.
– ესე იგი, დედაჩემი დამსმენი იყო?
– მაშინ სულ სხვანაირი მიდგომა იყო, შვილო, რელიგიისადმი და სახელმწიფოს მისი კონტროლი სჭირდებოდა, რასაც „კაგებე“ ახორციელებდა, დედაშენი კი მისი თანამშრომელი იყო – ასეთი ჯაჭვი იყო მაშინ გაბმული. მოკლედ, ყველა ჩვენ-ჩვენს სამუშაოს ვასრულებდით და მაშინ ეს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ასე რომ, მაინცდამაინც ნუ გაკიცხავ დედაშენს იმისთვის, რომ ის თავის სამუშაოს ასრულებდა. მით უმეტეს, ხომ გითხარი უკვე, როგორ განიცდიდა ის თავის მდგომარეობას და შენი დაკარგვით ძალიან დადარდიანებული იყო.
– ბატონო კახა, დედაჩემი ლამაზი ქალი იყო?
– სხვათა შორის, დედაშენს ძალიან ჰგავხარ, რომ გაკვირდები, უფრო და უფრო ვრწმუნდები ამაში.
– როგორ ფიქრობთ, დედაჩემი ცოცხალი იქნება ახლა?
– ვფიქრობ, რომ კი, თუ, რა თქმა უნდა, რამე უბედური შემთხვევა არ მოხდა.
– საქართველოში იქნება?
– აი, ეს კი არ ვიცი. გორსალია მოსკოვში დააწინაურეს და იქ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე გადაბარგდა. შეიძლება, დედაშენი თან წაიყვანა, შეიძლება, აქ დატოვა, – არ ვიცი, ნამდვილად ვერაფერს გეტყვი.
– უშიშროების არქივებში ვერ ვიპოვი?
– ჯერ ერთი, უშიშროების აგენტებზე არავინ მოგაწვდის ინფორმაციებს, რადგან ეს გასაიდუმლოებულია. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ დედაშენი არც იქნება უშიშროების არქივებში.
– რატომ?
– იმიტომ, რომ „კაგებეს“ არქივები ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გაიტანეს მოსკოვში, ხოლო, რაც აქ დარჩა, დაიწვა. თუმცა, როგორც ვიცი, გორსალია თავის აგენტებს პირად არქივში აფიქსირებდა და, მოსკოვში რომ წავიდა, თან წაიღებდა.
– ესე იგი, დედაჩემის პოვნა შეუძლებელია?
– შეუძლებელი არაფერია, შვილო, მთავარია მონდომება და ცოტა გამართლება. მონდომება არ გაკლია და, დარწმუნებული ვარ, რომ გაგიმართლებს.
– როგორ, – მხრები აიჩეჩა შორენამ, – თქვენ არაფერი იცით, გორსალია მოსკოვშია და რომც მოვძებნო და შევხვდე, შეიძლება, არც არაფერი მითხრას.
– რა იცი, – თავი გააქნია კახამ, – როგორც ვიცი, გორსალიამ „კაგებეს“ თავი დაანება და ღმერთი იწამა.
– ღმერთი იწამა?
– ჰო, ღმერთი იწამა. მე ასეთი ინფორმაცია მაქვს და ტყუილი არ უნდა იყოს. მგონი, ბავშვი ჰყავდა მძიმედ ავად და ამიტომ, – თქვა კახამ, შორენას გაუღიმა და დაამატა: – მოკლედ, ასე მოვიქცეთ, შვილო: ახლა მე ვიტალის დავურეკავ და შეხვედრაზე შევუთანხმდები. მერე ერთად მივიდეთ და ის მოგვიყვება გორსალიას ამბებს. ვიტალი ჩემი ძველი მეწყვილეა და სწორედ მე და ის ვიყავით ჰოსპიტალში იმ დღეს, შენ რომ დაიბადე. თანაც, ვიტალი, ჩემგან განსხვავებით მოლაყბეა, ცოტა დალევაც უყვარს, ამიტომ, რომ ვესტუმრებით, ძველი კონიაკი მაქვს და ის წავუღოთ.
კახამ მაშინვე დაურეკა თავის ძველ კოლეგას მობილურით და ლაპარაკი რომ დაასრულა, შორენას უთხრა:
– მოკლედ ასე, შვილო, დღეს საღამოს 8 საათზე გველოდება. გცალია?
– რა თქმა უნდა, მცალია, კახა ბაბუა!
– ჰოდა, ძალიან კარგი, რვის ნახევარზე რუსთაველის მეტროსთან შევხვდეთ ერთმანეთს და ვიტალის ვესტუმროთ.
შორენა და კახა დათქმულ დროზე შეხვდნენ ერთმანეთს და ვიტალის ეწვივნენ, რომელიც, მარტოდმარტო ცხოვრობდა ძველი თბილისის ერთ პატარა ეზოში.
– ო, კახას ვახლავარ, კახას, ჩემს ძველ მეგობარსა და კოლეგას! – თქვა ვიტალიმ, კახას გადაეხვია და ჰკითხა: – ეს მზეთუნახავი ვინაა? შენი შვილიშვილი არ უნდა იყოს, თაკოს ვიცნობ, ყოველ შემთხვევაში, ბავშვობაში სხვანაირი იყო.
– თაკო რა, მზეთუნახავი არაა?
– არის, როგორ არა, მაგრამ, ეს გოგონა რომ თაკო არაა, ნამდვილად ვიცი, – თქვა ვიტალიმ, შორენა ყურადღებით შეათვალიერა და დაამატა, – ისე, სიმართლე რომ გითხრა, საიდანღაც მეცნობა, მაგრამ საიდან, ვერ ვხვდები.
– სწორედაც რომ გეცნობა, სწორედაც, – გაეცინა კახას, – და სწორედ ამიტომ გესტუმრეთ. აი, შენ ეს გამომართვი, დღევანდელი ნაწუწი არ გეგონოს, ძველია და ჩემი კოლექციიდან ამოვიღე.
კახამ ვიტალის კონიაკი „ვარციხე“ მისცა, რამაც მასპინძლის გულწრფელი აღფრთოვანება გამოიწვია და სტუმრები ოთახში შეიპატიჟა:
– რას უდგახართ, შემოდით, დაბრძანდით და ისე იგრძენით თავი, როგორც საკუთარ სახლში. მე კი, ახლავე მოვალ.
კახა და შორენა სასტუმრო ოთახში შევიდნენ, რბილ სავარძელში მოკალათდნენ და კახამ შორენას უთხრა:
– როგორი მოხუცია?
– მოხუცი სულაც არ არის, ისე კი ძალიან მხიარული და კომუნიკაბელური კაცია, – მიუგო შორენამ.
– „იშჩო ბი“, – ჩაარუსულა კახამ და ქართულად დასძინა, – ტიპიური „კაგებეშნიკი“, ძველი „ზაკალკის“ და იცის, ვის როგორ „დაეპადხოდოს“, თუმცა, ეს ჩვენ არ გვეხება და მართლა ძალიან გაეხარდა ჩვენი სტუმრობა. თუმცა, წლების განმავლობაში აქვს გამომუშავებული ქცევის ასეთი სტერეოტიპი და ზოგჯერ შეიძლება, ნამეტანიც კი მოსდის. ისე კი, ჩემზე ხუთი წლით უფროსია, მე კი სამოცი წლის ვარ.
– მართლა, კახა ბაბუა? რომ არ გეტყობათ, – გაუღიმა შორენამ კახას.
ოთახში ვიტალი შემოვიდა, გორგოლაჭიანი მაგიდა შემოაგორა, რომელზეც ნაჩუქარი კონიაკი და მსუბუქი ვახშამი ელაგა ხილთან ერთად და სტუმრებს უთხრა.
– აბა, ძვირფასო სტუმრებო, არ მოგერიდოთ, ჭამეთ, სვით და საერთოდ არ მოიწყინოთ.
– ჰო, შენ მოაწყენ ვინმეს? – გაეცინა კახას და მასპინძელს შორენა წარუდგინა:
– გაიცანი, ვიტალიკ, ეს შორენაა, ჩემი თაკოს მეგობარი.
შორენამ ხელი გაუწოდა ვიტალის, ის კი გოგონას ხელზე ეამბორა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა ყურადღებით და თქვა:
– არა, ნამდვილად ნაცნობი სახეა, მაგრამ ვერ ვიხსენებ, სად მყავს ნანახი... შვილო, მსახიობი ხომ არ ხარ?
– არა, – თავი გააქნია შორენამ.
– სამწუხაროა, – გაიღიმა ვიტალიმ, – გირჩევ, ბედი სცადო და აუცილებლად გაგიმართლებს. არა, მართლა ძალიან ნაცნობი სახე გაქვს.
– მართალი ხარ, ვიტალიკ, – გაეღიმა კახას, – შორენა ძალიან ჰგავს მერის და ამიტომ გეცნობა.
– ვინ მერის? – იკითხა ვიტალიმ, რომელიც უკვე ჭიქებში ასხამდა „ვარციხეს“.
– ვის და დედამისს.
– დედამისი ვინაა? – თქვა ვიტალიმ და მესამე ჭიქის შევსებას შეუდგა.
– ვინ და, სამხედრო ჰოსპიტალში რომ იმშობიარა, ჩვენ კი მას შვილზე რომ ვუთხარით, მოკვდაო, – მშვიდად განუმარტა მასპინძელს კახამ.
ვიტალის უცებ ხელები აუკანკალდა და „ვარციხის“ ბოთლი სასწრაფოდ მაგიდაზე დადგა, რომ არ გავარდნოდა. შემდეგ ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და შორენა გულდასმით შეათვალიერა, ბოლოს კი კახას უთხრა:
– ალბათ, დედამისს ეძებს და შენზე გამოვიდა, ხომ?
– სრული სიმართლეა, – დაუდასტურა კახამ, – შენთან კი იმიტომ მოვედით, რომ ამ საქმეში დაგვეხმარო.
– მდაა, – ჩაილაპარაკა ვიტალიმ, – ძველი ცოდვები ყოველთვის გვახსენებს ხოლმე თავს, კანონზომიერიც კია, რომ ეს მშვენიერი ქალიშვილი ახლა აქაა. აბა, გისმენთ, რით შემიძლია, დაგეხმაროთ?
– მერიზე რაც ვიცოდი, შორენას უკვე ყველაფერი ვუამბე და მეეჭვება, რომ შენ დამატებითი ინფორმაციები გქონდეს. ჩვენ პეტრე გორსალიას ამბები გვაინტერესებს. გახსოვს, ამას წინათ რომ მიყვებოდი გორსალიაზე? ჰოდა, იქნებ მოვძებნოთ და იმისგან შევიტყოთ შორენას დედის ამბავი, – უთხრა კახამ ვიტალის.
– შენ კი, მაშინ ბოლომდე არც მოისმინე გორსალიას ამბავი, – გაეცინა ვიტალის.
– ჰოდა, ახლა მოყევი, ჩვენ კი ყურადღებით მოგისმენთ, – უთხრა ვიტალის კახამ.
– ჯერ თითო გადავკრათ და მერე ყველაფერს მოგიყვებით, – თქვა მასპინძელმა, კონიაკი დალია, მარჯვენა ხელის ცერა თითი გაბზიკა და დაამატა, – საუცხოო რამაა, ახლა კი თქვენც დალიეთ და მომისმინეთ.
შორენამ და კახამ კონიაკი დალიეს და მასპინძელს მიაჩერდნენ, რომელმაც ჩიბუხი გააბოლა და თქვა:
– ამას წინათ მოსკოვში ვიყავი ჩემი ახლო ნათესავის ქორწილში და გორსალიას ამბავიც იქ შევიტყვე. მოსკოვში რომ დააწინაურეს პოლკოვნიკი გორსალია, ალბათ, გახსოვს, ხომ, კახა?
– რა თქმა უნდა, მახსოვს, – დაადასტურა კახამ, – სულ რაღაც, ერთ წელიწადში საბჭოთა კავშირი დაიშალა და „კაგებეც“ გაუქმდა, ჩვენ კი უმუშევრები დავრჩით – ამას რა დამავიწყებს.
– ჰოდა, – განაგრძო ვიტალიმ, – საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა, გორსალია უკვე „კაგებეს“ გენერალი იყო და მოსკოვში, ცენტრალურ აპარატში, მნიშვნელოვანი პოსტი ეკავა. როგორც გავიგე, ის თურმე გიგანტური ნაბიჯებით მიიწევდა ზევით, მაგრამ, მოულოდნელად, „კაგებედან“ საკუთარი განცხადებით წამოსულა და გაუჩინარებულა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ის იერუსალიმში, რუს პილიგრიმებთან ერთად უნახავთ ქრისტეს საფლავზე. პეტრე, თურმე, ძალიან უბრალო, გაცვეთილ სამოსში იყო გამოწყობილი და გულმხურვალედ ლოცულობდა. წვერი მოუშვია, თმა გაუზრდია და თოკით ჰქონია შეკრული. მოკლედ, ბერის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
– აღიკვეცა? – იკითხა კახამ.
– ეს არ ვიცი, მაგრამ, სკარეე, ვსევო, ალბათ, ასეა. მოკლედ, მას ჯერ კიდევ აქ ყოფნისას შეეძინა ვაჟი, რომელიც თურმე ძალიან მძიმედ ყოფილა ავად, რაღაც ვრაჟდიონი დაავადება დაჰყოლია – ნიტო ფილტვები აწუხებდა, ნიტო – გული თუ თირკმელები. მოკლედ, ვარაუდი არსებობს, რომ გორსალიამ შვილის გამო მიატოვა ბრწყინვალე კარიერა, ღმერთს აღთქმა მისცა, რომ შვილის განკურნების სანაცვლოდ ბერად შედგებოდა და „კაგებეს“ იმიტომ შეეშვა. ერთი სიტყვით, ეს ყველაფერი ვარაუდია, თუმცა, საკმაოდ ახლოს უნდა იყოს სიმართლესთან.
– სულ ესაა? – ჰკითხა კახამ ვიტალის.
– თითქმის, – თქვა ვიტალიმ – გორსალია ბოლოს ქრისტეს ტაძარში უნახავთ აღდგომის დღესასწაულზე და, თურმე, მთელი ღამე დამხობილი ლოცულობდა საკურთხევლის წინ, – აი, სულ ესაა.
– მდაა, – ჩაილაპარაკა კახამ, – დიდი ვერაფერი სანუგეშო ინფორმაციაა. ჯერ ერთი, არ ვიცით, სადაა გორსალია და, რომც ვიცოდეთ სადაა, ისურვებს კი სიმართლის თქმას? რა იცი, რა ბედი ეწია საბრალო მერის? თუმცა, სულ არაფერს მაინც ეს ჯობია, – დაასკვნა ბოლოს კახამ.
– მთავარია, დანამდვილებით ვიცით რომ, გორსალია ცოცხალია, ცოცხალ კაცს კი როგორმე მოვძებნით, თვით რუსეთშიც კი, – თქვა ვიტალიმ, – მერე კი ღმერთი ინებებს და მერის ამბავსაც შევიტყობთ.
– ეს არც ისე ადვილი საქმეა, – თქვა კახამ, – თუმცა, ჩიტი ბდღვნად ღირს.
– რა თქმა უნდა, ღირს, – დაეთანხმა მეგობარს ვიტალი, – მით უმეტეს, რომ ჩემს ნათესავს დიდი კავშირები აქვს და დაგვეხმარება. ახლა კი მხოლოდ ვახშამი, ვახშამი და სხვა არაფერი, ვახშმის გარდა.
კახა და შორენა ვიტალისგან გვიან წამოვიდნენ. კახამ სახლში მიაცილა გოგონა და გამომშვიდობებისას უთხრა:
– ხომ გაიგონე, რა თქვა ვიტალიმ – ჩემს ნათესავს გავარკვევინებ ყველაფერსო. ასე რომ, წარმატების იმედი მაქვს და, როგორც კი გორსალიას ადგილსამყოფელი გაირკვევა და მასთან დაკონტაქტების გზას მოვნახავთ, აუცილებლად შევხვდებით და ყველაფერს გავარკვევთ.
– თქვენი დიდი მადლობელი ვარ, კახა ბაბუა, – უთხრა შორენამ თაკოს ბაბუას, ლოყაზე აკოცა და სახლში ავიდა.
შორენას და ძველი „კაგებეშნიკების“ შეხვედრა საგიჟეთში ჯაბას მიყვანამდე ზუსტად ორი კვირით ადრე მოხდა. იმ დღეს კი, როდესაც ჯაბა და შორენა სიყვარულში გამოუტყდნენ ერთმანეთს, ხოლო გოგონა კი, ჯაბას თხოვნით, დიტო სულაბერიძის ოჯახში აპირებდა წასვლას, მისმა მობილურმა დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა შორენამ უცხო ნომერს.
– მე ვარ, შვილო, კახა ბაბუა, – მოესმა შორენას, – ჩემი მობილური დაჯდა და სხვა ნომრიდან გირეკავ. როგორ ხარ?
– კარგად, კახა ბაბუა, თქვენ როგორ ბრძანდებით?
– არა მიშავს, შვილო. შეგიძლია, რომ შემხვდე?
– ახლავე?
– თუ რამე საქმე არ გაქვს, ახლავე.
– კი მაქვს რაღაც საქმე, მაგრამ გადავდებ, – მიუგო გოგონამ კახას, – სად შეგხვდეთ?
– პირდაპირ ვიტალისთან მოდი, სახლი ხომ გახსოვს?
– რა თქმა უნდა, მახსოვს, რუსთაველის მეტროსთან ცხოვრობს.
– რამდენ ხანში მოხვალ?
– მაქსიმუმ, ნახევარ საათში. ახლა ცხრის ნახევარია, ცხრაზე მანდ ვიქნები.
– ძალიან კარგი. ცხრაზე მეც მასთან ვიქნები და გელოდები.
შორენა სამარშრუტო ტაქსიდან გადმოვიდა, მეტროში ჩაჯდა და რუსთაველის გამზირისკენ გაემართა. შემდეგ მეტროდან ამოვიდა და ვიტალის სახლს მიაშურა.
– ოოო, აი, ჩვენი მზეთუნახავიც მოვიდა, – თქვა ვიტალიმ, რომელმაც შორენა ბინაში შეიყვანა და სავარძელში ჩაჯდომა შესთავაზა, – დაჯექი, მე კი ყავას მოგიმზადებ და, კახა რომ მოვა, დავიწყოთ.
– კახა ბაბუამ მითხრა, რომ აქ დამხვდებოდა...
კარზე ზარის ხმა გაისმა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში