ხუთი საათი გვამთან ერთად
ჩახუთული დღე. საღამოს 5 საათი. სამძრავიანი „ბოინგ 727“ მდინარე ტენესის დაბლობს უახლოვდებოდა, როდესაც პილოტების კაბინაში ნათურამ ციმციმი დაიწყო.
– კაპიტანო, კლარისა ვარ! პრობლემები გვაქვს! ვიღაც მამაკაცმა მილი ტუალეტში შეათრია და ჩაიკეტა! – სტიუარდესა უფრო სწრაფად ალაპარაკდა: – ის მის „შებმას“ არ ცდილობს, სერ, ეს თვითმფრინავის გატაცებაა.
– დანარჩენი მგზავრები რას შვრებიან? – ჰკითხა კაპიტანმა.
– ჯერ ვერაფერს ხვდებიან. ვიღაც ტიპი ადგა და ტუალეტისკენ წავიდა. ბუნებრივია, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ტუალეტამდე რომ მივიდა, პისტოლეტი ამოიღო, მილის მიაბჯინა და მასთან ერთად ტუალეტში შესვლა აიძულა. მილის კარს იქიდან ველაპარაკე. კარგადაა. ამბობს, რომ გამტაცებელს პისტოლეტის გარდა დანა და რაღაც ბოთლი აქვს. უთხრა, რომ ეს ნიტროგლიცერინია. რა ვქნა?
– არაფერი, – სწრაფად უპასუხა კაპიტანმა ლითლჯონმა, – რადგან მილის ლაპარაკი არ აუკრძალა, აპირებს, მოლაპარაკებები მისი მეშვეობით აწარმოოს. ჩვენგან შენ ელაპარაკე. ტუალეტზე ჩამოკიდე წარწერა: „დაკეტილია ტექნიკური მიზეზების გამო“. მანამდე ახალ ორლეანს დავუკავშირდები და ინსტრუქციებს მოვითხოვ.
– გამტაცებელი თვითმფრინავის მობრუნებას და ჯეკსონვილში საწვავის შესავსებად დაჯდომას ითხოვს.
– ვერ გაარკვიეთ, ვინ არის?
– მგზავრთა სიაში ჩაწერილია, როგორც ჩარლზ ვაგნერი, ჰართფორდიდან.
კავშირზე ახალი ორლეანი გამოვიდა. კაპიტანმა ყველაფერი აუხსნა. ახალი ორლეანიდან ლითლჯონს კურსის შეცვლის უფლება მისცეს. ლითლჯონმა შტურვალი ძალიან ნელა გადახარა. მას არ სურდა, მგზავრები რამეს მიმხვდარიყვნენ. ამ დროს მიკროფონში კლარისას ხმა გაისმა:
– გამტაცებელი მგზავრებისა და თვითმფრინავის სანაცვლოდ გამოსასყიდს ითხოვს. იმუქრება, რომ ჯერ მილის მოკლავს, შემდეგ კი თვითმფრინავს ააფეთქებს. მილიონის მეოთხედს ითხოვს. ფული ჯექსონვილში გადმომცენო. კაპიტანი ჯექსონვილს დაუკავშირდა:
– გესმით ჩემი? ტერორისტი გამოსასყიდს ითხოვს!
– ყველაფერი გვესმოდა. ფულის გარდა არაფერს ითხოვს?
– ერთი წუთით, – კაპიტანმა მეორე მიკროფონი აიღო და სტიუარდესას ჰკითხა:
– კლარისა, მეტს არაფერს ითხოვს?
– დიახ, სერ, ბევრი მოთხოვნა აქვს. ალბათ, ეს ტიპი კარგად მოემზადა და ყველაფერი ბოლომდე გათვალა. იგი ითხოვს, რომ ფული წვრილი კუპიურებით იყოს და პატარა ჩემოდანში იდოს. თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკის ბოლოში უნდა დაჯდეს, რაც შეიძლება შორს აეროპორტის შენობისგან. მოითხოვს, რომ თვითმფრინავში არავინ ამოვიდეს. პირობას იძლევა, რომ მგზავრებს გაუშვებს. ამბობს, როდესაც ისინი ჩავლენ, იგი ტუალეტიდან გამოვა. ორი ადამიანი ტრაპზე უნდა ამოვიდეს და ჩემოდანი სალონში შემოაგდოს, თუმცა, არავითარ შემთხვევაში შიგნით არ უნდა შემოვიდნენ და, ბოლო მოთხოვნა – მას ორი პარაშუტი სჭირდება – სპორტული და სამხედრო.
– ყველაფერი გესმოდათ? – ჰკითხა კაპიტანმა ჯექსონვილს.
– დიახ, ყველაფერი გვესმოდა, – უპასუხეს ჯექსონვილიდან, – შევამოწმებთ, ჩარლზ ვაგნერი ამერიკის საპარაშუტო ასოციაციაში ხომ არ ირიცხება. კიდევ არის რამე, კაპიტანო?
– არაფერი. ასაფრენი ბილიკი გამითავისუფლეთ. ფულზე რას იზამთ?
– ნუ ინერვიულებთ, ყველაფერს გავამზადებთ. ეჭვი მეპარება, რომ მათი დახარჯვა მოასწროს, მაგრამ, მიიღებს. პარაშუტებსაც მივცემთ.
წინ, როგორც იქნა, განათებული ჯექსონვილი გამოჩნდა. კაპიტანმა სალონთან დამაკავშირებელი მიკროფონი ჩართო და წყნარი ხმით წარმოთქვა:
– ბატონებო და ქალბატონებო, ეს ისევ თქვენი კაპიტანია! ცუდი ამინდის გამო, იძულებული ვართ, თვითმფრინავი ჯექსონვილში დავსვათ. ავტობუსი უკვე აეროპორტში გელოდებათ. ეკიპაჟი და ავიაკომპანია ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო...
თვითმფრინავიდან ბოლო უკმაყოფილო მგზავრი გაიყვანეს. ყველანი ავტობუსში ჩასვეს და აეროპორტის შენობაში წაიყვანეს. „ბოინგში“ საწვავის ჩატვირთვა დაიწყეს, ხოლო ტრაპს პატარა ფურგონი მოადგა. იქიდან ორი მამაკაცი გადმოვიდა. ერთს პატარა პარაშუტი და ჩემოდანი მოჰქონდა, მეორეს – უფრო დიდი პარაშუტი. ისინი ტრაპზე ავიდნენ და, ისე, რომ თვითმფრინავში არ შესულან, ჩემოდანი და პარაშუტები იატაკზე დააწყვეს. მათი წასვლის შემდეგ კლარისამ კაპიტანს აცნობა:
– კაპიტანო, მას მაიამიში გაფრენა სურს. სიჩქარე მინიმალური უნდა იყოს, არა უმეტეს ორი კვანძისა საათში, ხოლო სიმაღლე – ორი ათასი ფუტი და, კიდევ, მან უკანა კარის გაღება მოითხოვა...
საუბარში აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ჩაერთნენ:
– კაპიტანო, ის თვითმფრინავიდან გადახტომას შეძლებს? – იკითხა ვიღაცამ.
– თუ უკანა კარს გამოიყენებს, შეძლებს, – უპასუხა ლითლჯონმა.
– ღია კარით ფრენა სახიფათო არაა? ჰერმეტიზაცია არ დაირღვევა?
– ორი ათას ფუტზე არ დაირღვევა. ამასთან, ფლორიდა მაგიდასავით ბრტყელია. უკანა კარიც რომ დავკეტოთ, იგი ყოველთვის შეძლებს, ავარიული გასასვლელით ისარგებლოს. რა ვქნათ?
– თქვენ თუ გაქვთ რაიმე იდეა?
– შეიძლება, ოკეანის თავზე ვიფრინოთ, – დაფიქრებით უპასუხა ლითლჯონმა, – ეჭვი მეპარება, წყალში გადახტომა გარისკოს. თქვენ გექნებათ დრო, რამდენიმე თვითმფრინავი ააფრინოთ და დაგვეწიოთ. რა თქმა უნდა, იგი არ მოგვცემს უფლებას, დიდხანს ვიფრინოთ ოკეანის თავზე, მაგრამ, ვიდრე მიხვდება, 10-15 წუთს მოვიგებთ.
– თუ ის 500 ფუტის სიმაღლიდან გადახტება, – საუბარში კაპიტან ლითლჯონის თანაშემწე ჩაერთო, – ღამით მას ვეღარ იპოვით.
– ცდა ბედის მონახევრეა, – მხრები აიჩეჩა კაპიტანმა.
– მართალი ხართ, სერ, – მხარი დაუჭირეს ქვემოდან, – ჩვენ ნაპირის გასწვრივ დერეფანს გაგიწმენდთ. შეეცადეთ, რაც შეიძლება დიდხანს დარჩეთ ოკეანის თავზე, თუნდაც დეიტონამდე.
„ბოინგი“ ასაფრენ ზოლზე გაქანდა და ერთი წუთის შემდეგ მიწას მოსწყდა. ლითლჯონი მოტრიალდა, ნაპირს ერთი მილით დაშორდა და კურსი სამხრეთისკენ აიღო. ამ დროს კლარისამ აცნობა, რომ გამტაცებელი გამოსვლას აპირებდა.
– კლარისა, – უთხრა კაპიტანმა, – მინდა, რომ დაჯდე და ღვედი შეიკრა. როდესაც მილის გაუშვებს, მანაც იგივე გააკეთოს – არ მინდა, ღია კარიდან ორივე გადაცვივდეთ.
– გასაგებია, კაპიტანო. დავჯექი და ღვედიც შევიკარი... – მას ხმა აუკანკალდა.
– ისინი გამოვიდნენ. მილი ცარცივით თეთრია... დაჯექი, მილი. სერ, მან დაინახა, რომ ოკეანის თავზე მივფრინავთ. ითხოვს, სასწრაფოდ ნაპირისკენ გავფრინდეთ. ჩვენ ან ნაპირისკენ ვბრუნდებით, ან იგი ჯერ მილის მოკლავს, მერე კი – მე. კაპიტანო... მე... მე... მგონი, ის არ ხუმრობს...
– მობრუნდით, – ბრძანება გასცეს ჯექსონვილიდან, – ახლა შეიძლება, ჩვენ უკვე თვალს გადევნებთ.
ლითლჯონმა თვითმფრინავი ნელა მოაბრუნა. რამდენიმე წამში ისინი უკვე ხმელეთის თავზე იყვნენ. კაპიტანმა კლარისას სთხოვა, თავად გამტაცებელი დალაპარაკებოდა.
– კაპიტანო, – უპასუხა კლარისამ, – იგი თქვენთან საუბარზე უარს ამბობს. ითხოვს, ოკულუში გავფრინდეთ, შემდეგ კი სამხრეთისკენ ნეიპლისისკენ შევბრუნდეთ. სიმაღლე და სიჩქარე იგივე უნდა დარჩეს. ნეიპლსთან თქვენ შეგეძლებათ კაბინიდან გამოსვლა – იმ დროისთვის იგი უკვე დატოვებს თვითმფრინავს.
საუბარში უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ჩაერთო:
– გააკეთეთ, რასაც ითხოვს. ნუ გარისკავთ. თქვენ გამანადგურებლები მოგყვებიან. თქვენს გზაზე არსებული ყველა ქალაქისა და დასახლებული პუნქტის პოლიცია გავაფრთხილეთ. ასე რომ, შორს ვერ წავა.
– მაგრამ ფლორიდის ცენტრში უფრო მეტი დაუსახლებელი პუნქტია, – გააფრთხილა ლითლჯონმა, – თუმცა, როგორც გინდათ...
– კაპიტანო, – წამოიძახა კლარისამ, – მას უნდა, რომ ჩვენ თქვენს კაბინაში შემოვიდეთ. ჩვენი თანდასწრებით გადახტომაზე უარს ამბობს.
ცოტა ხანში კაბინაში შეშინებული გოგონები შემოეკვეხნენ. მილი შიშისგან ფეხზე ძლივს იდგა. მალე ისინი ნეიპლს მიუახლოვდნენ. ყველამ დაბლა ჩაიხედა. შემდეგ ლითლჯონმა თანაშემწეს სალონის შემოწმება და უკანა კარის დახურვა სთხოვა. თანაშემწე რომ დაბრუნდა, მოახსენა, სალონში აღარავინააო.
– ნუ ინერვიულებთ, მაინც ვერსად გაგვექცევა, – დააწყნარა ისინი უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, – შტატში განგაშია გამოცხადებული. კაპიტანო, შეგიძლიათ, მაიამიში გაფრინდეთ. კეთილ მგზავრობას გისურვებთ!
ლითლჯონმა მადლობა გადაუხადა, გადამცემი გამორთო და სიჩქარეს მოუმატა. შემდეგ იქვე მდგარ ჩემოდანში ხელი ჩაყო და ხმადაბლა წარმოთქვა:
– 50 ათასი თითოს, ცუდად არ ვიმუშავეთ.
– მე მეტი მეკუთვნის, იმის გამო, რომ ტუალეტში ხუთი საათი გვამთან ერთად გავატარე.
– დიდი ამბავი, – უთხრა კლარისამ, – დაგავიწყდა, გარეთ ვინ გადააგდო?
– მე კიდევ მისი მოკვლა მომიხდა, – სევდიანად ამოიოხრა რადისტმა.
– ჩარლზ ვაგნერი – აი, ვის არ გაუმართლა ყველაზე მეტად, – თქვა კაპიტნის თანაშემწემ და გაიღიმა, – ტუალეტში ცუდ დროს რომ არ შესულიყო, ახლა ცოცხალი იქნებოდა. საინტერესოა, ცხოვრებაში ფულს რითი შოულობდა?