კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ღამის საჩუქარი





ანდრო ჩუმად ეწეოდა სიგარეტს და თან ლიკას აკვირდებოდა. უცებ გაიფიქრა, ნეტავი ამ ქალში რა მომეწონა, რომ გადავირიეო და კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. არა, ქალს რაღაც განსაკუთრებული აშკარად ჰქონდა, მაგრამ ისეთიც არაფერი, რომ მის დასაპყრობად სისულელეები ეკეთებინა. ლიკას ლაპარაკი უჭირდა... ცრემლიც რამდენჯერმე მოიწმინდა...

– აი, ეს არის ჩემი პრობლემა. ყოველთვის ისე მჯეროდა მისი... ახლა კი რა გამოვიდა... თურმე მთელი ცხოვრება მატყუებდა.

ანდრომ სიგარეტს მოხერხებულად შეუნაცვლა თითი და საფერფლეზე დაასრისა.

– როგორც მივხვდი, დამნაშავე ფული ყოფილა, ის ფული, რომელიც შენს ქმარს მოულოდნელად გაუჩნდა... მდა, კაცის პოზიციიდან გეტყვი, რომ ამაში საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ.

– ეს იმიტომ, რომ ჩემს ქმარს არ იცნობ, – ლიკამ ხელსახოცით ცრემლი მოიწმინდა და ამოიოხრა.

ანდროს გაეღიმა და გაიფიქრა: „რა კარგია, ამ ქალს ჩემი ფიქრების წაკითხვა რომ არ შეუძლია, მასთან შედარებით, აშკარა უპირატესობა მაქვს. იმდენი ვიცი, გართობა რომ მინდოდეს, ან საამისო განწყობა მქონდეს, ჭკუიდან შევშლიდი ჩემი „ნათელმხილველობით“. რა საშინელებაა პირად ცხოვრებაზე მოლაპარაკე ქალი, რომელმაც გულის სიღრმეში იცის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც თავისი ქმრის გვერდით ურჩევნია ყოფნა... არა, რა... ქალები მაინც ძალიან სულელები არიან. რაღაც მომენტში ნობელის პრემიის ლაურეატიც კი ისეთ სიშტერეს „დააბრეხვებს“, გაოგნებულს დაგტოვებს. რა სჭირს ახლა ამას, ლამის თავისი და თავისი ქმრის ლოგინის ამბებს რომ მიყვება? კაცმა ფული იშოვა... შეირგე, რა, რას ქექავ და არკვევ, ვინ მისცა!..“

– ჰო, მართლა, შენ არ გითქვამს, რა გიპასუხა ქმარმა, როცა ამ ფულის წყაროს შესახებ ჰკითხე...

ლიკამ ისევ წაისლუკუნა:

– რაღაც აბსურდული ტყუილი მომიჩმახა... გამეცინებოდა, სატირლად რომ არ მქონოდა საქმე. ზოგი მამაკაცი, მაინც, როგორი სულელია, ტყუილის მოგონებაც არ შეუძლია, ისეთის, დამაჯერებლად რომ ჟღერდეს.

ანდროს კინაღამ სიცილი აუტყდა, მაგრამ დროზე შეიკავა თავი და მთელი სერიოზულობით თქვა:

– ზოგჯერ სწორედ ის არის სიმართლე, ჩვენ რომ ტყუილი გვგონია. ზოგჯერ კი არა, ძირითადად ასეა ხოლმე. რატომღაც, ტყუილს გაცილებით ადვილად ვიჯერებთ, ასეთები ვართ ადამიანები.

ლიკამ ცხვირი მოიწმინდა.

– ანუ, გინდა, მითხრა, რომ ჩემს ქმარს ჩემთვის სიმართლის თქმა უნდოდა?

– არ ვიცი, თავს ვერ დავდებ. უბრალოდ, არ გამოვრიცხავ, რატომ უნდა უნდოდეს შენი მოტყუება, თუ უყვარხარ?

– რა ვიცი, რატომ ტყუიან მამაკაცები? რის გამო...

ანდრომ გაიღიმა.

– ალბათ, იმის გამო, რის გამოც ქალები ტყუიან ხოლმე.

– ეს პასუხი არ არის. მამაკაცური ტრიუკია, რომ პასუხიდან დაიძვრინონ თავი.

– ამ შემთხვევაში, მამაკაცის გარდა, მეგობარიც ვარ და აქ სწორედ ამ სტატუსით ვარ წარმოდგენილი. ასე რომ, ნუ დამწამებ ჩემი სქესისთვის დამახასიათებელ ნაკლოვანებებს.

– გეწყინა? – შეცბა ლიკა.

– არა, ჩემო კარგო. მე ასეთი ბუტია არ გახლავარ, მით უმეტეს, როცა ჩემს მეგობარს უჭირს, პირად კომფორტზე აღარ ვფიქრობ ხოლმე. რადგან გადავწყვიტე, რომ დაგეხმარო, ყველანაირად შევეცდები ამას, მაგრამ შენც ყველაფერი უნდა მითხრა, თანაც – გულახდილად. ექიმთან რომ მიდიან, ხომ გულახდილად უყვებიან, რა აწუხებთ. სხვანაირად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია. მოკლედ, რა მიზეზი გითხრა შენმა ქმარმა ფულთან დაკავშირებით ამისთანა, რომ არ დაუჯერე?

ლიკამ შუბლი მოისრისა.

– ბოლომდე არ მოვუსმინე, ისეთი გამწარებული ვიყავი... სალაპარაკოდ მივედი და კაცთან ერთად დამხვდა.

ანდროს პირთან მიტანილი ხელი გაუშეშდა:

– მოიცა. რას ნიშნავს, კაცთან ერთად დაგხვდა? საყვარელი ჰყავს და ფულს ის აძლევსო, არ მითხარი?

– საყვარელიც ჰყავს... – დაუზუსტა ლიკამ.

ანდრომ წაუსტვინა:

– ახლა ნუ გადამრევ. ქალიც ჰყავს საყვარელი და მამაკაცთანაც ცხოვრობს? იგონებ, ალბათ...

– არაფერსაც არ ვიგონებ. შენ ხომ არ იცი, როგორ მდგომარეობაში მივუსწარი.

– აჰა, მიუსწარი კიდეც?! – ანდრო საბოლოოდ გაოგნდა, – ჰოო, აქ საქმე იმაზე სერიოზულად ყოფილა, ვიდრე პირველი შეხვედრისას მეგონა.

– ხომ გეუბნებოდი, პრობლემა ძალიან სერიოზულია-მეთქი, – დასევდიანდა ლიკა, – ვერავინ მიშველის, ვერავინ...

– არა, არა... ასე პესიმისტურადაც არ გვინდა. ხომ იცი, გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. ძალიან ბევრჯერ დავრწმუნდი ამაში. შეგიძლია, მენდო... მით უმეტეს, ერთად აუცილებლად მოვიფიქრებთ რაღაცას.

– რაღაცას? მე მხოლოდ სიმართლე მაინტერესებს. მასთან აღარ დავბრუნდები. გამორიცხულია!

ანდროს ძალიან არ მოეწონა მისი კატეგორიული ტონი. „თუ ამას იმედი აქვს, რომ ცოლად შევირთავ, ძალიან ცუდ დღეში ყოფილა. ესღა მაკლდა! ქმართან არ დაბრუნდება და მაინც სიმართლე აინტერესებს. ვერასდროს ვხსნიდი ქალის ფენომენს – გიმტკიცებენ, ადამიანი არ მაინტერესებსო და მაინც უნდა, რომ ყველაფერი მის შესახებ იცოდეს. მამაკაცებს ასეთი მაზოხისტური გადახრები აშკარად არ გვაქვს – თუ არ მაინტერესებს ადამიანი, დამთავრებულია ყველაფერი. პრინციპში, ჩემს წისქვილზე ასხამს წყალს ის, რომ ქალბატონი ასეთი ცნობისმოყვარეა. როგორმე უნდა დავარწმუნო, რომ ქმართან დროებითი დაზავება აუცილებელია“...

– მე წავალ, – თქვა უცებ ლიკამ და ასადგომად წამოიწია.

ანდრო სწრაფად გამოერკვა:

– არა, არა, სად წახვალ, ჯერ არაფერი მოგვიფიქრებია.

– ჩვენ ვერც ვერაფერს მოვიფიქრებთ.

– რატომ? მე საკმაოდ სხარტად ვაზროვნებ, – თავი გამოიდო ანდრომ და ლიკას ისე გაუღიმა, ქალს წუთის წინ გაჩენილი ეჭვები გაეფანტა.

– ცუდად გამომივიდა. არ მინდოდა. უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ, მგონი, ტყუილად ვნერვიულობ ამდენს. იქნებ, საერთოდ დავივიწყო და ცხოვრება თავიდან, ცარიელი ფურცლიდან დავიწყო.

ანდრო შეიჭმუხნა, კოლოფიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა.

– ვფიქრობ, შეცდომას უშვებ, ასე ხელაღებით რომ აპირებ მისგან გათავისუფლებას. შვილი ხომ გყავთ? მამა ვალდებულია, მასზე იზრუნოს. ფული უნდა გამოართვა. თანაც ისე, რომ სინდისმაც არ შეგაწუხოს.

– მანქანა მომიყვანა და დამიტოვა. მე არ მითხოვია. ფულსაც სისტემატურად უგზავნის ბავშვს. მაგრამ, მე არ მინდა მისი ფული, ასე მგონია, იმ ქალის სუნი აქვს.

– ოო, ეგ უკვე მეტისმეტია. გადაჭარბებული ემოციები არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს. ვიმსჯელოთ და ვიმოქმედოთ ცივი გონებით. გამომდინარე იქიდან, რა იქნება შენთვის სასარგებლო.

– ჩემთვის სასარგებლო იქნება, დავიძინო... გავიღვიძო და არაფერი მახსოვდეს, – ამოიოხრა ლიკამ.

ანდრომ სიგარეტიანი ხელი დაუქნია:

– აი, ეგ ისევ ემოციაა. მომისმინე, შენ რა გინდა? რაღაც ვერ გავიგე...

– მშვიდი ცხოვრება. რა არის აქ გაუგებარი?

– ჰო, ქალებს ძირითადად მშვიდი ცხოვრება გინდათ. მიუხედავად ამისა, მაინც ყველაფერს აკეთებთ, რომ არათუ საკუთარ თავს, სხვასაც დააკარგვინოთ სიმშვიდე.

– მე არ ვიცი, სხვა ქალები რას აკეთებენ, მაგრამ მე ნამდვილად არ მინდოდა, ცხოვრება ამწეწოდა. საკმაოდ ბევრი ვითმინე და აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. ლამის ვნანობ კიდეც, გული რომ გადაგიშალე. ამით ჩემს პრობლემას არაფერი ეშველა და, მგონი, შთაბეჭდილებაც წაგიხდინე ჩემზე.

– არა, ეს არ უნდა იფიქრო. მე შენთან გულახდილი ვარ. თანაც, ანგარიშმიუცემლად გეუბნები იმას, რასაც ვფიქრობ. არაფერს ვალამაზებ და ვაფერადებ. არ დაგიმალავ, ძალიან მომწონდი...

– ჰო? აი, ეს უკვე გულახდილ ლაპარაკს ჰგავს, – გაეღიმა ლიკას.

– რა არის დასამალი, შენ ხომ მაინც მიმიხვდები ტყუილს.

ლიკამ თავი დაუქნია:

– აბა, რა... მიგიხვდები.

– ამიტომაც, პირდაპირ გეუბნები, მომწონდი-მეთქი და შენს მოხიბვლასაც ვცდილობდი.

– უფრო სწორად, „შებმას“...

– არა... „შებმას“ შენ ვერ გაკადრებდი. იყოს მოხიბვლა, ნუ ვიდავებთ.

– კარგი, იყოს... მაგრამ ასე რატომ მელაპარაკები, აღარ მოგწონვარ და აღარ ცდილობ ჩემს მოხიბვლას?

– ამ ეტაპზე – არა.

კაცის ასეთმა პასუხმა ლიკას გული დასწყვიტა.

– მაინც გმადლობ, გულახდილობისთვის. ილუზიებს მაინც აღარ შევიქმნი...

– დამცინი? შენ არ ჰგავხარ ქალს, რომელიც ილუზიებით ცხოვრობს. ძალიან პრინციპული და ჯიუტი ხარ.

– ჩემი სიჯიუტე შენთან არ გამომიმჟღავნებია.

– როგორ არა, რამდენჯერაც გინდა, – გაიცინა ანდრომ, – უბრალოდ, შენ ვერც კი შეამჩნიე, როგორც ვერ ამჩნევენ ხოლმე, საერთოდ, საკუთარ ნაკლოვანებებს. თუმცა, მე სიჯიუტეს ნაკლად არ მივიჩნევ.

– რაღაცის თქმა გინდა, – მიხვდა ლიკა.

– ჰო. მგონი, საბოლოო მიზნის მისაღწევად, ცოტა დათმობაზე აუცილებლად უნდა წახვიდე.

ლიკამ თვალები მოჭუტა:

– პირდაპირ მითხარი, რას გულისხმობ.

ანდრომ სიგარეტი ჩააქრო და ქალს ჩააშტერდა.

– რა მოხდა, მზოგავ? რას არ მეუბნები, – დაიძახა ლიკამ.

– სწორად გამიგე, არაფერს გაძალებ. ღმერთმა დამიფაროს. უბრალოდ, მომისმინე. იმას გეტყვი, რას გავაკეთებდი, შენს ადგილას რომ ვყოფილიყავი.

– მიდი, მითხარი... – შეაგულიანა ლიკამ.

– ცივი გონებით და მშვიდად მოისმენ, ხომ? – შეახსენა ანდრომ.

– ჰო, გპირდები.

– მოკლედ, ასე: ქმართან უნდა დაბრუნდე ცოტა ხნით.

– რა?! მგონი, გაგიჟდი! ამისთვის მამზადებდი ამდენ ხანს? – ლიკამ აღშფოთებისგან ჭიქას მიჰკრა ხელი და ღვინო მაგიდაზე დაღვარა. ანდრომ მაშინვე სტაცა მკლავში.

– მოიცადე, დამშვიდდი. ხომ შევთანხმდით, მხოლოდ გონებით უნდა გეხელმძღვანელა.

– ჰო, მაგრამ შენ წარმოდგენა არ გაქვს, რას მეუბნები. ქმარს დავუბრუნდე? მე? ამ ყველაფრის შემდეგ? შეუძლებელია. მაშინ საკუთარ „მეს“ უნდა მივაყენო შეურაცხყოფა და ყველაფერ იმაზე ვთქვა უარი, რასაც აქამდე პატივს ვცემდი.

– არა, არა, მე ეგ არ მითქვამს. არ გინდა სიტუაციის ასეთი დრამატიზება. ახალი ცხოვრების დაწყება და სიმშვიდე გინდა; თან, გაინტერესებს, საიდან შოულობს ფულს შენი ქმარი. მე კი, გთავაზობ გზას ამ ყველაფრის გასარკვევად. ვერასდროს იქნები მშვიდად, თუკი ბოლომდე არ გაარკვევ და არ გეცოდინება, რას გრძნობ იმ ადამიანის მიმართ, ვინც, მგონი, ისევ გიყვარს.

– მე მიყვარს ლაშა? ჰა, ჰა, რა სისულელეა!

ანდრომ მხრები აიჩეჩა:

– მაშინ, რატომ ნერვიულობ? მით უმეტეს, ძალიან იოლი უნდა იყოს შენთვის, თავი გამოსცადო.

– რაში გამოვცადო, ვერ ვხვდები?

– ლიკა, უნდა დარწმუნდე, რომ ამ კაცთან ყველაფერი მორჩა.

– მორჩა ყველაფერი, მორჩა!.. – წამოენთო ქალი.

– არა, არ მორჩა და სახეზე გაწერია, რომ ასეა... – ანდრომ მობილურ ტელეფონს ხელისგული დააფარა და ჯიბისკენ გააცურა...

– ვიღაც ძალიან აქტიურად ცდილობს შენთან დაკავშირებას. ალბათ, ქალია.

– რა მნიშვნელობა აქვს, მოიცდის...– გულცივად ჩაილაპარაკა ანდრომ.

– გმადლობ, რომ მომისმინე, – ამოიოხრა ლიკამ, – მაგრამ მე ლაშასთან შეხვედრის სურვილი არ მაქვს.

– ცუდია. მაშინ, კიდევ დიდხანს იწვალებ, დაიტანჯები. არადა, რა მარტივად შეძლებდი პრობლემის მოგვარებას...

– იმისთვის, რომ პრობლემა მოვაგვარო, ლოგინშიც ხომ არ ჩავუწვე? – ღვარძლიანად თქვა ლიკამ.

– რატომაც არა? მამაკაცები ლოგინში ისეთი გახსნილები ხდებიან, როგორც არსად. ისარგებლე ამით, მიდი, მიდი... ქმარია, ბოლოს და ბოლოს, უცხო მამაკაცს ხომ არ უწვები...

ლიკამ ისევ ამოიოხრა:

– მეგონა, შენ მაინც გესმოდა ქალების.

– მე? აბა, რას ამბობ. ქალების რომ მესმოდეს, იცი, რა მაგარი ტიპი ვიქნებოდი?!

– არ ხარ მაგარი ტიპი? – ყასიდად გაიოცა ქალმა.

– არა, რა თქმა უნდა. მე რასაც ვგულისხმობ „მაგარ ტიპობაში“, თუ იმ კონტექსტში საკუთარ თავს განვიხილავ, მაშინ მანდამდე ჯერ კიდევ ბევრი მიკლია, მაგრამ, თემას ნუ გადავუხვევთ.

– ჰო. მივხვდი, მაინც მამაკაცი ხარ.

– ეგ რა შუაშია. მე შენს ქმარს არც ვიცნობ და, რომც ვიცნობდე, მაინც შენს მხარეზე ვიქნებოდი. უბრალოდ, საკუთარი გამოცდილებიდან გირჩევ, აუცილებლად უნდა დაასრულო ერთი, რომ დაიწყო მეორე, თუ მართლა მშვიდი ცხოვრება გინდა – რეალობა ეს არის... ეჭვით დამძიმებული კი მოსვენებული ვერ იქნები... მოდი, ასე მოვიქცეთ: დამშვიდდი, დაურეკე შენს ქმარს, მერე შეხვდი და დაელაპარაკე. ინტიმური გარემო უფრო აალაპარაკებს...

– და, ისევ მომატყუებს...

– ეგ შენზეა დამოკიდებული, ნუ მოატყუებინებ თავს. ყველა ვერსია მოისმინე და მერე ერთად განვიხილოთ. აუცილებლად მივალთ რაციონალურ ვარიანტამდე.

ლიკამ შუბლზე მოისვა ხელი:

– არ ვიცი, ვნახოთ.

– ჰო, რა თქმა უნდა. ეს მხოლოდ შენი გადასაწყვეტია. წაგიყვანო სახლში?

– სახლში არ მივდივარ.

ანდრომ გაკვირვებით შეხედა.

– პროფილაქტიკაში მყავს მანქანა დატოვებული, პატარა პრობლემა ჰქონდა.

– ძველი თუა, გირჩევ გამოცვალო. პრობლემები არ დაელევა.

– გამოცვლას ფული სჭირდება, მე კი არ მაქვს ეს ფული.

– თუ მოინდომებ, გექნება. დამიჯერე.

– თუ ჩემს ყოფილს გულისხმობ, მის ფულს ხელს მანამ არ მოვკიდებ, სანამ არ გავიგებ, საიდან აქვს.

– მდაა, ძალიან ართულებ ყველაფერს. ვფიქრობ, არც ასეა საქმე.

– ვართულებ? შეიძლება, ორი საყვარელი ჰყავს – ქალი და კაცი... მარტივად როგორ უნდა ვიფიქრო ამაზე?

– იქნებ, არც ერთი ჰყავს და არც მეორე?.. – ანდრომ მობილური ჯიბიდან ამოიღო და დახედა, მოიღუშა და გათიშული ისევ ჯიბეში ჩაიტენა, – საქმე გამომიჩნდა. წავიდეთ. მოგვიანებით შეგეხმიანები და მითხარი, რას გადაწყვეტ.

– ჰო, დაგირეკავ, მაგრამ, ვერ შეგპირდები.

– ეგ პასუხი არ მომწონს. ხომ არ გაწყენინე?

– არა, ეგ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ცოტა ხანს მარტო ყოფნა მინდა, რაღაც უნდა გადავწყვიტო.

– იმედი ხომ არ გაგიცრუე? – ანდრო მიხვდა, რომ იმ ქალის ნდობის დაკარგვა და განაწყენება ძალიან არ აწყობდა. ამიტომ, ცოტა „დაუთბა“ – სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და ტუჩები ყურთან ახლოს მიუტანა:

– შენი ქმარი ძალიან სულელი იქნება, თუ დაგკარგავს...

ლიკამ გაიღიმა, მაგრამ გაყუჩდა. ესიამოვნა კაცის ხელიდან წამოსული სითბო და პატარა ბავშვივით გაინაბა...

***

...თუ მსახიობად არ დაბადებულხარ, სცენაზე არ უნდა ახვიდე. რა აზრი აქვს ყალბ აპლოდისმენტებს, ნაცნობ-მეგობრების მორთმეულ ყვავილების თაიგულებს, ან შენი უნიჭობის ტალანტად გამოცხადებას. შენ ხომ იცი, რომ ეს ყველაფერი ბლეფია?! ნუთუ შენი ამბიცია ღირს იმად, რომ თავი მოიტყუო, მით უმეტეს, როცა ეს სცენა თავად ცხოვრებაა? ერთხელაც ისე ჩაფლავდები, ვეღარაფერი გიშველის... ხშირად გამიგია, ადამიანები სულ თამაშობენ – ნიღბებს ირგებენ და ცდილობენ, იმაზე უკეთესები გამოჩნდნენ, ვიდრე სინამდვილეში არიანო... ზოგიც, პირიქით, ცდილობს, თავი უარესად მოგაჩვენოს, იმაზე უარესი შთაბეჭდილება შეგიქმნას თავის თავზე, ვიდრე შენ გაგიჩნდა მისი ნახვისას. რატომ აკეთებენ ადამიანები ამას?

მე არ მაქვს უფლება, რომ რამე დავამტკიცო. ჯერ თავადაც არ ვარ ჩემი ვერსიის სისწორეში დარწმუნებული. ადრე საერთოდ ვფიქრობდი, რომ „დამნაშავე“ ის არასრულფასოვნების კომპლექსი იყო, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში თან გვდევს, პერიოდულად თავსაც გვახსენებს და სხვადასხვა სახეს იღებს, მაგრამ, ახლა მივხვდი – ჩვენ დაკარგულ სამოთხეს ვეძებთ... იმ სამოთხეს, რომელიც თვალით არასოდეს გვინახავს... მხოლოდ ყურმოკვრით გვსმენია მასზე და არაფრით არ გვინდა დავიჯეროთ, რომ დედამიწაზე არ არსებობს... ძნელია, ჰო, ძნელია... მაგრამ სწორედ ეს ჯვარი გვერგო ჩადენილი ცოდვებისთვის... ან, იქნებ, უგუნურებისთვის...

***

ანდრომ ხელისკვრით შეაღო კაბინეტის კარი და იქ მყოფები წყრომით შეათვალიერა. ბოლოს ინაზე შეაჩერა მზერა:

– აბა, რა მოხდა, რომ ამიკელით, გაგვაკოტრა იმ ნაბიჭვარმა? მოეთრა, ხომ, ისევ?

ინამ ზურას გადახედა, მიხვდა, არაფრის თქმას რომ არ აპირებდა და ინიციატივა ისევ საკუთარ თავზე აიღო:

– იცით, რაშია საქმე, ბატონო ანდრო? დღეს გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდა, სრულიად გაუთვალისწინებელი...

– მაინც, რა მოხდა?

– წააგო...

– რა?! რას ამბობ!.. თქვენ რას მომჩერებიხართ? გამაგებინეთ, რა ხდება!..

ინამ მხრები აიჩეჩა, ისევ ზურასკენ გაიხედა და იმანაც იკადრა საუბარში ჩარევა.

– რა არის გაუგებარი? წააგო ტიპმა, რა!..

– რამდენი წააგო?

– მაგას რა მნიშვნელობა აქვს, ტო, მთავარია, რომ არ მოუგია ტიპს, ანუ, ყველაფერი წესრიგშია, მოიხსნა პრობლემა.

ანდრომ ძლივს შეიკავა თავი, რომ ზურასთვის სიგარეტის კოლოფი სახეში არ ესროლა.

– ესე იგი, პრობლემა მოგვარდა... რა იდიოტი ხარ! მაგ ტვინში ხვეულა საერთოდ არ გაქვს? სულ არც ერთი? რა პრობლემა მოგვარდა, რომ შეკრებილხართ აქ და გიხარიათ? ინა, შენ რაღა დაგემართა? შენი იმედი მაინც მქონდა.

– ბატონო ანდრო... – აღელდა ინა, – მე ვიფიქრე, რომ...

– არ მაინტერესებს, რა იფიქრე, საერთოდ არ მაინტერესებს. ეგ ტიპი ჩემი დიდი პრობლემაა. ძალიან, ძალიან დიდი... წაუგია, თურმე... მერე რა, ხვალ ისევ მოიგებს, მერე ისევ მოიგებს... ისევ, ისევ!..

– აუუ!.. შეიცხადა ზურამ, – გაგიჟდი შენ?! „გაჭედე“ მაგ ტიპზე თუ რა ხდება?

– იდიოტი ხარ-მეთქი და მოკეტე! – თვალები აენთო ანდროს... – ის მეორე იდიოტი სად არის... ჩვენი ფსიქოლოგი? ინა, მომიძებნე და აქ მომიყვანე ახლავე!

***

... დამავიწყდა თქვენთვის მეთქვა, რომ, როცა ფული გაქვს, ადამიანები სხვანაირად აღგიქვამენ. ახლა არ მკითხოთ, როგორ სხვანაირადო... იმიტომ, რომ ესეც თითქმის ინდივიდუალურია. ზოგს შურს, უმეტესობას შურს, თეთრი, შავი, ლურჯი, წითელი თუ ალისფერი შურით – ამას მნიშვნელობა არ აქვს. ზოგი იბოღმება და მკერდში მჯიღის ცემით იწყევლის ბედს. ზოგს უკვირს. ზოგი გაიოცებს, სიტყვებით: „ამ მათხოვარს ამდენი საიდანო და, თუ გაგიმართლა, შენი ნაცნობ-მეგობრების ძალიან უმნიშვნელო ნაწილს, შესაძლოა, გაუხარდეს. თუმცა, ეს სიხარულიც არ იქნება უანგარო და სრულფასოვანი, რადგან მასშიც აუცილებლად იქნება „გამორჩენის მარცვალი“. ანუ, სათავისოდ გაუხარდებათ. ჯობია, თავიდანვე შეეგუოთ იმას, რომ გულშემატკივრის ყიდვაც ამ ფულიდან მოგიწევთ. სხვა შემთხვევაში, მარტოდმარტო აღმოჩნდებით ფულით გატენილი ჯიბეებით. ისე, ძალიანაც ნუ განიცდით ამას, რადგან თქვენც შეიცვლებით, ანუ, იმის თქმა მინდა, რომ თქვენც სხვანაირი გახდებით. გარემოება ქმნის შეგნებასო, თქვა ერთმა რევოლუციური იდეებით აღჭურვილმა ფილოსოფოსმა (გვარსაც გეტყოდით, მაგრამ დღეს ის მოდაში აღარ არის და მისი ვინაობაც არაფერში გამოგადგებათ) და არ შემიძლია, არ დავეთანხმო. რამდენიც უნდა ვამტკიცოთ – რაც ვარ, ეს ვარ, არ შევიცვლები და არანაირ სიტუაციაში ღირსებას არ დავკარგავო, საკმარისია, გამოუვალი გარემოება შეიქმნას, რომ მაშინვე შეიცვლი აზროვნების მიმართულებასა და ქცევის ნორმებს. დიახ, სწორედ გარემოებაა ჩვენი შეგნების შემქმნელი, მაგრამ, უცნაური და საინტერესო, იცით, რა არის?! – იმ გარემოებასაც ისევ ჩვენ თვითონ ვიქმნით...

***

ანდრომ კბილები გააღრჭიალა:

– სიამოვნებით დაგინაყავდი ცხვირ-პირს. მარტო ამ გამოშტერებული სიფათისთვის გეკუთვნის ერთი კარგი გასილაქება!

ზურამ ხელები აიქნია:

– რა გასილაქება! შენ ცოტა აურიე, ჩემო ძმაო! ამდენი ადამიანი გეუბნება, არაფერი ხდებაო და მაინც იმას ამტკიცებ, ქვეყანა მენგრევა თავზეო. არ ინგრევა ქვეყანა, არა! ყველა პოსტზე იყო და ყველა აკვირდებოდა. იგებდა – პატიოსნად იგებდა, წაგებითაც ჩვეულებრივად წააგო... შენ კი, თუ ჩხუბი გინდა და ხელები გექავება, არ არის პრობლემა, გავიდეთ და ვიჩხუბოთ, ოღონდ, ერთი-ერთზე. დაცვამ რომ არ გაგვაშველოს, ისე...

– ბატონო ანდრო, ბატონო ზურა, დამშვიდდით, დარბაზი ხალხით არის სავსე... ჩხუბით რას მიაღწევთ? – ინა შეწუხდა და კაბინეტში იმ წუთის შემოსულ ფსიქოლოგს გადახედა მუდარით, მიშველეო.

– ბატონებო, დამშვიდდით, ძალიან გთხოვთ, ბოლოს და ბოლოს, მომეცით მუშაობის საშუალება. შეიძლება, ბატონ ანდროსთან მარტო დამტოვოთ?

ზურა ადგა.

– სიამოვნებით. იმიტომ, რომ უკვე აუტანელია მისი ბღვერა. არავინ არ არის დამნაშავე იმაში, რომ ვიღაც კრეტინმა რამდენჯერმე ფული მოიგო. რას დაგოიმდი, ტო! ამდენი ადამიანი აკვირდებოდა და აკვირდება ერთ ჩვეულებრივ ტიპს... როგორ ფიქრობ, ყველა იდიოტია?

– ინა, გაათრიე ეს აქედან და დარბაზში გადი, ნახე, იქ რა ხდება!.. – ანდრომ შუბლზე მოისვა ხელი და ზურას მტრული მზერა მიაპყრო.

– რას მიყურებ? ფსიქოლოგი შენ გჭირდება, თანაც, რაც შეიძლება, დროულად, სანამ სულ გაგიფრენია. ინა, წყალი მიუტანე, იქნებ, ცოტა დამშვიდდეს.

– ზურა... გეყო!

ინა და ზურა გავიდნენ. რამდენიმე წამში ინა შემობრუნდა და მოზრდილი ჭიქით ყინულიანი წყალი შემოიტანა.

– ეს რა არის? – ჰკითხა ანდრომ ბღვერით, – მე წყალი გთხოვე? რაღაც არ მახსოვს...

– დამშვიდდით, ძალიან გთხოვთ, – ინამ ჭიქა დადგა და კარი გაიხურა.

ანდრომ წყლიან ჭიქას დახედა.

– თქვენც ფიქრობთ, რომ დამშვიდება მჭირდება?

– დიახ. თუმცა, მეც ისეთივე ეჭვი გამიჩნდა, როგორიც თქვენ.

ანდროს სახეზე გაოცება გამოესახა:

– მიხვდით, მე რა ეჭვი მაქვს?

ფსიქოლოგმა თავი დაუქნია და გაიღიმა:

– რა თქმა უნდა. ეს ხომ ძალიან მარტივია. ფსიქოლოგიაში ამას თავისი სახელიც აქვს, მაგრამ თქვენ ის არაფერში გჭირდებათ. დღეს ვაკვირდებოდი და ისეთი აღარ იყო, როგორიც წინა დღეებში.

– რა გინდათ, ამით თქვათ?

– დღეს ის ნერვიულობდა, თანაც, საკმაოდ შესამჩნევად.

– ეს ბუნებრივად არ გეჩვენებათ? მან ხომ წააგო?

– დიახ, მაგრამ, მანამდე ნერვიულობდა, სანამ წააგებდა, მერე კი დამშვიდდა.

– აჰა, – ანდრომ წყალი მოსვა და მაგიდაზე თითები აათამაშა, – ესე იგი, თუ სწორად მივხვდი, მოვიდა იმიტომ, რომ წაეგო?

ფსიქოლოგმა თავი დაუქნია:

– გამორიცხული არ არის. თუმცა, არაფერს ვამტკიცებ. სწორად გამიგეთ. ადამიანის ფსიქიკა საკმაოდ რთულია, ზოგჯერ სრულიად არაადეკვატურ ქცევებში გამოხატული, ამიტომ, დაზუსტებით რამის თქმა მიჭირს.

– კარგი საექსპერიმენტო ობიექტია, არა?

– დიახ, საკმაოდ საინტერესო შემთხვევაა. იცით, არსებობენ თაღლითებიც „სიცრუის დეტექტორსაც“ რომ გააცურებენ. ყველაზე მგრძნობიარე ხელსაწყოებიც კი შეჰყავთ შეცდომაში.

– თქვენ ფიქრობთ, ასეთი რანგისა და შესაძლებლობების თაღლითთან გვაქვს საქმე აქ, ამ ქვეყანაში?

– რატომაც არა?! ქართველები ნიჭიერი ხალხი ვართ.

– სურვილი მიჩნდება, ერთი კარგად დავამუშავებინო და ავამეტყველო, როგორც საჭიროა. ძალიან დამღალა და გამაღიზიანა ამ გაურკვევლობამ.

– მე არ გირჩევთ, – თავი გააქნია ფსიქოლოგმა, – ეს სხვა, გაუთვალისწინებელ პრობლემებს შექმნის. არც ის იდეა მომწონს – „დამუშავებასთან“ დაკავშირებით. იქნებ, რამე განსაკუთრებულ მოვლენასთან გვაქვს საქმე?

– ეგ არის „განსაკუთრებული მოვლენა“? ეგ იდიოტი და ერთუჯრედიანი? – ანდრომ ბოღმით ჩაიცინა, – უნდოდა ეთქვა, საკუთარი ცოლი ვერაფერში დაურწმუნებია და რისი მაქნისი უნდა იყოსო. მაგრამ, ფსიქოლოგთან კარტის ბოლომდე გახსნა არ ღირდა, – მე მეშინია, ექსპერიმენტმა ძალიან არ გაგიტაცოთ და რეალობას საერთოდ არ მოსწყდეთ.

– რას ბრძანებთ... – შეწუხდა ფსიქოლოგი.

– რას ვბრძანებ? გიცნობთ მეცნიერებს: თქვენ თქვენი ღირებულებები და პრიორიტეტები გაქვთ, მე კი ჩემი ბიზნესი მაინტერესებს.

– მესმის, ბატონო ანდრო. რა თქმა უნდა, მე ვალდებული ვარ, თქვენი მოთხოვნების შესაბამისად ვიმუშაო.

– დიახ, სწორად მიმიხვდით, ჩემი მოთხოვნების შესაბამისად უნდა იმუშაოთ – ეს ჩემი „პროექტია“ და ფულსაც მე ვიხდი.

– დიახ, დიახ...

– ახლა რას მირჩევთ, რა უნდა გავაკეთოთ?

– ჯერ უნდა დავიცადოთ – ვნახოთ, ის როგორ მოიქცევა.

– მოვა, ითამაშებს და, ან წააგებს, ან – მოიგებს...

– საქმეც ეგაა, ან წააგებს, ან მოიგებს... – ჩაილაპარაკა ანდრომ, – რა, „არიოლი“ და „რეშკა“ უნდა ვითამაშოთ და ავაგდოთ თუ?..

– სხვა ალტერნატივა მაინც არ გვაქვს, ამ ეტაპზე მაინც ვერაფერს შევცვლით.

– კარგი. თქვენ საქმეს მიხედეთ. მგონი, მართალი ბრძანდებით – ამ ეტაპზე ვერაფერს შევცვლით...

***

ლიკას ყველაფერს ერჩივნა, სადმე ისეთ ადგილას წასულიყო, სადაც არავინ დაელაპარაკებოდა და შეძლებდა, რამდენიმე საათი საკუთარ თავთან პირისპირ მარტო დარჩენილს გაეტარებინა. ფიქრი და სიმარტოვე ძალიან სჭირდებოდა, მაგრამ, სად უნდა ეპოვა ასეთი ადგილი – პარკში, ხის ქვეშ ხომ არ დაჯდებოდა. შეეძლო, რომელიმე პატარა სასტუმროში ნომერი აეღო და ერთი ღამე იქ გაეტარებინა. მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ეს საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. ფულიც ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ერთ უბრალო ნომერს ნამდვილად ეყოფოდა. მაგრამ, როცა წარმოიდგინა, როგორი დამაჯერებელი ტყუილის მოფიქრება მოუწევდა, ლიანას ერთი ამბავი რომ არ აეტეხა და შვილზე საყოველთაო ძებნა არ გამოეცხადებინა... სოფოსთან შეიძლებოდა მისვლა, მაგრამ ბოლოს ეს ვარიანტიც გადაიფიქრა და ერთბაშად აღმოაჩინა, რომ ძალიან მარტო იყო... არადა, დედაც ჰყავდა, მამაც, შვილიც, მეგობრებიც... ანდრო მართალი იყო, როცა ეუბნებოდა, საკუთარ თავთან თუ მართალი არ იქნები, ვერ მოისვენებო. საკუთარი თავის მოტყუება იმაზე საშინელი აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ეგონა. თუმცა, ლაშასთან შეხვედრის წარმოდგენაზე უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა. უნდოდა მისი ნახვა, ძალიან უნდოდა, მაგრამ მოსალოდნელი იმედგაცრუების შიში უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ნახვის სურვილი... „უნდა გავთავისუფლდე გრძნობისგან, ემოციებისგან უნდა დავიცალო... ყველაფერი ისე უნდა გავაკეთო, როგორც ანდრომ მითხრა... მასაც არაფერში სჭირდება ქალი სტრესითა და ფსიქოლოგიური პრობლემებით. ვერავინ მიშველის, ვერავინ მომეხმარება...“ – ლიკამ საჭეზე ორივე ხელი ჩამოაყრდნო და სვლა შეანელა. თითქმის მაშინვე გაიგონა გაბმული სიგნალი – უკან მომავალი მანქანის მძღოლს აშკარად არ მოეწონა მისი გადაწყვეტილება. ლიკამ მანქანა გზიდან გადაიყვანა და გააჩერა. თითქმის იმავე წუთს მისმა მობილურმაც დარეკა.

– ჰო, მე ვარ. არა, ჯერ სახლში არ მივსულვარ. ვფიქრობ... ჰო, იმაზე ვფიქრობ, რაც მითხარი და, მგონი, მართალი ხარ. სამწუხაროდ, ჯერ ვერ შევძლებ... უბრალოდ, ვნახო და დაველაპარაკო? არ ვიცი, ანდრო... ეგ, ალბათ, შესაძლებელია, მაგრამ ახლა ისეთ მდგომარეობაში ვარ... ტყუილად მებოდიშები. შენ რაც შეგეძლო, დამეხმარე... არა. არც ვხუმრობ და არც მწყინს... პირიქით. შენი დიდი მადლობელი ვარ... რისთვის?! – სისულელის ჩადენის საშუალება რომ არ მომეცი... რომელი სისულელის და... მოდი, ნუ დავკონკრეტდებით. აუცილებლად შეგატყობინებ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. არა, არა, შეხვედრა მეც არ მინდა, დღეისთვის საკმარისია, მარტო ყოფნა მჭირდება – ბევრ კითხვაზე მაქვს პასუხი გასაცემი... გმადლობ, დაგირეკავ...

ლიკამ ტელეფონის გათიშვა ძლივს მოასწრო, რომ მობილური ისევ აწკრიალდა...

– ჰო, დედა... კარგად ვარ. ცუდად რატომ უნდა ვიყო? მერე რა, რომ ჩემი სამუშაო დღე დიდი ხანია, დამთავრდა, პატარა ბავშვი ხომ არ ვარ? მოვალ, აბა, სად წავალ... სად ვარ და ქუჩაში... არა, ეს რამდენიმე საათი ქუჩაში არ გამიტარებია და, საერთოდ, რა სისულელეს მეკითხები, რა ხდება? ბავშვმა მიკითხა? ვიცი შენი ამბავი, შენ გადარევდი... ჰო, მე ვამბობ ამას და სინდისიც არ მაწუხებს... რა? ისე ნუ იზამ, საერთოდ წავიდე სახლიდან! არ ვხუმრობ და, თუ სიმართლე გინდა, ახლა სწორედ ასეთი „წასასვლელის“ ძებნით ვარ დაკავებული... – ლიკამ მობილურიანი ხელი ისე გაიქნია, თითქოს მისი მანქანის საქარე მინაზე მინარცხება უნდოდა, მაგრამ ერთბაშად გადაიფიქრა. მობილური ისევ ყურთან მიიტანა და დაღლილი ხმით ჩასძახა, – კარგი, დე, ნუ ტირი... არაფერი მომხდარა. უბრალოდ, ნერვებს ავყევი... სახლში მოვდივარ... რა თქმა უნდა, სულელი ვარ, მაგრამ ახლა უკვე გვიანია ჩემი შეცვლა... არ ინერვიულო, მალე მოვალ... უკვე გზაში ვარ...

***

სახლთან, კუთხეში მანქანა იდგა, ნახევრად ჩამუქებული მინებით. სალონში ორნი ისხდნენ... სიგარეტის სქელი კვამლი ღრუბლის ქულებივით, ნარნარით მიიწევდა მაღლა. ერთს ისევ მოკიდებული სიგარეტი ჰქონდა ტუჩებთან მიტანილი...

– ფანჯარას გავაღებ, რა, ვეღარ ვსუნთქავ, – გააპროტესტა მეორემ.

– არ გააღებ. ყურადღება არ უნდა მივიქციოთ, – მკაცრად აუკრძალა პირველმა.

– მოიცა, რა მნიშვნელობა აქვს, ასე ვიდგებით თუ ჩამოწეული მინებით?

– ასე არ ვჩანვართ და ცარიელი მანქანა ყურადღებას ნაკლებად იქცევს, მინას რომ ჩამოწევ და შენი მოტვლეპილი კეფა მზის სხივებს აირეკლავს, აი, იქიდან დაიწყება პრობლემები.

– ჩემი კეფა არაფერ შუაშია, – წყენით ჩაიბურტყუნა მეორემ, იმან, რომელიც სიგარეტის კვამლმა შეაწუხა, – მაშინ, ამდენი არ უნდა მოგეწია...

– მარტო მე მოვწიე? – ირონიულად ჩაიცინა საჭესთან მჯდომმა.

– კარგი, ორივემ მოვწიეთ, მაგრამ ამის გამო ხომ არ დავიხრჩობი, სულ ოდნავ ჩამოვწევ, რა...

– ჯანდაბა! ზოგჯერ როგორი აუტანელი ხარ... კარგი, აღარ მოვწევ და ნებას გაძლევ, მინა ერთი მილიმეტრით ჩამოწიო, მეტი არ მოგივიდეს, იცოდე!

მეორემ რაღაც გაურკვევლად ჩაიბურტყუნა და მინის ჩამოსაწევად სახელურს ეცა.

– მეტი არ მოგივიდეს-მეთქი! – მაშინვე მიიღო მორიგი გაფრთხილება.

– კიდევ რამდენ ხანს უნდა ვისხდეთ და ვიცადოთ? – ახალი პრეტენზია გამოთქვა სუფთა ჰაერის მოყვარულმა, როგორც კი სული ოდნავ მოითქვა.

„პირველს“ მოთმინებამ უმტყუნა.

– შენ! ერთი მოიხედე აქეთ! რა გინდა, პირდაპირ მითხარი!

– არაფერი. დავიღალე და მომშივდა.

– მერე, მე რას მეწუწუნები. მე დაგაძალე, წამომყევი-მეთქი?

– არა, შენ არა, მაგრამ ლოდინს ვერ ვიტან, – თავი იმართლა „წუწუნამ“.

– რას მელაპარაკები! მე ხომ ვგიჟდები, ისე მომწონს. ჩვენი სამსახური ეს არის – ან შეეგუები, ან...

– გამიშვებ, არა?!

– მე არ მომიყვანიხარ, ამიტომ არც გაშვებას მკითხავს ვინმე... მაგრამ ნერვებს თუ მომიშლი, თორემ, იმას ნამდვილად მივაღწევ, რომ შენთან ერთად საქმეზე აღარ გამომიშვან.

– არ გიკვირს, რომ ამ ტიპს ასეთ მნიშვნელობას ანიჭებენ?

– არა, – მოუჭრა, საჭესთან მჯდომმა.

– გეტყობა, ლაპარაკი არ გიყვარს...

– უაზრო ლაპარაკი არ მიყვარს. მით უმეტეს, ვერ ვიტან, როცა ფიქრში ხელს მიშლიან.

– ისე, აქამდე უნდა მოსულიყო, არა? ალბათ, ისევ იმ „მეგობართან“ ერთად იქნება... ფუ მაგრად ვერ ვიტან ეგეთებს...

– როგორ ეგეთებს?

– ხომ მიხვდი, რა... ისე, რომ შეხედავ, უცებ ვერც იტყვი... „ეგეთს“ არც ერთი არ ჰგავს.

– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ და, საერთოდ, იქნებ სცადო და ცოტა ხნით გაჩუმდე?

„მეორე“ ცოტა ხნით მართლაც გაჩუმდა, მერე კი ისევ აწრიალდა.

– შენი სახელი დამავიწყდა...

– გეტყვი აუცილებლად, ოღონდ, მოგვიანებით. ახლა, ყურადღების კონცენტრაცია მჭირდება – მისმა მანქანამ შემოუხვია...

გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3