კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ჩაითრია მამამ დანაშაულში საკუთარი შვილი

სოფელ ჯუმათში მცხოვრები 43 წლის ვასიკო ნარიაშვილი წარსულში ორჯერ არის ნასამართლევი: პირველად ის ქურდობისთვის გაასამართლეს, მეორედ – თაღლითობისთვის. მეორე პატიმრობიდან ვასიკო ნარიაშვილი 2 წლის წინ გათავისუფლდა, ის სოფელში დაბრუნდა, ოჯახი მიატოვა და თავის თანასოფლელზე, ნატო ქარუმიძეზე დაქორწინდა, რომელსაც გათხოვებისას პირველი ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავდა: უფროსი – 16 წლის ვაჟი და უმცროსი – 2 წლის გოგონა, რომელიც დედასთან და მამინაცვალთან ერთად ცხოვრობდა. სწორედ 4 წლის გოგონასთან დაკავშირებით ჩაიდინა ვასიკო ნარიაშვილმა მძიმე დანაშაული, რის გამოც ის გისოსებს მიღმა კიდევ ერთხელ მოხვდა.

ჯუმათის მოსახლეობა ნარიაშვილების ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ შოკში ჩააგდო. გვიან საღამოს, ოჯახში დაბრუნებულ ნატო ქარუმიძეს საშინელი სურათი დახვდა: სასტიკად ნაცემი მეუღლე საწოლის ფეხზე თოკით იყო მიბმული, მთელ სახლში ყველაფერი თავდაყირა იყო დაყენებული და, რაც მთავარია, არსად ჩანდა 4 წლის ნათია, რომელიც დედას მამინაცვალთან ჰყავდა დატოვებული.

ამონაწერი ნატო ქარუმიძის ჩვენებიდან: „მამაჩემი მეზობელ სოფელში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც დედა სამუშაოდ საბერძნეთში წავიდა, ის ლოგინად ჩავარდა. მასთან კვირაში ერთხელ მაინც მივდივარ მოსავლელად, რადგან ჩემს მეტი პატრონი არ ჰყავს. იმ დღეს საღამოს მომიწია მამასთან წასვლა. ნათია ყოველთვის თან მიმყავდა ხოლმე, მაგრამ, ვასიკომ მთხოვა, დატოვე აქ, მძინარე ბავშვს გვიან როგორ წამოიყვანო. მართლა ძალიან გვიან მომიწია დაბრუნება – თითქმის 12 საათი იყო. როცა სახლში შევედი, კართან ფეხი წამოვკარი რაღაცას და დავეცი. უცებ ჩემი მეუღლის ხმა შემომესმა – ნატო, მიშველეო. ვასიკო საწოლზე იყო მიბმული და სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი. სახლში ყველაფერი გადმოყრილი იყო – ძირს ეყარა ტანსაცმელი, ლოგინი, ნივთები. ვასიკოს თოკი დანით გადავუჭერი. უცებ, გამახსენდა ნათია, ბავშვის ოთახში შევვარდი, მაგრამ ნათია საწოლში არ იწვა. ამაზე გადავირიე, კივილი ავტეხე, ვასიკომ ჩემი დამშვიდება დაიწყო და მთხოვა, მეზობლები არ შეყარო, მე თვითონ მივხედავ ყველაფერსო. მე ვერ ვჩუმდებოდი, მეზობლები ჩემს ყვირილზე სახლში შემოცვივდნენ. მერე გონებაც დავკარგე და აღარ მახსოვს, რა მოხდა ჩემს სახლში, არც ის გამიგია, როგორ მოვიდნენ პოლიციელები – პოლიციის განყოფილებაში ერთ-ერთ მეზობელს დაურეკავს.”

სამართალდამცველებისთვის ნათელი იყო, რომ ნარიაშვილების ოჯახში ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. როგორც დაზარალებულმა ვასიკო ნარიაშვილმა განაცხადა, მას თავს დაესხა ორი ნიღბიანი მამაკაცი, რომლებიც გადაჭრილი თოფით იყვნენ შეიარაღებულები. ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „დაახლოებით 10 საათი იქნებოდა, როცა ბავშვი დასაძინებლად დავაწვინე. მივხვდი, რომ ნატოს სახლში მოსვლა დააგვიანდებოდა. მეც წამოვწექი და ტელევიზორს ვუყურებდი. ეტყობა, ჩავთვლიმე, რადგან, არ გამიგია, როგორ შემოვარდა სახლში ორი ნიღბიანი მამაკაცი. ერთი უფრო ახალგაზრდა იქნებოდა, მეორე – ასაკოვანი. ისინი თავს დამესხნენ მწოლიარეს, საწოლიდან ძირს გადმომაგდეს და ცემა დამიწყეს. სახეში მირტყამდნენ წიხლებს, თან ფულს მთხოვდნენ. მე ვუთხარი, სახლში ფული არ გვაქვს და ტყუილად მცემთ-მეთქი, მაგრამ თავი არ დამანებეს. ეტყობა, ზუსტად იცოდნენ, რომ სახლში 3 000 დოლარი გვქონდა. ეს ფული ნატომ რამდენიმე დღის წინ აიღო – მან ბებიასეული სახლი გაყიდა, რადგან ჩვენი ბინა იპოთეკით იყო დატვირთული და, თუ ორ კვირაში 6 ათას დოლარს არ გადავიხდიდით, ბინას დავკარგავდით. ერთ-ერთმა ყაჩაღმა იარაღი დამადო შუბლზე, მერე პირი ამიკრეს, საწოლზე მიმაბეს და სახლში ფულის ძებნა დაიწყეს. მე თვითონაც არ ვიცოდი, ნატოს ფული სად ჰქონდა გადამალული. ყაჩაღებმა ფულს კარადაში, თეთრეულის ქვეშ მიაგნეს. ეტყობა, ისიც იცოდნენ, რომ დარჩენილი სამი ათასი ორ დღეში უნდა მიგვეღო საბერძნეთიდან, სადაც ნატოს დედა მუშაობს. ამის შემდეგ ყაჩაღები ბავშვის ოთახში შევიდნენ, ნახევრად მძინარე ბავშვი გამოიყვანეს და გასვლისას მითხრეს: ბავშვს არაფერი დაუშავდება, მანამდე იქნება ჩვენთან, სანამ იმ სამი ათას დოლარსაც არ მოგვცემთ. პოლიციაში არ განაცხადოთ, თორემ, უფრო ცუდად იქნება თქვენი საქმეო. მე თოკის გაწყვეტას ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევძელი – დაბმული ვიყავი და წინააღმდეგობის გაწევა ვერ მოვახერხე, ისე წაიყვანეს ბავშვი სახლიდან”.

ერთი შეხედვით, ნარიაშვილის მონაყოლში საეჭვო არაფერი იყო. სოფელში მართლაც იცოდნენ, რომ ნატო ქარუმიძემ ბინა გაყიდა და მას ამ ბინის საფასური სახლში უნდა ჰქონოდა. ამის მიუხედავად, საქმეში საკმაოდ ბევრი საეჭვო გარემოება ჩანდა: რატომ დაამთხვიეს დანაშაულის ჩადენა მაინცდამაინც იმ დღეს, როცა ნატო ქარუმიძე სახლში არ იყო და როგორ გაიყვანეს სახლიდან 4 წლის ბავშვი ისე, რომ ვერც ერთმა მეზობელმა ხმაური ვერ გაიგო. გამოძიებას ეჭვმიტანილთა წრე თითქმის არ ჰყავდა. ვასიკო ნარიაშვილის ბევრი ქმედება აჩენდა კითხვებს, მაგრამ, მას ჰქონდა ალიბი – თავად იყო დაზარალებული დამნაშავეთა თავდასხმის შედეგად. ამას გარდა, ყველა ამბობდა, ვასიკოს ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა მეუღლესთან და მის შვილთან, რომელსაც უკვე ორი წელია თავად ზრდიდა.

ნარიაშვილების ოჯახში ჩადენილი ყაჩაღობიდან და ბავშვის გატაცებიდან ორი დღე იყო გასული, როდესაც, სრულიად შემთხვევით, მეზობელი სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა დაკარგულ ბავშვს მიაგნო. ამონაწერი კონსტანტინე მახაჭაშვილის ჩვენებიდან: „მეზობელ სოფელში ბავშვი რომ დაიკარგა, ეს ვიცოდი, მაგრამ, ნარიაშვილები ჩვენგან ძალიან შორს ცხოვრობენ, მათ საერთოდ არ ვიცნობ და არც ამ საქმის ირგვლივ ვიცოდი ბევრი რამ. დილით ადრე ტყეში წავედი, ფიჩხი უნდა მომეგროვებინა. სოფლის განაპირას მიტოვებული სახლია – ადრე ქალაქელები ჩამოდიოდნენ ხოლმე ზაფხულობით, მერე მიატოვეს ეს სახლი და უკვე წლებია, რაც იქ თვალი არავისთვის მოგვიკრავს. სახლი ისეთი გაპარტახებულია, ერთ ღამეს ვერ გაათენებ, თან, ყველა მოსახლისგან მოშორებით დგას. თუ ტყეში არ მიდიხარ, იქ ვერ მოხვდები. ის იყო, ტყისკენ უნდა გადამეხვია, რომ ბავშვის ტირილის ხმა შემომესმა. ყური რომ მივუგდე, მივხვდი, ტირილი მიტოვებული აგარაკიდან ისმოდა. ახლოს მისვლა გადავწყვიტე. ცოტა შემეშინდა კიდეც, მაგრამ მაინც გავბედე და მივედი. ხმა მეორე სართულიდან გამოდიოდა. მეორე სართულს კიბე არ აქვს – წლების წინ კიბე სოფლელებმა დაშალეს და შეშად გამოიყენეს. უცებ იქვე მიგდებული, ხისგან შეკრული კიბე დავინახე და ფანჯარას მივაყუდე. მივხვდი, რომ სახლში ბავშვის მეტი არავინ იყო. მისი ტირილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა. კიბეზე ავძვერი და ისეთი საშინელება დავინახე, ამ ხნის კაცს ტანში ჟრუანტელი დღემდე მივლის. ცოტა ხანს გავჩერდი, მერე გადავწყვიტე, რაც იქნებოდა, იქნებოდა: ფანჯრიდან გადავძვერი და ბავშვთან მივედი. პატარა გოგო იატაკზე იჯდა, თითქმის ნახევრად შიშველი იყო, იქვე კი ყველისა და პურის ნამტვრევები ეყარა – ეტყობოდა, რომ სპეციალურად დაუტოვეს. ოთახში არც საწოლი იყო, არც სკამი. არ ვიცი, რამდენ ხანს იყო იქ ან და როგორ გაძლო, მაგრამ, რომ არ მეპოვა, ალბათ, ან შიმშილით მოკვდებოდა, ან – შიშით. ბავშვმა რომ დამინახა, ისე მომეკრა სოფლამდე ვეღარ მოვიშორე, მერე პოლიცია გამოვიძახეთ და მაშინ გავიგე, რომ ის მეზობელ სოფელში დაკარგული პატარა გოგო ყოფილა”.

ნათია ქარუმიძის აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცველებისთვის უკვე ბევრი რამ გახდა ნათელი. წინასწარმა ძიებამ ეჭვი ვასიკო ნარიაშვილზე მიიტანა. ის თავიდან არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა, მერე გამოტყდა, რომ ყაჩაღობის ინსცენირება თავად მოაწყო, რადგან მეუღლის ფულის მითვისება სურდა. რაც შეეხება ბავშვის გატაცების ფაქტს, ვასიკო ნარიაშვილმა ესეც ფულის ხელში ჩაგდების მიზნით ჩაიდინა: „ძალიან ბევრი ვალი მქონდა, მევალეები ჩემს პირველ ცოლ-შვილს აწიოკებდნენ, ისინი კი მე მთხოვდნენ ფულს. რა უნდა მექნა? არ ვმუშაობ, შემოსავალი საერთოდ არ მაქვს. თავიდან მარტო სოფელში გაყიდული ბინის ფულის მითვისება მინდოდა, მაგრამ ეს ფული არ ჰყოფნიდა ჩემს ვალებს. საბერძნეთიდან ნატოს დედის მიერ ფულის გამოგზავნას ვეღარ დაველოდებოდი, დრო არ ითმენდა და ყაჩაღობაც ამიტომ მოვიფიქრე, მეორედაც ყაჩაღობას ხომ ვეღარ გავითამაშებდი, ამიტომაც მოვიფიქრე, რომ ბავშვი ორი დღით გადამემალა. ნატო ყველაფერში მიჯერებდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამასაც დამიჯერებდა და პოლიციაში არ განაცხადებდა, ამიტომაც შევაშინე: ნასამართლევი ვარ, პოლიციამ ეს ინციდენტი რომ შეიტყოს, თავს არ დამანებებენ, მოდი, ჩემი კავშირებით მოვძებნი ამ ბავშვს და ფულიც წყნარად გადავიხადოთ-მეთქი, მაგრამ ყველაფერი ისე არ გამოვიდა, როგორც მე დავგეგმე.“

როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ვასიკო ნარიაშვილს საქმეში თანამზრახველიც ჰყავდა – ის მისი შვილი, 22 წლის კობა ნარიაშვილი აღმოჩნდა. როგორც გამოძიებით დადგინდა, სწორედ შვილის დახმარებით შეძლო დამნაშავემ საკუთარი გეგმის განხორციელება. სამართალდამცველებმა კობა ნარიაშვილიც დააკავეს, მან ჩადენილი დანაშაული აღიარა: „მამამ ერთი კვირით ადრე მითხრა, რასაც აპირებდა – შვილი ხარ, შენ ყველაზე მეტად გენდობი და შენ უნდა დამეხმაროო. თავიდან მარტო ის მთხოვა: საწოლზე უნდა დამაბა და ყაჩაღობის ინსცენირება გაითამაშოო. მე მამასთვის ერთი-ორი უნდა მიმერტყა და დაკლული ქათმის სისხლი სახეზე უნდა წამესვა მისთვის. იმ დღეს დილით დამირეკა და მითხრა: ყველაფერი დღეს უნდა გავაკეთოთ. ნატო სახლში გვიან მოვა, ბავშვი ორი დღე სადმე უნდა გადავმალოთ, რომ კიდევ სამი ათასიც ავიღოო. ბავშვის გადასამალავი ადგილიც თვითონ მამამ მოძებნა – მეზობელ სოფელში ტყის პირას იყო მიტოვებული სახლი, სადაც არავინ ცხოვრობდა. მეგობრის მანქანით მამასთან სახლში გვიან მივედი, ერთად გადმოვყარეთ ყველაფერი კარადებიდან, ორჯერ ჩავარტყი ჯოხი სახეში, პირი გავუსკოჩე და ჩემს მიერ მიტანილი თოკით მივაბი საწოლზე. მერე ბავშვი გამოვიყვანე ოთახიდან. ნათია მიცნობდა, ამიტომ სახე დაფარული მქონდა ქუდისგან გამოჭრილი ნიღბით. პირველ ღამეს მეც ბავშვთან ერთად დავრჩი იმ სახლში. მერე, როცა გავიგე, რომ ბავშვის გატაცება გახმაურდა, შევშინდი და იმ სახლისკენ საერთოდ არ გამიხედავს – ბავშვს წყალი, პური და ყველი მივუტანე და მარტო დავტოვე”. სასამართლომ მამა-შვილს, ჩადენილი მძიმე დანაშაულის გამო, მკაცრი, მაგრამ ადეკვატური სასჯელი გამოუტანა: ვასიკო ნარიაშვილს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, მის 22 წლის შვილს კი, მცირეწლოვანი ბავშვის გატაცებისა და მისი სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაგდებისთვის – 8 წელი მოუწევს გისოსებს მიღმა ყოფნა.


скачать dle 11.3