როგორ დააპატიმრეს ყველაზე პირსისხლიანი მანიაკები ცხინვალში
საზარელი სტატისტიკა
1969 წლის 16 იანვარს აფხაზეთის საბჭოთა ავტონომიური რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს უფროსი ლეიტენანტი – რაულ ხაბურზანია რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებდა და ფიჭვნარში ახალგაზრდა ქალის გვამი აღმოაჩინა. პროკურატურის გამომძიებლისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში ხაბურზანია წერდა: „დაახლოებით დღის თორმეტ საათზე რიწის ტბის დასავლეთ ნაწილში შემოვლაზე ვიყავი და მოშარდვა მომინდა. ამის გამო ტყეში შევედი. ასე, 50 მეტრის სიღრმეში, ფიჭვის ძირში ჯერ ფეხები შევამჩნიე, შემდეგ დავაკვირდი და მივხვდი, რომ იქ ქალი იწვა, მაგრამ სახე არ უჩანდა. სქესს ფეხსაცმელებით მივხვდი. ახლოს რომ მივედი, ჩემ წინ საშინელი სურათი გადაიშალა. წელს ზემოთ ქალს ტანისამოსი გახდილი ჰქონდა, ხოლო სხეული – დასისხლიანებული და დასერილი. თავი არსად ჩანდა და მივხვდი, მოჭრილი ჰქონდა. იქვე ქალის ზედა ტანსაცმელიც ეყარა. სულ დაგლეჯილი იყო. მაშინვე გავიქეცი, ტელეფონით მილიციის განყოფილებაში დავრეკე და შემთხვევის ადგილზე ოპერჯგუფი გამოვიძახე“.
ამ საზარელი მკვლელობის გამოძიება აფხაზეთის პროკურატურის განსაკუთრებულ საქმეთა გამომძიებელს მურთაზ კილასონიას დაავალეს. ის გამოცდილი გამომძიებელი იყო და რთული, ჩახლართული საქმეების გახსნით გაითქვა სახელი. კილასონიამ და მისმა ხელქვეითებმა დაადგინეს, რომ მოკლული ქალი 27 წლის მოსკოველი იულია აგაპოვა იყო. ის პროფკავშირული საგზურით იყო საქართველოში ჩამოსული და ქალაქ გაგრის სანატორიუმ „თბილისში“ ისვენებდა. საბუთების მიხედვით, აგაპოვა 10 იანვარს ჩამოვიდა და საგზური 3 თებერვლამდე ჰქონდა. ნომერში ის მარტო ცხოვრობდა და სხვა დამსვენებლებთან თითქმის არ ჰქონდა კავშირი. სანატორიუმის პერსონალის დაკითხვის შედეგად კილასონიამ დაადგინა, რომ აგაპოვა 13 იანვარს ვიღაც მოხუც ქალთან და კაცთან ერთად დაუნახავთ. აგაპოვა და მოხუცები ტაქსიში ჩამსხდარან და გაურკვეველი მიმართულებით გამგზავრებულან. მას შემდეგ აგაპოვა სანატორიუმში არ გამოჩენილა. ის სამი დღის შემდეგ იპოვეს ტყეში მოკლული. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად, აგაპოვას ამოკვეთილი ჰქონდა – გული, თირკმელები და კუჭი, აგრეთვე, მოკვეთილი ჰქონდა თავი და ყველა ეს ორგანო უკვალოდ იყო გამქრალი. გარდა ამისა, გამომძიებლებმა შემთხვევის ადგილზე ვერანაირი ხელჩასაჭიდი და სამხილი ვერ აღმოაჩინეს, რაც მათ ბოროტმოქმედების კვალზე გაიყვანდა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებმა დაასკვნეს, რომ მოკლული ქალის სხეული იმდენად ოსტატურად იყო ნაკვეთი, რომ სავარაუდოდ ეს მისი შემსრულებლის სამედიცინო განათლებაზე მიუთითებდა. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გაგრაში, ბიჭვინთასა და სოხუმში, აღმოაჩინეს კიდევ ოთხი ქალის ცხედარი. ყველა რუსეთიდან იყო ჩამოსული და არც ერთ გვამს არ ჰქონდა თავი და შინაგანი ორგანოები. ერთ-ერთი მკვლელობის საქმეში კვლავ მოხუცები ამოტივტივდნენ, რომლებმაც მსხვერპლი ისევ ტაქსით წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. ეს ფაქტი უკვე თავისთავად იყო ხელჩასაჭიდი, მაგრამ მოხუცების დაახლოებით აღწერილობაც კი არ ჰქონდათ გამომძიებლებს. აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე განგაში გამოცხადდა. ყველა ოპერატიული სამსახური ფეხზე დადგა – მოხუც ქალს და კაცს ეძებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ საზარელ სტატისტიკას არავინ ახმაურებდა, ხალხში ხმა გავრცელდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მანიაკები გამოჩნდნენ.
ხანძარი მეორე ბლოკში
მურთაზ კილასონია თბილისში გამოიძახეს და საქართველოს გენპროკურორმა პირადად მისგან მოისმინა ძიების მიმდინარეობის შესახებ. ბოლოს მან კილასონიას უთხრა:
– რესპუბლიკის ხელმძღვანელობა შეშფოთებულია იმ მკვლელობებით და მოსკოვიდან ასეთივე სიგნალები მოგვდის. პირადად ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძეა ამ საქმით დაინტერესებული და ჩემი მხრივ, ყველანაირად შეგიწყობთ ხელს. თქვენ კი, დღე და ღამე უნდა გაასწოროთ და ეს საქმეები, მაქსიმუმ, სამ კვირაში გახსნათ.
კილასონიამ გენპროკურორს გამოცდილი ოპერჯგუფი და გამომძიებლები მოსთხოვა და საქმეს გაათმაგებული ენერგიით შეუდგა. მან ერთ-ერთ გამომძიებელს, გვარად მინდაძეს, მოსკოვში გამგზავრება და ანალოგიური საქმეების მოძიება დაავალა. იმ პერიოდში არანაირი ელექტრონული არქივები არ არსებობდა და ყველა ინფორმაცია საქაღალდეებში ინახებოდა. გამგზავრების წინ კილასონიამ მინდაძეს უთხრა:
– ნოდარ, იცოდე, რომ ძალიან შრომატევადი სამუშაოა, ძალიან საპასუხისმგებლო, დღე და ღამე გაასწორე, რომ რამე მოძებნო. დარწმუნებული ვარ, ამ მკვლელობებს ღრმა ფესვები უნდა ჰქონდეს.
მომდევნო სამი დღის განმავლობაში თბილისში ორი მოკლული ქალის თავმოკვეთილი და ორგანოებამოცლილი ცხედრები აღმოაჩინეს. ერთ-ერთი ფუნიკულიორის ტყეში იპოვეს, ხოლო მეორე – ბოტანიკურ ბაღში. შემთხვევის ადგილების დათვალიერებამ გამომძიებლებს ვერაფერი მისცა – ახალი არაფერი უპოვიათ. თუმცა, აშკარა იყო, რომ თბილისსა და აფხაზეთში ერთი და იგივე ადამიანები მოქმედებდნენ.
ნოდარ მინდაძე მოსკოვიდან თბილისში ერთ კვირაში დაბრუნდა და აეროპორტიდან პირდაპირ გენპროკურატურისკენ გაემართა, სადაც მურთაზ კილასონიას დროებითი შტაბი მდებარეობდა.
– აბა, ნოდარ, მომიყევი შენი მოსკოვური ვოიაჟის შედეგები, – უთხრა კილასონიამ მინდაძეს.
– არა მარტო მოსკოვური, ამხანაგო მურთაზ, მოსკოვიდან ყაზანში გავემგზავრე ერთი დღით და საგულისხმო ინფორმაციებიც მოვიპოვე. ცენტრალურ არქივში აღმოვაჩინე, რომ მსგავსი ტიპის მანიაკური მკვლელობები საბჭოთა კავშირში 1961-1964 წლებშიც მოხდა. სამი წლის განმავლობაში 41 მკვლელობა იყო ჩადენილი. დანაშაული ძირითადად მოსკოვსა და ლენინგრადში ხდებოდა, მაგრამ არ ხმაურდებოდა. ჩვენ ამის გამო არაფერი გვსმენია მათ შესახებ. საბოლოოდ, მანიაკის შეპყრობა მოხერხდა და ის 1937 წელს დაბადებული ვსევოლოდ პისკარიოვი აღმოჩნდა. პისკარიოვი პროფესიით ექიმი იყო და თავის მეწყვილესთან, ანა ახრომეევასთან ერთად ხოცავდა ახალგაზრდა ქალებს. შემდეგ მათ შინაგან ორგანოებს კვეთდნენ, თავს ჭრიდნენ და უჩინარდებოდნენ. ისინი ისე სუფთად მუშაობდნენ, რომ შემთხვევის ადგილზე არანაირ კვალს არ ტოვებდნენ. მათი გაშიფვრა სრულიად შემთხვევით მოხდა. მანიაკი ქალ-ვაჟის უკანასკნელ დანაშაულს ერთ-ერთი მოსკოველი ლოთი შეესწრო. ის სიმთვრალის გამო ცოლმა სახლიდან გააგდო და ტყეში ეძინა, ფოთლების გროვაში. ამიტომ, მან საკუთარი თვალით უყურა, როგორ მოკლეს მანიაკებმა ახალგაზრდა ქალი, მერე თავიც მოკვეთეს და ორგანოებიც ამოაჭრეს. ლოთი საკმაოდ მამაცი, ძველი „ფრონტავიკი“ იყო და „გაის“ ინსპექტორს შეატყობინა იმ მანქანის ნომერი, რომლითაც მკვლელები მიიმალნენ. მათ კერძო „მოსკვიჩი“ ჰყოლიათ და მილიციამ მანქანის მეშვეობით მიაგნო მანიაკებს. თუმცა, ძალოვნებმა მხოლოდ პისკარიოვი აიყვანეს. ახრომეევამ საძილე არტერიები გადაისერა სამართებლის ნატეხით, რომელიც მას თმაში ჰქონდა დამალული და თავი მოიკლა. პისკარიოვი და ახრომეევა საყვარლები იყვნენ. ისინი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდნენ. კაცი ექიმი იყო, ხოლო ქალი კი – საოპერაციოში მუშაობდა მედდად. პისკარიოვის ბინაში 41 მოკლული ქალის თავის ქალა აღმოაჩინეს. მანიაკმა განაცხადა, რომ ის და ანა ახრომეევა იმიტომ ხოცავდნენ ქალებს და მათ ორგანოებს ჭამდნენ, რომ ქალი სიცოცხლის სიმბოლოა და ვინც ახალგაზრდა ქალის გულს, თირკმელებსა და კუჭს მიირთმევს, მას მოკლულის დარჩენილი სიცოცხლე ემატებაო. თავებისგან კი მანიაკები სასმისებს აკეთებდნენ და იქიდან მსხვერპლთა სისხლში გახსნილ წყალს სვამდნენ. პისკარიოვის სიტყვებით, სისხლით გაზავებული წყალი სიცოცხლის ელექსირის თვისებებს იძენს და მიზანი იგივეა, ანუ სიცოცხლის გახანგრძლივება. ერთი სიტყვით, 36 წლის ვსევოლოდ პისკარიოვი არ გაუსამართლებიათ. ის ქალაქ ყაზანის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს, სადაც ასეთი ტიპის ტუსაღებზე, სპეციალურ დაკვირვებებს აწარმოებენ. პისკარიოვმა იქ ხუთი წელიწადი დაჰყო. როგორც იქაური ფსიქიატრები აღნიშნავდნენ ჩემთან საუბარში, ის, თურმე, საკმაოდ საინტერესო პიროვნება ყოფილა. მას ვერ შეამჩნევდით პათოლოგიურ გადახრებს და ძალიან კეთილგანწყობილი ჰაბიტუსი ჰქონდა. პისკარიოვი ძალიან განათლებული ყოფილა, ფიზიკურად უაღრესად ძლიერი და არტისტიზმის განსაკუთრებული უნარი ჰქონია. თუმცა, არაფერზე იხევდა უკან და ნებისმიერი სისასტიკის ჩადენა შეეძლო. ვსევოლოდ პისკარიოვი შარშან, 5 ივლისს გაჩენილი ხანძრის დროს დაიღუპა. აქედან გამომდინარე, მას არ შეეძლო აფხაზეთსა და თბილისში მკვლელობების ჩადენა. თუმცა, ხელწერა აბსოლუტურად იდენტურია. ჩვენ გვრჩება ერთადერთი ვერსია, რომ მას ან უშუალო მოწაფე ჰყავდა, ან იმიტატორი, მიმბაძველი. თუმცა, მის საქმეებში მოწაფე არ ჩანს. ხოლო იმიტატორი ვინ უნდა ჰყოლოდა, როცა მისი საქმეები გასაიდუმლოებული იყო.
– ხანძარზე რა გაარკვიე?
– ხანძარი მეორე ბლოკში მოხდა. იქ სპეციალური გალიებია და იმ დროს იქ 8 მანიაკი იჯდა ცალ-ცალკე. ხანძარი „სალიარკის“ ცისტერნის აფეთქებას მოჰყვა, რომელიც ეზოს მხრიდან იყო მიმაგრებული მეორე ბლოკის კედელზე. ერთი სიტყვით, აფეთქებას და ხანძარს 8 მანიაკისა და 3 სანიტრის სიცოცხლე შეეწირა. თერთმეტივე დანახშირებული იყო და ექსპერტებმა მათი ძვლები სულ ნაწილ-ნაწილ აგროვეს.
– სანიტრების ვინაობა ხომ არ დაგიდგენია?
– დავადგინე – ორი კაცი ყაზანელი იყო, ხოლო მესამე კი – ცხინვალელი ზარინა თედეევა გახლდათ. ის სამი წლის განმავლობაში მუშაობდა იქ.
– მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და დარწმუნებული ვარ, რომ ის დაგვეხმარება, – თქვა კილასონიამ, თათბირი მოიწვია და ხელქვეითებს ზარინა თედეევასა და მისი ოჯახის წევრების პიროვნებების შესწავლა დაავალა.
სანდომიანი მოხუცები
მილიციის ოპერებმა გაარკვიეს, რომ ზარინა თედეევა და მისი და – ფატიმა, რომელიც ზარინაზე სამი წლით იყო უფროსი, 1960 წელს დაობლდნენ. მათი მშობლები ავარიაში დაიღუპნენ და გოგონები მარტო დარჩნენ. 1962 წელს დებს ერთმანეთში კონფლიქტი მოუვიდათ და ზარინა სახლიდან წავიდა. ის ჯერ მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ კი ყაზანში გაემგზავრა, ფსიქიატრიულ კლინიკაში მოეწყო და სიკვდილამდე იქ მუშაობდა. დები ცხინვალის ცენტრში ცხოვრობდნენ, კერძო სახლში და ოპერები სწორედ მათ კარ-მიდამოს ეწვივნენ. თუმცა, იქაურობა დაკეტილი დახვდათ და მილიციელებმა მათ მეზობელს, ვინმე ზაქრო კოღუაშვილს მიაკითხეს.
– ფატიმა, შვილო, ამ ხუთი თვის წინ გათხოვდა და რუსეთში გაემგზავრა, სახლი კი გააქირავა, – თქვა კოღუაშვილმა.
– ვის მიაქირავა, ძიაკაცო? – ჰკითხა კოღუაშვილს ნოდარ მინდაძემ, რომელიც მას თედეევების ნათესავად გაეცნო.
– მოხუცები არიან, შვილო, ადრე თურმე, სოხუმში ცხოვრობდნენ, მაგრამ მათ ექიმმა ცხინვალის ჰაერი გამოუწერა. ქალს ფილტვების დაავადება აქვს და თან მუნჯია. იშვიათად გამოდიან გარეთ. მეტწილად ავადმყოფობს, ისე კი, სანდომიანი მოხუცები არიან.
– ახლა სად არიან?
– აბასთუმანში. ამ ერთი კვირის წინ გაემგზავრნენ.
მინდაძე ზაქრო კოღუაშვილს გამოემშვიდობა. წავიდა და თავის კოლეგებს შეუერთდა, რომლებიც მოსახვევში ელოდებოდნენ. როცა დაღამდა, მილიციის თანამშრომლები თედეევას სახლში ჩუმად შეიპარნენ. მათ ყველაფერი გულდასმით დაათვალიერეს და მინდაძეს სულაც არ გაკვირვებია, როცა იქ 5 თავის ქალა აღმოაჩინეს. თავის ქალები საიდუმლო უჯრაში ელაგა. მილიციამ და პროკურატურამ ახლომახლო ჩასაფრება მოაწყო და 36-საათიანი ლოდინის შემდეგ მათ „სანდომიანი მოხუცები“ შეიპყრეს, რომლებიც სინამდვილეში ზარინა თედეევა და ვსევოლოდ პისკარიოვი აღმოჩნდნენ. მათ თან ჩანთა ჰქონდათ. შიგ კი ოთხი თავის ქალა და შინაგანი ორგანოები ელაგა. მანიაკები ჯერ გააშიშვლეს და საფუძვლიანად გაჩხრიკეს. შემდეგ კი კარგად გაკოჭეს და ასე ჩამოართვეს ჩვენებები. ზარინამ განაცხადა, რომ ვსევოლოდი უკვდავი ღმერთია და რომ მის გამო თავს გავწირავო. ქალმა აღიარა, რომ საკუთარ დას – ფატიმას და მის მეუღლეს – ომზარს სათითაოდ გამოსჭრა ყელი, თავებიც დააყრევინა და მათი გვამები სარდაფში ჩამარხა.
ვსევოლოდ პისკარიოვმა კი ასეთი რამ განუცხადა კილასონიას:
– რა სათვალავში ჩასაგდებია ორმოცდაათიოდე ტუტუცი გოგონას სიცოცხლე, როდესაც მე მათი მეშვეობით უკვდავება მოვიპოვე და მთელი ჩემი ენერგია კაცობრიობის პროგრესს ხმარდება. მე ღმერთი ვარ. გამიშვით და განიწმინდებით.
პისკარიოვმა გამომძიებლის გაბრიყვება ისევე სცადა, როგორც ადრე თედეევა გააბრიყვა და მასთან ერთად ფსიქიატრიული ბლოკიდან გაიქცა. მოხუცის ნიღაბი მოირგო და სერიული მკვლელობები გააგრძელა. თუმცა, მისი ღვთიური წარმოშობა არავინ ირწმუნა და 55 ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის მას საბჭოთა კავშირის უმაღლესმა სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
ერთ-ერთი ყველაზე პირსისხლიანი საბჭოთა მანიაკი, რომელიც ცხინვალში ქართველმა ძალოვნებმა დააპატიმრეს 1969 წლის 9 დეკემბერს დახვრიტეს ბუტირკის ციხეში და ასეთივე ბედი ეწია ზარინა თედეევასაც.