რა ცვლილებებია მოსალოდნელი 2011 წელს და როგორ უნდა შეხვდეთ მომავალი წლის მბრძანებელს
სულ მალე დადგება ახალი წელი და ყველას აინტერესებს, რას გვპირდება ის მომავალი, ერთი წლის განმავლობაში. ამბობენ, როგორც შეხვდები მას, ისიც ისე „გემსახურებაო”. ამიტომ, სწორედ ახლა უნდა დაიწყოთ მზადება მის შესახვედრად და იცოდეთ, თუ როგორ მორთოთ სადღესასწაულო მაგიდა, ნაძვის ხე, ვის რა აჩუქოთ ახალ წელს და რა ჩაიცვათ.
როგორც ვარსკვლავები გვიწინასწარმეტყველებენ, 2011 წელი მშვიდი ნამდვილად არ იქნება, რადგან მოსალოდნელია არაერთი ცვლილება და რეფორმა. ასტროლოგი, ბატონი მიხეილ ცაგარელი გვირჩევს, მომავალი წელი ყველამ თავდაჭერითა და საკუთარი ემოციების გაკონტროლებით განვვლოთ.
– ბატონო მიშა, რას გვიწინასწარმეტყველებენ ვარსკვლავები, როგორი იქნება, ზოგადად, 2011 წელი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური თვალსაზრისით?
– 2011 წელი აღსავსე იქნება ცვლილებებით, რომელთა დადებითი შედეგები, სულ მალე გამოჩნდება. ის გვაიძულებს სხვა თვალით შევხედოთ გარე სამყაროს და მოვლენებს. ეს წელი დაგვამახსოვრდება რეფორმებით – სოციალურ, საკანონმდებლო და განათლების სფეროებში. შინაგანად ადამიანებში მოიმატებს ლტოლვა თავისუფლებისადმი და ისინი ისწავლიან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას. ყოველდღიური არჩევნის მიმართაც მეტად დაფიქრდებიან. მარტში საზოგადოებაში გაჩნდება სურვილი, ყველაფერს უცებ და ერთობლივად მიაღწიონ. თუმცა, ქვეყანაში სტაბილურობა, რეალურად, მხოლოდ ივნისში დაისადგურებს. ამიტომ, წლის პირველ ნახევარში, ქვეყნის მთავრობას, ყველა დონეზე დასჭირდება მატერიალური რესურსების სწორად შეფარდება ადამიანურ პოტენციალთან. ასევე, გამძაფრდება საზოგადოებაში რეაქცია, ყველა სახის უსამართლობაზე. ამიტომ, მეტი ყურადღება გმართებთ საკუთარი ემოციების მიმართ. გაიზრდება დაინტერესება რელიგიური, ეზოთერული, ფილოსოფიური მიმართულებებისადმი. ასევე, გამახვილდება ყურადღება ახალი მხოფლმხედველობითი სისტემების შექმნაზე. 2011 წელს საგრძნობლად მოიმატებს მოგზაურთა და ტურისტთა მიგრაცია. გამახვილდება ლტოლვა სხვა კულტურის, ცოდნის, ენათა შესწავლის მიმართ. განათლების რეფორმა ბევრად შეუწყობს ხელს, სტუდენტების უცხოეთში სასწავლებლად გაგზავნას. საერთაშორისო, გაფართოებული კონტაქტები, გამოცდილებების გაზიარება – კულტურის, მეცნიერების, ეკონომიკის, განათლების სფეროებში დიდ ზეგავლენას მოახდენს ზოგადსაკაცობრიო ევოლუციურ პროცესებზე. შეიქმნება ახალი პოლიტიკური და ეკონომიკური სტრუქტურული ფონი. მარტიდან, ახალგაზრდა თაობა, განსაკუთრებით დაინტერესდება უცხო ენების შესწავლითა და სპორტით. ასევე, ივნისში გველის უხვი მოსავალი, რასაკვირველია, დროულად თუ აიღებენ და სწორად შეინახავენ. აპრილიდან ივლისამდე პერიოდი ხელს შეუწყობს შემოქმედებით მუშაობას, შემოქმედებითი ნიჭის ახლებურად გამოვლენას. ეს ძალიან ნაყოფიერი დროა პოეტების, მწერლების, მუსიკოსებისა და მხატვრებისთვის. ასევე, ქველმოქმედებისთვის. ახალი ძალით განვითარდება სასტუმროების ბიზნესი. ეს საუკეთესო დროა მუსიკალური კონკურსებისა და ფესტივალებისთვის, საქველმოქმედო აქციებისთვის. წელს, საზოგადოებაში შეინიშნება ძლიერი ლტოლვა საყოველთაო ჰარმონიისადმი, ბრძოლისა და დაპირისპირებების გარეშე. თუმცა, წლის პირველ ნახევარში საბრძოლო განწყობა, საზოგადოებაში თავს იჩენს. ეს წელი ითხოვს ყველგან და ყველაფერში პირადი ინტერესების დათმობას, საყოველთაო კეთილდღეობის სასარგებლოდ და ეს კარგად დაიმახსოვრეთ. კატის ანუ კურდღლის წელიწადში მოქმედების კურსი ეფუძნება თანამშრომლობასა და დიპლომატიურობას. კატის ანუ კურდღლის წელიწადი უფრო სხვა წლებთან შედარებით მეტად აძლევს საზოგადოებას მოდუნებისა და სიამოვნების მიღების შესაძლებლობას.
– რა ცვლილებებს გვპირდება მომავალი წელი სასიყვარულო, საოჯახო და მოდის სფეროში?
– 2011 წელს, მოდის სფეროში დომინირებულ პოზიციას დაიკავებს კლასიკური სტილი. ყურადღება გაამახვილეთ ელეგანტურ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე. ასევე, გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილები. დროდადრო გაგიჩნდებათ სურვილი, ექსპერიმენტები შეიტანოთ თქვენს სტილში. ამიტომ, შესაძლებელია, აღმოაჩინოთ, რომ უფრო მეტი დრო უნდა დაუთმოთ მოდის სიახლეებს. რაც შეეხება ოჯახურ და სასიყვარულო ურთიერთობებს, წელს გექნებათ საშუალება კარგად გააანალიზოთ სიტუაცია. ჭეშმარიტ სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახები ამ გამოცდას წარმატებით გაივლიან. ამასთანავე, პარტნიორულ ურთიერთობებში არ იჩქაროთ დასკვნის გაკეთება. იმოქმედეთ პრინციპით „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“. იანვრიდან აგვისტოს შუა რიცხვებამდე საოჯახო ურთიერთობებისთვის მშვიდი პერიოდია. აგვისტოს შუა რიცხვებიდან კი, მთვარის მფარველი ძალა მეტად დაეხმარება ბავშვებს და შეყვარებულ წყვილებს. თუ შეძლებთ კომპრომისზე წასვლას, ურთიერთობები უფრო მყარ, სტაბილურ და ჰარმონიულ ელფერს შეიძენს. აქვე გეტყვით, რომ სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით, წელს ფავორიტები იქნებიან: კუროს, ტყუპების, სასწორისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. საქმიანი დატვირთვის გამო, ნაკლებად ეცლებათ წელს, სიყვარულისთვის: „ვერძებს“, „კირჩხიბებს“, „ლომებსა“ და „მერწყულებს“. სირთულეები კი ელით სასიყვარულო ურთიერთობებში: „ქალწულებს“, „მორიელებს“, „მშვილდოსნებსა“ და „თხის რქებს“.
– მომავალ წელს ლითონის ენერგია მართავს. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?
– მართალია, 2011 წელს ლითონის სტიქია ბრძანებლობს და ერთდროულად იბატონებს ჰარმონიულობა და დინამიურობა. რადგან ამ წლის ლითონი – ინური ანუ პასიური ენერგიის შემცველია. ამის გამო, წინ წამოიწევს ვერცხლი და მისი ნაკეთობები, განსხვავებით წინა წლისგან, როცა უპირატესობა ოქროს ენიჭებოდა. წლის თილისმა ვერცხლია. კარგი იქნება ამ ლითონის სამკაულების ტარება მთელი წლის განმავლობაში. მაგალითად, ატარეთ ვერცხლის კულონი ან ბეჭედი და ეს თქვენი თილისმა, ყოველ სავსემთვარეობაზე დამუხტეთ მისი მმართველი, მთვარის ენერგიით.
– ეს როგორ მოვახერხოთ?
– მზის ჩასვლის შემდეგ, დაიდეთ თქვენი თილისმა ხელისგულზე და მიუშვირეთ მთვარის სხივს. გაუგზავნეთ მას სასიკეთო აზრები და სასიამოვნო განწყობის ენერგია, შემდეგ დატოვეთ ის ფანჯრის რაფაზე დილამდე, მთვარის შუქზე. დილით გაიკეთეთ და ის დაგეხმარებათ ცხოვრებაში. თუ თავი აგტკივდათ, წამოწექით და დაიდეთ ის წარბებს შორის და მალევე გაგივლით ტკივილი.
– ახალ წელს ნაჩუქარ ნივთებსაც ერთგვარი თილისმის ძალა ენიჭება. რომელ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს, რომელი საჩუქარი უნდა შევურჩიოთ?
– მართალია, ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოთ და საახალწლო საჩუქრები სწორად უნდა შეარჩიოთ. აღმოსავლური ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით, წელს საახალწლოდ საჩუქრები ასე უნდა შეარჩიოთ: „ვირთხის“ წელიწადში დაბადებულებისთვის – წიგნი, ვერცხლის ჯვარი; „ხარისთვის“ – შუაში გახვრეტილი ვერცხლის მონეტა, რომელსაც დაიკიდებს გულზე და ატარებს ან ფენ-შუის ფულის ხე; „ვეფხვს“ – ვერცხლისგან დამზადებული გულის ფორმის სამკაული აჩუქეთ; „კატას“ – ვერცხლის სამაჯური; „დრაკონს“ – ვერცხლისგან დამზადებული რქის გამოსახულება, ვერცხლისავე ძეწკვით, ქოლგა; „გველს“ ვერცხლის ბეჭედი ცირკონის თვლებით, ალმასით ან ფიანიტით; „ცხენს“ – ვერცხლის ნალის სამკაული, ოღონდ ნალის მომრგვალებული ნაწილი ქვემოთ უნდა იყურებოდეს; „თხას“ – ვერცხლის მთვარის გამოსახულებიანი სამკაული ან თეთრი ფერის თეთრეული; „მაიმუნს“ – მცენარის ფორმის ვერცხლის სამკაული ან რაიმე ნაკეთობა; „მამალს“ – ხელისგულის გამოსახულებიანი ვერცხლის სამკაული, თეთრი ან ვერცხლისფერი ხელთათმანები; „ძაღლს“ – ვერცხლის ჯვარი ან ქამარი; ხოლო, „ტახს“ კი – ვერცხლის მონეტა, რომელსაც სულ თან ატარებს. ეს საჩუქრები ერთგვარ თილისმურ ძალას შეიძენს და ის მათი დამცავი იქნება მთელი წლის განმავლობაში.
– ბატონო მიშა, როგორ დავხვდეთ ახალ წელს, რომ ის ჩვენთვის სიკეთისა და ბედნიერების მომტანი აღმოჩნდეს? მაგალითად, როგორ მოვრთოთ ნაძვის ხე, რა ფერები შევიტანოთ სადღესასწაულო ჩაცმულობაში, ან რომელი კერძები დავალაგოთ მაგიდაზე, რომ კურდღელი ანუ იგივე კატა, ვასიამოვნოთ და ჩვენ მიმართ კეთილად განვაწყოთ?
– 2011 წლის ძირითადი ფერია თეთრი, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, თქვენს ჩაცმულობაში უნდა დომინირებდეს, წლის მბრძანებლის თეთრი ფერი, შემდგომ კი ყურადღება შეგიძლიათ გაამახვილოთ ლითონის – იან ენერგიების ფერებზე; ასეთებია: ვერცხლისფერი და ნაცრისფერი. რადგან კატის დამცავი ფერია წყლის ელემენტი – ლურჯი, ამიტომ, მისაღებია ლურჯი და ცისფერიც. ცხადია, უმჯობესია, ეს ფერები სუფრასა და ნაძვის ხეზე. კარგი იქნება, თუ ახალ წელს ქალბატონები ოქროსფერი ან მწვანე ქვებით მოჭედილ საყურეებს გაიკეთებენ, ეს კატის თვალებთან ასოცირდება და წლის მბრძანებელს გაახარებს. ჩაცმულობაში, ახალ წელს მოერიდეთ კატის ან კურდღლის ნატურალური ბეწვისგან დამზადებული ქურქის ჩაცმას. ეს არ მოეწონება წლის მბრძანებელს. რაც შეეხება საკვებ პროდუქტებს, უმჯობესია სადღესასწაულო მაგიდაზე დადოთ მეტი თევზეული, რძე და რძის ნაწარმი – ხაჭო, ყველი. ასევე, ხორცი და ძეხვეული. კატეგორიულად იკრძალება კურდღლის ხორცის გამოყენება, რადგან ის წლის ერთ-ერთი მბრძანებელია. მას სუფრაზე ბევრი ბოსტნეული უნდა მივართვათ, მწვანილი და სტაფილო. ასევე, არ არის სასურველი, დიდი რაოდენობით გოჭის ხორცის გამოყენება, რადგან კატას ის ნაკლებად უყვარს. მისაღებია ხილი, მაგალითად, ვაშლი, მსხალი და ასე შემდეგ. არ დაგავიწყდეთ, რომ საახალწლო-სადღესასწაულო სუფრაზე აუცილებლად დადოთ თეთრი ფერის კატის ან კურდღლის გამოსახულების სათამაშო ან სტატუეტი. თუ ცოცხალ კურდღელთან ან კატასთან ერთად შეხვდებით ახალ, 2011 წელს, ამას რა ჯობია, მით უკეთესი თქვენთვის. წლის მმართველი პლანეტა ვენერა კი თქვენგან ითხოვს სიყვარულითა და ამაღლებული განწყობით შეხვდეთ მომავალ წელს. ის კი თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქორწინებასა და სასიყვარულო ურთიერთობებს.
– რაიმე რიტუალი თუ არსებობს, რომელიც ახალი წლის ღამეს, 12 საათზე უნდა გავაკეთოთ?
– ახალი წლის დადგომამდე, 15 წუთით ადრე, აანთეთ ერთი თეთრი ფერის სანთელი და ჩაუთქვით თქვენი სურვილები მას შემდგომი წლისთვის.
– და, რა ფერის ნაძვის ხეს მივანიჭოთ უპირატესობა?
– რასაკვირველია, უმჯობესი იქნება, წელს ვერცხლისფერი ნაძვის ხე დადგათ სახლში. რაც შეეხება 2011 წლის შეხვედრას, შეგიძლიათ მას როგორც სახლში, ასევე სახლს გარეთაც მეგობრებთან ერთად რესტორანში ან ბარში შეეგებოთ და აღნიშნოთ მისი შემობრძანება.