როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
თურქესტანიშვილი –
თურქისტანიშვილი
ქვემო ქართლის მებატონე-მემამულე თურქისტანიშვილების გვარი მომდინარეობს საკუთარი სახელიდან თურქესტან. როგორც ჩანს, ეს სახელი სათავეს იღებს ეთნონიმიდან – თურქესტანი. ისტორიულ წყაროებში თურქესტანიშვილი-თურქისტანიშვილები მოიხსენიებიან: თურქაძე, თურქია, თურქოშვილი. ასევე, ჰქონდათ შტო-გვარები, მაგალითად, პაპოშვილი და თამაზიშვილი.
ისტორიულ წყაროებში მათი გამოჩენა თამარის მეფობის ხანას უკავშირდება. ქვემო ქართლის 1721 წლის აღწერით, თურქესტან თურქესტანიშვილი უკვე ძლიერი და ცნობილი მემამულეა.
მეჩვიდმეტე საუკუნეში თურქესტანიშვილების სახლი რამდენიმე განაყოფი ოჯახისგან შედგება. მათი წარმომადგენლები მეფის სამსახურში არიან, მხარში უდგანან მონარქს საშინაო და საგარეო მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში.
მეფეები – გიორგი მეთერთმეტე და ვახტანგ მეექვსე, თურქესტანიშვილებს იყენებენ სამაშხლოსა და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დროს. ბაადურ თურქესტანიშვილი მეთვრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ქართველი პოლიტიკური მოღვაწეა, რომელიც ვახტანგ მეექვსესა და პეტრე პირველს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობდა. ქართველი მწიგნობარი – ერასტი თურქესტანიშვილი 1724 წელს რუსეთში გაჰყვა ვახტანგ მეექვსეს და მეფის დავალებით რუსულიდან ქართულად თარგმნა „აპოგრთეგმატა“, რომლის ორი ვრცელი და მოკლე რედაქცია არსებობს.
ოსმალობა-ყიზილბაშობის დროს, თურქესტანიშვილთა სახლი დიდ სიძნელეებს განიცდის. ისინი ვალებში ვარდებიან და მამულების გაყიდვა უწევთ.
მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან, როდესაც ქართლში მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, თურქესტანიშვილებმა თავიანთი სამამულო მფლობელობის საქმეების მოწესრიგებას მოჰკიდეს ხელი. ისინი მეფის სამსახურში შედიან. მეფე ერეკლე მეორე ნინია თურქესტანიშვილს ყოველწლიურ ჯამაგირს უნიშნავს. ის მეფის სასამართლო საქმეების მონაწილეა და მსაჯულადაც იწოდება.
1783 წელს რუსეთიდან დადებულ გეორგიევსკის ხელშეკრულების სიაში 81 სამეფო აზნაურის გვარია შეტანილი. თურქესტანიშვილები მეორე ადგილზე მოიხსენიებიან.
თურქესტანიშვილები დღეს თურქისტანიშვილები არიან.
თურქისტანიშვილთა შტო-გვარია სეხნიაშვილი.
საქართველოში 28 თურქისტანიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 19, დედოფლისწყაროში – 2, გარდაბანში – 1. არიან სხვაგანაც.
შალუტაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შალუტა.
1601 წელს ყმის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია შალუტა ჩახუტიშვილი.
1727 წელს შიო შალუტაშვილი მოხსენიებულია მამულის ნასყიდობის წიგნში, რომელიც მას თავად მიუცია ბეჟანიშვილისთვის.
საქართველოში 354 შალუტაშვილი ცხოვრობს: კასპში – 106, თბილისში – 73, გორში – 57. არიან სხვაგანაც.
დავითულიანი
ილია მაისურაძის წიგნში „ქართული გვარ-სახელები“ საუბარია სვანეთში წარმოშობილი დავითულიანების შესახებ. მკვლევარი წერს, რომ ერთი ფუძისაა გვარები – დავითაძე, დავითაშვილი, დავითაია, დავითულიანი, დავითიანი და დავითური.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გვარს საფუძვლად უდევს მამაკაცის საკუთარი სახელი დავითი, რომელიც ძველებრაული წარმოშოობისაა. ქართულად კი საყვარელს, წინამძღოლს ნიშნავს.
დავითულიანებში არსებობს გადმოცემა, რომ მათი გვარი დავით ულუს უკავშირდება. თუმცა, ეს ჯერ დაზუსტებული არ არის.
დავითულიანი წარმოშობილია დავითის მოფერებითი ფორმიდან – დავითულა.
1527-1558 წლებში როინ და გოშფარ ჯავახიშვილების გაყრის დროს, დავითულიანი მამულით გოშფარს ერგო.
დავითულიანი ბართლომე მეჩვიდმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ცხოვრობდა ტკოცაში. იყო სახასო მსახური. ჰქონდა ერთი კომლი და ჰყავდა ხუთი მოლაშქრე ვაჟი. ის მოხსენიებულია ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში.
საქართველოში 1 201 დავითულიანი ცხოვრობს: თბილისში – 297, ქუთაისში – 222, ცაგერში – 198. არიან სხვაგანაც.
ღავთაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ღავთა, რომელიც ხავთასოს სახეცვლილი ფორმაა. არსებობს ვარაუდი, რომ გვარის ფუძე შეიძლება იყოს საკუთარი სახელი – ანთია და ამ გვარს საერთო უნდა ჰქონდეს გვარ ანთაძესთან. თუმცა, ჯერ ეს კვლევის საგანია.
საქართველში 189 ღავთაძე ცხოვრობს: ზესტაფონში – 151, თბილისში – 26, ახალციხეში – 12.
ტიკურიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტიკარა, ტიკა.
გადმოცემის მიხედვით, ტიკურიშვილები ადრე ძეყორაშვილები იყვნენ. ამ გვარიდან წარმოიშვა: ბეკარაშვილი, მახარაშვილი, ხრიკული.
1873 წლის აღწერით, სოფელ გელთეთში, ანტონ ყორღანაშვილის დროებით ვალდებულ გლეხებად მოიხსენიებიან – ზურაბ, ანდრე და გაბრიელ ტიკურიშვილები.
ამავე ძირისაა გვარები – ტიკაშვილი, ტიკაძე, ტიკარიძე, ტიკიშვილი, ტიკურაშვილი.
საქართველოში 104 ტიკურიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 36, თეთრი წყაროში – 34, რუსთავში – 23. არიან სხვაგანაც.
თოთურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი – თოთა, თოთია. აქედან კი მიღებულია კნინობითი ფორმა თოთურა.
1886 წელს სოფელ ვაშლოვანში მოიხსენიება – დავით თოთურაშვილი.
საქართველოში 41 თოთურაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 28, თბილისში – 11, გორში – 2.
კვახაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კვახა.
ამავე ძირისაა გვარი კვახიაშვილი.
1796 წელს მოხსენიებულები არიან ისტორიულ წყაროებში გვარ კვახიაშვილების წარმომადგენლები.
1941 წელს კვახაძეები ამბროლაურის რაიონის სოფელ ზნაკვადან ასურეთში გადასახლებულან. რაჭაში კი ცხოვრობენ შემდეგ სოფლებში: ზნაკვა, პატარა ონი, ხიმში, ჯვარისა.
საქართველოში 466 კვახაძე ცხოვრობს: მცხეთაში – 195, თბილისში – 125, ტყიბულში – 25. არიან სხვაგანაც.
მალაციძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მალასი.
1726 წელს იორდანე ბებეშიძის მიერ ელიზბარ მამასახლისშვილისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ზურაბ მალაციძე.
1721 წელს მანუჩარ გლურჯიძის მიერ ზაზა მოურავისშვილისთვის მიცემულ ნასყიდობის წიგნში, სოფელ ხანდაკურში, მოიხსენიება ვინმე მალაციძე.
საქართველოში 510 მალაციძე ცხოვრობს: თბილისში – 194, გორში – 161, კასპში – 155.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით