კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ეძებს ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლიდან 1964 წელს გაშვილებული ქალბატონი თავის ბიოლოგიურ მშობლებს და რა აკავშირებს ამ ისტორიასთან ქუთაისში მცხოვრებ მოსამსახურე ქალს

46 წლის ლალი ბაგრატის ასული არჩაია (რესპონდენტის ამჟამინდელი სახელი და გვარი) ეძებს ბიოლოგიურ მშობლებს.

ისტორია: ვეძებ ჩემს ბიოლოგიურ მშობლებს. მათ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ 1964 წელს გამაჩინა. დავიბადე ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩემი ბიოლოგიური დედა 1963-1964 წლებში ცხოვრობდა თბილისში, ბაქოს ქუჩაზე. დამოუკიდებელმა ძებნამ ფუჭად ჩაიარა. გთხოვთ, დამეხმაროთ მის მოძებნაში.

ჟურნალისტის შენიშვნა: სამწუხაროდ, რუბრიკა „დაკარგულებისთვის“ გაშვილებული ბავშვების თემა სულ უფრო ხშირი ხდება. ადრე თუ გვიან, გაშვილებული ბავშვები იგებენ თავის ისტორიას და ბიოლოგიური მშობლების მოძებნის დიდი სურვილი უჩნდებათ. ბიოლოგიური მშობლებისთვის კი, რომლებმაც ამა თუ იმ მიზეზის გამო მიატოვეს ან გააშვილეს ბავშვი, შეცდომის გამოსწორების ერთადერთი შანსი, თავის შვილთან შეხვედრა და ყველაფრის ახსნაა.

– ქალბატონო ლალი, გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ გაიგეთ, რომ ნაშვილები იყავით და როგორი იყო თქვენი რეაქცია?

– ყველაფერი, რაც ჩემ შესახებ ვიცი, არის ის, რომ დავიბადე თბილისში, ჩაჩავას სახელობის სამშობიარო სახლში, 1964 წლის 9 აპრილს (თვესა და რიცხვში დარწმუნებული არ ვარ). მე მიშვილა თინა ბაგრატის ასულმა არჩაიამ, რომელიც სენაკის უპატრონო ბავშვთა სახლის დირექტორი და დაფასებული ექიმი-პედიატრი იყო. დღესდღეობით ჩემი აღმზრდელი დედა ცოცხალი აღარაა, მაგრამ დღემდე ძალიან თბილად მახსენდება ის და მისი ამაგი, რაც მას ჩემზე აქვს გაწეული. მე ვერასდროს გავიგებდი ჩემი შვილად აყვანის ამბავს, თუ არა ერთი პატარა შემთხვევა სკოლაში: როგორც გითხარით, მიშვილეს თბილისში, ხოლო გავიზარდე სენაკში, ვსწავლობდი სენაკის პირველ საშუალო სკოლაში. ვიყავი მეცხრე კლასში, როდესაც განაწყენებული თანაკლასელის დედამ მითხრა, რომ ნაშვილები ვიყავი. ჩემმა აღმზრდელმა დედამ ეს ძალიან განიცადა და ხშირად მისვამდა კითხვას – ხომ ისევ გიყვარვარო (ტირის). მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ ნაშვილები ვარ, ჩვენს ოჯახში ამ თემაზე საუბარი აღარ ყოფილა. გადმოცემით კი ვიცი, რომ დავიბადე საქართველოში, თბილისში, ჩაჩავას სამშობიარო სახლში. დაბადებისთანავე გამიკეთდა ოპერაცია – მქონდა წანაზარდები ხელებსა და ფეხებზე (მეექვსე თითების სახით), აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ფაქტი უეჭველად ეცოდინება ჩემს ბიოლოგიურ დედას.

– თქვენ გარდა თუ ჰყავდა თქვენს აღმზრდელ მშობელს აყვანილი შვილი და, როგორ მოხდა, რომ სენაკში უპატრონო ბავშვთა სახლის დირექტორმა შვილის აყვანა თბილისში გადაწყვიტა?

– მე სენაკში 1993 წლამდე ვცხოვრობდი, შემდეგ კი, ჩემს მეუღლესთან და შვილებთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში გადავედი საცხოვრებლად და დღემდე აქ ვცხოვრობ. ყველაფერი, რაც მე გავიგე, არის ის, რომ ჩემ გარდა ჩემმა აღმზრდელმა დედამ შვილივით გაზარდა რუსიკო, რომელიც მან სენაკის ბავშვთა სახლიდან წამოიყვანა და უპატრონა. ჩვენთან ერთად სახლში ცხოვრობდა მოსამსახურე – სვეტლანა კოშელოვა (ეროვნებით რუსი). აღმზრდელი მამა მე არ მყოლია. როდესაც აღმზრდელმა დედამ მიშვილა, რუსიკო უკვე დიდი იყო და ის თავის დედობილს ჩემს გაზრდაში ეხმარებოდა. ამჟამად რუსიკო ცოცხალი აღარაა. მიუხედავად იმისა, რომ ის უპატრონო ბავშვთა სახლიდან იყო, მე ის ყოველთვის დასავით მიყვარდა. ჩემი შვილად აყვანა კი თინამ შემდეგნაირად გადაწყვიტა: თინას დედა, ანუ ბებიაჩემი, ოლღა სამსონის ასული კვირკველია, მუშაობდა თბილისის პედიატრიის ინსტიტუტში. სწორედ მას გავუგზავნივარ თავისი შვილისთვის. სამწუხაროდ, ამჟამად არც ბებიაჩემია ცოცხალი და არც ბიძაჩემი, რომელიც ბაქოს ქუჩაზე ცხოვრობდა. ბიძაჩემს ჰყავდა მოსამსახურე ქალი – ზოია პეტრეს ასული კიკნაძე. ჩემი აზრით, შეიძლება ზოიამ, იცოდეს რამე ჩემი ბიოლოგიური დედის შესახებ, მაგრამ, ჩემთვის გაურკვეველი მიზეზის გამო, ის მე არაფერს მიმხელს. ამჟამად ზოია ქუთაისში ცხოვრობს, მეორე სამშობიარო სახლის ექიმის – ბრეგაძის ოჯახში.

– დამოუკიდებლად თუ ეძებდით დედას?

– 1993 წლიდან რუსეთში ვცხოვრობ, მაგრამ ადრე არ მიფიქრია ბიოლოგიური დედის მოძებნაზე. 2000 წელს და მერე 2004 წელს, მას შემდეგ, რაც გადაცემა „ჟდი მენიას“ ვუყურე, გადავწყვიტე, ჩემი განაცხადიც გამეგზავნა დედის მოძებნის შესახებ. მათ ოპერატორსაც კი ვესაუბრე რამდენჯერმე, მაგრამ უშედეგოდ. ვიცი, რომ ინფორმაციულად ისტორია მწირია, ამიტომ, თქვენ ხართ ჩემი ერთადერთი იმედი. ბაქოს ქუჩაზეც მოვიარე ბიძაჩემის მეზობლები, მაგრამ მათ არაფერი იციან. ზოგი მეუბნება, რომ ჩემი ბიოლოგიური დედა ბერძენი იყო. თითქოს ის იმ წლებში ბიძაჩემის მეზობლად ცხოვრობდა და სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ყოფილა, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია. მე კი მაინც მგონია, რომ ზოიამ, ბიძაჩემის მოსამსახურემ შეიძლება იცოდეს რამე.

– როგორ ფიქრობთ, თუკი თქვენი ბიოლოგიური მშობლები გაიგებენ იმის შესახებ, რომ მათ ეძებთ, გამოგვეხმაურებიან?

– დიდი იმედი მაქვს, რომ ასე მოხდება. ნამდვილად არ გამოვიძიებ ჩემი მიტოვების მიზეზს, ღმერთის წყალობით, ძალიან კარგ ოჯახში მოვხვდი. არაფერი არ მინდა მათგან, გარდა იმისა, რომ ვიპოვო, გავიცნო და ვნახო.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.


скачать dle 11.3