ვინ ეძებს მშობელ მამას ხობში და რატომ უმალავდა მას დედა მამის შესახებ ინფორმაციას
23 წლის თამარ ბონდოს ასული სულეიმანოვა ეძებს დაახლოებით 54-55 წლის ბონდო ბორისის ძე ჟორჟოლიანს.
ისტორია: გთხოვთ, დამეხმაროთ მამის პოვნაში, ვეძებ დაახლოებით 1955-1956 წლებში დაბადებულ, ბონდო ბორისის ძე ჟორჟოლიანს. მის შესახებ თითქმის არაფერი ვიცი, რადგან ის რამდენი წელია, საქართველოში ცხოვრობს, მე კი მისგან შორს – რუსეთში. ჩემთვის ცნობილია, რომ მყავს ბიძაც, რომელსაც გელა ჰქვია. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ მამიკოს პოვნაში და თუკი ის წინააღმდეგი არ იქნება, დაგვაკავშირეთ ერთმანეთთან.
– თამარ, მოგვიყევი შენი ისტორია, რატომ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი...
– ჩემი ისტორია, ერთი შეხედვით, ბანალურია – ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს, შეუყვარდათ და შედეგად, გავჩნდი მე. მამაჩემის შესახებ ვიცი, რომ ის საქართველოში (ხობში, არ ვიცი, რაიონია ეს თუ სოფელი) ცხოვრობდა. ბევრჯერ მითხოვია დედაჩემისთვის, მამის შესახებ ეამბნა რამე, მაგრამ ის ფიქრობდა, რომ ამით მამაჩემის ამჟამინდელ ოჯახს (რომელიც მას, ალბათ, ჰყავს), დაუშავებდა რამეს, მე კი კეთილი სურვილები მაქვს. მე, უბრალოდ, მინდა ვიპოვო მამიკო და ვნახო, როგორია ის – ვგავარ თუ არა, როგორი ხასიათი აქვს, მყავს თუ არა ნახევარძმა ან ნახევარდა. დიდი იმედი მაქვს, რომ მამაჩემიც გაიზიარებს ამ სურვილს და მასაც მოუნდება ჩემი ნახვა. ნამდვილად არ მინდა, ჩემ გამო მას ოჯახში რაიმე უსიამოვნება შეხვდეს. მე ისიც კი არ ვიცი, იციან მათ ჩემ შესახებ თუ არა. ბავშვობიდან მშურდა იმ ბავშვების, ვისაც ბაღში მამიკოები აკითხავდნენ. მე, ამ მხრივ, მართლაც მიჭირდა, მაგრამ წლები გავიდა, უკვე ზრდასრული გოგო ვარ და ვხვდები, რომ მათ, ანუ ჩემს მამას და დედას სერიოზული მიზეზი ჰქონდათ, რომ ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
– აქამდე თუ ეძებდი მამას და როგორ?
– მამის მოძებნის სურვილი 1996 წლიდან არ მასვენებს. ფიზიკურად ჩვენ შორის ძალიან დიდი დისტანციაა, შეიძლება ითქვას, რომ მე საქართველოში ვერასდროს ჩამოვალ და ამიტომ, აქტიურ ძებნას მარტო, დამოუკიდებლად, ბუნებრივია, ვერ შევძლებდი. 2009 წლის ოქტომბერში გადავწყვიტე, დახმარება აქაური სამძებრო საიტებისთვის მეთხოვა და გავგზავნე პატარა ტექსტები, ჩემს ფოტოსურათთან ერთად. ისტორიების სიმრავლის გამო, ჩემი ამბავი დღემდე უყურადღებოდ რჩებოდა. სიმართლე გითხრათ, იმედიც კი გადამეწურა, თუ როდისმე შევძლებდი მამის ნახვას ან მისი ხმის ტელეფონით გაგებას მაინც. მაგრამ, რწმენას არ ვკარგავ. ვიცი, მამიკო 15 მარტს არის დაბადებული და ყოველი წლის 15 მარტს გონებაში ვულოცავ დაბადების დღეს.
– როგორ ფიქრობ, მამაშენმა თუ იცის, რომ ასე მონდომებით ეძებ? ან თუ შეიძლება, რომ დედა ისეთ რამეს გიმალავდეს, რაც მის მოძებნას გადაგაფიქრებინებდა?
– ხშირად მიფიქრია, ჩემს ცხოვრებაზე. პატარა აღარ ვარ და მაქვს იმის უფლება, სიმართლე ვიცოდე, შეიძლება, დედიკო მართლაც მიმალავს რამეს, მაგრამ არ მგონია, ამქვეყნად ისეთი რამ არსებობდეს, რაც მამის პოვნას გადამაფიქრებინებს. ნამდვილად არ ვიცი, იცის მამიკომ ჩემი არსებობის შესახებ თუ არა. ხანდახან ვფიქრობ, რომ სცოდნოდა, ისიც მომძებნიდა-მეთქი.
– ჩემს პრაქტიკაში ხშირად მომხდარა, რომ ერთი ადამიანი თავიდან მთელი მონდომებით ეძებს მეორეს, მაგრამ მისი პოვნის შემდეგ, გაურკვეველი გრძნობა ეუფლება და მასთან დაკავშირებას ვერც კი ბედავს რაღაც პერიოდის განმავლობაში. მას ადაპტაცია სჭირდება, რომ გაიაზროს მომხდარი. შენ როგორ ფიქრობ, რა რეაქცია გექნება მამის პოვნის შემთხვევაში?
– ამის წარმოდგენა ჩემთვის ახლა ცოტა რთულია, თუმცა ვფიქრობ, მეც შეიძლება გამიჭირდეს დარეკვა და პირველი სიტყვის თქმა. წარმომიდგენია, რამხელა სიხარული და ემოცია დამეუფლება, თუ მამას ვიპოვი. ნეტავ, ეს მართლაც ლამაზად და ყველასთვის უმტკივნეულოდ მოხდეს – ჩემი დიდი ნატვრაც ხომ სწორედ ეს არის.