ოზონას პრობლემური ქვეყნები არ სჭირდება
ევროპაში ცნობილი ეკონომიკური ექსპერტის, ნურიელ რუბინის აზრით, ევროზონის სუსტი წევრები თავიანთ ეროვნულ ვალუტას უნდა დაუბრუნდნენ. მისი მტკიცებით, ევროზონიდან გარიცხვის პირველი პრეტენდენტი ვალებით დასუსტებული საბერძნეთია. თუმცა, ევროპელი ჩინოვნიკები სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებენ. მათი თქმით, ევროზონას არც ერთი ქვეყანა არ დატოვებს. „საბერძნეთის სახელმწიფო ვალები იმდენად დიდია, რომ მისი რესტრუქტურიზაცია, პრაქტიკულად, შეუძლებელია. რა თქმა უნდა, რესტრუქტურიზაციის პროცესი შესაძლოა, ნებისმიერ დროს დაიწყოს, მათ შორის უშუალოდ დეფოლტის წინაც. თუმცა, საუკეთესო გამოსავალი იქნება, თუ ეს ქვეყანა ევროს დაივიწყებს და თავის ეროვნულ ვალუტას დაუბრუნდება“ – განაცხადა რუბინმა. რაც შეეხება ევროზონის ჯაჭვის მეორე სუსტ წერტილს, ის ირლანდიაა. თუმცა, რუბინის აზრით, ირლანდიას საბერძნეთზე გაცილებით უფრო მყარი მდგომარეობა აქვს და ამის მიზეზი მის ტერიტორიაზე განთავსებული მსხვილი უცხოური კომპანიებია, მათ შორის „ინტელი“. რუბინი შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირის მიერ შექმნილი ფონდის გამოც, რომელმაც დაზარალებულ ქვეყნებს უნდა დაუჭიროს მხარი. ეკონომისტის აზრით, 750-მილიარდევროიანი ფონდი საკმარისი იქნება საბერძნეთის, ირლანდიისა და პორტუგალიის მხარდასაჭერად. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პრობლემები ესპანეთის ფინანსურ სისტემასაც შეექმნება, ის არასაკმარისი აღმოჩნდება.