რატომ ითვლება რობერტ მილერი ყველაზე „უკვდავ“ მილიარდერად პლანეტაზე და ვინ არის ყველაზე რელიგიური მილიარდერი მსოფლიოში
გაზეთი „ფაინენშალ თაიმსი” ყოველწლიურად ყველაზე არაჩვეულებრივი მილიარდერების რეიტინგებს აქვეყნებს. რეიტინგის პერსონაჟები არა საკუთარი მრავალმილიარდიანი ქონებით, არამედ ეპატაჟურობითა და ექსტრავაგანტურობით არიან გამორჩეულნი. „თბილისელების” ამ ნომერში გთავაზობთ „ფორბსის“ არაჩვეულებრივ მილიარდერებს ახალ ამპლუაში.
ყველაზე ნაყოფიერი – სალეჰ აბდულ აზიზ ალ-რაჯი
ყველაზე ნაყოფიერი მილიარდერი პლანეტაზე საუდის არაბეთის წარმომადგენელი, 98 წლის სალეჰ აბდულ აზიზ ალ-რაჯია, რომელსაც, გარდა იმისა, რომ 3 მილიარდი დოლარის კაპიტალი აქვს, ჰყავს 60 კანონიერი შვილი, ხოლო მის ჰარემში 7 ოფიციალური ცოლია. ალ-რაჯი მილიარდერებს შორის ყველაზე მრავალშვილიანია.
ყველაზე ჭკვიანი – ჯეიმს საიმონსი
71 წლის და 8,5-მილიარდიანი ქონების მფლობელი, ამერიკელი ჯეიმს საიმონსი, ყველაზე ჭკვიან და განათლებულ მილიარდერად ითვლება პლანეტაზე. მას სამეცნიერო ხარისხი ბერკლის უნივერსიტეტში აქვს მიღებული. შემდგომ იგი მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა მასაჩუსეტსისა და ჰარვარდის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებში და ასევე, იყო დეშიფრატორ პრინსტონის თავდაცვის ანალიზის ინსტიტუტში. ჰეჯ-ფონდებით საიმონსი მხოლოდ 1978 წელს დაინტერესდა, როდესაც თავისი პირველი საინვესტიციო კომპანია ჩამოაყალიბა.
ყველაზე ძუნწი – ინგვარ კამპრადი
მსოფლიოს მილიარდერების „ფორბსის” პირველი ათეულის წევრ, შვედ ინგვარ კამპრადის სიძუნწეზე ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ იგი მხოლოდ პენსიონერებისთვის განკუთვნილი შეღავათებით იძენს საკვებ პროდუქტებს, აიძულებს თავის თანამშრომლებს, ეკონომიის მიზნით ფურცლის, ორივე მხარეზე წერონ და 15 წლის „ვოლვოთი” გადაადგილება. ეს ალბათ, საკმარისია, დავრწმუნდეთ, რომ მსოფლიოში ცნობილი კომპანია „იკეას” შეფი ნამდვილად ძუნწია.
წვეულებების საუკეთესო მომწყობი – რუსტამ ტარიკო
რუსი მილიარდერი რუსტამ ტარიკო, 1,7 მილიარდი ამერიკული დოლარით „ფორბსის” 2010 წლის რეიტინგში 721-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა მისი მოკრძალებული ადგილი რეიტინგში სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტარიკო საზოგადოებისთვის უცნობი მილიარდერია. სწორედ მის მიერ მოწყობილი წვეულებები ითვლება საუკეთესოდ. მაგალითად, არაყ „იმპერიას” ამერიკის შეერთებულ შტატებში პრეზენტაციის დროს, ტარიკო 1 000-მდე სტუმარს მთელ-მთელად შემწვარი ათეულობით ზუთხით, კილოგრამობით შავი ხიზილალითა და მწყრის კვერცხებით გაუმასპინძლდა. სხვათა შორის, რუსტამ ტარიკო პირველი რუსი მილიარდერია, რომელმაც შეიძინა ავტომობილები „მაიბაჰი” და „მერსედეს მაკლარენი”.
ყველაზე რევოლუციური – სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი
„გუგლის” გამომგონებლები, წარმოშობით რუსი სერგეი ბრინი და ამერიკელი ლარი პეიჯი, ყველაზე რევოლუციონერ მილიარდერებად ითვლებიან. მათი ინტერნეტ-საძიებო სისტემა საკულტოს სახელს ატარებს, ხოლო მათი სხვა პროდუქტები – „გუგლ მეფი”, „გუგლ მობაილი”, „გუგლ ნიუსი”, საფოსტო სერვერი „ჯიმაილი” წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობენ ინტერნეტ-მომხმარებლებს შორის.
ყველაზე მდიდარი ქუჩის მუსიკოსი – გი ლალიბერტე
კანადელი გი ლალიბერტე 18 წლის ასაკში წავიდა სახლიდან და ევროპაში ქუჩაში ცხოვრობდა. იგი ცეცხლწაკიდებულ ხმლებს ყლაპავდა, თავდაყირა დამდგარი აკორდეონზე უკრავდა, ოჩო-ფეხებით გადაადგილდებოდა და სხვადასხვა სახის საცირკო წარმოდგენის დადგმით ირჩენდა თავს. კანადაში დაბრუნების შემდეგ მან დააარსა „მზის ცირკი“, ანუ როგორც მას მსოფლიოში უწოდებენ – „ცირკ დუ სოლეი” და მსოფლიოში გაითქვა სახელი, რამაც მისი კაპიტალი 1,4 მილიარდი დოლარით გაზარდა.
ყველაზე „მწვანე” მილიარდერი – ში ჯენჟონი
ჩინური კომპანია „სანტექ ფაუერი” მზის ელემენტებისთვის ფოტოელემენტებს აწარმოებს და სწორედ ამ კომპანიის დამფუძნებელია ში ჯენჟონი. ჩინელ მილიარდერს მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული ლაზერულ ფიზიკაში და მეცნიერების დოქტორის ხარისხი – ელექტრონულ ინჟინერიაში. მზის ენერგიის ბიზნესი რომ წარმატებულ სფეროდ იქცევა, ამაზე ში ჯენჟონის კაპიტალიც მეტყველებს, რომელიც 2,9 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
ყველაზე რელიგიური მილიარდერი – დევიდ გრინი
„შეუძლებელია წარმატების მიღწევა ღმერთის გარეშე. ჭეშმარიტი წარმატება დაკავშირებული უნდა იყოს მრავალჟამიერებასთან, მრავალჟამიერება კი, მხოლოდ ღმერთშია”, – ეს სიტყვები „ფორბსის“ მილიარდერთა 316-ე ნომერს, 3 მილიარდი დოლარის კაპიტალის მფლობელ დევიდ გრინს ეკუთვნის, რომელიც ყველაზე მორწმუნე მილიარდერად ითვლება პლანეტაზე. გრინს ეკუთვნის გამოყენებითი ხელოვნებისა და შემოქმედების მაღაზიათა ქსელი „ჰობი ლობი“ ამერიკის ტერიტორიაზე, ამჟამად ქსელში გაერთიანებულია 378 მაღაზია ამერიკის 29 შტატში, ხოლო ეს ბიზნესი გრინმა 1972 წელს, კრედიტში აღებული 600 დოლარით წამოიწყო.
ყველაზე „უკვდავი” მილიარდერი – რობერტ მილერი
ელექტრომექანიკური მოწყობილობებით მოვაჭრე კანადური კომპანია „ფიუჩერ ელექტრონიქსის” მფლობელი 65 წლის რობერტ მილერი 2,5 მილიარდ დოლარად შეფასებულ კაპიტალს ფლობს და „ფორბსის” რეიტინგში 374-ე ადგილი უკავია. მილერი იმით არის საინტერესო, რომ ხშირად უიმედო და უპერსპექტივო პროექტებით ინტერესდება, ახორციელებს და ინვესტირებასაც დებს მათში. მაგალითად, მისი დაფინანსებით მიმდინარეობს მუშაობა არიზონის კრიონიკული კვლევის ცენტრში, რომელიც ადამიანის ძლიერ გაყინვასა და შემდგომში მისი გალღობით გაცოცხლებას ემსახურება. უკვე ცნობილია, რომ სიკვდილის შემდეგ მილერს გაყინავენ და, თუკი მომავალში მეცნიერთა ვარაუდი გამართლდება, მას გაალღობენ და გააცოცხლებენ – ამიტომაც ითვლება რობერტ მილერი „უკვდავ“ მილიარდერად.
ყველაზე დამალული მილიარდერი – კლაივ კალდერი
2,4 მილიარდი დოლარისა და რეიტინგის მე-400 საფეხურის მფლობელი, ამერიკელი კლაივ კალდერი, საზოგადოებისგან ყველაზე დამალულ მილიარდერად ითვლება. მისმა ყოფილმა კომპანიამ, „ზომბა რეკორდსმა“, თავის დროზე ბრიტნი სპირსთან, „ენსინქთან“ და „ბექსთრით ბოიზთან“ თანამშრომლობით გაითქვა სახელი და მილიარდობით დოლარის მოგებაც ნახა. 2002 წელს კალდერმა ყველასთვის მოულოდნელად გაყიდა ხმის ჩამწერი სტუდიის აქციათა საკვანძო პაკეტი და კაიმანის კუნძულებზე გადავიდა საცხოვრებლად, ჟურნალისტებთან ურთიერთობა კი მინიმუმამდე დაიყვანა.