როგორ მოკლეს გერმანელებმა იაკობ ჯუღაშვილი
იოსებ ჯუღაშვილის ვაჟი, იაკობი, დიდი სამამულო ომის დაწყებისთანავე სამშობლოს დამცველთა წინა რიგებში იბრძოდა.
აი, რას წერდა იმ დროს გაზეთი „პრავდა“: „თავგანწირვისა და გმირობის არნახული მაგალითი გვიჩვენა ვიტებსკთან ბატარეის უფროსმა ლეიტენანტმა იაკობ ჯუღაშვილმა. სისხლისმღვრელ, უთანასწორო ბრძოლაში იგი უკანასკნელ ხელყუმბარამდე გმირულად იცავდა სამშობლოს. მტკიცე კომუნისტმა, ერთგულმა მებრძოლმა უდიდესი განსაცდელის დროს, როცა მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო, არ მიატოვა საბრძოლო პოსტი“.
გენერალი შტემენკო თავის მოგონებებში წერდა: „...1941 წლის ბოლოს სტალინი თავის სამუშაო ოთახში წინ და უკან დადიოდა და თან ბერლინის რადიოს უსმენდა, რომელიც გერმანულ ენაზე გადმოსცემდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სტალინის ვაჟი, იაკობი, ტყვედ ჩაიგდეს. სტალინმა რადიო იმწამსვე გამორთო, დანაღვლიანებულმა ფიქრი დაიწყო“.
ჰიტლერული გაზეთი „ფოლკიშენ ბეობახტერსი“ იტყობინებოდა, რომ ბოლშევიკური შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის შვილი, საზენიტო ბატარეის მეთაური, ტყვედ ჩაჰბარდა პოლოცკსა და ვიტებსკს შორის მოწინავე პოზიციაზე. აღნიშნული იყო, რომ სტალინის შვილს არასდროს სჯეროდა წითელარმიელთა საბრძოლო გამარჯვების.
ჰიტლერული გაზეთის საფრონტო კორესპონდენტის შეტყობინება თავიდან ბოლომდე შეთხზული, ბლეფი და სიცრუეა. სხვა მარგალიტებიც ბევრია მოყვანილი იმავე წერილში.
გაზეთის საფრონტო კორესპონდენტი წერდა, რომ იაკობ ჯუღაშვილმა უარყო მამა, დაგმო ჰიტლერული ჯარებისადმი უმიედო და უაზრო წინააღმდეგობის ფაქტი, რომ იაკობს არასოდეს უფიქრია სტალინის მხედართმთავრობით გამარჯვებაზე.
დანარჩენი ინფორმაცია შემდეგნაირად გამოიყურებოდა:
თითქოსდა, იაკობ ჯუღაშვილი მოათავსეს უფროსი პოლონელი ოფიცრების ტყვეთა ბანაკში, რომ მას აკრძალული ჰქონდა სასადილოში შესვლა და საკვებ პროდუქტებს სადგომ ოთახში აძლევდნენ. იგი დაცვის თანხლებით ხანმოკლე გასეირნებებზე გამოჰყავდათ. მასზე არ ვრცელდებოდა ტყვეთა ბანაკში ჟენევის კონცეფციის კონვენციიდან გამომდინარე პრივილეგიები, რაც ითვალისწინებდა პროდუქტების, ამანათების, ფულისა და წერილების მიღებას. აქვე აღვნიშნავთ, რომ იაკობ ჯუღაშვილსა და პოლონელ ტყვეებს შორის თავიდანვე იყო დამყარებული მეგობრული ურთიერთობა, რომელსაც საფუძველი მაშინ ჩაეყარა, როცა გაირკვა, რომ იაკობი სტალინის შვილი იყო. პოლონელები იაკობს თანაუგრძნობდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, მისთვის ტყვეობაში ყოფნა შეემსუბუქებინათ.
იმასაც წერდნენ, რომ პოლონელ ტყვეთა ბანაკში იმ დროს იმყოფებოდა 1 800-ზე მეტი პოლონელი ოფიცერი. აღნიშნული ბანაკი მოწყობილი იყო ლიუბეკში (ვესტფალია).
ბანაკში გერმანელებმა სპეციალური სადგომი მოამზადეს იაკობ ჯუღაშვილისთვის. უფროსი პოლონელი ოფიცრების ბანაკში გააკეთეს ტიხარი, რომლითაც იზოლირებული იქნა ორი პატარა ოთახი, შუაში დერეფნით. კარებს ორივე მხრიდან გაუკეთეს მაგარი საკეტი და ვიწრო საჭვრეტი, რათა ყარაულს შეძლებოდა, ტყვისთვის თვალი ედევნებინა.
პოლონელი ოფიცრები, აგრეთვე, აგროვებდნენ და კრებდნენ სხვადასხვა ინფორმაციებს, აკეთებდნენ დასკვნებს ფრონტებზე არსებული ჭეშმარიტი ვითარების შესახებ, ეძებდნენ გარე კონტაქტებს, ჰქონდათ გაქცევის მცდელობის შემთხვევები.
პოლონელმა მეგობრებმა იაკობ ჯუღაშვილს დაუნიშნეს შიკრიკი, პოლონელი ტყვე, კაპრალი ხმილინსკი, რომელიც შესაძლებლობების ფარგლებში ყოველგვარ დახმარებას უწევდა მას. პოლონელთა მიერ იგი ინფორმირებული იყო, თუ რას წერდა მის შესახებ ჰიტლერული პრესა. მან გადაჭრით განაცხადა, რომ არსად და არასოდეს მას გერმანელებისთვის არავითარი ინტერვიუ არ მიუცია.
თითქოსდა, ერთხელ, იაკობ ჯუღაშვილმა თავის პოლონელ მეგობარს სთხოვა, რომ მასთან მისულიყვნენ გამოცდილ თარჯიმანთან ერთად. ასეც მოხდა და იაკობ ჯუღაშვილმა ამაღლებული ტონით მათ უთხრა: „თუ მოხდება ისე, რომ სამშობლოს ვეღარ ვიხილავ, გთხოვთ, მამაჩემს, იოსებ სტალინს განუცხადოთ, რომ მე იგი არასდროს გამიცია, ხოლო ის, რაც ჰიტლერულ პროპაგანდას შეუთხზავს, სრული სიცრუეა“.
იმავე დღეს იაკობ ჯუღაშვილმა საუბარი გამართა ბანაკის კომენდანტთან, პოლკოვნიკ ფონ ვასტმაისტერთან, რასაც ესწრებოდნენ პოლონელი ტყვე კოვალსკი და თარჯიმანი.
გერმანელმა კომენდანტმა წინადადება მისცა საბჭოთა ტყვეს, რომ მას წერილობით მიემართა ბანაკის კომენდატურისთვის ოფიცრის განაკვეთის მიღების შესახებ. ამ წინადადებით იაკობ ჯუღაშვილმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ მისი თანამემამულენი ფულს არ იღებდნენ და მას არ სურს, ბანაკში განსაკუთრებული პრივილეგიებით ან უფლებებით სარგებლობდეს. გარდა ამისა, იგი ფულს იღებს პოლონელი მეგობრებისგან და ეს დახმარება მას სავსებით ჰყოფნის. „თქვენ არ გაქვთ ფული საბჭოთა სამხედრო ტყვეებისთვის და, აქედან გამომდინარე, საამისოდ კანონიერი საფუძველი არ არსებობს“, – ხმის აწევით განაცხადა სტალინის შვილმა.
იაკობ ჯუღაშვილთან დამოკიდებულებაში გერმანელებმა სრული ფიასკო განიცადეს – ისინი ფსიქოლოგიურად დამარცხდნენ. მოათავსეს რა იგი პოლონელ ტყვე ოფიცერთა ბანაკში, ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქართველი და პოლონელები ერთმანეთს ვერ გაუგებდნენ და ვერ შეეგუებოდნენ, რომ ისინი ჩხუბს დაიწყებდნენ. თუმცა სრულიად საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს: პოლონელები თანაუგრძნობდნენ იაკობ ჯუღაშვილს და ცდილობდნენ, ტყვეობაში ყოფნა მისთვის შეემსუბუქებინათ. მათ სწამდათ და სჯეროდათ, რომ ომი საბჭოთა კავშირის გამარჯვებით დამთავრდებოდა.
...გავიდა მცირე ხანი, პოლონელმა ტყვე ოფიცრებმა გერმანელებისთვის ძვირფასი და სანუკვარი ტყვე გასაქცევთა ჯგუფში შეიყვანეს. მამაცმა ტყვეებმა მიწისქვეშა ხვრელი გააკეთეს ოფიცერთა ბანაკიდან ეკლიანი მავთულღობის გარეთ არსებულ ჭვავის ყანამდე. გზის მეორე მხარეს იყო ჭვავისა და პურის ყანა, რომელიც გაქცეულთათვის პირველი და საიმედო საფარი იქნებოდა, რომ თავი დაეღწიათ მოსალოდნელი დევნისთვის.
ბანაკიდან გაქცევა შემთხვევით ჩაიშალა იმის გამო, რომ დაცვის ყარაული უეცრად წააწყდა სამხედრო ტყვეებს, რომლებიც გათხრილი ხვრელიდან გამოდიოდნენ და შეეძლოთ, ჭვავ-პურის ყანისთვის თავი შეეფარებინათ, მაგრამ ყარაულმა რამდენიმე გამაფრთხილებელი სროლა გააკეთა და განგაში ატყდა. ბანაკში აურზაური შეიქმნა და ყოველივე ამის მიზეზი, უპირველესად, ის იყო, რომ გაქცევის ერთ-ერთი მონაწილე იაკობ ჯუღაშვილიც გახლდათ.
გაქცევის წარუმატებელი ცდიდან რამდენიმე საათის შემდეგ იაკობ ჯუღაშვილი გაძლიერებული დაცვის ქვეშ წაიყვანეს პოლონელ ტყვეთა ბანაკიდან. ის გადაიყვანეს ბერლინში, სადაც მას გაძლიერებულად და საგანგებოდ იცავდნენ და მასზე ყოველგვარ ზემოქმედებას ახდენდნენ, რომ მამისა და სამშობლოსთვის ეღალატა, მაგრამ ჰიტლერელ ჯალათებს არაფერი გამოუვიდათ.
იმჟამინდელი ვერსიით, წითელი არმიის უფროსი ლეიტენანტი იაკობ ჯუღაშვილი თითქოსდა ტყვეთა ერთი ბანაკიდან მეორეში გადაჰყავდათ, ხოლო 1943 წლის აპრილში ბანაკის მცველმა გაქცევის მცდელობისას იგი მოკლა. ასე და ამგვარად შექმნეს მითი იაკობ ჯუღაშვილის დაღუპვის შესახებ...
იმჟამინდელმა გერმანულმა სპეცსამსახურებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ შეეთხზათ მითი, თითქოსდა კონტუზირებული და დაუძლურებული იაკობი ტყვედ აიყვანეს. იაკობ ჯუღაშვილმა უარყო მამა, დაგმო ჰიტლერული ჯარებისადმი უიმედო და წინააღმდეგობის გაწევა, რომ იაკობს თითქოსდა არასდროს სწამდა ამ ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების ფაშისტური პროპაგანდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ მონაჭორი სიცრუედ გაესაღებინათ. ასეთ საქმეში მთავარ როლს ჰიტლერის პროპაგანდისა და აგიტაციის მინისტრი, დოქტორი გებელსი ასრულებდა. ის თავხედურად ამტკიცებდა, რომ „ისე უნდა იცრუო, რომ ყოველთვის ეგონოთ სიმართლე“. ყოველივე ამან განაპირობა ის, რომ ჰიტლერმა ახალ ანდერძში დოქტორი გებელსი რაიხსკანცლერის პოსტზე დააწინაურა.
2007 წელს რუსეთის ტელევიზიამ, – „ენტევემ“, აჩვენა მრავალსერიანი მხატვრული ფილმი „სტალინ, ლაივ“, ნაჩვენებია ეპიზოდი, როდესაც 1941 წლის ივლისში ლავრენტი ბერიამ სტალინს მოახსენა, რომ ვიტებსკთან ბრძოლების დროს, ალყიდან გამოსვლის მცდელობისას, დაიღუპა იაკობი, რის შემდეგაც სტალინი გაოგნებული ფიქრობს...
2007 წლის 27 აგვისტოს მოსკოვის ბერდენკოს სახელობის მთავარ კლინიკურ სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა იაკობ ჯუღაშვილის ერთადერთი ქალიშვილი – გალინა ჯუღაშვილი. იგი დაიბადა 1938 წლის 19 თებერვალს დედამისი იულია მელცერი, პროფესიით ბალერინა, იაკობის მესამე ცოლი იყო.
გალინა ჯუღაშვილმა დაამთავრა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი ფრანგული ენის განხრით. შემდეგ მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა უფროს მეცნიერ მუშაკად მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში. იგი იყო რუსეთის მწერალთა კავშირის წევრი.
თავისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში გალინა ჯუღაშვილმა უამრავი ისტორიული, კრიმინალისტური, დოკუმენტური და საარქივო მასალა მოიკვლია და შეისწავლა, რის შემდეგაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მამამისი, იაკობ ჯუღაშვილი, გერმანელთა ტყვეობაში არასოდეს ყოფილა, რომ გერმანელებმა გამოძებნეს მისი ორეული, რომელსაც შთააგონეს, რომ იგი სტალინის შვილი იყო.
ეყრდნობოდა რა, აგრეთვე, რუსი ისტორიკოსებისა და ექსპერტების მიერ მოკვლეულ მასალებს, არგუმენტებსა და უტყუარ ფაქტებს, გალინა ჯუღაშვილმა თავის წიგნში – „ბელადის ოჯახის საიდუმლო“ დამაჯერებლად დაამტკიცა, რომ მამამისი 1941 წლის 16 ივლისს, ვიტებსკთან ბრძოლისას დაიღუპა გმირულად.
სწორედ გალინა ჯუღაშვილის მონდომებით და ძალისხმევით 1977 წლის 28 ოქტომბერს საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით, გერმანელ ფაშისტთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი სიმტკიცისა და მამაცობისთვის იაკობ ჯუღაშვილი, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოებულ იქნა სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენით.