რას უკრძალავენ საფრანგეთში ირაკლი მაჩხანელს და ვისთან ერთად გადაწყვიტა მან იქ დარჩენა
„მე აღფრთოვანებული ვარ ქართველი მორაგბეების თამაშით. თუ შეიძლება, გადავიღებ მათთან სურათს, მათი გაცნობა მსურს. ყველაზე მეტად მომეწონა: უდესიანი, ლაბაძე, მაჩხანელი“, – ეს სიტყვები მსოფლიოსა ყველა დროის საუკეთესო მორაგბეს, ჯონა ლომუს ეკუთვნის. ძნელია, მას არ დაეთანხმო, განსაკუთრებით ბოლო თამაშის შემდეგ, როდესაც ქართველმა „ბორჯღალოსნებმა“ ბოლო წამს დაამარცხეს ამერიკელი „არწივები“. ამით კი საოცრად დიდი სიხარული და ბედნიერება მიანიჭეს ქართველ მაყურებელს. როგორც სხვა თამაშების დროს, ახლაც ერთ-ერთი გამორჩეული იყო 14 ნომერი, ირაკლი მაჩხანელი, რომელმაც სამწუხაროდ, თამაშის მსვლელობისას, ტრავმა მიიღო და ასპარეზობას ადრე გამოეთიშა. ჩვენი შეხვედრა კი, თამაშის წინა დღეს შედგა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ირაკლიმ, მცირედი დროის განმავლობაში, ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ირაკლი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და იქ თამაშობს.
ირაკლი მაჩხანელი: ახლა მივდივარ სამების ტაძარში (ინტერვიუ ჩაწერილია 26 ნოემბერს – ავტორი), მამა ილია ჩვენს სახელზე ატარებს წირვას, ეს ძალიან დიდ მუხტს გვაძლევს. თამაშის წინ ყოველთვის მივდივართ ეკლესიაში. ტრადიციასავით გვაქვს. მაგალითად, როდესაც ტრაპიზონში ვიყავით, მამა ილია თვითონ ჩამოვიდა. ასევე, 2007 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ნამიბიასთან თამაშის დროსაც ჩამოვიდა, წირვა ჩაატარა და ეს ყოველთვის ძალიან დიდ ძალას გვაძლევს. თამაშის წინ ვცდილობთ, გუნდში მობილიზება მოვახდინოთ, კაპიტნის ვარჯიშია. დღეს რიჩიმ, ჩვენმა მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ ხალხის მიღებას მოვრიდებოდით, მთლიანად თამაშზე ვყოფილიყავით კონცენტრირებულები.
– კიდევ რის კეთება გეკრძალებათ თამაშის წინ?
– არაფერი არ გვეკრძალება, უბრალოდ, აქ მთავარი ურთიერთგაგება და პროფესიონალიზმია. ყველაფერი ფიზიკურ შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. ამიტომ, არ უნდა გადავიღალოთ, ღამე არ უნდა ვიბოდიალოთ, 11 საათზე ყველა ჩვენს ნომერში უნდა ვიყოთ, დავისვენოთ.
– რამდენი წლის იყავი, როდესაც რაგბის თამაში დაიწყე?
– სრულიად შემთხვევით დავიწყე თამაში, ჩემს მეგობარს გავყევი. 16 წლის ვიყავი და არა მხოლოდ რაგბისთვის, ნებისმიერი სპორტისთვის საკმაოდ გვიანი იყო. სპორტში დიდი მიზნები არასდროს მქონია, უბრალოდ, ყოველთვის მომწონდა და აქტიური, სპორტული ბავშვი ვიყავი. ცელქიც, ოღონდ ნორმის ფარგლებში.
– რაგბამდე სპორტის სხვა სახეობით თუ იყავი დაკავებული?
– ბავშვობაში კალათბურთის წრე გაიხსნა და იქ დავდიოდი ცოტა ხანს. მაგრამ, გატაცება მცირეხნიანი იყო და მერე რაგბს გავყევი. 16 წლისამ ვარჯიში დავიწყე. რამდენიმე თვეში მოვხვდი ახალგაზრდულ ნაკრებში და წავედი უელსში. ცოტა წარუმატებელი გასვლა იყო – წავაგეთ. მაგრამ, ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა. არაფრისგან მოვახერხე ის, რომ ნაკრების წევრი გავმხდარიყავი. ამას მოჰყვა ახალგაზრდული შვიდკაცა ნაკრები. კმაყოფილი ვარ, რომ ეტაპობრივად განვითარდა ჩემი კარიერა. ეროვნულ ნაკრებში, პირველად 18 წლის ასაკში ვითამაშე, ოღონდ შვიდკაცაში, ხოლო დიდ ნაკრებში თამაში რომ დავიწყე – 21 წლის ვიყავი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო. მოვხვდი ისეთ ბიჭებთან, რომლებსაც ქვემოდან ვუყურებდი და მათ გვერდით თამაში ჩემთვის დიდი პატივი გახლდათ. თან, ყველამ, როგორც ოჯახის წევრი, ისე მიმიღო და ამან გამიადვილა ყველაფერი. ახლაც ბევრი ახალგაზრდა მოხვდა ჩვენს ნაკრებში და ეს უკვე საკუთარ თავზე რომ მაქვს გამოცდილი, ვცდილობ, მათ დავეხმარო.
– ახლა საფრანგეთში თამაშობ?
– ბევრჯერ შევიცვალე გუნდი, ახლა ვთამაშობ „მაკონში“. ლიონთან არის ახლოს. მე და ბესარიონ უდესიანი შარშანაც ერთად ვიყავით და წელსაც ორივეს ინიციატივა იყო, ერთად დავრჩენილიყავით და დავრჩით კიდეც. სპორტი კარგია, მაგრამ სპორტის იქითაც თუ კომფორტულად გრძნობ თავს, ამას არაფერი ჯობია. მოკლედ, კარგად ვერთობით. ყველანაირად კარგი სიტუაცია გვაქვს. კარგი სეზონი ჩავატარეთ და წელსაც იქ დარჩენა გადავწყვიტეთ.
– შენი ცხოვრების ფრანგული სტილი ძალიან განსხვავდება ქართულისგან?
– ამ ორი კვირისგან, რაც საქართველოში ვიმყოფები, დიდად არ განსხვავდება. აი, ასე იწყება ყოველი დილა: 8 საათზე ვდგები, 10 საათზე ვარჯიში მაქვს, მერე მოვდივართ ვარჯიშიდან, ვისვენებთ და მერე ისევ ვარჯიში. ერთი დღე გვაქვს დასვენება და იმდენად დაღლილები ვართ, რომ იმ დროსაც, ვცდილობთ, სახლს არ გავცდეთ. თუ კარგი ფილმი გადის, კინოში მივდივარ, ან მეგობრებთან. ათასში ერთხელ, როდესაც შაბათ-კვირას თამაში არ გვაქვს, გუნდში ვართ ცეკვის მოყვარულები და დავდივართ დისკოთეკებზე.
– საქართველოში, როცა თვისუფალი დრო გაქვს, მაშინ როგორ ერთობი, როგორ ისვენებ?
– ძირითადად, მეგობრებთან ერთად ვატარებ დროს, ნათესავებსაც მოვინახულებ ხოლმე. ზაფხულში რომ ჩამოვედი, მეგობრებთან ერთად შატილში ვიყავი. მარტო არასდროს არაფერს ვგეგმავ. თუ სადმე მივდივარ, ან რამეს ვაპირებ ეს აუცილებლად, მეგობრებთან ერთად ხდება. სვანეთის, რაჭის ნახვა მინდა. სულ ისე ხდებოდა, ჩემი მეგობრები წავიდოდნენ, მე კი მაშინ შეკრებაზე ვიყავი და ვერ მივდიოდი მათთან ერთად. გუდაურშიც არ ვარ ნამყოფი და ძალიან მინდა წასვლა. თხილამურებზე არასდროს ვდგავარ და ესეც ძალიან მინდა, მაგრამ აკრძალული მაქვს. საშობაო არდადეგები რომ გვაქვს, გუნდში გვაფრთხილებენ, მთაში არ წახვიდეთ და თხილამურებზე არ დადგეთო. ტრავმიანი სპორტია და თუ ამით ტრავმა მიიღე, ფულადი სანქციით ისჯები. არასდროს ვმდგარვარ თხილამურებზე, ძალიან მაინტერესებს და იმედია, დავდგები.
– კიდევ რა გეკრძალებათ?
– ალკოჰოლური სასმლის დალევა. შეიძლება, ორ კვირაში ერთხელ დალიო, მე არც ვარ დიდად ამის მოყვარული. საფრანგეთში, გუნდში სულ გვაფრთხილებენ, ნუ ჩამოხვალთ ძალიან გასიებულებიო. რომ მოვდივართ, სასწორზე გვწონიან და რომ ჩავდივართ, ისევ გვწონიან. ქართული სუფრით გავიზარდე და ჩემთვის პირველ ადგილზეა ის, მაგრამ, რაც საფრანგეთში წავედი, მივხვდი, ჩვენი სამზარეულო ცოტა ცხიმიანია და ამიტომ, არის გემრიელი. რაც ჩამოვედი, ხინკალი არ მიჭამია და არც დიდი მოთხოვნილება მქონია. მიყვარს, მაგრამ სპორტის გამო უარს ვამბობ.
– სერიოზული ტრავმებიც გექნებოდა...
– მქონია სერიოზული ტრავმები, ოთხთვიანი, ექვსთვიანი. ტრავმა დადხანს რომ გასტანს, ძალიან მოქმედებს ფსიქოლოგიაზე. რეაბილიტაციის შემდეგ დიდი დრო გჭირდება, რომ ფორმა აღიდგინო და ამიტომ ცოტა დაძაბული ხარ. საკუთარ თავს უნდა მოერიო და ფორმაში ჩადგე.
– ფიცხი ხასიათი გაქვს?
– ფიცხი ხასიათი მაქვს. ადვილად ვბრაზდები, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, თავი შევიკავო.
– ძალის გამოყენებაც ხომ არ გჭირდება?
– არა. თუ ჩემს ახლობლებთან, მეგობრებთან ვარ, სიბრაზეს სხვანაირად გამოვხატავ, სხვა შემთხვევაში – სხვანაირად. ამ მხრივ სხვებისგან არ განვსხვავდები, მაგრამ ფიცხი ხასიათი მაქვს.
– ამბობენ, რომ მოგება და წაგება ძმები არიანო, თუმცა, მე ასე არ მგონია.
– ძმები კი არა, ნათესავებიც არ არიან. ბევრჯერ წამიგია და მომიგია. როდესაც თამაშს აგებ, მერე ანალიზი უნდა გააკეთო, გამოასწორო. უნდა იფიქრო იმაზე, რომ შემდეგ თამაშში ის შეცდომები აღარ გაიმეორო. რაც მთავარია, წაგებული თამაში მალე უნდა დაივიწყო, არ უნდა დაკომპლექსდე და მომავალ თამაშზე იფიქრო. მოგება სულ სხვა სიხარულია. მთელი ცხოვრება ვარჯიშობ იმისთვის, რომ იმ 80 წუთში ჩადო ყველაფერი და როცა მოიგებ, ლელოს დადებ, საერთოდ, პიკზე ხარ. რომ იცი, შენ გარდა გამარჯვება სხვებსაც უხარიათ, ყველა ერთმანეთის სიხარულს იზიარებს ეს არის ყველაზე კარგი, დიდი ემოცია და ადრენალინი.