ექიმის რჩევები
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
კითხვა: ჩემს 4 თვის შვილს ძალიან დაბალი აქვს ჰემოგლობინი. ექიმმა დაგვინიშნა რკინის პრეპარატი. ვასმევ, მაგრამ ჰემოგლობინი მაინც ეცემა. როგორ მოვიქცეთ?
პასუხი: დაუყოვნებლივ მიმართეთ ჰემატოლოგს და ბავშვს ჩაუტარეთ სათანადო გამოკვლევა. დაბალი ჰემოგლობინის მიზეზი შეიძლება, იყოს თანდაყოლილი ანემიაც და სისხლის რომელიმე პათოლოგიაც. ამიტომ საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.
კითხვა: ცოტა ხნის წინ ზურგის ტვინის თიაქრის დიაგნოზი დამისვეს. აუცილებლად დამჭირდება ოპერაცია თუ მის გარეშეც შეიძლება მკურნალობა?
პასუხი: ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორია თიაქრის ზომა, ლოკალიზაცია, რა შედეგი მოგცათ ბირთვულ-მაგნიტურმა ტომოგრაფიულმა გამოკვლევამ, რა მკურნალობა ჩაიტარეთ დღემდე. ოპერაციას განსაზღვრული ჩვენებები და უკუჩვენებები აქვს, ამიტომ, გადაწყვეტილებას ნევროლოგი მიიღებს.
კითხვა: ვარ 20 წლის. ხშირად ტანზე ჭიანჭველასავით დამივლის ხოლმე და მექავება. გთხოვთ მითხრათ, რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ასეთ შეგრძნებას იწვევს ნევროზიც, ოსტეოქონდროზიც, ალერგიაც და კანის პათოლოგიაც. დიაგნოზის დასაზუსტებლად დამატებითი გამოკითხვა და სამედიცინო გამოკვლევებია საჭირო. გირჩევთ, ჯერ თერაპევტს მიმართოთ, რომელიც შესაბამის სპეციალისტთან გაგგზავნით.
კითხვა: ვარ 60 წლის ქალი. დროდადრო იღლიის ქვეშ გაურკვეველი ტკივილი მაწუხებს. დიდი ხანი არ არის, რაც მოძრავი, თხილისოდენა ჯირკვალი შევნიშნე. გთხოვთ ამიხსნათ, რა დაავადებაა ეს და როგორ ვუმკურნალო?
პასუხი: სავსებით შესაძლებელია, ტკივილი ადგილობრივი ანთებითი პროცესის ბრალი იყოს, მაგრამ სისხლის საერთო ანალიზი მაინც უნდა გაკეთდეს, რათა ლიმფური სისტემის პათოლოგია გამოვრიცხოთ. კარგი იქნება, გინეკოლოგსაც თუ გაესინჯებით.
კითხვა: ბავშვი 2 წლის რომ იყო, თავის კანი ღუმელზე დაეწვა. ახლა 13 წლისაა. მას შემდეგ იმ ადგილას თმა არ ამოსვლია. შეიძლება თუ არა, რამე ეშველოს? რომელ სპეციალისტს მივმართო?
პასუხი: უნდა მიმართოთ პლასტიკურ ქირურგს. სავარაუდოდ, ბავშვს თავის ამ უბანზე კანის გადანერგვა დასჭირდება.
კითხვა: მყავს 5 წლის ბიჭი. ძალიან უჭმელია. ზოგჯერ მთელი დღის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ჭამს. გთხოვთ მითხრათ, რით შეიძლება, აღვუდგინო მადა, როგორ შევუწყო ხელი ბავშვის ნორმალურ ზრდა-განვითარებას?
პასუხი: უმადობა ხშირად აწუხებთ ემოციურ, ნერვიულ ბავშვებს. ბავშვი უნდა გასინჯოს გამოცდილმა პედიატრმა და მისი ზოგადი მდგომარეობა შეაფასოს. გარდა ვიტამინებისა, უმადობის დროს სასურველია, კალციუმის დანიშვნა.
კითხვა: დიდი ხანია, ღამღამობით ქვედა კიდურებში წვისა და სიმხურვალის შეგრძნება მაწუხებს. იქნებ მითხრათ, რა დაავადებაა ეს და რით შეიძლება ვიმკურნალო?
პასუხი: თქვენ შეიძლება, ხერხემლის – წელის მალების ოსტეოქონდროზი გქონდეთ. აუცილებლად მიმართეთ ნევროპათოლოგს, რომელიც დიაგნოზს დააზუსტებს და მკურნალობას დაგინიშნავთ.
კითხვა: როცა სადმე მივემგზავრები, ადგილსამყოფელს ვიცვლი, მაწუხებს მეტეორიზმი და მუცლის ტკივილი. გამარკვიეთ, რითი აიხსნება ეს და რა ვიღონო?
პასუხი: ეს იმის ბრალია, რომ ადამიანი იღებს შეუჩვეველი შემადგენლობის წყალს, პროდუქტებს, მასზე მოქმედებს კლიმატის ცვლილება. აგარაკზე ყოფნისას, პირველ ხანებში სვით მხოლოდ ანადუღარი წყალი, ერიდეთ ცხიმიან საკვებს. მიიღეთ ფესტალი, მეზიმფორტე.