კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იჩენს თავს დაუხარჯავი ენერგია ნეგატიური გზით და რატომ არის აუცილებელი მოზარდობიდანვე პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება

გარდატეხის ასაკი ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მტკივნეული, მწვავე და მნიშვნელოვანი პერიოდია. ის ყველა ინდივიდში განსხვავებულად მიმდინარეობს, თუმცა, ზოგადი ნიშნები მაინც ახასიათებს, მაგალითად, მტკივნეული რეაგირება შენიშვნებზე და პროტესტი გარე სამყაროს მიმართ. თუ როგორ უნდა მოექცნენ მშობლები შვილს ამ ასაკში, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მათთან, როგორ ჩამოუყალიბონ პასუხისმგებლობის გრძნობა და ჯანსაღი თვითშეფასება, ამის გასარკვევად ფსიქოლოგ ნინო კანდელაკს გავესაუბრეთ.

– რა არის პუბერტატის ასაკი და რა ძირითადი ფსიქიკური თავისებურებები ახასიათებს მას?

– გარდატეხის ასაკი გოგონებში ცოტა უფრო ადრე დგება. ვაჟებში 2-3 წლით გვიან იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდი და უფრო გვიანობამდე, ზოგჯერ 20 წლამდეც კი გასტანს. გოგონებში დაახლოებით 11-12 წლიდან იწყება და 15-16 წლამდე გრძელდება. პროცესი ორივე სქესში ერთნაირად მიმდინარეობს. ამ ასაკს ახასიათებს რამდენიმე მკვეთრად გამოხატული თავისებურება: თვითდამკვიდრების გამძაფრებული მოთხოვნილება, მძაფრი შთაბეჭდილებებისკენ სწრაფვა, ძლიერი ემოციური აფეთქებები. ამ დროს ორგანიზმში ხდება მნიშვნელოვანი ჰორმონული ცვლილებები, რაც ემოციური მდგომარეობის მკვეთრ ცვლილებებს იწვევს – იმატებს იმპულსურობა, მოზარდი ხშირად ვარდება აფექტურ მდგომარეობაში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ამ დროს საპირისპირო სქესის მიმართ აღმოცენებული გრძნობა. როცა მოზარდს ეს გრძნობა, უვითარდება მთელ სამყაროს მასში ატევს. მათ მძიმედ გადააქვთ ცალმხრივი სიყვარული. მოზარდს განსაკუთრებით უმძაფრდება უფროსთან დაპირისპირების, კრიტიკის, კამათის, ურჩობის სურვილი. მისთვის ავტორიტეტულ ადამიანებთან ხშირად შედის უაზრო და უსაგნო პოლემიკაში. განსაკუთრებით მტკივნეულად რეაგირებენ შენიშვნებსა და შეურაცხყოფაზე. მოზარდი ითხოვს თანასწორუფლებიან დამოკიდებულებას და, თუ ამას ვერ იღებს, თავს არარეალიზებულად, დამცირებულად მიიჩნევს. ამ პერიოდში უფროსებს, განსაკუთრებით მშობლებსა და პედაგოგებს დიდი მოთმინებით აღჭურვა მართებთ. თუ ისინი შეეცდებიან, გაგებით მოეკიდონ შვილების ორგანიზმსა და ფსიქიკაში მიმდინარე ცვლილებებს, ყველაფერი გაცილებით გამარტივდება. თავად მშობელი უნდა იდგეს იმ სიმაღლეზე, რომ ჰქონდეს მაღალი სულიერება და შვილის ენერგია, ნიჭი სწორ კალაპოტში მოაქციოს, სწორად წარმართოს. დაუშვებელია დიქტატი, დესპოტური მიდგომა, მენტორული ტონი. თუკი მშობელი შვილს უყვირის და აიძულებს, ყოველთვის ისე მოიქცეს, როგორც მას სურს, ეს ძალიან დიდ უკურეაქციას იწვევს. ამ სიძნელეების გადალახვა, უწინარესად, თბილი, უშუალო, მეგობრული დამოკიდებულებით შეიძლება.

– ყველა შემთხვევაში, უჩნდება მოზარდს პროტესტი მშობლებისა და გარემოს მიმართ, თუ არის კატეგორია, რომელიც უსიტყვოდ ემორჩილება ბრძანებებს?

– მოზარდის მეტი ან ნაკლები აგრესიულობა, გარკვეულწილად, განპირობებულია იმ ფაქტორით, შეძლებს თუ არა ის საკუთარი ნიჭის რეალიზებას არსებულ გარემოში. თუ მოზარდი არ რეალიზდება, დაუხარჯავი ენერგია გარდაიქმნება ნეგატიურ ენერგიად, ანუ აგრესიად. როცა ადამიანს ხატვა უნდა, ან ფეხბურთის თამაში, ცეკვა, სიმღერა და ამის საშუალება არ აქვს, ენერგია სხვა ფორმით ვლინდება. თუ ექსტრავერტია, ანუ გახსნილია გარემოს მიმართ, მაშინ მისი აგრესია გარემოსკენ იქნება მიმართული, თუ ინტროვერტია – საკუთარ თავში ჩაიკეტება და აგრესიასაც თავისკენ მიმართავს. ორივე შემთხვევა ძალიან ცუდია.

– ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვებს ატარებენ წრეებზე და ამეცადინებენ იმ დისციპლინებში, მას სრულებით რომ არ აინტერესებს. გამართლებულია თუ არა ეს მიდგომა?

– ამას შორეული ფესვები და მიზეზი აქვს. ხშირად არის შემთხვევა, როცა მშობელს უნდოდა ესწავლა, ან დაუფლებოდა ამა თუ იმ პროფესიას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოახერხა. ასეთ შემთხვევაში, მშობელი არარეალიზებული სურვილის განხორციელებას შვილის საშუალებით ცდილობს. ბევრ ისეთ რამეზე დაჰყავთ შვილი, რომელიც მას საერთოდ არ აინტერესებს. ამიტომ, უპირველესად, უნდა ვკითხოთ თავად ბავშვს – რა უნდა, რა აინტერესებს. თუ ბავშვი სასურველი და საინტერესო საქმიანობით დაკავდება, ეს საკმარისი მოტივაცია იქნება იმისთვის, რომ კიდევ უამრავი რამ მოასწროს.

– ბევრგან ერთდროულად ტარება თუ არის მიზანშეწონილი?

– ხშირია ინფორმაციული ნევროზი. ჩვენს პრაქტიკაში ეს ფართოდ გვხვდება და ვითარდება ფსიქიკური გადატვირთვის ფონზე. მეტისმეტი დაძაბულობა მოზარდს, რომელიც ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ფიტავს, სასიცოცხლო ძალებს აცლის. მას აღარ აქვს რესურსი ახლის ასათვისებლად. სახეზეა ნევროტული ნიშნები, ინსომნია (უძილობა), უმადობა, დაღლილობა. ამ დროს მშობელს ჰგონია, რომ ბავშვი ზარმაცობს და თავს არიდებს პასუხისმგებლობას. არ შეიძლება, იმაზე მეტი ტვირთი აჰკიდო მოზარდს, რისი ტარებაც მას ძალუძს. ამიტომაა საჭირო, შვილთან ემოციური კავშირი, რომ ზოგჯერ უსიტყვოდაც გესმოდეს მისი – გაიგო, რა სჭირს, დაელაპარაკო და აუხსნა.

– თანამედროვე ეპოქაში, როცა ორივე მშობელი მუშაობს, ბავშვის სულიერი მდგომარეობა როგორია, არ უჭირს?

– ძალიან რთულია, მაგრამ როდესაც ადამიანს დრო სწორად აქვს განაწილებული, როცა შვილმა იცის, რომ შაბათ-კვირას მას აუცილებლად დაუთმობენ დროს და გაცნობიერებული აქვს, რომ დღეს, ძალიან რთულ სოციალურ პირობებში, დედ-მამა მისი კეთილდღეობისთვის მუშაობს, მაშინ ბავშვს ნაკლებად უჭირს და უფრო გაგებით ეკიდება ამ საკითხს. შესაძლოა, გეგმაში დროდადრო რაღაც ცვლილებები შევიდეს, რამე გაუთვალისწინებელი მოხდეს, მაგრამ ძირითადად, თუ მშობელს ურთიერთობა აქვს ბავშვთან, ასე თუ ისე, საკითხი მოგვარებას ექვემდებარება. ემოციური კავშირი მშობელსა და ბავშვს შორის არ უნდა დაიკარგოს. თუ დაიკარგა – ბავშვი ტრავმას იღებს.

– ხშირად გაკითხავენ მშობლები და შვილები ერთად და რას უჩივიან ძირითადად?

– ადრე ძირითადად დედები და შვილები მოდიოდნენ, მაგრამ ბოლო დროს ვითარება გარკვეულწილად შეიცვალა და მამებიც ხშირად გვაკითხავენ შვილებთან ერთად. ეს ძალიან მახარებს, საზოგადოებაში წინგადადგმული ნაბიჯი და სასიკეთო ტენდენციაა. ჩანს, უკვე მამაც აცნობიერებს, რომ ჩართული უნდა იყოს შვილის აღზრდის საქმეში და თუ რამეს სწორად ვერ მოახერხებს, უმჯობესია, მიმართოს ფსიქოლოგს. ვაჟებთან ერთადაც მოდიან და ქალიშვილებთან ერთადაც. ხშირად არის, რომ აგრესია მამის მიმართ უჩნდებათ, ზოგჯერ პირიქით, დედასთან აქვთ ცივი და დისტანციური ურთიერთობა.

– როგორც წესი, მამა და დედა ერთნაირად უნდა იყვნენ ჩაბმულნი შვილის აღზრდის საქმეში?

– ემოციურად ერთნაირად არიან ჩართულნი, მაგრამ როლები და ფუნქციები იერარქიულად და დროის თვალსაზრისით, თანაბრად ვერ განაწილდება. ხშირ შემთხვევაში, ბავშვთან მეტ დროს დედა ატარებს, ეს უფალმა ასე განაგო, ამას კარნახობს მას მდედრის ბუნება და მოვალეობა. მამა ოჯახის თავია, რომელსაც ყველაზე მეტი წონა და ავტორიტეტი აქვს მიკროსოციუმში. ხშირად დედამ შვილის აკადემიური მოსწრების, პატარა შეცდომების შესახებ უფრო მეტი იცის, ვიდრე მამამ. ეს ასეც უნდა იყოს. მამა ერთგვარად დამსჯელის როლს ასრულებს, უფრო მეტად – მაკონტროლებლის. ოღონდ სასჯელი გონივრული უნდა იყოს, თანაც ისეთი, რომ ბავშვის გაღიზიანება არ გამოიწვიოს, არამედ – სინანული, საკუთარი დანაშაულის გაცნობიერების განცდა. რა თქმა უნდა, იმ კონკრეტულ მომენტში იგი რაღაცებში შეიზღუდება, ვთქვათ, ვერ წავა სადმე, ან არ უყიდიან მისთვის სასურველ ნივთს, მაგრამ მთლიანობაში, ეს მას სასიკეთოდ წაადგება. არის მეორე მომენტი, როცა დედა შვილს ზედმეტად ეფოფრება და ამით მას გაუცნობიერებლად აყენებს ზიანს. თუკი ადამიანი რამეს აშავებს, მან პასუხი უნდა აგოს და ეს კეთდება არა მის დასამცირებლად, არამედ მომავალში ამ შეცდომის პრევენციისთვის. ამ დროს დედას არ აქვს უფლება, შვილს გადაეფაროს.

როგორც წესი, მამები უფრო მკაცრები არიან ხოლმე. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ასაკში კრიტიკული შენიშვნა, არცთუ სასიამოვნო ხუმრობა მის გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ქცევის, მეტყველების მანერაზე და სხვა, მით უმეტეს, სხვების თანდასწრებით, დაუშვებელია. მას ამის გამო პროტესტის მწვავე განცდა უჩნდება. არ არის სასურველი, მუდმივად თანატოლთან შედარება. ყველაფერი ეს მის ფსიქიკას თრგუნავს, უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას და აქცევს უინიციატივო ადამიანად, რომელსაც ძალიან გაუჭირდება ცხოვრებაში თავის დამკვიდრება. ძალიან დიდი სტიმულია შექება, ოღონდ ადეკვატური შექება, რომელიც მას ბიძგს აძლევს, მოიქცეს კარგად და თანაც, მადლიერების გრძნობას უვითარებს.

ზოგჯერ პირიქითაა, დედაა მკაცრი და შეუვალი, მამა კი – უფრო დამთმობი. ასეთ ოჯახებში საქმე, რბილად რომ ვთქვათ, არაა კარგად.

ძალზე მნიშვნელოვანია, ადამიანმა გააცნობიეროს საკუთარი პასუხისმგებლობა ყველა ასაკში, ცხოვრების ყველა ეტაპზე. თუ ეს მისი გასაკეთებელია, თავად უნდა გააკეთოს და არა დედ-მამამ მის ნაცვლად.

– რა ხდება იქ, სადაც ვაჟი იზრდება უმამოდ, გარდაცვლილი ჰყავს მამა ან ცხოვრობს განქორწინებულ ოჯახში. მე ვიცი, რომ ეს უამრავი კომპლექსის წყარო ხდება, მათ შორის დედაზე დამოკიდებულების და დედის გაკერპების.

– საინტერესო შეკითხვაა. მამის როლი ვაჟის აღზრდის საქმეში სულ სხვაა, ვიდრე დედის. როცა ვაჟს არ ჰყავს მამა, ხშირად ის ცდილობს, მამა ბიძით, ბაბუით ჩაანაცვლოს. მქონია შემთხვევა პრაქტიკაში, როცა ბაბუას მამას ეძახდა ბავშვი, იმდენად გამძაფრებული ჰქონდა მამასთან ურთიერთობის მოთხოვნილება. ყმაწვილებისთვის, რომელთაც არ ჰყავთ მამა, არაჩვეულებრივი გამოსავალია მოძღვარი, რომელთანაც გაიხსნებიან, დარიგებას მიიღებენ. ასევე, აუცილებელია ასეთი ბიჭების სპორტზე ტარება, რომ მამაკაცური საწყისი განვითარდეს მათში, არ იყოს სუსტი და დაკომპლექსებული. ხშირად უმამოდ გაზრდილი ბიჭები სუსტი ნებისყოფით ხასიათდებიან. ეს გამოწვეულია ჰიპერმზრუნველი დედის ფაქტორით, რომელიც არ აძლევს ვაჟიშვილს საშუალებას, საკუთარი ინიციატივა გამოავლინოს. ასეთი მამაკაცები ზედმეტად დედაზე დამოკიდებულები არიან. ხშირია განქორწინებულ ოჯახებში დედის, ბებიის მიერ მამის ძაგება, რაც ასევე დაუშვებელია. ეს პიროვნების გახლეჩას იწვევს.

მნიშვნელოვანია, ასევე, რომ ძალადობის მსხვერპლი ვაჟები ხშირად, გაუცნობიერებლად, თვითონ ხდებიან მოძალადეები, რადგან ვერ პატიობენ მშობელს. პატიება კი, აუცილებელია აგრესიისგან გასათავისუფლებლად.

– ხშირად მოზარდს თავისი სოციალური სტატუსი აღიზიანებს, მასაც სურს ჰქონდეს ის, რაც სხვას აქვს. რა ხდება ამ დროს?

– ამ შემთხვევაში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშობლის გამოცდილებას, თუ ის მორწმუნე და გონიერი ადამიანია, უნდა აუხსნას შვილს, რომ არქონა არ არის ტრაგედია. როგორც წესი, მშობელი ცდილობს, შვილის უზრუნველყოფას, მაგრამ მისი ყველა სურვილის დაკმაყოფილება შვილის დაღუპვაა და მეტი არაფერი. არც უიმედო პასუხი შეიძლება: ვერ გიყიდი და მორჩა! უმჯობესია, მიზანი ერთად დავისახოთ და მისკენ ერთად წავიდეთ. მაგალითად, ეტყვი, რომ ახლა არ გაქვს ამის საშუალება, მაგრამ დროის სხვა მონაკვეთში იყიდი, თუკი ამაში თავად დაგეხმარება. ეს მოზარდს ენთუზიაზმს მატებს და სტიმულს აძლევს. აცნობიერებს, რომ რაღაც უნდა მოიკლოს საბოლოო მიზნის ხათრით.

– და ბოლოს, ამ ასაკში ორი ძალიან დიდი გრძნობა შემოდის, სიყვარული და მეგობრობა. აქვს მშობელს უფლება, უხეშად ჩაერიოს შვილის არჩევანში?

– უხეში ჩარევა არაფრით არ შეიძლება. რა თქმა უნდა, მშობელმა აუცილებელია, იცოდეს, ვისთან აქვს ურთიერთობა მის შვილს, დაინტერესდეს მისით. გაიგოს, თუ აქვთ საერთო ღირებულებები. დაელაპარაკოს ამაზე შვილს. გვქონდა ასეთი შემთხვევა, ერთ ვაჟს შეუყვარდა აბსოლუტურად განსხვავებული ღირებულებების მქონე გოგონა. ოჯახი საგონებელში იყო ჩავარდნილი. ასეთ დროს ყვირილითა და ჩხუბით ვერაფერს გააწყობ. მშობლებმა მიიღეს გონივრული გადაწყვეტილება და შვილი ფსიქოლოგთან მიიყვანეს. ჩვენ დავანახეთ, რამდენად განსხვავებული იყო ამ ორი ადამიანის ღირებულებები და რა შეიძლებოდა, მოყოლოდა მომავალში მათ ერთად ყოფნას. მან მოისმინა, დაფიქრდა და გააცნობიერა ეს ყოველივე. იმედი გვაქვს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

საერთოდ კი, მშობლებს მინდა ვურჩიო, შეეცადონ, ყურადღებით მოუსმინონ და კარგად გაუგონ საკუთარ შვილებს.


скачать dle 11.3