სიბრძნე მინიატურებში
შავი კარი
იყო ერთი ბრძენი მეფე, ჰყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც უღალატა და არაკეთილმოსურნე მეზობელი ქვეყნის სასარგებლოდ რაღაც სახელმწიფო საიდუმლო გათქვა. მას დანაშაულზე წაასწრეს. ღალატისთვის მხოლოდ ერთი სასჯელი არსებობდა – სიკვდილი, მაგრამ მოხუც მეფეს ყოველთვის უყვარდა ეს ადამიანი. მართალია, პრემიერ-მინისტრს სიკვდილი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ მეფემ მისცა შესაძლებლობა, ბედი ეცადა. ბოლო დღეს მან მთელი სასამართლო მოიწვია. დარბაზში ერთ მხარეს იარაღი იყო დამნაშავის დასასჯელად, ხოლო მეორე მხარეს – შავი კარი. მეფემ ბრალდებულს უთხრა: – შეგიძლია, აირჩიო: ან სიკვდილი, რომელიც უკვე მისჯილი გაქვს, ან შავი კარი. თვითონ შეგიძლია, გადაწყვიტო.
პრემიერ-მინისტრმა ჰკითხა:
– ამ შავ კარს უკან რაღაა?
მეფემ უპასუხა:
– მაგას ვერავინ გეტყვის, არავინ იცის, რადგან აქამდე ის არავის აურჩევია. მამაჩემის და, უფრო ადრე, პაპაჩემის დროს, ჰქონდათ საშუალება, აერჩიათ, მაგრამ არავის ამ კარით არ უსარგებლია. ამიტომ არავინ იცის, რა იმალება მის მიღმა. მეც კი არ ვიცი არაფერი. მე მხოლოდ გასაღები მაქვს, მაგრამ როდესაც მამაჩემი კვდებოდა, მითხრა: შემიძლია, გაგიღო ეს კარი, მაგრამ თუ შენ იქ შეხვალ, მე მას დავკეტავ. იქ შეხედვა არ შეიძლება, მაგრამ ნახვის უფლება გაქვს, იმიტომ, რომ ღმერთმა ყველას მიანიჭა არჩევნის უფლება. თუ შეხვალ, იმის გარკვევასაც შეძლებ, რა არის ამ კარს მიღმა. უფლება გაქვს, აირჩიო.
– პრემიერ-მინისტრმა დიდხანს იფიქრა და სიკვდილი ირჩია.
მან თქვა:
– მომკალით! არ მინდა ამ შავ კარში შესვლა.
პრემიერ-მინისტრი სიკვდილით დასაჯეს, დედოფალი ძალიან ცნობისმოყვარე იყო. დაიჟინა, რომ მეფეს როგორმე მოეხერხებინა და ენახა, რა ხდებოდა ამ კარს მიღმა. მეფეს გაეცინა და უთხრა:
– ვიცი, ამ კარს იქით არაფერია. მის მიღმა, უბრალოდ, თავისუფლებაა; იქით არანაირი შენობა და ზღუდე არ არსებობს. კარს იქით ფართო სამყაროა. იქით სიცარიელეა, მაგრამ იქ შესვლა არავის აურჩევია.
სიზარმაცე
ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ხუანი გარდაიცვალა და ისეთ მშვენიერ ადგილას მოხვდა, სადაც თავისუფლად და მოხერხებულად გრძნობდა თავს. ყველაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც მის ოცნებაში. ხუანს თეთრ სამოსში გახვეული ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: უფლება გაქვს, ინატრო, რაც გინდა – გართობა იქნება, სიამოვნება თუ გემრიელი საჭმელი. გახარებული ხუანი ისე ცხოვრობდა, როგორ ცხოვრებაზეც ოცნებობდა. მრავალი წლის შემდეგ მან მიმართა თეთრ სამოსში გამოწყობილ არსებას:
– მე უკვე ვინატრე და განცხრომით ვიცხოვრე. ახლა სამსახური მინდა ვიშოვო, რომ თავი საჭირო კაცად ვიგრძნო.
– ძალიან ვწუხვარ, – უპასუხა თეთრებში ჩაცმულმა, – მაგრამ ეს ერთადერთია, რისი ასრულებაც არ შემიძლია. სამსახური აქ არ არსებობს.
– რა გამოდის? სამუდამოდ განწირული ვარ და სულ უნდა ვიტანჯებოდე?! არა, ბატონო, ამას სჯობდა, ჯოჯოხეთში მოვხვედრილიყავი!
თეთრებში გამოწყობილი არსება მიუახლოვდა და ძლივს გასაგონად ჩასჩურჩულა:
– აბა, შენ თავი სად გგონია?