ბატინკები” და თხელი, ოთხკუთხედი კაბები – ზამთრის ტენდენციები თეონა თავართქილაძისა და იკა ბობოხიძისგან
ქართველ დიზაინერებზე წერის დროს საკმაოდ ტენდენციური ვარ, შეუძლებელია, ისინი საქმისადმი დამოკიდებულებით, დონით, შექმნილი სამოსის ხარისხით, მაინც არ გაარჩიო ისე, რომ საერთოდ ვერ ერკვეოდე მოდის ტენდენციებში, ხაზებსა თუ კონსტრუქციებში. მაგრამ როდესაც საქმე „ატელიე 10ა-ს”, თეონა თავართქილაძესა და იკა ბობოხიძეს ეხება, იმწამსვე გიჩნდება სურვილი, ყველაფერი, რაც კი პოდიუმზე ნახე, საკუთარ გარდერობში დაკიდო და საღამოს იფიქრო იმაზე, თუ რომელი კოსტიუმი ჩაიცვა. ეს არის კოლექციები, რომელსაც ყველაზე პრეტენზიული მოდის მიმდევარიც კი ვერ უპოვის წუნს. ვერავინ იტყვის ქამარი იყო ზედმეტი, სხვა ფეხსაცმელი, პიჯაკი ან პალტო უფრო მოუხდებოდაო. ალბათ, ესეც იყო მიზეზი, რომ 2010-2011 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის თხელი კაბები სამ დღეში სულ გაიყიდა და ბათუმის სეზონზე ძალიან ბევრ გოგოს ნახავდით „ატელიე 10ა-ს” შავ, უბრალო, ოთხკუთხედ კაბებში, რომელსაც სხვადასხვა ტიპის ცისფერი გეომეტრიული ფიგურები ეხატა გულზე.
მაგრამ, ეს იყო ფინალი. მანამდე კი პოდიუმზე ერთმანეთს ცვლიდნენ გოგონები, რომელთაც საოცრად ამშვენებდათ როგორც თხელი ჰაეროვანი კაბები, ისე თბილი პიჯაკები და პალტოები. ფერებიდან იკას და თეონას აქცენტი ცისფერზე, კრემისფერზე, თამბაქოსფერსა და შავზე ჰქონდათ გაკეთებული. თუმცა, შავი სხვა ფერებთან შედარებით, უფრო ნაკლებად იყო გამოყენებული. ზამთრის სეზონის მიუხედავად, დიზაინერები სიცივეშიც გვირჩევენ თხელი, ლამაზი, უსაყელო პალტოს შიგნით, ასევე თხელი, ორგანზას ან აბრეშუმის კაბები ჩავიცვათ. ულამაზესი იყო ორმაგი კაბები – შიგნიდან ცისფერი, დაპრინტული აბრეშუმი, ზემოდან გამჭვირვალე თეთრი ორგანზა. საინტერესოა, რომ კაბების ფორმად ძალიან უხეში გეომეტრიული ფიგურა – ოთხკუთხედი იყო აღებული წვეტიანი ბოლოებით, რომელიც საოცრად რბილად იყო გადმოფენილი მხრებთან და მუხლებთან. რბილი ქსოვილებითა და ფერებით დიზაინერებმა შეძლეს ამ მარტივი და უხეში ფორმისგან საოცრად ქალური კაბების შეექმნათ. რაც შეეხება პალტოებს, ეს არის, ალბათ, იდეალური, რაც კი შეიძლება ამ სეზონზე ჩაიცვა. თამბაქოსფერი, ღია კრემისფერი თხელი, უნაზესი შალისგან შეკერილი პალტო სხეულს წარმოუდგენლად ლამაზად აჩენს. ერთი შეხედვით უფორმო, ოდნავ განიერი პალტოები, რომელთაც არც საყელო აქვს და არც ფიქსირებული მხრები, მოხდენილად ერწყმის სხეულს და ქალბატონს ოდნავ იდუმალ, რომანტიკულ იერს აძლევს – თითქოს რომანტიკული შეხვედრის წინ, სახლიდან გამოსვლისას ბევრი არ გიფიქრია და, უცებ მოიგდე მხრებზე პალტო. ასე გაემართე იმ ერთადერთთან შესახვედრად, რომელიც ზუსტად ვერც მიხვდება, რა არის შენში განსაკუთრებული, მაგრამ შენ კი ძალიან კარგად გეცოდინება.
რაც შეეხება ფეხსაცმელებსა და აქსესუარებს, დიზაინერებმა აქცენტი „ბატინკის“ სტილის, ქუსლიან შუზებზე გააკეთეს. ოდნავ უხეშ, თასმებიან მაღალ შუზს, ქუსლი ისე არბილებს, რომ თხელ კაბაზეც არაჩვეულებრივად გამოიყურება. ის ასევე ძალიან უხდება კოჭამდე სიგრძის თხელ, შალის შარვლებს, რომელიც შეგიძლიათ „ბატინკში” ჩაიტანოთ. კოლექციას ავსებდა თამბაქოსფერი „კლაჩები“ და ქამრები. პატარა ზომის „კლაჩებს“ ხელის კომფორტული გასაყრელი და რკინის ლამაზი დეტალი ამშვენებს, ატელიეს ლოგოთი. ქამრებიც, (საერთო ტენდენციისგან განსხვავებით, მსოფლიო მოდა აქცენტს თასმასავით წვრილ, ქამრებზე აკეთებს) „ატელიე 10ა-ს“ სქელი ტყავით აქვს შექმნილი, რომელიც წელთან კარგად არის ფიქსირებული და ქალს თავდაჯერებულობასა და მომხიბვლელობას მატებს. ერთი სიტყვით, შეიმოსეთ ამ ზამთარს „ატელიე 10ა-სთან“, დაანებეთ თავი უცხოელი დიზაინერების ცუდ პატენტთა შეძენას და ზოგადად არჩევანი ქართველ დიზაინერებზე გააკეთეთ. თუ, რა თქმა უნდა, ამ კოლექციიდან რამე დარჩა.