როდის აბრალებს
ქალი ჩადენილ ღალატს ფსიქიკის გაორებას
რამდენიც უნდა ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, სასიყვარულო სამკუთხედიდან გამოსვლა დანაკარგების, გულისტკენისა და პრობლემების გარეშე, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მხოლოდ თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ ეს დიდხანს დაიმალება ან გულახდილობა პრობლემის სიმწვავეს შეამსუბუქებს. ამ დროს ყველა ერთნაირად ზარალდება: ისიც, ვისაც ღალატობენ და ისიც, ვინც ღალატობს. რაღაც ხანმოკლე სიამოვნებისთვის კი ის აუცილებლად აგებს პასუხს, თუნდაც მისი ღალატი ბოლომდე საიდუმლოდ დარჩეს. ჩვეულებრივ, ღალატი არის ფსიქოლოგიური სტრესი, რომელიც უკვალოდ არ ჩაივლის. იმის მტკიცებაც, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სიმართლის თქმა საუკეთესო ვარიანტია, არასწორია. არავინ იცის, როდის რა არის საუკეთესო ვარიანტი. ზოგჯერ სიმართლე დამანგრეველიც შეიძლება აღმოჩნდეს.
თათია (28 წლის): ვერ ვიტყვი, რომ არ მიჭირს და დახმარება არ მჭირდება. უკიდურესად გამოუვალი სიტუაცია რომ არ მქონდეს, თავს შევიკავებდი თქვენთან მოსვლისგან. იმიტომ არა, რომ არ ვკითხულობ აქ მოსული ადამიანების გულისტკივილის შესახებ ან მიმაჩნდა, რომ ისინი სწორად არ იქცევიან. უბრალოდ, ყოველთვის მერიდებოდა საკუთარი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე საუბარი, თანაც, უცხო ადამიანთან. თუმცა, ახლა აღმოვაჩინე, რომ ეს ძნელი არ ყოფილა. თითქოს უფრო გახსნილი ვარ, სტრესიც ოდნავ მომეხსნა. ახლავე მინდა გითხრათ, რომ თავის მართლებას არ ვაპირებ. გიამბობთ ყველაფერს, რაც იყო და არის, არ დაგიმალავთ არაფერს და, თუკი ეს ვინმეს თავის მართლებად მოეჩვენება, თავისი ნებაა.
– ამბობთ, რომ მომხდარში დამნაშავე არ ხართ?
– დამნაშავე როგორ არ ვარ, აბა, ვის დავაბრალო მომხდარი, მაგრამ, კაცის მკვლელსაც აქვს გამართლება. სამწუხაროდ, ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც გვინდა, რომ მოხდეს. არის რაღაც, რაც ნამდვილად არ არის ჩვენზე დამოკიდებული. დამიჯერეთ.
– ისიც კი, ვუღალატებთ თუ არა ქმარს?
– მე მესმის თქვენი და არ მწყინს. ასე მარტივად ითქმის: „არასოდეს ვუღალატებ ქმარს!“ – და გგონია, რომ ეს ყველაფერი მარტო შენზეა დამოკიდებული. კიდევ გეუბნებით: თავს მართლა არ ვიმართლებ, თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ფიქრითა და გონებით, შეიძლება, მართლაც არ გინდოდეს და მაინც უღალატო. ალბათ, ეს წარმოუდგენლად მიგაჩნიათ და ფიქრობთ, რაც არ გინდა, ის როგორ უნდა გააკეთო, ვინ გაიძულებს ამასო, მაგრამ, მე ვთქვი, შეიძლება, გონებით არ გინდოდეს-მეთქი. მანდ, გონებასთან ერთად, სხვა ფაქტორებიც მუშაობს. მოდი, ნუ ვეცდებით, უარვყოთ ყველაფერი ბიოლოგიური. ფიზიოლოგია ძალიან სერიოზული მეცნიერებაა და ადამიანს, გონებასთან ერთად, ინსტინქტებიც ხშირად მართავენ, ანუ, წარმართავენ მის ქცევას და რაღაც მომენტში, ჩვენი გადაწყვეტილებების მთავარი ფაქტორებიც კი არიან. არ არის ეს კარგი, მაგრამ, ფაქტია, ყველას არ შეუძლია, გაიმარჯვოს საკუთარ თავზე. მე სუსტი აღმოვჩნდი.
– თქვენ მიგაჩნიათ, რომ ქალს ინსტინქტი უბიძგებს, ქმარს უღალატოს?
– არა. მე სხვა ქალებზე ვერ ვილაპარაკებ. თუმცა, შესაძლოა, ბევრთან მიზეზი სწორედ ეს იყოს. როცა ვნება გიპყრობს, გონების ხმა თავისთავად დუმს. ყოველ შემთხვევაში, მე ასე დამემართა. თანაც, ჩვენ ძალიან ხშირად ვურევთ სიყვარულს რაღაც სხვა გრძნობაში, რომელიც მხოლოდ ჰგავს მას.
– ამით იმის თქმა გინდათ, რომ არჩევანში შეცდით? ვგულისხმობ თქვენს მეუღლეს.
– ჩემი მეუღლე არაჩვეულებრივი ადამიანია და გამიმართლა, მას რომ შევხვდი. სწორედ ის არის ჩემი მთავარი პრობლემა, რომ ვიცი, ვინ მყავს გვერდით. ძალიან დიდხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ მიყვარდა, სანამ ჩემს ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად სხვა მამაკაცი არ გამოჩნდა. ვიცი, მეტყვით, რაღა სიყვარულია, თუ პირველსავე გამოცდას ვერ გაუძლოო, მაგრამ მე ამას გამოცდას ვერ დავარქმევ. ქარიშხალივით მოვარდა რაღაც და წამლეკა. ოთხი წლის განმავლობაში ჩემთვის ქმრის გარდა სხვა კაცი არ არსებობდა. ძალიან ერთგულია, თბილი, ყურადღებიანი, მზრუნველი. მისთვის პირველ ადგილზე დგას ოჯახი – მე და შვილი და მხოლოდ ამის შემდეგ – ყველაფერი დანარჩენი. ბევრი ქალი რომ ნატრობს, ისეთი ქმარი მყავს, მაგრამ ეს გონებამ იცის, გულმა კი სხვანაირად განსაჯა.
– ანუ, არ გიყვართ თქვენი მეუღლე?
– მიყვარს, მაგრამ ეს სხვა სიყვარულია. რომ არ მიყვარდეს, არც აქ მოვიდოდი და არც იმაზე ვიდარდებდი, გული არ ვატკინო-მეთქი. რომ მიყვარს და ჩემთვის სულერთი არ არის, იმიტომაც განვიცდი ასე და აღარ ვიცი, რა ვქნა. დინებას მივყვები და ვერაფრის შეცვლას ვერ ვახერხებ. ლამის გავგიჟდე. სულელი არ ვარ და ვიცი, რომ ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ყველაფერს აქვს დასასრული და ჩემი ქმარიც აუცილებლად გაიგებს, რომ ვღალატობ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ სინდისი სულ მეტად და მეტად მაწუხებს, უკვე ტკივილსაც ვგრძნობ, სიმართლეს გეუბნებით. თურმე, ასეთი რაღაცაც შესაძლებელი ყოფილა.
– რა გაწუხებთ, ის, რომ ქმარს ატყუებთ თუ, ის, რომ არ შეგიძლიათ დაუფარავად გქონდეთ საყვარელთან ურთიერთობა?
– ცალსახად ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან მიჭირს. ვიტყოდი, ერთიც და მეორეც-მეთქი. ჯერ ერთი, როცა ტყუი, სულ გაქვს იმის შიში, რომ შენი ტყუილი გამოაშკარავდება და ეს ნამდვილად არ არის სასიამოვნო შეგრძნება. მუდმივ სტრესში ცხოვრებას არავის, ვუსურვებ. რაც შეეხება საყვარელთან ჩემს ურთიერთობას, შეიძლება, არ დამიჯეროთ, მაგრამ, ორჯერ ვცადე, მასთან დაშორება და ორივეჯერ – უშედეგოდ.
– რატომ სცადეთ ურთიერთობის გაწყვეტა, თუკი გიყვართ და მის გარეშე ვერ ძლებთ?
– იმიტომ ვცადე, რომ, არ მინდა, დავკარგო ერთგული ადამიანი – ჩემს ქმარს ვგულისხმობ. ის არის ჩემი შვილის მამა და მასთან თავს მშვიდად ვგრძნობ, სტაბილურობის განცდა მაქვს, რასაც ვერ ვიტყვი მეორე შემთხვევაზე. ჩემს საყვარელსაც ვუყვარვარ – ასე რომ არ იყოს, არ მომთხოვდა, ქმარს გასცილდი და ჩემთან იყავიო.
– მას არ აქვს ოჯახი?
– არა, გაცილებულია და მე ნამდვილად არ ვყოფილვარ მისი ოჯახის დანგრევის მიზეზი. ცოლს უკვე რამდენიმე წელია, დაშორდა, ჩვენი ურთიერთობა კი ჯერ ერთი წლისაც არ არის.
– და უკვე ცოლობას გთხოვთ?
– პირდაპირ არ უთქვამს, ცოლად გამომყევიო, მაგრამ, მეხვეწება, უთხარი შენს ქმარს, რაც ხდება და წამოდი მისგანო. მე რომ ქმრისგან წამოსვლა მინდოდეს, ვეცდებოდი, გამეანალიზებინა მისი წინადადება, მაგრამ, ნამდვილად არ მინდა, ოჯახი დამენგრას.
– ძალიან უცნაური სურვილია.
– ანუ, იმის თქმა გინდათ, რომ თავადაც ვერ გამიგია, რა მინდა?! შეიძლება, ასეც არის. როცა ქმართან ვარ, ეჭვი არ მეპარება, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის მამაკაცი, რომელიც მე მართლა მჭირდება. საშინელებას კი ვამბობ, მაგრამ ეს რეალობაა. სწორედ ასეთ წუთებში ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ „იმასთან“ ყველანაირი ურთიერთობა უნდა დავამთავრო, მაგრამ ეს გადაწყვეტილება გადაწყვეტილებადვე რჩება. საკმარისია, „იმის“ ხმა გავიგონო, რომ თავს ვეღარ ვაკონტროლებ, რაღაც სასწაული მემართება. იქნებ, გაორება მჭირს? აბა, რანაირად შეიძლება, ჩემს გონებას, ტვინს ერთთან უნდოდეს ყოფნა, გულს და სხეულს – მეორესთან? შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ჩემი მდგომარეობა?! ვიღაცა, ალბათ, იფიქრებს, ამას რა უჭირს, ორი კაცი ჰყავს ერთის მაგივრად და, თანაც, ორივე ზედ ჰყვება, მაშინ, როცა უფრო პატიოსან ქალებს ერთიც არ ჰყავთო. ალბათ, უფლება არ მაქვს, პროტესტი ან გულისწყრომა გამოვხატო, მაგრამ სერიოზულად განვიცდი, ასეთი ცხოვრება რომ მაქვს. მართლა ძალიან ვწვალობ, ემოციურად დამანგრეველია ასეთი გაორება.
– ფსიქიკა გაქვთ გაორებული? ეს სერიოზული დიაგნოზია...
– დიახ, მე ვიცი, რომ ასეთი რაღაც არსებობს. ვერ გადამიწყვეტია, ფსიქოლოგთან უნდა მივიდე თუ არა. შეიძლება, გაიცინოს კიდეც. ან, რა ვუთხრა, საყვარელიც მჭირდება, ქმარიც და ცნობა მომეცი, რომ უზნეობას არ ვაკეთებ-მეთქი? ხომ ვიქნები ანეკდოტის გმირი?! იქნებ, ფიქრობთ, რომ საკუთარი საქციელის შეფასების უნარი დავკარგე? სულაც არა. გამოსავალს ვერ ვხედავ, თორემ...
– გამოსავალი, ალბათ, საბოლოო არჩევნის გაკეთება იქნება.
– ალბათ, მაგრამ, რომ არ შემიძლია?! თუ ქმარს მივატოვებ, ძალიან გავტანჯავ. ვიცი, ისე ვუყვარვარ, მისთვის საშინელება იქნება იმის გაგება, რომ ვუღალატე. სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ ჩემი საყვარელი მისი... მოკლედ, იმ კომპანიის მეწილეა, სადაც ჩემი მეუღლე მუშაობს. ერთმანეთიც ოფისში გავიცანით – რაღაცას აღნიშნავდნენ და ჩემმა ქმარმა წამიყვანა. საერთოდაც, ყოველთვის თან დავყავარ. მოკლედ, იმ პირველი შეხვედრის შემდეგ დამირეკა და მითხრა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ. თქვენს მეუღლეს ეხებაო. ვიფიქრე, ნეტა, სამსახურიდან ხომ არ უშვებენ-მეთქი და გავიქეცი შეხვედრაზე...
– ქმარს არაფერი უთხარით?
– არა და ახლაც არ ვიცი, ასე რატომ მოვიქეცი. მე ხომ მთელი საღამოს განმავლობაში ვგრძნობდი მის გადაჭარბებულ ყურადღებას. რამდენჯერმე ისეთი კომპლიმენტი მითხრა... მერე ვიცეკვეთ კიდეც და ვერ გადმოვცემ, როგორი შეგრძნება დამეუფლა – ასეთი რამ ქმართან არასოდეს მიგრძნია. მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, რომ რაღაც ხდებოდა. რამ წამიყვანა იმ შეხვედრაზე!.. მაგრამ, არ მეგონა, ასე თუ დავკარგავდი თავს. შევტოპე და ვეღარც გამოვტოპე. იმ შეხვედრიდან მოყოლებული, სულ მაქვს დანაშაულის განცდა. სულ იმას ვუმტკიცებ საკუთარ თავს – მორჩა, ეს ბოლო შემთხვევაა და აღარასოდეს შევხვდები და მის ზარსაც არ ვუპასუხებ-მეთქი, მაგრამ, საკმარისია, ხმა გავიგონო, რომ...
– ანუ, ზარს მაინც პასუხობთ...
– იცით, ერთხელ არ ვუპასუხე და პირდაპირ სახლში მომადგა. კინაღამ გავგიჟდი. თვითონ საკმაოდ მშვიდად იყო: გაიგოს შენმა ქმარმა, მე არ მაქვს ამის პრობლემა, წამოხვალ მისგან და მორჩება ჩემიც და შენი ტანჯვაც. როგორ გგონია, მსიამოვნებს, როცა წარმოვიდგენ, რომ სხვა მამაკაცთან წვებიო? ვერ გავაგებინე, რომ პრობლემა მე მაქვს, რომ ის „სხვა“ კაცი – ჩემი ქმარია, რომელიც ჩემთვის სულერთი არ არის. გულახდილად გეუბნებით, ნეტავი, შემეძლოს, რაღაც შევცვალო, ან ერთს უნდა დავშორდე, ან – მეორეს, მაგრამ, ერთისკენ გონება მიმიწევს, მეორისკენ – გული.
– ეს უკვე მითხარით.
– დიახ. ძალიან ვნერვიულობ. ახლა ვხვდები, რას ნიშნავს, კაცს რომ საყვარელი ჰყავს, მაგრამ ცოლსაც ვერაფრით ტოვებს. ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ ახლა. ბოლო დროს ვამჩნევ, რომ ჩემს ქმარს სამუშაო მოემატა. უფრო დიდხანს უნდება საქმეს, ბევრ დროს ატარებს სამსახურში. ვხვდები, ეს რატომაც ხდება. მივლინებებშიც უშვებენ – სამი-ოთხი დღით მიდის ხოლმე. მე კი უფრო მეტი დრო მრჩება საყვარელთან ყოფნისთვის. რა მრჩება, სპეციალურად მიტოვებენ... არც ეს არის ჩემთვის ადვილი. ჩემს ქმარს ყოველი წასვლის წინ ისეთი მოჟამული სახით ვაცილებ, საწყალი, განიცდის და ბოდიშებს მიხდის: „ვიცი, გიჭირს, რომ გტოვებ, მაგრამ, ნახე, ხელფასიც როგორ გამიზარდეს?! იმდენ ლამაზ რაღაცას გიყიდით შენ და პატარას... არ მოიწყინო”... მე კი რას ვაკეთებ? წასული არ არის და სხვა კაცს ვეკიდები კისერზე. ალბათ, გარყვნილი ვარ, ან, იქნებ, ეს არის სიყვარული?
– მაშინ, ქმართან რა გაკავშირებთ?
– იმასთანაც გრძნობა, ოღონდ – სხვანაირი. ხომ შეიძლება, სიყვარული რამდენიმენაირი იყოს? ყოველ შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია.
– რატომ ფიქრობთ, რომ თქვენი საყვარელი ცუდი ქმარი იქნება?
– ანუ, ქმარს გავცილდე და მას გავყვე ცოლად? რამდენიმე ფაქტორის გამო არ მინდა ამის გაკეთება: ჯერ ერთი, ჩემს შვილს არაჩვეულებრივი მამა ჰყავს. ჩემი ქმარი ბავშვზე გიჟდება, ჭკუას კარგავს და ასე ადვილად არ დამითმობს. ზუსტად ვიცი, რომ საშინელება მოხდება. ყოველთვის მეცოდებოდნენ ის ბავშვები, არეულ ოჯახებში რომ იზრდებიან, მუდმივ სკანდალებში, შუაზე გაყოფილები. ვერავინ დამაჯერებს, რომ მათი ფსიქიკა სერიოზულად არ ზიანდება. მე არ მემეტება ჩემი შვილი ასეთი ცხოვრებისთვის. რასაც მამამისი აძლევს, სხვა კაცი იმის ნახევარსაც ვერ მისცემს – ეს მე კარგად მაქვს გაცნობიერებული. ეს ერთი მიზეზია, რის გამოც ქმართან დაშორება არ მსურს. კიდევ ის არის, რომ მართლა ძალიან ვუყვარვარ და არ მინდა, მისი უბედურების მიზეზი გავხდე, დაიღუპება. იქნებ, როგორმე, უმტკივნეულოდ გამოვიდე ამ შეკრული წრიდან; იქნებ, იმ ლტოლვამ გამიაროს, რომელიც „იმის“ მიმართ მაქვს?!
– ხომ შეიძლება, თქვენმა მეუღლემ სიმართლე უთქვენოდ გაიგოს?
– გამორიცხული არაფერია. ძალიან ვფრთხილობ, მაგრამ, ყველაფრის გათვალისწინება შეუძლებელია. მით უმეტეს, რომ ჩემი საყვარელი მეუბნება, შენ ვერასოდეს ეტყვი ქმარს სიმართლეს და იქნებ, ჯობდეს, თავისით გაიგოსო. ჩვენი ყოველი შეხვედრა სერიოზული კამათით მთავრდება. მისთვის ადვილია, მაგრამ, აბა, მე მკითხოს?! ჩემი ქმრის უკან დგანან მისი მშობლები, რომლებისგანაც უბრალო წყენაც კი არ მახსოვს, თან მყვებიან ჩვენი ერთად ყოფნის დღიდან. მათაც დიდ ტრავმას მივაყენებ. ვიცი, მეტყვით, რომ ამ ყველაფერზე ადრე უნდა მეფიქრა, მაგრამ, ვერ ვიფიქრე. არა, ვიფიქრე, მაგრამ, მაინც ვერ გავუწიე გრძნობას წინააღმდეგობა, ახლა კი გამოსავალს ვერ ვპოულობ. ნეტავი, ჩემს ქმარს ასე ძალიან არ ვუყვარდე... ან, რამე მიზეზს მაძლევდეს, რომ ვუთხრა, შენთან ცხოვრება აღარ მინდა-მეთქი...
– ვხვდები, საბოლოო არჩევანს თუ გააკეთებთ, მაინც საყვარლისკენ გადაიხრებით.
– ხომ გითხარით, ჯერ ვერანაირ არჩევანს ვერ ვაკეთებ. საბოლოოდ, ალბათ, მაინც ჩემი არჩევნის გარეშე გადაწყდება ყველაფერი. დიდხანს რომ ვეღარ გაგრძელდება ასე, ფაქტია... წარმოდგენაც კი მიჭირს, რა მოხდება, როცა სიმართლე გაირკვევა...