კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

რედაქციაში შემოსული უამრავი

წერილიდან ამოვარჩიეთ საუკეთესო ამბები და ვთავაზობთ მკითხველს.

„ინტიმური საუბრებისთვის“ SMS-ები შეგიძლიათ გამოგზავნოთ ტელეფონის ნომერზე: 897 33-08-81.

ელექტრონული ფოსტით: tbiliselebi2001@yahoo.com

ან მოიტანოთ რედაქციაში

წერილის სახით.



ცოლს ქურდობა დავაბრალე

დავშორდი ცოლს, რომელიც მიყვარდა, მაგრამ, ძალიან გულნატკენი ვიყავი, რადგან ვფიქრობდი, რომ ადამიანი, რომელიც ქვეყანას მერჩივნა, მატყუებდა და, რაც მთავარია, ფულს მპარავდა. ეს ჩემთვის შოკი იყო. მე მას ყველაფერში ვენდობოდი, ის კი მომენტს არ უშვებდა ხელიდან – როცა სახლში ნასვამი მივდიოდი, ჩემი შარვლის ჯიბიდან ფულს იღებდა. თავიდან მეგონა, ვკარგავდი, მერე ვიფიქრე, ნასვამი ვიყავი და, ალბათ, რამეს რომ ვყიდულობდი, გადავაყოლე ან დაბრუნებული ხურდა დახლზე დამრჩა-მეთქი, მაგრამ ფულის კარგვამ სისტემატური ხასიათი რომ მიიღო, დავეჭვდი. მართალია, დიდი თანხები არ მეკარგებოდა, მაგრამ თვითონ ფაქტი მაგიჟებდა. ერთხელაც, ჩემს ცოლს პირდაპირ ვუთხარი, ფული თუ გინდა, მითხარი და მოგცემ, ოღონდ ჯიბიდან ნუ მაცლი-მეთქი. კინაღამ გადაირია, როგორ თუ ქურდობას მაბრალებო. ისეთი გულწრფელი იყო მისი გაოცება და აღშფოთება, რომ, რაღაც მომენტში ეჭვიც კი შემეპარა, ეგებ მართლა ტყუილად ვაბრალებ-მეთქი, მაგრამ ორი დღის შემდეგ იგივე განმეორდა, რამდენიმე დღის შემდეგ – ისევ. გადავწყვიტე, თვალთვალი დამეწყო ჩემი ცოლისთვის და ფაქტზე დამეჭირა. თან, არ მინდოდა, რომ ეს ამბავი ჩემს სტუდენტ ქალიშვილსა და ჩემს ძმისშვილს, 28 წლის ეთოს გაეგოთ (ეთო მივლინებით იყო თბილისში რამდენიმე თვით და ჩვენთან ცხოვრობდა). მოკლედ, დავუწყე თვალთვალი და, ერთ დღესაც, დავინახე, როგორ დაახვავა ჩემმა ცოლმა მთელი ჩემი ტანსაცმელი სავარძელზე და როგორ ჩხრეკდა ჯიბეებს. მაშინვე თავზე დავადექი და ნიშნის მოგებით ვუთხარი, ახლა რით იმართლებ თავს-მეთქი. გაოცებულმა და აღშფოთებულმა მიპასუხა, გარეცხვას ვაპირებო. მე არ დავუჯერე და ისეთი ჩხუბი მოგვივიდა, რომ ბოლოს სახეში გავარტყი. ისე მოხდა, რომ ამ საშინელებას ჩემი ქალიშვილი და ეთოც შეესწრნენ. ჩემი ასეთი საქციელი არც შვილმა მაპატია და არც ცოლმა და, ერთი სიტყვით, გავშორდით. ჩემი ცოლი შვილიანად წავიდა თავის მშობლებთან და სახლში მარტო მე და ეთო დავრჩით. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სიმართლეში დარწმუნებული ვიყავი, მაინც განვიცდიდი, რაც მოხდა და სმას ვუმატე. აღარ ვიცოდი, როგორ მეცხოვრა. ეთოს ხშირად ველაპარაკებოდი ხოლმე, როგორ მიყვარდა ცოლი და როგორ გამიცრუა იმედი. ის შეძლებისდაგვარად მაწყნარებდა და მეუბნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძნელია, ამდენი ხნის ოჯახის დანგრევა, გაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო.

ყველაზე მთავარი და უცნაური კი ჩემი ცოლ-შვილის წასვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო: ისევ ვიღაც მპარავდა ფულს. მოკლედ, თავი რომ აღარ შეგაწყინოთ, ქურდი ჩემი ძმისშვილი, 28 წლის ქალი აღმოჩნდა. მხოლოდ მაშინ გამოტყდა, როცა ჩემი ნიშანდადებული ბანკნოტი დავუჭირე ხელში. რა თქმა უნდა, იმ დღესვე ჩავალაგებინე ბარგი და გავუშვი. მერე კი დავიწყე ცოლ-შვილთან რეკვა, ბოდიშის მოხდა და მუდარა, რომ დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ არც ერთი აღარ მირიგდება.

აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე. მზად ვარ, მთელი ქვეყნის დასანახავად მუხლებზე დავუდგე და ისე ვთხოვო პატიება, მაგრამ არც ერთს ჩემი დანახვაც კი არ უნდა.

ასეთ მდგომარეობაში ვარ ჯერჯერობით. იმედი მაქვს, რომელიმე მაინც წაიკითხავს ამ წერილს და მიხვდებიან, რომ ძალიან ვნანობ და ორივე ძალიან მენატრება.

რამაზი, 41 წლის.



არ ვიცი, როგორ მოვიქცე

არ მომწონს, როცა კაცები თავიანთ სატკივარს საქვეყნოდ ყვებიან, გულში ყოველთვის დავცინოდი ასეთ გულახდილობას, მაგრამ ისეთ დღეში აღმოვჩნდი, გადავწყვიტე, მეც ამ გზას დავდგომოდი. ვიცი, ეს ნაბიჯი პრობლემას არ გადამაწყვეტინებს, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, ცოტა მაინც მომეშვება გულზე. თუმცა, მთლად დარწმუნებული არც ამაში ვარ.

საქმე ისაა, რომ მყავს ცოლი, რომელიც ძალიან მიყვარს. უკვე შვიდი წელია, ერთად ვართ და ვზრდით ორ შვილს. ამ შვიდი წლის განმავლობაში, შემიძლია, ვთქვა, თითქმის არ მოგვსვლია უსიამოვნება, იმდენად შეხმატკბილებულად ვცხოვრობთ. მეგონა, ასე გაგრძელდებოდა მთელი ცხოვრება, მაგრამ, ერთი წლის წინ გავიცანი ქალი, რომელიც უგონოდ შემიყვარდა. მასაც ვუყვარვარ და უკვე რამდენიმე თვეა, ერთმანეთს ვხვდებით. მან იცის, რომ ცოლ-შვილი მყავს და ცოლი ძალიან მიყვარს, ამიტომ არანაირ პრეტენზიას არ მიყენებს. ერთადერთი, რაც მას ჩემგან უნდა – შვილია. თავიდან საშინელი წინააღმდეგი ვიყავი, ბავშვი გაეჩინა, მაგრამ ბოლოს მაინც დავთანხმდი და ახლა ის ორსულადაა. გამოგიტყდებით, მიხარია, რომ საყვარელი ქალისგან შვილი მეყოლება, მაგრამ, სინდისი მქენჯნის ჩემი ცოლ-შვილის წინაშეც და ჩემი მომავალი შვილის წინაშეც. არც ერთ ვარიანტში არ გამოვდივარ კარგი კაცი – ერთ მხარეს ვღალატობ, მეორე მხარეს კი ვმალავ. მაგრამ, ბავშვი ნემსი ხომ არ არის, როდემდე უნდა დავმალო?

ჩემი ძმაკაცი მეუბნება, ასეთი ორმაგი თამაში შეგიწირავს, საბოლოო ჯამში, არც ერთი ქალი არ გაპატიებს შენს ცხოვრებაში მეორის არსებობას. არც შვილები შეგინდობენ და ბოლოს მაინც მარტო დარჩები. ამიტომ, ახლავე ჯობია, გადასაჭრელი გადაჭრა და არჩევანი გააკეთოო. მეც ხშირად მიფიქრია ამაზე, მაგრამ ვერანაირ გადაწყვეტილებამდე ვერ მივდივარ – ვერც კი წარმომიდგენია, ჩემი ცხოვრება რომელიმეს გარეშე. ამაზე ფიქრმა და დარდმა ისე დამღალა და გამანერვიულა, ხასიათი შემეცვალა და ჩემი ცოლი აშკარად დაეჭვებულია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხვდება, რა ხდება ჩემს თავს. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ხომ გაირკვევა ყველაფერი და, მერე როგორ უნდა მოვიქცე, ფანტაზიებშიც კი ვერ წარმომიდგენია. აი, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ვცხოვრობ. თუ მანამდე ყველაფერი არ გამოაშკარავდა და ქალებს ცოცხალი გადავურჩი, კიდევ მოგწერთ და ჩემს გამოცდილებასაც გაგიზიარებთ.

მახო, 36 წლის.



გოგოები „კაზანოვას“ მეძახიან

ერთი სერიოზული პრობლემა მაქვს: საკმარისია, ლამაზი გოგო გავიცნო, რომ მაშინვე უგონოდ მიყვარდება, მაგრამ ეს გრძნობა მხოლოდ ერთ, მაქსიმუმ – ორ თვეს გრძელდება, უფრო ხშირად კი – იმ დრომდე, სანამ ვინმე „ახალს“ გავიცნობ. მართალია, წინა შეყვარებულთან დაშორებას ისე ვახერხებ, რომ მისი თავმოყვარეობა არ შევლახო, მაგრამ ხანდახან მაინც მექმნება მათგან პრობლემები, თუმცა ამაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ჩემმა ასეთმა არასტაბილურმა გრძნობებმა ისე დამღალა, აღარ ვიცი, საკუთარ თავს სად გავექცე.

თუ ობიექტურად შევაფასებ საკუთარ საქციელს, ამას უფრო ცანცარობას დავარქმევდი, მაგრამ, გოგოებში მართლა ძალიან პოპულარული ვარ და ყველა მაგარი გოგო იმას „ჩალიჩობს“, გამიცნოს და დამიახლოვდეს. ერთმა ისიც კი მითხრა, კურსზე „კაზანოვას“ გეძახიანო. გამოგიტყდებით და, გულში მესიამოვნა, მაგრამ, ამ ჩემმა „კაზანოვობამ“, ჯერ ერთი, გამაკოტრა, რადგან, იმ ერთი თუ ორი თვის განმავლობაში, როცა მიყვარს, ის „ვინმე“ ნამდვილ დედოფლად გრძნობს ხოლმე თავს. ეს კი, მოგეხსენებათ, ყველა ქალს სიამოვნებს და, ალბათ, ისიც მოგეხსენებათ, რა რაოდენობის თანხაა ამისთვის საჭირო. მართალია, მამაჩემი, პრაქტიკულად, არაფერზე მეუბნება უარს, მაგრამ, ამას წინათ მითხრა, ცოტა „მოუჭირე“, თორემ შენი „ნაშების“ ხარჯები ბიზნესს ჩამიგდებს და ყველანი მშრალზე დავრჩებითო.

აი, ასეთი ვარ, ჩემო კარგებო. არ ვიცი, კარგია ეს თუ ცუდი, მაგრამ გოგოები რომ ლამის ვენებს იჭრიან ჩემ გამო, ესეც ცხადია. და, კიდევ ის არის ცხადი, რომ ჩემი ძმაკაცები ქოქოლას მაყრიან, – ჩვენ მაგდენი საშუალება არ გვაქვს და შენი წყალობით გოგოები თითქმის აღარ გვაქცევენ ყურადღებასო. მე დავაწყნარე, – სამაგიეროდ, თქვენი გრძნობები უფრო სტაბილური და ხანგრძლივია, ჩემი კი – ხანმოკლე-მეთქი. ასე რომ, გოგონებმა თვითონ უნდა გააკეთონ არჩევანი, რომელი ვარიანტი ურჩევნიათ.

ვახო, 20 წლის.



დეიდაჩემს რძალი არ მოსწონს

ძალიან მაგარი დეიდაშვილი მყავს. ისეთი ბიჭია, მთელი თბილისის ლამაზი გოგოები კუდში დასდევდნენ (ახლაც დასდევენ) და ლამის თავს სთავაზობენ, ოღონდ მისი ყურადღება დაიმსახურონ. თემიკო კი რაღაცნაირი უცნაურია, უფრო სწორად, თავში არ აქვს ავარდნილი თავისი გარეგნობა და არც არასდროს უმარიაჟია.

25 წელს რომ გადაშორდა, ოჯახში გული გაუწყალეს – ცოლი შეირთეო. ვიცოდი, რომ ერთი გოგო მოსწონდა, მაგრამ მშობლებს არ უმხელდა. ის გოგო მდიდარი ოჯახიდან არ იყო და, იცოდა, ამის გამო, შეიძლება, დედამისს დაეწუნებინა. ბოლოს, მართლაც ასე მოხდა – დეიდაჩემმა გაიგო, რომ თემურის შეყვარებულის მშობლები „განსაკუთრებულს არაფერს წარმოადგენდნენ“ (ეს მისი სიტყვებია) და იმდენი „იჩალიჩა“, ერთმანეთს დააშორა ირმა და თემური. მერე თემოს კიდევ შეუყვარდა ერთი გოგო, რომელსაც დეიდაჩემმა ფეხები დაუწუნა (სქელი ფეხები აქვსო) და ისიც „მოიფრიალა“. თემოს შემდეგ შეყვარებულს გვარიშვილობა დაუწუნეს – ძალიან გლეხური გვარი აქვსო, შემდეგი „კანდიდატი“ – ძალიან შავიაო... ერთი სიტყვით, საწყალმა ბიჭმა ამხელა თბილისში დედის მოსაწონი გოგო ვერ იპოვა. ბოლოს კი, გაბრაზებულმა (ისე, კაცმა რომ თქვას, ვისზე ბრაზდებოდა? თავისი ბრალი იყო ყველაფერი, რომ საკუთარ სიყვარულს ვერ იცავდა), სრულიად შემთხვევით გაცნობილი გოგო მიიყვანა სახლში და გამოაცხადა: ჩემი ცოლია და, მოგწონთ თუ არა, უნდა შეეგუოთ ამ ამბავსო. დეიდაჩემს კი არა, თემურის ცოლი მეც არ მომწონს – რაღაცნაირი უსახური გოგოა. მახინჯიაო, ვერ იტყვი, მაგრამ, რომ არც კი შეამჩნევ, ისეთი გარეგნობა აქვს. ისე, არც გვარი უვარგა, არც ფეხები აქვს იდეალური და ვერც ოჯახიშვილობით დაიკვეხნის, მაგრამ ისეა ქმარი თან გადაყოლილი, ცივ ნიავს არ აკარებს.

შვილს პირში თქმას ვერ უბედავს, მაგრამ დეიდაჩემი ჩუმ-ჩუმად იცრემლება – ამისთანა გოგო ეკუთვნოდა ჩემს ანგელოზივით შვილსო?

თათა, 22 წლის.



სიმღერის გამო გოგო შემიყვარდა

ძალიან ლამაზი შეყვარებული მყავდა. ისეთი გოგო იყო, ქუჩაში თვალს აყოლებდნენ. ჩვენი შეხვედრები მალე გადაიზარდა სერიოზულ ურთიერთობაში და დაქორწინება გადავწყვიტეთ. ქორწილამდე ორიოდე თვით ადრე, ეკამ თავის მეგობართან წამიყვანა დაბადების დღეზე. იქ ერთი გოგონა იყო, სიმართლე გითხრათ, გარეგნობით არაფრით გამოირჩეოდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვა, საკმაოდ შეუხედავი იყო, საშუალოზე ნაკლები. ყურადღებაც ამიტომ უფრო მივაქციე. ამდენი ლამაზი და გაპრანჭული გოგოს ფონზე, უცბად გეცემოდათ თვალში მისი სადა ჩაცმულობა და უმაკიაჟო სახე. სხვები ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ, კიოდნენ, წიოდნენ, ის კი ჩუმად იჯდა, გაღიმებული. ერთ მომენტში შემეცოდა კიდეც – ვიფიქრე, დაქალებს გარეგნობის გამო ჰყავთ განაპირებული-მეთქი და გამოველაპარაკე. პირველი წინადადება წარმოთქვა თუ არა, საოცარი სიმშვიდე ვიგრძენი. ხმაც ისეთი ჰქონდა – რაღაცნაირი მშვიდი, ოდნავ მოგუდული, ხავერდი რომ დაჰყვება თან. ჩვენი საუბარი კარგად აეწყო, ათას თემას მივედ-მოვედეთ, საუბრის დასასრულს კი ეს შეუხედავი გოგონა უკვე საოცრად მომხიბლავი მეჩვენა. ეკა თავის დაქალებთან ერთად გადადიოდა ყირაზე. ერთი-ორჯერ კი გამომხედა და დამიძახა, მოდი, ვიცეკვოთო, მაგრამ მერე თავი დამანება. ნამდვილად არ უეჭვიანია – ალბათ, დარწმუნებული იყო, რომ იასნაირი გოგო მისი მეტოქე ვერ გახდებოდა. არადა, ცოტა მეტი ქალური ინტუიცია რომ ჰქონოდა, რაღაც განგაშის მაგვარი უნდა ეგრძნო. ცოტა ხანში ვიღაცამ დაიძახა, იამ იმღეროსო. ჯერ გამიკვირდა, მერე სასიამოვნო მოლოდინმა შემიპყრო. რაღაც მომენტში გულში შიშმაც გამკრა – ხომ არ აშაყირებენ-მეთქი. იამ უარი თქვა – დღეს სიმღერის განწყობაზე არ ვარო, მაგრამ არ გაუვიდა – ყველა ერთად ეცა და ლამის ხელში აყვანილი მიიყვანეს როიალამდე. ყველა გარშემო შემოუსხდა. პირველი აკორდის აღებისთანავე, სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა და იამ სიმღერა დაიწყო. მე მსგავსი არაფერი მომისმენია. ყოველი სიმღერის დასრულების შემდეგ, ახალ შეკვეთას აძლევდნენ და ისიც ეშხში შევიდა. ერთნაირი ვირტუოზულობით ასრულებდა ყველა ჟანრის სიმღერას და ოვაციებსაც საზღვარი არ ჰქონდა.

დაბადების დღიდან ძალიან დაბნეული თუ გაორებული დავბრუნდი. იმავე საღამოს მივხვდი, რომ ეკა არ მიყვარდა, მეორე დღეს კი უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ იას გარეშე სიცოცხლეს ვერ შევძლებდი. მისმა სიმღერამ, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა მოახდინა ჩემზე, მაგრამ მარტო სიმღერის გამო არ შემყვარებია. მანამდე, რომ ვესაუბრებოდი, უკვე ვგრძნობდი, რომ ეს გოგო „ჩემი“ იყო, ანუ ეს ის გოგო იყო (თავისი პიროვნული თვისებებითა და სულიერი სამყაროთი), რომელსაც თურმე მთელი ცხოვრება ვეძებდი.

აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. არ მინდოდა ეკას არაკაცურად მოვქცეოდი, არადა, ვგრძნობდი, რომ მასთან ბედნიერი ვერ ვიქნებოდი, რადგან ის მხოლოდ ლამაზი გოგო იყო და მეტი არაფერი. მერე გავაცნობიერე, რომ მე და ეკას არასდროს არანაირ თემაზე არ გვისაუბრია, რადგან დიდი ინტელექტით არ გამოირჩეოდა; არც ხასიათი ჰქონდა მაინცდამაინც სათნო (ესეც გვიან შევამჩნიე). ერთი სიტყვით, ეკა არ მიყვარდა, სულ იაზე ვფიქრობდი, მაგრამ დარეკვას ვერ ვბედავდი. ბოლოს, ვიფიქრე, გაჟეჟილს გატეხილი სჯობია-მეთქი და ეკას დავურეკე, – გადავწყვიტე, გულახდილად მეთქვა ყველაფერი და ჩვენი ურთიერთობისთვის წერტილი დამესვა. ძალიან ვღელავდი, მაგრამ, მაინც შევძელი და გულწრფელად ავუხსენი, რაც დამემართა. ეკამ ჯერ მშვიდად მისმინა, მერე ადგა, სახეში სილა გამაწნა და მითხრა, არაკაცი ყოფილხარ, სისულელე ვქენი, რომ გხვდებოდი. შენ რა ღირსი ხარ, ჩემისთანა ცოლი გყავდეს, ეტყობა, მახინჯი ქალები უფრო გაღელვებსო. ისე ყვიროდა, მთელი კაფე ჩვენ გვიყურებდა. სირცხვილით, არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. მაგრამ, ასე თუ ისე, მასთან საქმე გავარკვიე და მეორე დღესვე დავურეკე იას. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ მეგონა, ეგრევე გამოიქცევა პაემანზე-მეთქი, სულაც არ მოხდა ასე. თითქმის ხუთი თვე დამჭირდა, რომ ჩემს გრძნობებში დამერწმუნებინა.

მაგრამ, ყველაზე რთული მომენტი მაშინ დამიდგა, როცა სახლში ვთქვი, სხვა შემიყვარდა და ეკას დავშორდი-მეთქი. მამაჩემმა მითხრა, ეკაზე უკეთესი ვინ უნდა გენახაო (გარეგნობას გულისხმობდა). დედაჩემმა ია უნახავად აითვალწუნა, რადგან ეკა ძალიან მოსწონდა. მოკლედ, ბოლოს მაინც შეეგუვნენ სიტუაციას და დადგა დღე, როცა ია სახლში უნდა მიმეყვანა ჩემი მშობლების გასაცნობად.

ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტე, მამაჩემის დაბადების დღისთვის დამემთხვია ეს ოფიციალური ვიზიტი. მამა თავის დაბადების დღეს ყოველთვის სახლში იხდის – ეს ჩვენი ოჯახის ტრადიციაა. 10-15 კაცი გროვდება და მშვენიერ დროს ვატარებთ ხოლმე. მამას ერთ-ერთი მეგობარი, ნოდარი, მსახიობია, კარგად უკრავს და მღერის და მთელი ქეიფი იმას მიჰყავს ხოლმე.

მოკლედ, სუფრაა გაშლილი, ქეიფობენ და სწორედ ამ მომენტში შევედით მე და ია ოთახში. მის დანახვაზე დედაჩემს ისე შეეცვალა სახე, შემეშინდა, რამე საშინელება არ თქვას-მეთქი. ეტყობა, ამას მამაც მიხვდა და დედაჩემი სასწრაფოდ რაღაცის შემოსატანად გაგზავნა სამზარეულოში, ჩვენ კი თავის გვერდით დაგვისვა. ქეიფი გაგრძელდა. დედა ყოველ შემოსვლაზე მიბღვერდა, მაგრამ სტუმრების ხათრით ვერაფერს მეუბნებოდა.

მერე ჩვენი სადღეგრძელო ითქვა (უკვე იცოდნენ, ია ვინც იყო). სამადლობელი იამ თქვა და ამ რამდენიმე წინადადებით ისე მოხიბლა მთელი სუფრა, ყველას შეეცვალა განწყობა. მამაჩემსაც კმაყოფილება ეწერა სახეზე. მერე ძია ნოდარი როიალს მიუჯდა და გამოაცხადა, ეს სიმღერა, მართალია, დუეტში უნდა შესრულდეს, მაგრამ, რადგან აქ პარტნიორი არ მყავს, სოლოში გიმღერებთ და ლუკასა და იას ვუძღვნიო. ნოდარმა სიმღერა დაიწყო და იქ, სადაც დუეტი უნდა შესრულებულიყო, ინსტრუმენტთან ია მივიდა და ააყოლა ხმა. ისეთი გაოგნებული დარჩა ყველა – სტუმარიც და მასპინძელიც, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში ყველა პირდაღებული და თვალებდაჭყეტილი იჯდა (მათ შორის ჩემი მშობლებიც). სიმღერის დასრულების შემდეგ ნოდარი მივიდა იასთან, ჯერ შუბლზე აკოცა, მერე – ხელზე და ხმამაღლა გამოაცხადა, მე ლუკას გემოვნებაში ეჭვი არასდროს მეპარებოდა. ამ ბავშვს მიხედეთ, ასეთი ხმა ჯერ არ მომისმენიაო. მაშინ კი იხუვლა ტაშმა და მილოცვებმა. დედაჩემიც კი მონუსხულივით უყურებდა იას. მერე მეორე ოთახში გამიყვანა და მითხრა, ახლა მესმის შენი და, თუ გაწყენინე, მაპატიეო.

მე და იას დღეს უკვე ორი შვილი გვყავს – ნანა და გიორგი (ჩემი მშობლების სახელები თვითონ დაარქვა იამ). მართალია, ჯერ პატარები არიან, მაგრამ ორივეს დედის ნიჭი გამოჰყვა და უკვე საკმაოდ კარგად მღერიან.

ლუკა, 29 წლის.


скачать dle 11.3