რა არსებები დაბინავდნენ ალექსანდრე მანწკავას ოჯახში 23 წლის წინათ და რატომ ვერ ელევიან მანწკავები მათ
ალექსანდრე მანწკავას კოლექციაში ოთხმოცამდე ხის ნაკეთობაა თავმოყრილი, რომელიც ჩვენი რესპონდენტის ხელითაა შექმნილი. პროფესიონალი დრამატურგი, ახალ პროფესიას 57 წლის ასაკში დაეუფლა. თუ რატომ არ მართავს ის გამოფენებს, ვის ეძღვნება ყველა მისი ნამუშევარი და რას ნიშნავს ბატონი ალექსანდრესთვის ეს კოლექცია, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ალექსანდრე მანწკავა: სოფელში ვიზრდებოდი. წლების შემდეგ, თბილისში რომ ჩამოვედი, კინოსტუდიაში შემთხვევით მოვხვდი. მუშაობა დავიწყე ელექტრომონტიორად. ელექტრომონტიორიდან – რეჟისორის ასისტენტობამდე მივედი. ჭადრაკს ვთამაშობდი მაღალ დონეზე და ამის წყალობით, ძალიან ბევრ საუკეთესო რეჟისორსა და სცენარისტს დავუახლოვდი, როგორებიც იყვნენ: რეზო გაბრიაძე, რეზო ინანიშვილი, ლევან ჭელიძე, რეზო ჭეიშვილი.... მათთან ურთიერთობა კი, დიდი გამოცდილება და სტიმული იყო. ისინი ჩემთვის მისაბაძი ხალხი იყვნენ. ამის შემდეგ პოზიცია გავიმაგრე და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. მრავალი სცენარის ავტორი ვარ. ერთ-ერთი მათგანია: მხატვრული ფილმი „მიზანი“, მულტფილმებიდან ყველაზე ცნობილი იყო „კაცუნები“, რომელმაც საკავშირო ფესტივალზე გაიმარჯვა. დოკუმენტური სურათი იყო კიდევ „უთოფო მონადირე“, ამ ფილმმაც არაერთი პრიზი დაიმსახურა.
– ხის ნაკეთობების დამზადებამ როდის გაგიტაცათ?
– ეს დაახლოებით 20-23 წლის წინათ დაიწყო. საბჭოთა კავშირი რომ დაიშალა და ირგვლივ უხელფასობამ დაისადგურა, ამ პერიოდში, უმუშევრად დარჩენილმა, ბავშვი წავიყვანე სოფელში. სწორედ იმის თვალყურის დევნებაში, მომივიდა თვალში კაკლის ხის ფესვი, რომლისგანაც, ჩემდა გასაკვირად, პირველი ფიგურა გავაკეთე.
– გამოდის, რომ თვითნასწავლი მხატვარი ბრძანდებით?
– გამოდის კი არა, ასეა. მაშინ, როდესაც ხალხი 57 წლის ასაკში შემოქმედებით ცხოვრებას ასრულებს, მე ახალი პროფესია შევიძინე.
– მანამდე თუ გქონიათ შეხება ამ საქმესთან?
– კი, ბავშვობაში. ომის პერიოდში, შიმშილობა რომ იყო, მაშინ ფანდურებს ვაკეთებდი და თითო ფანდურში კილო-ნახევარ სიმინდს მაძლევდნენ. მახსოვს, ჩვენს მეზობლად მაკარ გოგიშვილი ცხოვრობდა, ზორბა კაცი იყო, კეხიანი ცხვირითა და ულვაშებით. ერთხელ ჩვენთან შემოვიდა და იკითხა, ეს ბავშვი რას აკეთებსო? ბაბუაჩემმა უთხრა, რაშიც იყო საქმე. მაკარმა გაიხუმრა: ეს ნიჭიერი ბავშვია, უთხარი ლექსი დაწეროს, ამით ფულს მეტს იშოვის და ხეებიც მოჭრას გადარჩებაო. ამის შემდეგ ეს საქმიანობა დავივიწყე და მაკარის არ იყოს, წერამაც გამიტაცა.
– როგორ იქმნება ესა თუ ის ფუგურა თქვენი კოლექციისთვის?
– როდესაც მასალას ვხედავ, ვგრძნობ, რომ ამისგან რაღაცა გამოვა, ოღონდ წინასწარ არასდროს ვიცი, რა.
– რა დრო სჭირდება თითო ნამუშევრის შექმნას?
– გააჩნია სირთულეს და ზომას. მაგალითად, „ევროპე“, რომელმაც ზევსისგან სამი ვაჟი გააჩინა, თითქმის 10 თვის განმავლობაში კეთდებოდა. ის გამოთლილია კაკლის ფესვისგან. ნადირობის ქალღმერთი „დალიც“ რამდენიმე თვის განმავლობაში კეთდებოდა. ძალიან მომწონს ჩემი ქალიშვილის პორტრეტიც, ამ კომპოზიციას დავარქვი – „ვუყვარდი, თუ არ ვუყვარდი“. აქვეა „ხმელი წიფელიც“. ეს ზღვის ქალღმერთი „სირინოზია“.
– სულ რამდენი ნამუშევრის ავტორი ხართ?
– ოთხმოცამდე ნამუშევარი მაქვს შექმნილი.
– გაჩუქება შეგიძლიათ?
– შემიძლია, ოღონდ ძალიან ძნელად. სულ ხუთი ნამუშევარი მაქვს გაჩუქებული.
– როგორც ავტორი, რომელ ნამუშევარს გამოყოფდით თქვენი კოლექციიდან?
– ჩემთვის ყველა ნამუშევარი ძალიან ახლობელია და მიჭირს, რომელიმე გამოვარჩიო. იმდენ ხანს ვმუშაობ თითოეულზე, რომ ჩემში შემოდიან, ვეჩვევი. ამიტომაც, ვერ ველევი ხოლმე და მაინც, განსაკუთრებულად მომწონს „ბალერინა“.
– რა ემოციები აქვთ, როცა ამ ნამუშევრებს ნახულობენ ხოლმე?
– როგორც წესი, კომპლიმენტებს არ იშურებენ. ყველაზე დიდი კომპლიმენტი, ამ კოლექციის ნახვისას, ჩემმა მეგობარმა, ცნობილმა ოპერატორმა – ლომერ ახვლედიანმა გამოთქვა. მეწვია, გულდასმით დაათვალიერა ჩემი ყველა ნაკეთობა, მომიბრუნდა, წვერი მოიქექა და როგორც იქნა, გამოსცრა: არა, საშა, ეს შენი ნამუშევრები არ არისო. შემდეგ რამდენიმე ცნობილი ხელოვანის სახელი ჩამოთვალა და დასძინა – მე, ყველა მათგანის ნამუშევარი მაქვს და მათ შორის შენი არ არისო. მე გავიღიმე და ვუთხარი: ეს იმიტომ, რომ ყველა ნამუშევარი ჩემს მეუღლეს მივუძღვენი-მეთქი.
– გამოფენებს თუ მართავთ?
– ბევრჯერ შემომთავაზეს, მაგრამ არა, 80 წლის კაცი ვარ და რაღა დროს ჩემი გამოფენებით თავის მოწონებაა.
– რას ნიშნავს თქვენთვის ეს კოლექცია?
– ჩემი ჯანმრთელობაა. როდესაც ვმუშაობ, თავს მშვენივრად ვგრძნობ. ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ წამალი არ დამჭირვებია. ეს კოლექცია დიდ სტიმულსა და სულიერ სიმშვიდეს მმატებს.