კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდოდა მაკა მახარაძეს მტკვარში თავის დახრჩობა და რისი გადარჩენა ვერ მოახერხა მან

უყურებდი და, უბრალოდ, ტკბებოდი, მაგრამ, ის არ იყო მხოლოდ გარეგნული სილამაზე – ქალი საყვარელი კისკისით, შავი, დიდრონი, მეტყველი თვალებითა და ხშირი წამწამებით. ამ ნიჭიერი ქალბატონის უკან საკმაოდ შინაარსიანი და დატვირთული წარსული დგას. ცხოვრებამ ხელისგულზე ატარა. მას მთელი თბილისის მამაკაცები ეტრფოდნენ, ლექსებს უძღვნიდნენ, ფეხქვეშ ფიანდაზად ეგებოდნენ, მაგრამ პირადი ბედნიერება დიდხანს არ გაჰყოლია და ეს გულისტკენა სიცოცხლის ბოლომდე თან სდევდა. მედეა ჩახავა დღეს ჩვენ გვერდით აღარ არის, მაგრამ მის არსებობას ფილმებიდან და სპექტაკლების ჩანაწერებიდან თითქოს სულ გრძნობ. სანამ მსახიობის ცხოვრების დღიურის ფურცლებს გადაათვალიერებთ, მათ, ვინც მისი ოჯახის წევრებს ნაკლებად იცნობთ, სიამოვნებით გაგაცნობთ: რეჟისორი თემურ ჩხეიძე – ქალბატონი მედეას უფროსი ვაჟი. ბატონ თემურს პირველ მეუღლესთან, ლალი გურგენიძესთან, ჰყავს ორი ქალიშვილი – თეონა მუსიკოსია, ეკა კი – მსახიობი. ეკას მეუღლე ცნობილი საოპერო მომღერლის, თენგიზ მუშკუდიანის შვილია. რეჟისორს მეორე მეუღლესთან, მსახიობ ნანი ჩიქვინიძესთან ჰყავს ქალიშვილი – დეა. მაკა და ივიკო კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას სიყვარულის ნაყოფები არიან. ივიკოს ჰყავს ერთი ვაჟი – კოტე. მაკას მეუღლე მხატვარი მურაზ მურვანიძეა, რომელთანაც ორი ქალიშვილი ანუკი და ნატო შეეძინა. ანუკი ვიზაჟისტია, ნატო – მსახიობი. ნატოს მეუღლე მსახიობების, იზა გიგოშვილისა და მერაბ თავაძის, უმცროსი ვაჟი, მსახიობი ნიკა თავაძეა. ჰყავთ ორი შვილი – მარიამი და დათა. დათა თავაძე უკვე წარმატებული რეჟისორია. კოტე მახარაძეს ქალბატონ მედეასთან დაშორების შემდეგ, მეორე მეუღლესთან, ქალიშვილი შეეძინა – ბაია. დარჩენილი ოცდაათი წელი კი, ასევე ყველასათვის საყვარელ ქალბატონთან, მსახიობ სოფიკო ჭიაურელთან გაატარა.

– თქვენი მშობლები თბილისში, თავის თაობაში, ყველაზე პოპულარული და გამორჩეულები იყვნენ. ისინი ყველას უყვარდა. როგორია მათი ცხოვრების ისტორია?

მაკა მახარაძე: დედაჩემის დედა, მარიამ გაწერელია, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გახლდათ, მაგრამ მე ის მახსოვს, როგორც დიასახლისი. ის ერთ-ერთ რაიონში ყოფილა განაწილებული პედაგოგად და დედაჩემი და ბიძაჩემი თან წაუყვანია, პატარები რომ იყვნენ. გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდნენ. მამამისი, ვასილ ჩახავა, ამ დროს კიევში, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. კიევიდან რომ ჩამოვიდა, ჩაჩავას სამშობიაროში მეან-გინეკოლოგად მუშაობდა. შემდეგ ბაბუა ფრონტზე წაიყვანეს და დაიკარგა. ოჯახს დაღუპული ეგონა, რომ მოულოდნელად დაბრუნდა. მაშინ დედაჩემი თეატრალურ ინსტიტუტს ამთავრებდა. წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული იყო ეს მათთვის. არ ვიცი, მაშინ ვის ჰქონდა იოლი ცხოვრება. ყველას უჭირდა და, მიუხედავად ამისა, და-ძმას სწავლის საოცარი წყურვილი ჰქონდა. რაც შეეხება მამაჩემის მშობლებს, ბაბუა გახლდათ მოხელე, ბებია, ათეული წლების განმავლობაში – პირველი სკოლის ბიბლიოთეკის გამგე. მოხდენილი ქალი იყო, კარგი ტანი ჰქონდა და ხაზგასმით კარგად იცვამდა. სკოლაში მუშაობის დასაწყებად რომ მისულა, მაღალყელიანი ხელთათმანები სცმია. დირექტორს უთქვამს: წიგნებთან ამ ხელთათმანებით აპირებთ მუშაობასო? მამაჩემის ბავშვობამაც უღიმღამოდ ჩაიარა ომის გამო. რეზინის „კალოშები“ გვეცვა ფეხზე და, სიცივე რომ იყო, დედა შიგ გაზეთებს გვიფენდაო – იხსენებდა. მასაც საოცარი წყურვილი ჰქონდა სწავლის და სკოლაში საკმაოდ გამორჩეული მოწაფე ყოფილა. არ არსებობდა თემა, რაზეც ვერ დაელაპარაკებოდით. ის იყო უაღრესად განათლებული კაცი.

– თქვენი ბავშვობა როგორ გახსენდებათ?

– თემური ექვსი წლის იყო, მე რომ გავჩნდი. მამას რომ გაუგია, დედა ფეხმძიმედ იყო, მაინცდამაინც არ გახარებია. თემურზე იყო გადაყოლილი. უნდოდა, ამით თავისი სიყვარული დაემტკიცებინა დედაჩემისთვის. ერთხელ თემურმა კიდეც თქვა: მგონი, შენზე და ივიკოზე არ აქვს კოტეს იმდენი ამაგი, რამდენიც ჩემზეო. არასდროს მე და თემურს შორის ცუდი დამოკიდებულება არ ყოფილა. როდესაც ჩვენზე ნახევარ და-ძმას ამბობენ, თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ. ჩვენ ერთი დედის მუცელში ვისხედით და ამიტომ ვერ ჩავთვლი მას ჩემს ნახევარძმად. შემდეგ გაჩნდა ივიკო. თემურის მამას, ნოდარ ჩხეიძეს, ხშირად დავყავდით სასეირნოდ. თემურის მამიდასთან რომ მივიდოდით, მე და ივიკოს ძალიან თბილად გვიღებდა. გამომდინარე იქიდან, რომ დედაჩემი და მამაჩემი თითქმის ყოველ საღამოს თეატრში იყვნენ რეპეტიციებზე ან სპექტაკლზე, ჩვენ ბებია-ბაბუასთან ვიყავით. ჩვენი მშობლები არ იყვნენ მკაცრები და მათგან არასდროს მოგვხვედრია, არც გადავდიოდით ზღვარს.

– ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ბატონი კოტე ბალერონი იყო. ბალეტისადმი სიყვარული აქედან გაგიჩნდათ?

– ბალეტზე სულ ვოცნებობდი. საერთოდ, იშვიათად მინახავს გოგონა, რომელიც ბალეტზე არ ოცნებობს. მამამ საბალეტო სტუდია დაამთავრა. კარგი მოსწავლე იყო, კარგად ცეკვავდა, რაც მერე ძალიან გამოადგა ცხოვრებაში. ოპერისა და ბალეტის თეატრში უნდა მისულიყო, მაგრამ აღარ მივიდა. ორი კერპი ჰყავდა – ჭაბუკიანი და ხორავა. ბოლოს ხორავამ გადასძლია. სხვათა შორის, თურმე, დედაჩემიც ოცნებობდა ბალერინობაზე. ძალიან მოქნილი იყო, მაგრამ, ოცნება ვერ აისრულა. საბალეტო სტუდიის დამთავრების შემდეგ ოპერისა და ბალეტის თეატრში მივედი, სადაც ოცი წელი ვიყავი. 38 წლის ასაკში ცეკვას თავი დავანებე და პედაგოგობა დავიწყე. იშვიათი ადამიანი ვარ – სტუდენტობა არ გამომიცდია. სამაგიეროდ, დღესაც სიამოვნებას მგვრის იმის გახსენება, რომ ორი უდიდესი პიროვნების, ვახტანგ ჭაბუკიანისა და ვერა წიგნაძის ნამოწაფარი ვარ. ქორეოგრაფიულ სასწავლებელს რომ ვამთავრებდი, მამაჩემმა ულტიმატუმი წამომიყენა – დიდ წარმატებას ვერ მიაღწიე და სკოლიდან გამოგიყვანო. თუ ამას გააკეთებ, თავს მოვიკლავ, მტკვარში გადავხტები-მეთქი. მაშინ ამაზე ბევრი ვინერვიულე, მაგრამ დღეს სიყვარულით მახსენდება მისი სიტყვები.

– თქვენი მეუღლე, მურაზ მურვანიძე, თეატრში დამდგმელი მხატვარია. თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ.

– მურაზი ოპერისა და ბალეტის თეატრის მხატვარი იყო. ახალი მისული ვიყავი თეატრში. შემომთავაზა, დაგხატავო. სამ თვეში კი ცოლობა მთხოვა. ნიშნობა და ქორწილი არ გვქონია. მხოლოდ ხელი მოვაწერეთ. უკვე გაცილებული იყო პირველ მეუღლესთან, ჩვენ რომ ერთმანეთი გავიცანით. პირველი ქორწინებიდან ქალიშვილი ჰყავს – თეა. შვილივით მიყვარს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ დედობა გავუწიე. მას არაჩვეულებრივი დედა ჰყავდა, თორმეტი წლის იყო, დედა რომ გარდაეცვალა უბედური შემთხვევის შედეგად – ფასანაურში ისვენებდა ბავშვთან ერთად, თოვლიან მთაზე ფეხი დაუცურდა და დაიღუპა. თეა დეიდამ გაზარდა (დალი ღოღელიანი – მონაწილეობს ფილმში „ვინ შეკაზმავს ცხენს“, – ავტორი).

– ყველას მიაჩნდა, რომ თქვენი მშობლები ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს, ლამაზი წყვილი იყო, ისევე, როგორც შემდგომში – მამათქვენი და სოფიკო ჭიაურელი. როდესაც ერთმანეთს დაშორდნენ, თბილისში უამრავი ჭორი გაჩნდა. ერთი-ორი ვერსიით, კოტე მახარაძე დედათქვენს სოფიკოს გამო დაშორდა. ალბათ, არავისთვის ისეთი მძიმე არ არის ოჯახის დანგრევა, როგორც შვილებისთვის. როგორი იყო თქვენი რეაქცია, როცა დაინახეთ, რომ დედა და მამა ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ?

– ის, რომ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, ცხადია, ჩვენთვის ყველაზე დიდი ტრაგედია იყო – ოცი წელი იყვნენ ერთად და, უცებ, ერთად აღარ არიან. მაშინ 19 წელი შემისრულდა, ნატოზე ფეხმძიმედ ვიყავი, და მთელი ცხრა თვე ვტიროდი. მეგონა, დედამიწა გამომეცალა ფეხქვეშ. გავიდა დრო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ეს მათი პირადი საქმე იყო და, ამიტომ, არასდროს მიცდია, ჩავრეულიყავი – რა მოხდა, ვინ იყო დამნაშავე... ვცადე მათი შერიგება, მაგრამ გადაწყვეტილება კატეგორიული იყო. მამა სოფიკოსთან უფრო მყავს ასოცირებული, იმიტომ რომ სოფიკოსთან უფრო მეტხანს – ოცდაათი წელი იყო. რაც შეეხება მიზეზს, ნამდვილად არ გასცილებია მამა სოფიკოს გამო, სოფიკო აქ არაფერ შუაშია. მანამდე კიდევ ჰყავდა ცოლი, რომელთანაც შვილი შეეძინა, ბაია.

– ამან არ შეცვალა თქვენი მისადმი დამოკიდებულება?

– მამასთან არა მხოლოდ მე, ყველას არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. კარგი ურთიერთობა მქონდა, ასევე, სოფიკოსთან. საოცარი ადამიანი იყო. დედაჩემიც არასდროს მოიხსენიებდა მას აუგად, პირიქით, მათთან მიდიოდა სახლში, „ერთი მსახიობის თეატრში“ სპექტაკლებს ესწრებოდა. არანაირი დაპირისპირება მათ შორის არ ყოფილა. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ, მართლა ასეა.

ჩემი მშობლები იმიტომ იყვნენ ასეთი საყვარელი ადამიანები ყველასთვის, რომ ძალიან უბრალოები იყვნენ, დიდთან – დიდი და პატარასთან – პატარა. არასდროს ჰქონიათ ქედმაღლობა. გარდა იმისა, რომ ისინი დიდ სიამოვნებას ანიჭებდნენ ხალხს სცენიდან, საოცრად ბევრი სიკეთე აქვთ გაკეთებული სრულიად უცნობებისთვისაც კი. ახლა თუ ხდება ასეთი რაღაცეები, არ ვიცი. მათი პოპულარობა და მათდამი სიყვარული ბევრი რამის გაკეთების საშუალებას აძლევდა. თქვენ, ალბათ, გახსოვთ ის პერიოდი, როცა ბინები და მანქანები რიგით იყო. ვის ბინა უნდოდა, ვის – მანქანა, ტელეფონის დადგმა, სამსახური ან ვიღაცას პატიმარი ჰყავდა – ყველაფერში შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ.

– ქალბატონ მედეას თუ აქვს თქვენთვის მოყოლილი, როგორ მოხვდა თეატრალურში? ალბათ, მის ინსტიტუტში მისვლასაც ახლავს რამე საინტერესო ამბავი.

– ჯგუფს ჰქონდა გამოსაშვები სპექტაკლი –„ცისფერი და ვარდისფერი“. დედა თამაშობდა ებრაელი გოგონას – ბლუმას როლს. სპექტაკლის სანახავად მოსულები იყვნენ საბჭოთა თეატრის მთელი ვარსკვლავედი, მათ შორის კოჩალოვი, რომელსაც აღფრთოვანებულს უთქვამს: ამ გოგოს მიაქციეთ ყურადღება, ვარსკვლავი იქნებაო. სპექტაკლის შემდეგ სცენაზე ასულა და შუბლზე უკოცნია. ამან მის კარიერაში უდიდესი მნიშვნელობა იქონია. დედამ თავდაპირველად უცხო ენებზე ჩააბარა ინგლისურის განხრით, თან, მსახიობობაც უნდოდა. თეატრალურში გამოცდაზე რომ გასულა, ლექსი დავიწყებია და ტირილი დაუწყია. კომისიამ გადაწყვიტა, გაექარწყლებინა მისთვის უხერხული სიტუაცია – ვიღაცამ რაღაც სასაცილო ამბავი მოყვა და უცებ დედასაც კისკისი დაუწყია. კომისიის წევრებს უთქვამთ, ძალიან ემოციური გოგონაა და მივიღოთ, ვნახოთ, რა გამოვაო.


скачать dle 11.3