კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ და ვისგან აქვს მისნობისა და სიზმართგანმარტების ნიჭი მზეო გოგოჭურს

ჩვენს ბრძენ წინაპარს უთქვამს „ყმა დედულეთით გამოვა, ლამაზი ქალი – გვარითაო“. სწორედ სახელგანთქმული გვარის წარმომადგენელია „თბილისელების“ დღევანდელი სტუმარი, მხატვარი და რეჟისორი, მზეო გოგოჭური. მზეო გოგოჭურს, მრავალმხრივი შემოქმედებითი ნიჭის გარდა, მისტიკურ საიდუმლოთა შეცნობის უნარიც აქვს და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ის ხევსურეთში მისნობის ნიჭით განთქმული ხევისბერის – გაგა გოგოჭურის შვილთაშვილია. გაგას ვაჟი, ლევანი, მეტად პატივსაცემი კაცი ყოფილა მთელი ხევსურეთისთვის. მას უახლოესი ურთიერთობა ჰქონია სოსელო ჯუღაშვილთან (სტალინთან), ქაქუცა ჩოლოყაშვილთან და საქართველოს უგვირგვინო მეფესთან – ილია ჭავჭავაძესთან, რომელსაც მოუნათლავს ლევანი და თავის რჩეულ გმირთა გალერეის ერთ-ერთ მხატვრულ სახედაც უქცევია. თუმცა, ჯობს, ეს ყველაფერი თავად ქალბატონი მზეოსგან შევიტყოთ.

– ქალბატონო მზეო, ლიტერატურათმცოდნეთაგან ვიცი, რომ პაპათქვენი, ლევან გოგოჭური, „ძალიან კაცი“, მოხევე ლელთ ღუნიას რეალური სახეა. რას გვეტყვით პაპა ლევანზე?

– ლევან გოგოჭურის შესახებ საინტერესო ამბები ასახულია წიგნში „ქაქუცა და ხევსურები“. პაპაჩემი მეგობრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილთან, სწორედ პაპა ლევანმა წაიყვანა ქაქუცა ხევსურეთში და აქცია ხევსურები ქაქუცას რაზმის წევრებად. ლევან გოგოჭურს მოიხსენიებდნენ ეპითეტით – „მთისა და ბარის მეხიდური“, რადგან, ჩვენი სოფელი, თეთრი წყლები, პაპაჩემმა დააარსა (ნახა მან თეთრი წყლების მიწები), სადაც ჯერ ხუთიოდე კომლი ჩამოასახლა ხევსურეთიდან, მერე კი ნელ-ნელა შემოუერთდნენ სხვებიც. ამ დროს პაპა ლევანი თბილისში ცხოვრობდა, ჩიტაძის ქუჩაზე, იმ უბანში, სადაც ახლა მე ვცხოვრობ. აქ მუშაობდა სტამბაში და მეგობრობდა მწიგნობარ ხალხთან. აქვე გაიცნო თურმე სტალინი – იმჟამად სოსელო, რომელთანაც გულთბილი, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა. მათ უამრავი ფოტოც აქვთ ერთად გადაღებული. ერთხელ სიკვდილსაც გადაარჩინა, თურმე, პაპაჩემმა სოსელო თავისი სახლის ბუხარში დამალვით. შემდეგ, როცა სოსელო სტალინად იქცა, მათი ურთიერთობა აღარ გაგრძელებულა, მაგრამ, პაპაჩემი მისგან მფარველობას ყოველთვის გრძნობდა. ლევან გოგოჭურს პირადად შეეძლო, შესულიყო ცეკას პირველ მდივანთან და კერძო საკუთრების უფლება დაემკვიდრებინა, რაც იმ დროს წარმოუდგენელი პრივილეგია იყო. თეთრ წყლებში და თელავში გვქონდა უზარმაზარი მამულები. პაპას ჰყავდა დიდი რაოდენობით საქონელი და ორმოციოდე კომლი ყმა, რომელიც მის მეურნეობას უვლიდა. სხვათა შორის, ერთი უცნაური სათხოვრით შესულა ლევან გოგოჭური კანდიდ ჩარკვიანთან, უთქვამს: მთის კაცი ბარის წყალს ვერ დავლევო და ეზოში ჭაბურღილი გაუთხრევინებია და, მაშინ, როცა მთელი თელავი ბატონის (ერეკლეს) წყალზე დადიოდა, ლევან გოგოჭურს ეზოში ჰქონდა საკუთარი წყალი. ჩვენს ნაეზოვარში, რომელიც სტალინის გარდაცვალების შემდეგ სასწრაფოდ წაგვართვეს, შვიდი სახლი ჩაიდგა, რომელსაც ახლდა საკარმიდამო ნაკვეთებიც. ჩემთვის უცნობია, ზუსტად რა ვითარებაში გახდა პაპაჩემი დიდი ილიას ნათლული, მაგრამ, პაპაჩემიც და მისი შთამომავალნიც, ამ ზეგარდმო მადლს ყოველთვის მძაფრად ვგრძნობდით. ილიას შემოქმედების მკვლევრები (ხევსურები), ვინც საფუძვლიანად იცნობდნენ მისი შემოქმედების ყველა დეტალს, ამბობენ, რომ მოხევე ლელთ ღუნია ლევან გოგოჭურის მხატვრული სახეა.

ილია წერს, როგორ გადაეყარა გზად მიმავალი ახალგაზრდა ხევსურს, რომელმაც მოხიბლა გაუტეხელი სულით და პროგრესული აზროვნებით. მათ ურთიერთობას ისიც უწყობდა ხელს, რომ ილიას შტოს ჭავჭავაძეები მთიულეთიდან იყვნენ ჩამოსახლებულნი კახეთში. ლევანის მამა, გაგა გოგოჭური მისტიკური ხედვის უნარით განთქმული ხევისბერი გახლდათ – სწორედ ამ ნიშნით ირჩევდნენ ხევსურეთში ხევისბერებს. დღემდე შემორჩენილია ხალხში მის მიერ გაცხადებული წინასწარმეტყველებანი, რომლებიც სიტყვა-სიტყვით ასრულდა.

– თქვენც გაგა გოგოჭურის შვილთაშვილს, მზეოსაც გახასიათებთ წინასწარ ჭვრეტის უნარი. საინტერესოა, თვითონ რას გვეტყვით ამ ნიჭის შესახებ?

– სიზმართგანმარტების უნარს ვფლობ, სიზმრების წყალობით, თითქმის ყოველთვის ვიცი, როდის რა მელის – ცუდი თუ კარგი. უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი, გამოცდის წინა ღამეს დამესიზმრა იმ თემების სათაურები, რაც დალუქულ პაკეტში იდო. როცა ვახუშტი კოტეტიშვილი გავიცანი, სიზმრებით მაშინვე ვიცოდი, რომ მისი მეუღლე გავხდებოდი, ამიტომაც არ გამკვირვებია, სიყვარულში რომ გამომიტყდა და ცხოვრების თანამგზავრობაც შემომთავაზა.

ვახუშტისთან სულიერი კავშირი არ შემიწყვეტია, ყოველთვის ვგრძნობ მისგან წამოსულ ძალას, მის რჩევებს ვიგებ ინტუიციურად და სიზმრით. ვახუშტიმ გარდაცვალების შემდეგაც ძალიან ბევრი რამ მითხრა, რაც სასწაულს უდრიდა. ეს ამბავი ვახუშტის მეგობრებმაც იციან და ჩემი ოჯახის წევრებმაც. მე რომ დილით სიზმარს ვყვები, საღამომდე იმ სიზმრის ნაწილი ირკვევა. ჩემი სიზმრების ხშირად გვეშინია და ხშირად რწმენითაც ვივსებით. ერთხელ ვახუშტი დამესიზმრა, მომცა ჩემთვის უცნობი ტელეფონის ნომერი და მთხოვა, იმ ნომერზე დამერეკა. სიზმარში მის შორიახლოს იდგა ის კაცი, ვისაც ვახუშტი ამ ნომრის მფლობელად მოიაზრებდა (ეს არის ერთი ცნობილი პიროვნება თბილისში). გაღვიძებულს კარგად მახსოვდა ვახუშტისგან ნაკარნახევი ნომერი, მის მეგობრებთან დავრეკე და ვთხოვე, გაერკვიათ, ვის ეკუთვნოდა ის ნომერი, სადაც ვახუშტის თხოვნით უნდა დამერეკა. მისი მეგობრები გაოგნდნენ, როცა გაირკვა, რომ ნაკარნახევი ნომერი სწორედ იმის აღმოჩნდა, ვინც სიზმარში ვახუშტისთან ახლოს იდგა.

ამას წინათ ჩემს რძალს დაესიზმრა ვახუშტი, რომელმაც „იქ“ შექმნილი ლექსი უთხრა, ჩემდამი მოძღვნილი. ჩემი რძალი შუაღამისას წამოფრინდა საწოლიდან და კალამი და ფურცელი მოგვთხოვა, რომ არ დავიწყებოდა, რაც ვახუშტიმ შემომითვალა იმ სტრიქონებით.

– რა შემოგითვალათ?

– მე ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ, არაინტენსიურად, ვახუშტის თხოვნით ვიქეცი მხატვრად. ახლა ეს საქმიანობა ჩემი შემოსავლის წყაროა. ლექსშიც საქციელს მიქებდა და სიხარულს გამოხატავდა, მის არჩეულ გზას რომ დავადექი. ახლა უკვე სიცოცხლე ვეღარ წარმომიდგენია ხატვის გარეშე...

– სიზმრებიდან თუ მიგიღიათ შემოქმედებითი იმპულსები?

– არაერთხელ გამიღვიძია და გადამიტანია ტილოზე სიზმარში შესრულებული ნახატი. ძალიან სწრაფად დამიხატავს, რადგან ხელი უკვე სიზმარში მქონდა გავარჯიშებული მის შესრულებაზე.

– ქალბატონო მზეო, თქვენს სახელთან თუ გრძნობთ ხასიათის თანაარსებობას?

– რა თქმა უნდა, ვგრძნობ – ძალიან მიყვარს მზის სითბო და მცხუნვარება. რაც უნდა ზღაპრულ პირობებში მომაქციო, მაინც გაშლილ სივრცეში, მზისკენ მივილტვი – ასე შორს ვარ და გავურბივარ სევდის მძიმე მირაჟებს. ვერ ვუძლებ პირქუშ და ნაღვლიან ამინდებს. ბავშვობაში დამჩემდა მზესთან თვალის გაშტერების მცდელობა, სულ მაინტერესებდა, რა ფერის იყო და რატომ ეძახდნენ მზეს ცხრათვალას. ამაზე დედამ მიპასუხა, ცხრა პლანეტას ანათებს და ამიტომ შეარქვეს მზეს ცხრათვალაო.

– მზეზე შეყვარებული მზეო ასტროლოგიით თუა დაინტერესებული?

– ჩემი მფარველი პლანეტა იუპიტერია. ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ: ვახუშტიმ „ფისო“ დამარქვა, მეც იგივე სახელით მივმართავდი, რასაც ის აპროტესტებდა – მთასავით კაცი რად გეფისოვები, „ი-ო“ დამიძახეო. მეც ვეძახდი ი-ოს. ერთ დღესაც, ასტროლოგიურ სახელმძღვანელოში აღმოვაჩინეთ, რომ ი-ო ერქვა იუპიტერის თანამგზავრ პლანეტას. თითქოს ბუნებამ მიკარნახა, ჩემი ცხოვრების თანამგზავრისთვის მეწოდებინა მფარველი პლანეტის თანამგზავრის სახელი.

კიდევ ერთ შემთხვევას გავიხსენებ, რაც ზენაარის კარნახს თუ მითითებას უკავშირდება: ერთხელ ვკითხულობ კრასიმირა სტოიანოვას წიგნს ვანგას შესახებ. ვახუშტი ერთი თვის გარდაცვლილი იყო და ძალიან ღრმად ვიყავი ჩაძირული რელიგიურ თუ მისტიკურ ლიტერატურაში. ერთ მშვენიერ დღეს ისეთი ემოციით ვიყავი დამუხტული, რომ გადავეკიდე ოჯახის წევრებსა და სტუმრებს, გინდათ თუ არა, ხმამაღლა უნდა წაგიკითხოთ ერთი მონაკვეთი-მეთქი, რაც ჯერ მე თვითონ არ მქონდა ბოლომდე წაკითხული. ვინაიდან უკვე გვიან იყო, არავის არ უნდოდა მოსმენა, ყველას დაძინება ერჩია. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავითანხმე. თანამიგრძნეს, რადგან საშინელი სტრესი მქონდა იმ დროს. დავიწყე კითხვა და მე თვითონ მიხაროდა, რომ მსმენელიც რწმუნდებოდა მიღმიერი სამყაროს არსებობაში, სულის უკვდავებაში. ამ დროს მივადექი ასეთი შინაარსის ფრაზას, რომ დეიდა ვანგა 14 ოქტომბერს უნთებდა სანთლებს ყველა იმ სულს, ვინც სამზეო დატოვა და გარდაცვლილთა სულებს ავედრებდა უფალს. ეს იყო შოკის მომგვრელი პასუხი იმ კითხვაზე, რაზეც ბოლო ერთი კვირა ვფიქრობდი: მაინტერესებდა, გამეგო, არსებობს თუ არა დღე ან განსაკუთრებული ტრადიცია, რომ ყველა გარდაცვლილის სულისთვის მელოცა. ამის გასარკვევად ჩემს სულიერ მოძღვართან ვაპირებდი წასვლას და, აი, ამ წიგნში გადავეყარე ჩემი კითხვის აქამდე ამოუცნობ პასუხს. დიდი სასწაული არის ამ ამბის შემდეგი გაგრძელებაც: ჩემს მსმენელებსაც გაუჩნდათ სურვილი, რომ მათაც ელოცათ გარდაცვლილთა სულებისთვის. ჩვენს სტუმართა შორის იყო ცოლ-ქმარი, რომლებსაც მეორე დღეს დიდი განსაცდელი ჰქონდათ გადასატანი. საქმე მათი შვილის სერიოზულ პრობლემას ეხებოდა. ყველაზე საოცარი კი ის გახლდათ, რომ ეს ყველაფერი სწორედ იმ დღეს წავიკითხეთ, როცა ვანგა აღავლენდა ლოცვას მიცვალებულთა სულებისთვის – 14 ოქტომბერს. როცა 12-ს ათი წუთი აკლდა, კიბეებზე მივფრინავდი, რომ მომესწრო ვახუშტის ოთახში ხატებთან მისვლა და ლოცვა. ავანთეთ სანთლები და მეორე დღეს ჩემი სტუმრების განსაცდელი სიხარულით შეიცვალა.


скачать dle 11.3