როგორი ეკოლოგიური საშიშროების წინაშე ვდგავართ და რატომ დაიწყო კავკასიონზე მყინვარებმა დნობა
შპს „საქართველოს რკინიგზამ“ გამოაცხადა, რომ ინტერესს გამოხატავს ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლებული ტერიტორიის გენერალური გეგმის შესამუშავებლად. გავრცელებული ინფორმაციით, მომავალში არც რკინიგზის უცხოელ ინვესტორზე გასხვისებაა გამორიცხული. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მოსახლეობას, თუ თბილისის ზღვიდან რკინიგზის გადატანა უფრო მოშორებით არ მოხდება. ამ და სხვა მეტად აქტუალურ საკითხებზე გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარე, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი ნინო ჩხობაძე.
ნინო ჩხობაძე: გარემოს დამცველები ხშირად საუბრობენ გლობალური კლიმატის ცვლილებაზე. ესაა ეკოლოგიური საშიშროება, რომლის წინაშეც დგას მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. წლევანდელი ცხელი ზაფხულის გამო, ცენტრალურ კავკასიონზე მყინვარებმა დნობა დაიწყო. თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება, ამ პროცესმა სერიოზული ეკოლოგიური და ბუნებრივი კატასტროფები გამოიწვიოს. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ბოლო პერიოდში, ბუნებრივი კატასტროფები, ისედაც გახშირებულია რეგიონში. მათ შორის საქართველოში. ესაა: წყალდიდობები, ღვარცოფები, მეწყერები და ასე შემდეგ. რეალური პრობლემა დგას დღეს საქართველოში, რასაც ჰქვია გლობალური და ლოკალური საკითხები.
– რა განსხვავებაა გლობალურ და ლოკალურ პრობლემას შორის?
– ლოკალური არის რაღაც კონკრეტულ ადგილზე წარმოშობილი პრობლემა. ვთქვათ, მეწყერი ჩამოწვა ერთ-ერთ სოფელში, ესაა ლოკალური პრობლემა. ის შეიძლება, წარმოიშვას ნებისმიერი ჩვენი ქმედებისგან, რომელიც, საბოლოო ჯამში, ქმნის გლობალურ პრობლემას. ამ ზაფხულს რომ მაღალი ტემპერატურა იყო, ესაა შედეგი გლობალური დათბობის პროცესისა, რომელიც დედამიწაზე მიმდინარეობს. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გლობალური დათბობის პრობლემას ჰყავს, როგორც მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. მიუხედავად იმისა, რომ კოპენჰაგენში შედგა შეხვედრა სხვადასხვა სახელმწიფოებს შორის, მათ კონსენსუსს მაინც ვერ მიაღწიეს. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი და იმედია, იქ მაინც მოხდება შეთანხმება გლობალურ პრობლემასთან დაკავშირებით. ზოგადად კი, როცა მთელი მსოფლიო ცდილობს, შეამციროს სითბური გაზების მოხმარება, შენ არ უნდა გაზარდო ის. ლოკალური და გლობალური პრობლემები თვისობრივად განსხვავდება ერთმანეთისგან. ლოკალური პრობლემა ვერანაირ ზემოქმედებას ვერ მოახდენს გლობალურ პრობლემაზე, მაგრამ გავლენას იქონიებს კონკრეტულ შემთხვევაში კონკრეტულ მოსახლეობაზე.
– ქალბატონო ნინო, ადამიანი უშუალოდ ერევა ბუნების პროცესებში, რისი შედეგიც არის გლობალური დათბობა. ასევე, სხვა პროცესებშიც, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილებებზე. როგორ უნდა ვებრძოლოთ ადამიანების თავგასულობას?
– ნებისმიერი ქმედება, რომელსაც ადამიანი განახორციელებს საქართველოში, უნდა იყოს შეფასებული იმის მიხედვით, გარემოს რა ზიანს მიაყენებს ის. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კარგად დავითვალოთ, გვიღირს კი ზიანი მივაყენოთ ბუნებას და რა დოზით? მაინც როგორ შეიძლება, მისი კომპენსირება. მოდი, ვიყოთ მართლები და ვთქვათ, თუ ჩვენ საერთოდ არაფერი გვინდა, აშენდეს, მაშინ დავბრუნდეთ ქვის ხანაში, გამოქვაბულებში და არაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ასე არ ვითარდება ქვეყანა. ამიტომ არის აუცილებელი და შესაძლებელი გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის გავლა, შესაბამისი შეფასებისთვის ანგარიშების მომზადება და შესაბამისი კომპენსაცია.
– რას გულისხმობთ?
– კონკრეტულ შემთხვევაში, რასაც ჰქვია შემოვლითი რკინიგზა საქართველოში. ჩვენ ამ პროექტის ფარგლებში დავინახეთ გარემოზე ზემოქმედების საფრთხე და ჩვენი აზრით, თვითონ პროცედურაც არის პრობლემატური. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მომავალი რკინიგზის მარშრუტი გლდანის ტბის მიდამოებიდან უნდა იქნას გადატანილი, რადგან იმ ადგილებს მიაყენებს ზიანს და ამის კომპენსირება შემდგომში ვერანაირად ვერ მოხდება. ასევე აღსანიშნავია, რომ დაცულ ტერიტორიაზე გადის რკინიგზა და ამ რეჟიმის სტატუსი აქამდე უნდა შეცვლილიყო. მე რამდენადაც ვიცი, უნდათ, რომ ეს სტატუსი შეცვალონ, მაგრამ ჩვენთვის, როგორც ეკოლოგებისთვის და გარემოს დამცველებისთვის, პრობლემატურია რკინიგზის გატარება თბილისის ზღვასთან ახლოს. დღევანდელი რკინიგზა თბილისის ზღვისგან მოშორებულია, თუმცა არც ეს მანძილია საკმარისი. თბილისის ზღვა არის სასმელი წყლის რეზერვუარი თბილისისთვის და ის დაახლოებით 70 000 კაცს აწვდის ქალაქში წყალს. შესაბამისად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გადაზიდვებით, იქ მოხვედრილი ერთი წვეთი ნავთობიც კი, უკვე სერიოზულ პრობლემას უქმნის წყლის აუზს. შესაბამისად, ესაა პრობლემატური ამ საკითხში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი იმუშავეს, შეექმნათ მყარი ტიპის დამცავი სისტემა, თბილისის ზღვის შემოვლითი გზის გაკეთება, მაინც არაა ბოლომდე დაცული. ჩვენ მაინც მიგვაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი, რადგან რკინიგზა ძალიან ახლოსაა თბილისის ზღვასთან. ჩვენ აქ გვქონდა კონკრეტული წინადადება და ვეთანხმებოდით „საქართველოს წყალს“, რომ თუნდაც წყალგამყოფის მიღმა უნდა იყოს გაკეთებული რკინიგზა. ასეთ შემთხვევაში, მეტ-ნაკლებად დაცული იქნებოდა თბილისის ზღვა.
– როგორც ვიცი, თქვენ ასევე გარკვეული მოთხოვნები გქონდათ ავჭალის დასახლებაში რკინიგზის მარშრუტთან დაკავშირებით...
– ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ავჭალის ტერიტორიაზე ნაყარის მომზადებაა, რაც ძალიან სათუოა. არავინ იცის, ნაყარზე რკინიგზის ხაზის გავლა რენტაბელური იქნება თუ არა. უპრიანი იქნებოდა, ეს ყველაფერი დათვლილიყო და ალტერნატივა მოძებნილიყო, რათა ავჭალის მოსახლეობა გარკვეული საშიშროების წინაშე არ დაეყენებინათ. ერთ-ერთი მძიმე თემა, რომელიც თვითონ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშშია აღნიშნული, არის ის, რომ, პროექტის მიხედივთ, რკინიგზის ხაზის ერთი მონაკვეთი გლდანის დიდი ტბის ჭარბტენიან ტერიტორიაზე გადის. გარემოზე ზემოქმედების შეფასებაშიც წერია, რომ აქ რკინიგზის ხაზის გატარება დაუშვებელია, თუმცა უცნობია, როგორ გადაწყდა ეს საკითხი. ჩვენი კონკრეტული წინადადება ავჭალაში ალტერნატივის არსებობისა, არ იქნა გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული წინადადება მოსახლეობიდან მოდიოდა და სამართლიანი იყო. ასევე, ბოლომდე არ არის სანიაღვრე არხები დათვლილი. პროექტის პირველივე განხილვებიდან, ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება, რომ თუ მშენებლობას თანხა დააკლდება, პირველი, რაც ამის გამო დაზარალდება, იქნება გარემო, და ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. პროექტის განმხორციელებლებს გზაში დავაწიეთ ასევე, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ენერგომომარაგების საკითხი. ასევე, უკომენტაროდ ვტოვებთ, თუმცა ძალიან გასაკვირია, რომ ახალი რკინიგზის საშუალო სიჩქარე საათში 60-70 კილომეტრი იქნება, რაც ულტრათანამედროვე ნამდვილად არ არის. კიდევ ერთი პოზიცია, რაც ჩვენთვის არის რთული, ესაა რკინიგზის გახლეჩა შუაზე – დასავლეთ და აღმოსავლეთ მარშრუტებად. ერთიან რკინიგზას, რომელიც დღეს არსებობს საქართველოში, 150-წლიანი ისტორია აქვს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამგზავრო მატარებლები უნდა გადიოდეს ცენტრში, ისევე, როგორც ესაა ლონდონში, გერმანიაში, ბერლინში, საფრანგეთში და ასე შემდეგ, ყველა დიდ ქალაქში. სამგზავრო მატარებლები, ოღონდ არა სატვირთო, დადის ცენტრში. ამიტომ სამგზავრო გადაზიდვებისთვის მაინც მიგვაჩნია, რომ რკინიგზის ერთიანობა უნდა იყოს შენარჩუნებული. შესაბამისად, მხოლოდ სატვირთო გადაზიდვების გატანაა ქალაქგარეთ მისაღები, ოღონდ სწორად უნდა გაკეთდეს შეფასებები და ყველა რისკი ბოლომდე იქნას გათვალისწინებული.
– თუ იქნება თქვენი მოთხოვნები გათვალისწინებული?
– „საქართველოს რკინიგზამ“ რკინიგზის შემოვლითი პროექტისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასება დადო, მაგრამ საკითხავია, შინაარსობრივად სრულყოფილი და ხარისხიანი თუა ეს დასკვნა. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული წესით, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ გარემოზე ზემოქმედების კვლევის პროცესში იყო ჩართული, გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩვენი მოძრაობა საბოლოო დასკვნაზე არ მიიწვია. მეორე მხრივ, ის პრობლემები, რომლებიც ჩვენ დავაფიქსირეთ, დღესაც არსებობს, მაგრამ იმასაც ვერ უარვყოფთ, რომ ჩვენი შენიშვნების შედეგად რაღაცეები გამოსწორდა. რაც შეეხება იმას, თუ ვინ განახორციელებს შემოვლითი რკინიგზის მშენებლობას, ვიცით მხოლოდ ის, რომ ტენდერში ჩინეთში დაარსებულმა ქართულ-ჩინურმა კომპანიამ გაიმარჯვა. თუმცა, არავინ იცის, კვალიფიციურია თუ არა ეს კომპანია და როგორ შეძლებს „ევრობანკის“ პროექტის განხორციელებას. პრობლემა პრობლემად რჩება და პასუხგაუცემელი კითხვებიც ბევრია. დღეისთვის კი, ჩვენი ერთადერთი ამოცანაა მშენებლობის პროცესს მონიტორინგი გავუწიოთ, მაგრამ რამდენად შეძლებს საზოგადოება ამ მონიტორინგის გაწევას, საკითხავია. მონიტორინგი დამატებით ფინანსურ და ექსპერტულ რესურსს საჭიროებს.
– როგორც უკვე განაცხადეთ, საკმაოდ დაშორებულია რკინიგზა თბილისის ზღვას. ამის მიუხედავად, არაა საკმარისი მანძილი რისკ-ფაქტორების თავიდან ასაცილებლად?
– შეიძლება, რკინიგზა უფრო ახლოსაც იყოს, მაგრამ დაქანება არ უნდა ჰქონდეს თბილისის ზღვისკენ. ანუ, როგორი დამცავი სისტემაც არ უნდა შევქმნათ, მაინც არსებობს იმისი შანსი, რომ რაღაც მომენტში, გადაბრუნებული ეშელონი თბილისის ზღვას დააბინძურებს. ცხადია, სავარაუდო ავარიაზეა საუბარი.
– ისევ მინდა, გლობალური დათბობის თემას დავუბრუნდეთ, თუ არ მოხდა სითბური გაზების შემცირება, რას უნდა ველოდოთ?
– გლობალურ დათბობასთან დაკავშირებით გახშირდება ბუნებრივი კატაკლიზმები, კატასტროფები. ამას გარდა, არსებობს პროგნოზები, რომ გლობალური დათბობის შედეგად მთელი სკანდინავიის ნახევარკუნძული და ნახევარი ევროპა იყინება და იძირება. ოკეანის დონის მომატებას ერთი მეტრით ვარაუდობენ, რომელიც ძალიან სერიოზულ გავლენას იქონიებს ბუნებრივ მოვლენებზე. გლობალური დათბობის პირველი ნიშნები უკვე შეიმჩნევა, რადგან მყინვარების, აისბერგების დნობა არქტიკასა და ანტარქტიდაში უკვე ხდება. ამას გარდა, დღეს გვაქვს იმის პრობლემაც, რომ პროგნოზების მიხედვით, გრენლანდია და ისლანდიის ნახევარკუნძული პრაქტიკულად შიშვლდება, სადაც აღმოჩნდა ნავთობის დიდი მარაგი. ამიტომ, სახელმწიფოები უკვე იყოფენ იმ ტერიტორიას. ერთი რამ არის ზუსტი, ამ წონასწორობამ შესაძლოა, შეცვალოს რაღაცა პროცესები დედამიწაზე და გამოიწვიოს არა მარტო დათბობა, არამედ გამყინვარებაც. არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ არაფერიც არ მოხდება. ყოველ შემთხვევაში, 2008 წელს დაიდო გაეროს მოხსენება კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ამ მოხსენების გადამოწმების მერე, შეიქმნა ახალი, დამატებითი კომისია. დღევანდელი პროცესების გათვალისწინებით, ყველა ქვეყანა, მიუხედავად თავისი განვითარების ეტაპისა, ვალდებულია, სათბური გაზების შემცირებაზე იზრუნოს.