მსოფლიო დონის ქართველი მომღერალი ქეთი მელუა “ოპელის„ სახე გახდა
ქართველი მომღერალი და კომპოზიტორი ქეთი მელუა დღესდღეობით მსოფლიო შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. სულ ცოტა ხნის წინ ის მანქანათმშენებლობის გიგანტის – „ოპელის“ სახე გახდა. ავტომწარმოებელთან თანამშრომლობა ქეთის 2011 წლის მსოფლიო ტურნეს ემთხვევა, რომლის ფარგლებშიც მომღერალმა ორმოცდაათ ქალაქში უნდა ჩაატაროს კონცერტი. პარტნიორობის შესახებ ინფორმაცია ქეთი მელუამ და „ოპელის“ წარმომადგენლებმა ლონდონში, მუსიკალურ სტუდია „აირ სტუდიოდან“ ონლაინ-ტრანსლაციის მეშვეობით გაავრცელეს:
„მოხარულები ვართ, რომ ასეთ ნიჭიერ და კაშკაშა ვარსკვლავთან გვიწევს მუშაობა. სასიამოვნოა, რომ მომავალში სწორედ ის წარმოადგენს ჩვენს ბრენდს და გაუწევს კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში“, – თქვა ალან ვისერმა, რომელიც „ოპელის“ ვიცე-პრეზიდენტია მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით. „ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულებებია, ერთი მხრივ ინოვაცია, დინამიკურობა და ემოციური დიზაინი, მეორე მხრივ კი – სათუთი დამოკიდებულება გარემოსადმი, მისი მოფრთხილება და სოციალური პასუხისმგებლობები. იმედი გვაქვს, ქეთი თავისი ორიგინალური მანერით მსმენელამდე ამის მიტანას შეძლებს“.