ფოლკლორულმა ანსამბლმა ბრიტანეთის პრინცისგან წერილი მიიღო
2005 წელს ჩამოყალიბებული ფოლკლორული ანსამბლის – „შავნაბადას“, რეპერტუარი ფოლკლორული ნაწარმოებების გარდა, საეკლესიო გალობასა და ინსტრუმენტულ მუსიკასაც მოიცავს. ხუთწლიანი არსებობის განმავლობაში ანსამბლმა სამი აუდიო და ერთი ვიდეოალბომი გამოსცა. „შავნაბადა“ სისტემატურად მოგზაურობს სხვადასხვა ქვეყანაში, ატარებს კონცერტებს, ქართული სიმღერების მასტერ-კლასებს. ამჟამად ანსამბლი, დათო ცინცაძის ხელმძღვანელობით, ოცი დღის განმავლობაში ბრიტანეთში იმყოფებოდა. მათ სხვადასხვა ქალაქში კონცერტები და „ვორქ-შოფები“ ჩაატარეს, შეხვდნენ ირლანდიის განათლების მინისტრს და, რაც მთავარია, თავისი დისკი გაუგზავნეს ინგლისის პრინცს, პასუხად კი სამადლობელი წერილი მიიღეს. როგორც ჩანს, სამეფო ოჯახის წარმომადგენელიც აღფრთოვანდა ქართული მრავალხმიანი სიმღერითა და გალობით. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე კი ის არის, რომ ინგლისელი რეჟისორი ახლა ანსამბლზე ფილმს იღებს.