კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ პატიობს საკუთარ თავს მაკა შალიკაშვილი და როდიდან აპირებს ის ცირკთან დგომას

– ყოველთვის ვოცნებობდი ცხოვრების ისეთ რიტმზე, ახლა რომ მაქვს. მინდოდა, იმდენად ვყოფილიყავი დაკავებული, რომ თავის მოსაფხანი დრო არ მქონოდა. თინათინის გაჩენის შემდეგ, მქონდა პერიოდი, როცა თითქმის 3 წელი არაფერს ვაკეთებდი. ვგულისხმობ, შემოქმედებით მხარეს, თორემ შვილს რომ ვზრდიდი, რა თქმა უნდა, ამაზე მეტი ბედნიერება რა არის?! მაგრამ, შემოქმედებით ენერგიას ვერ ვხარჯავდი და ჩემში გროვდებოდა. ვიჯექი და უსაზღვროდ ვუყურებდი სერიალებს. ვცდილობდი, დრო რამენაირად გამეყვანა და ეს ყველანაირად მთრგუნავდა. ამან გარკვეულწილად რიგ საკითხებში ხელიც შემიშალა.

– ამასობაში სად იყო შენი ქმარი?

– ერთად ვიყავით. ჩემთან იყო და თან, არც იყო. ერთად ვცხოვრობდით, თუმცა, ორივე სხვადასხვა განზომილებაში ვიყავით. ეს პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მუქი ფერებით ხასიათდება – გავხდი დეპრესიული ქალი, რომელიც სახლში ზის და სერიალების ყურებით ირთობს თავს.

– მაკა, რა გახდა იმის მიზეზი, რომ სხვადასხვა განზომილებაში აღმოჩნდით. მაშინ, როცა 17 წლის ბიჭმა გადალახა ასაკობრივი ბარიერი და 28 წლის ჩამოყალიბებული ქალი ცოლად მოიყვანა?

– მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც მსგავს სიტუაციაში ყოფილა. ზოგი უძლებს რაღაცეებს, ზოგი – ვერა და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ვერ გავუძელით. ასაკობრივი სხვაობა და ამ ფონზე ქორწინება, ჩვენი უდიდესი სიყვარულის მანიშნებელი იყო, მაგრამ ამ გრძნობის შენარჩუნებას ნიჭი უნდა. ესე იგი, მე არ აღმომაჩნდა ამის ნიჭი, რადგან ბევრ რამეში ჩემს თავს ვადანაშაულებ. შემეძლო და გული მწყდება, რომ ვერ შევძელი. უბრალოდ, მე ჩავიხლართე მთლიანად საკუთარ პრობლემებში. არც ერთ კაცს არ მოსწონს პესიმისტ, დეპრესიულ ქალთან ურთიერთობა. მან გაიცნო მაკა შალიკაშვილი მხიარული, აქტიური, ბედნიერი და მუდამ მოღიმარი ქალი, მაგრამ მოგვიანებით ეს მაკა სადღაც გაქრა. დარჩა აბსოლუტურად უინტერესო ქალი, თუმცა ჩემს დეპრესიას და რადიკალურ შეცვლასაც ჰქონდა მიზეზი. ჩვენი ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ ეს იყო. ჩვენ არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, ცალკე გვეცხოვრა, ეს რომ ასე ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ოჯახი ისევ იარსებებდა. ეკონომიური მდგომარეობა ძალიან ბევრს ნიშნავს წყვილისთვის. სულ ვამბობ, რომ შეიძლება, ძალიან კარგმა რეჟისორმა, ნიჭიერ მსახიობთან ერთად დადგას სპექტაკლი, მაგრამ ვერ შედგეს კარგ სპექტაკლად. ამ შემთხვევაში, ჩვენი სპექტაკლი ვერ შედგა. ძალიან გული მტკივა და საერთოდ არ მსიამოვნებს მარტოხელა ქალის სტატუსი, სადაც ქალიც შენ ხარ და კაციც. ძალიან მეხმარება ბავშვის გაზრდაში რატის ოჯახი, მაგრამ მე მაინც მარტო ვარ. რთულია, კარგი პარტნიორის მოძებნა, თუმცა, ვინ იცის, კარგზე კარგი, ნიჭიერზე ნიჭიერი არ დაილევა. რთულია, თუმცა შესაძლებელი. არასოდეს თქვა, არასოდესო – ხომ გაგიგია?! ამიტომ, არაფერს გამოვრიცხავ, თუმცა, პერსპექტივაში ჯერ არაფერია.

– ძლიერი ქალი ხარ?

– გამოდის, რომ ვარ, რადგან ბევრჯერ დავცემულვარ მუხლებზე, მაგრამ მუცელზე არასოდეს. მქონია ის მომენტიც, როცა მიფიქრია: არსად აღარ წერიხარ, შენი საშველი არ არის, მოყოლილი ხარ გვირაბში, რომლის ორივე მხარე ჩამონგრეულია და სინათლის პატარა სხივიც არ შემოდის არსაიდან, მაგრამ ჩემი მეგობრების დახმარებით დღის სინათლეზე გამოვსულვარ. ჩემს ცხოვრებაში სწორედ ახლაა ის მომენტი, როცა გამოვედი ამ შავი გვირაბიდან, რომელშიც დიდხანს ვიჯექი და ახლა ვეგუები მზის სხივებს. ტელეკომპანია „მზეზე“ დაიწყო ახალი გადაცემა – „მზესუმზირები“, რომლის ერთ-ერთი წამყვანი, გია ჯაჯანიძესა და ბექა ელბაქიძესთან ერთად, ვარ მე. მართალია, ამ ამპლუას ჯერ კარგად ვერ მოვერგე, რადგან რთული აღმოჩნდა პირდაპირი ეთერი, თანაც გუნდური პრინციპია, სადაც სამი წამყვანი ვართ. ეს ჩემთვის ახალი ხილია, მაგრამ ძიებისა და თვითდამკვიდრების პროცესში ვარ. გიაც და ბექაც ცდილობენ, ჩემზე წინ არ წავიდნენ, რადგან ამით არ დავკომპლექსდე და თუ რამე შემეშალა, ისინი საკუთარ თავზე იღებენ ამის გამოსწორებას.

– წამყვანობის გარდა, რითი ხარ დაკავებული?

– მარჯანიშვილის თეატრში ბატონი ლევან წულაძე ბოკაჩოს „დეკამერონს“ დგამს, სადაც მეც ვთამაშობ. აგრეთვე, ანრი ჯოხაძემ გადაიღო ახალი კლიპი სიმღერაზე, „როცა წავალ“, სადაც სასოწარკვეთილი, მიტოვებული ქალის როლი ვითამაშე. ფაქტობრივად, ამ ქალზეა ეს სიმღერა და იმდენად გავითავისე როლი, რომ კამერის წინ რეალურად ვბღაოდი, ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი და გამწარებული ხმამაღლა ვიგინებოდი. მერე ანრი „მეკაიფებოდა“, უნდა ამოვიღო ეს კადრები და ინტერნეტში ავტვირთოო. სიმღერა პირველად მისი მეგობრის სახლში რომ მოვისმინე, იატაკზე დავწექი და ვკიოდი, ეს სიმღერა ჩემია-მეთქი.

– სხვათა შორის, ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ანრიმ შენი ცხოვრება გადმოიტანა სიმღერაში. თუმცა, ის ამას უარყოფს.

– ეს არის სიმღერა, რომელშიც ყველა ქალი საკუთარ თავს ხედავს და მათ შორის, მეც ასე მგონია. ეს კი ნიშნავს, რომ სიმღერის წარმატება გარანტირებულია. თუმცა, არ მიმაჩნია, რომ ანრიმ ჩემი ისტორია ასახა სიმღერის ტექსტში. კიდევ ესპანელები იღებენ ფილმს საქართველოში, იქაც დამამტკიცეს როლზე და რაც ყველაზე მეტად მახარებს, ანრი იწყებს ქართული მიუზიკლის გადაღებას, სადაც მეძავი ქალის როლს ვთამაშობ.

– როგორი მეძავი ხარ?

– გამოცდილი, პროფესიონალი, მრავალჭირნახული, კეთილი და სიმართლის პირში მთქმელი, რომელსაც არანაირად არ რცხვენია საკუთარი საქმიანობის. ის კი არა, ჩემი გმირი ამ პროფესიას მთელი სერიოზულობით ეკიდება და კლიენტებზე ზრუნვაში ამოსდის სული.

– რატომღაც, მაკა შალიკაშვილი მიიჩნევა თამამი როლების შემსრულებელ მსახიობად და თითქმის ყველგან მსგავს როლებზე გამტკიცებენ. პროტესტი არ გიჩნდება?

– რეჟისორები ასე ხედავენ და რა ვქნა? თანაც, მადლობელი უნდა ვიყო ღმერთის, რომ ისინი მხედავენ და მეძახიან სათამაშოდ, რადგან ჩემზე გაცილებით ნიჭიერი და ლამაზი მსახიობები არიან, მაგრამ რეჟისორები მათ ვერ ხედავენ.

– შენი გმირების მსგავს ქალებთან თუ გქონია ურთიერთობა ცხოვრებაში?

– (იცინის) არა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, არ ვიცნობ ასეთ ქალებს. თუმცა, ანრის ფილმისთვის ნამდვილად დამჭირდება, ვინმეს „დავუპადრუგდე“. აქამდე არ მითამაშია პირდაპირი მნიშვნელობით მეძავის როლი. „მიდიოდა მატარებელში“ რამაზ ჩხიკვაძესთან ატორღიალებული ქალი, რა მეძავია? ისინი „პანელზე“ დგანან, ცირკთან ნადირობენ და ასე შემდეგ. ეს გოგო კი ფულიან ბაბუას არის ატორღიალებული, რომელსაც, შეიძლება, ეს კაცი უყვარს კიდეც. ჩვენ ხომ არ ვიცით? თავისუფალი ყოფაქცევის ქალი და მეძავი, სხვადასხვა რამეა. ანრის გმირის შემთხვევაში, ნამდვილი მეძავია, რომელიც ფულის გამო დღეში ათას კაცთან წვება და რა თქმა უნდა, დამჭირდება პროფესიონალური განათლება სამეძაო ბიზნესში (იცინის).

– ცირკთანაც ხომ არ დადგები პრაქტიკული სამუშაოს ასათვისებლად?

– რატომაც არა და მინდა გითხრა, რომ ვმდგარვარ კიდეც, „დუტა პროდაქშენში“ რომ ვმუშაობდი. იქ ერთ-ერთი სცენისთვის გვჭირდებოდა. მანქანები მიწუილებდნენ, ტიპები მიკიოდნენ და იყო ერთი ამბავი. სხვათა შორის, ძალიან ვიხალისე იმ საღამოს.

– მკითხველს აქვე ვაფრთხილებ, რომ თუ მაკა შალიკაშვილს ცირკთან წითელ „ბიუზჰალტერში“, „კაბლუკებზე“ შემდგარს დაინახავთ, სიმართლე არ გეგონოთ. ესე იგი, ის რეპეტიციებს გადის.

– (იცინის) ვეცდები, ისე გამოვეწყო, ვერავინ მიცნოს, რადგან შევაჭრების პროცესი ნამდვილად ასათვისებელი მაქვს. გოგონი, 19 ლარი გაწყობს? არა, 20 მინდა და ასე შემდეგ... (იცინის).

– ხომ არ გგონია, რომ ოჯახშიც უნდა გეთამაშა და შეიძლება, სხვანაირად ყოფილიყო საქმე?

– კი. გეთანხმები, უნდა მეთამაშა, მაგრამ არ მითამაშია. ამ საკითხში უნიჭო აღმოვჩნდი. თუმცა, ვთვლიდი, რომ ოჯახი ეს ის ადგილია, სადაც არ უნდა ითამაშო და ნიღბები არ ირგო. როგორც ჩანს, ვცდებოდი, უნდა მეთამაშა ბედნიერი ქალის როლი. „ღარიბი და მოწყენილი, ვის რად უნდას” – ამბავია და ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ახლა მივხვდი. გაიიოლე და სხვებსაც გაუხალისე ცხოვრება, მაგრამ, როგორც ჩემი ლიკა იტყვის ხოლმე რეზო ამაშუკელის სიტყვებს – ადამიანი მაინც მარტოა. ნერვები, იცი, რაზე მეშლება? მე ეს არ უნდა შემშლოდა, პატარა ხომ არ ვიყავი? 28 წლის ჩამოყალიბებული ქალი ვიყავი და როგორ ვერ გავთვალე რაღაცეები? ზოგჯერ ძმაკაცებთან ერთად სვამდა, ვიცოდი, სადაც იყო, მაგრამ 1 200-ჯერ ვურეკავდი. რომ არ მოვიდოდა, მე მივდიოდი და თავზე ვადგებოდი. ერთ ზაფხულს მე და თინანო ვისვენებდით, რატიმ დამირეკა და მითხრა, რომ მეგობრებთან ერთად ზღვაზე უნდოდა წასვლა. მე, რა თქმა უნდა, ისტერიკა მოვუწყვე: სადაც – მე, იქაც – შენ, მაგრამ ის მაინც წავიდა. ახლა ვფიქრობ და ვხვდები, რომ დამნაშავე ვარ. რას იჭერ, მიდი და გაუშვი, რა. ახალგაზრდა ბიჭია და მიეცი თავისუფლება, მეგობრებთან ერთად გაერთოს. არადა, მეც ხომ ვიყავი მის ასაკში და მეც იგივე მინდოდა. კაცი არასოდეს არ უნდა შეზღუდო, რადგან გასაკეთებელს ის ისედაც გააკეთებს.

– მესაკუთრე გახდი და გადაჭარბებულად ითხოვდი რაღაცეებს, ანუ მმრთველობა გინდოდა?

– არ ვიცი. ალბათ. მაგრამ თინათინი რომ თინათინია, 4 წლისაა და იმას ვერ ვმართავ, რაც უნდა, იმას აკეთებს და ჩემგან განსხვავებით, ძალიან მოწესრიგებული ბავშვია. ჯობს, შვილი სჯობდეს დედასაო (იცინის).


скачать dle 11.3