როდის გახდა ონისე ონიანი ჭოლას ცოლის მესაიდუმლე და რატომ დასჭირდა მას პოლიციის გამოძახება მეუღლე დუტასგან რომ „დაეცვა“
ნონა დათეშიძე
მსახიობი ონისე ონიანი ძალიან თბილი, ენერგიული, კომუნიკაბელური და მეგობრული ადამიანია. ერთი სიტყვით, მის გვერდით თავს კომფორტულად იგრძნობ. ონისეს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს და ძალიან ბევრი თავგადასავალიც აქვს მათთან ერთად თავს გადახდენილი. როგორც თავად ამბობს, სამეგობრო წრეში, პირად ცხოვრებასა თუ კარიერაში ნამდვილად უმართლებს და არც არასოდეს ეძებს ადამიანებში უარყოფით თვისებებს.
ონისე ონიანი: ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ, რადგან დიდი სამეგობრო წრე მყავს. მათგან ერთგულებასაც ვგრძნობ, მხარდაჭერასაც და ყველაფერში ამყვებიან ხოლმე. რომ იტყვიან, ნამდვილად, გამიმართლა მეგობრებში. თექვსმეტი წლის ასაკში, ქუთაისიდან სრულიად მარტო ჩამოვედი თბილისში, ჩემით გავიკვლიე გზა, ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, შევიძინე ახალი სამეგობრო წრე. მაგრამ, ერთი წამითაც არ დამვიწყებია ჩემი ქუთაისელი მეგობრები. ასე რომ, მთელი არმია მეგობრებისა შევიძინე და თან გზადაგზა კი არ ვკარგავდი, არამედ უფრო ვაფართოებდი მათ წრეს. ისინი მთელი ცხოვრება მომყვებიან და ჩემს განუყოფელ ნაწილად იქცნენ.
– ვიცი, ლევან წულაძე, იგივე ჭოლა, შენი ახლო მეგობარია. თუ არ ვცდები, მიუხედავად დიდი ხნის მეგობრობისა, მას მაინც ბატონობით მიმართავ?
– მართალია, უკვე წლებია, მე და ლევან წულაძე ერთმანეთს ვიცნობთ, ძალიან კარგი მეგობრებიც ვართ, ერთად ხშირად დავდივართ დასასვენებლად, მაგრამ დღემდე – ბატონო ლევანით მივმართავ. თან, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ისე დიდი სხვაობაა ასაკშიც. ჩემი აზრით, რეჟისორი და მსახიობი სხვადასხვა განზომილებებია. მსახიობი რეჟისორის მითითებებს ემორჩილები, უსმენ, უჯერებ... და, რა ვიცი, თავიდანვე ბატონო ლევანით რომ მივმართე, ასეთივე ბატონ ლევანად დარჩა დღესაც ჩემთვის, თქვენი ჭოლა. თან, მის მეუღლესთან, მანანასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს და ერთმანეთის მესაიდუმლეები ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით, როცა ლევანი საერთოდ არ ჩანდა მისი ცხოვრების ასპარეზზე. თუმცა, მერე, რაღაც პერიოდი მე და მანანა დავშორდით ერთმანეთს. ამ პერიოდში განვითარდა მათი სიყვარულის ამბავი და ისევ რომ შევხვდით, უკვე დაქორწინებულები იყვნენ. ასე რომ, ლევან წულაძისა და მანანა კოზაკოვას შეყვარებულობის დროს, სასიყვარულო ურთიერთობების დეტალების მომსწრე ვერ გავხდი (იცინის). მერე კი ისე დავახლოვდით, დღეს მათ გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება. არაჩვეულებრივი ადამიანია მანანა და ხშირად მისი ქმრისკენ მიმართული შხამიანი ისრების მოგერიებაც კი თავად უწევს. რას ვიზამთ, ზოგს მოსწონს ლევანი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელი, ზოგს – არა; ზოგი კეთილგანწყობილია მის მიმართ, ზოგიც – არა. ზოგი ეფერება, ზოგიც პრეტენზიას გამოთქვამს და ეს ყველაფერი მანანას ყურამდე მიდის. არადა, მერწმუნეთ, მანანამ არასდროს იცის, რას მოიმოქმედებს მისი ქმარი და რა აქვს ჩაფიქრებული.
– შენ ენერგიული, მშფოთვარე, აქტიური ადამიანი ხარ, ჭოლა კი მშვიდი და გაწონასწორებული ბუნების. ასეთი განსხვავებულები ერთმანეთს როგორ ეწყობით?
– მართალია, ჭოლა მშვიდია, გაწონასწორებული, მაგრამ, იცით როგორი ამყოლია? ხშირად გვიწევს ოჯახებით ერთად დასვენება და ისეთ დროს გვატარებინებს, უნდა ნახოთ. აქტიურიც არის, ოღრო-ჩოღრო გზებზე მოსიარულე, მჭევრმეტყველი და ენერგიულიც. არ არსებობს, მის გვერდით კაცმა მოიწყინოს. ხანდახან ისეთ ტექსტს დაარტყამს, შეიძლება ერთი კვირა არ ამოგივიდეს გონებიდან – იცინო და კარგ განწყობაზე იყო. ასე რომ, ჭოლა მეგობრულიც არის და ამყოლიც, კარგი მოცურავე, დამლევი და მოცეკვავეც კი. ზღვაზე თუ ვისვენებთ, დილაადრიან გავარდება, შევარდება ზღვაში, გაცურავს-გამოცურავს, ამოვარდება და დაჯდება ქოლგის ქვეშ. მოვა საღამო, ისევ გავარდება, ჩახტება, გაცურავს-გამოცურავს, ამოვა, დაჯდება ქოლგის ქვეშ. ვეუბნები, ზღვაზე ხალხი მზის აბაზანების მისაღებად დადის, რომ დაჯდები ამ ქოლგის ქვეშ და იყურები, ცოტა მზეს დაენახვე-მეთქი. არ მოსწონს და ახლა ხომ ვერ შევცვლით. (იცინის).
– თქვი, კარგი მსმელი და მოცეკვავეცააო. უგონოდ თუ დამთვრალხართ და მერე „შალახო“ გიცეკვიათ?
– როგორ არა. ვის არ ჰქონია ისეთი დღეები, როცა „აფრებს უშვებს“ (იცინის). სარდაფში, სპექტაკლ „ზაფხულის ღამეზე“ ვმუშაობდით. დავიწყე ჩემებური, გინდა თუ არა, დღეს დავლიოთ-მეთქი. ჭოლა მისთვის დამახასიათებელი ინტონაციით მამშვიდებდა: მოიცადე ონისე, ჯერ დავასრულოთ რეპეტიცია და მერე ყველამ ერთად დავლიოთო. მოკლედ, როგორც იქნა, მორჩა რეპეტიცია და 20 კაცი, სარდაფშივე დავსხედით და დავიწყეთ ღვინის სმა. უცებ, ზურა ბერიკაშვილი მირეკავს, რესტორანში ვზივარ, ხუთი კაცი წამოიყვანე და წამოდიო. მეტი რა მინდოდა? წამოვხტი, ამ ოცივე კაცს დავავლე ხელი და „წავასხი“ იმ რესტორანში. მოკლედ, შევდივართ მთვრალები რესტორანში ეს ოცი კაცი და უცებ, არ დასცხეს დამკვრელებმა „შალახო“? ჭოლა გადახტა და ეგრევე ცეკვა დაიწყო. მე ვიფიქრე, მარტო ხომ არ ვიცეკვებ-მეთქი, იქვე სუფრასთან, ორ მსუქან დევკაცს შორის ქალბატონი შევნიშნე, გავვარდი, გადავწვდი მაგიდიდან და ვეჯაჯგურები – წამო, მეცეკვე-მეთქი. ის კაცები იქიდან ექაჩებიან, მე აქეთ ვექაჩები. ეს ქალი სულ გადაირია. ჭოლამ, რასაკვირველია, შენიშნა ჩემი საქციელი, ცეკვა-ცეკვით მომვარდა და დამიწყო ქაჩვა: რას შვრები, ბიჭო, რაღა მაინცდამაინც ამ დევივით კაცების ქალი მოგეწონა, თუ გამოიწიეს, ხომ დაგვხოცესო. არადა, კიდევ კარგი, გვიცნეს, თორემ იქ რა მოხდებოდა, ვინ იცის. მარტო მე და ჭოლას კი არა, ის ჯანიანი დევკაცები, მთელს სამსახიობო დასს დაგვაწყობდნენ სიმაღლის მიხედვით და ისე გვირტყამდნენ (იცინის). ასე რომ, ჭოლა „შალახოზეც“ ცეკვავს თუ სამეგობრო წრეში ქეიფობს და ირგვლივ მისთვის სასიამოვნო ხალხია შეკრებილი, აბსოლუტურად, უკომპლექსო და ლაღი ხდება. უნდა ნახოთ, თავის გარეგნობაზე როგორ ხუმრობს.
– და მაინც, რას ამბობს საკუათარ გარეგნობაზე?
– ამბობს: მე ვარ ერთი მსუქანი, გაბერილი „ვინი პუხიო“. მერე, თავის თავზე რომ მობეზრდება ხუმრობა, ჩემზე გადმოდის (იცინის).
– შენზე რაღას ამბობს?
– რას იტყვის? მაქვს დიდი ცხვირი, ყურები, მახინჯი და სასაცილო ვარ (იცინის). აი, ასე ამბობს ზუსტად. ახლა, „დეკამერონზე“ ვმუშაობთ და ასეთი როლი მაქვს – დგანან მსახიობები და მე და კიდევ ერთს მიგვაქვს დიდი ნაჭერი და მათ უნდა გადავაფაროთ. სულ ვუსწრებ ჩემს მეწყვილეს. ჭოლამ მიყურა, მიყურა და ბოლოს მითხრა: რატომ ჩქარობ და მირბიხარ, ვერ ვხვდები. იცი, როგორ გარბიხარ? როგორც შვლის ნუკრის მამაო. ამიტყდა სიცილი: შვლის ნუკრი გამიგია, აი, მამამისზე კი პირველად დავფიქრდი-მეთქი. ჭოლას და მანანა კოზაკოვას შეკამათება კი პატარა, მინი-სპექტაკლია (იცინის). ამერიკაში ყოფნის დროს მე და მანანა წავედით „ტყუპების“ სანახავად. მეტროში ჩავედით და ისეთ ადგილას ამოვყავით დილის ექვს საათზე თავი, სადაც თურმე ხალხს კლავენ, ჭრიან, ატყავებენ. მე რა ვიცოდი? გავიხედეთ, ისეთი შავი კაცი მოდის.... ასეთი გაჩეჩილი და უშავესი ზანგი, ჩემს ცხოვრებაში პირველად ვნახე. მანანას ვეუბნები, ჰკითხე, ქალო, სად ვართ, ხომ ხედავ, გზა აგვებნა და იქნებ ამან დაგვაკვალიანოს, გამოიყენე ახლა შენი ორი ღერი ინგლისური-მეთქი (იცინის). მანანამ რომ მითხრა, იცი, სად მოვხვდით? სადაც ხალხს წიწილებივით ხოცავენო, სულ გადავირიე. ჭოლას რომ მოვუყევით ეს ამბავი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოუვიდოდა. ყველას უყვებოდა ჩვენი გმირულად გადარჩენის ამბავს (იცინის).
– ჭოლა სიმამრზე არ ხუმრობს ხოლმე?
– როგორ არ ხუმრობს. ერთხელ ბატონი მიშა კოზაკოვის იუბილე იყო მოსკოვში და რასაკვირველია, ჭოლაც დაპატიჟეს. რომ დასრულდა იუბილე, სცენიდან გამოაცხადა თურმე სიმამრმა, ჩემი შვილები და შვილიშვილები ამოვიდნენ სცენაზეო და ჭოლა ყვებოდა, რომ იხუვლა დარბაზმა, მარტო მე დავრჩი პარტერშიო (იცინის). სხვათა შორის, მიხეილ კოზაკოვთან მეც მომიწია, დაახლოებით ხუთი თვე მუშაობა. სპექტაკლი დადგა – ჩეხოვის „თოლია“ და მე და მანანა კოზაკოვა ვთამაშობდით ცოლ-ქმარს. ვხუმრობდი, ჭოლას ცოლი წავართვი ხუთი თვით-მეთქი (იცინის). მართლა სასიამოვნო იყო მთელ სამსახიობო გუნდთან და თავად რეჟისორთან მუშაობა. ბატონ მიშასთან ურთიერთობამ, როგორც მსახიობს და პიროვნებას, მეტი პრაქტიკა, გამოცდილება, სილაღე და თავისუფლება მომცა.
– ზურა ბერიკაშვილი შენი შვილის ნათლია და ასევე, შენი უახლოესი მეგობარია. მართალია, რომ ხშირად „უჩალიჩებ“ ისეთ რამეებს, ლამის ჭკუიდან გადავიდეს კაცი?
– (იცინის). ეს, სიმართლეა. არ დამავიწყდება, მე და ზურა ერთ-ერთ სპექტაკლში მთავარ როლებს ვთამაშობდით. ზურა უნდა შესულიყო კულისებში და იქიდან სცენაზე ხილით დატვირთული ხურჯინი გამოეტანა. ავდექი, ამ ხურჯინში 50-კილოგრამიანი რკინის „გრუზი“ ჩავდე და გავედი სცენაზე. გავიხედე, გავარდა ზურა კულისებში, დასწვდა ხურჯინს და მოათრევს და ვერც მოათრევს. გადაირია. თან, აუცილებლად უნდა გამოეტანა ხურჯინი სცენაზე და უნდა გენახათ, როგორ გინებ-გინებით გამოათრია (იცინის). ასეთი უამრავი ხუმრობა მაქვს გასახსენებელი, მაგრამ მეგობრობაში ასეთებიც „მოსულა“.
– დუტას და შენ „მოჩხუბარი“ მეგობრების იმიჯი რატომ გაქვთ?
– ალბათ, ზღვაზე რომ გადაგვხდა იმ ამბის შემდეგ გვაქვს ეს იმიჯი. თორემ, მე და დუტა მართლა კარგი მეგობრები ვართ. ამ ისტორიას მოგიყვებით და თავად მიხვდებით. მანამდე კი, გეტყვით, რომ დუტას დანახვაზე ხალხი შოკში ვარდება, სახლებიდან ცვივდებიან, ზოგი თავს იკლავს, ზოგიც ხარაკირს იკეთებს, გიჟდებიან, ეფერებიან, ჰკოცნიან. ერთი სიტყვით, აღმერთებენ და დიდ პატივს სცემენ. მე ვინ მიყურებს ზედ (იცინის). მოკლედ, ზაფხულში სარფში წავედით საბანაოდ. დუტა მანამდე წავიდა. ჩვენ რომ მივედით, ის უკვე გაშინაურებული იყო სარფის ერთ-ერთი კლუბის მეპატრონესთან – ეჭირა დიდი შლანგი და ტერიტორიას რწყავდა. მე და ჩემი ცოლი რომ მივედით კაფეში, დუტამ თათია გაწუწა. რომ შევედი, მეპატრონეს თან ვეცნე – თან არა, მაგრამ ისეა დუტათი მოხიბლული, მე ვახსოვარ? უცებ, ავვარდი. ვეცი დუტას და დავუწყე ყვირილი: ვინ გგონია, ბიჭო, შენი თავი, დუტა რომ ხარ კი ვიცი, მაგრამ რა უფლებით წუწავ ჩემს ცოლს, ახლავე პოლიციას დავურეკავ, არ მაინტერესებს, რას წარმოადგენ-მეთქი. დუტაც ამყვა ვითომ ჩხუბში და „გამექაჩა“. მოვიმარჯვე ტელეფონი, ვითომ დასარეკად და მწვდა ხელში ბარის მეპატრონე: ნუ დამღუპავ, ჩემო ბატონო, რას ჰქვია ვინ არის, დუტაა კაცო, ამას ვენაცვალე, ისე მიყვარს, ოღონდ ახლა ნუ დარეკავ და ნუ დააჭერინებ, ჩემი ხათრით და მე მეცი პატივიო. აგვიტყდა სიცილი, დავაწყნარეთ ის კაცი: მეგობრები ვართ, გავითამაშეთ, არ ინერვიულოთო. ამოისუნთქა: უჰ, თქვენ აგაშენათ ღმერთმა, ეს კაცი რომ მართლა დაეჭირათ, თან ჩემს ბარში, ხომ სულ გადავირეოდიო.
– ახლა, „დეკამერონზე“ მუშაობ. იქ რა როლი გაქვს?
– მართლა კარგი სპექტაკლი გამოდის და მე და ზურა ბერიკაშვილი ვართ ტყუპი ძმები – ნოტარიუსები. ცოლ-ქმარს ჯერ ვუმტკიცებთ მამიდის ქონებას, მერე კი ისევ ჩვენ „ვახევთ“. ფინანსურ მაქინაციებს ვატრიალებთ, მტრისას (იცინის).
– მერე, რომ ამბობ, ჭოლა ჩემი ძმაკაციაო, ნოტარიუსის როლის მაგივრად, ერთი კარგი ქალების გულთამპყრობელის როლი რატომ არ გარგო?
– რა ვიცი, აბა? ეტყობა, დამინდო (იცინის). არ მაძლევს იმის საშუალებას ჭოლა, რომ ქალების გული დავიპყრო და რა ვქნა? თამამი სცენებიც არის ამ სპექტაკლში და ერთი სიტყვით, კარგი სანახაობა გელით.
– ონისე, თამამი სცენა რომ შემოგთავაზონ, უკომპლექსოდ ითამაშებ?
– გააჩნია, ვინ შემომთავაზებს როლს, თორემ რა პრობლემაა? თანაც, პერსონაჟს – პარტნიორსაც ხომ გააჩნია? აი, თუ ჭოლა დადგამს სპექტაკლს, მეტყვის, მიდი ონისე, ამ როლზე შიშველი მჭირდებიო, რატომაც არ გავიხდი? მას ვენდობი და ამას გავაკეთებ. თუმცა, გეტყვით იმასაც, რომ სცენაზე სიშიშვლე ესთეტიური უნდა იყოს და ისეთი, რომ ქართველი მაყურებლისთვის ზედმეტად მიუღებელი არ ჩანდეს. თან, აღნაგობაც ხომ უნდა გიწყობდეს ხელს? ჰკითხეთ აბა, ჩემი შიშველი ვიზუალის დანახვა გაუხარდება ახლა ქართველ მაყურებელს (იცინის)?