კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ აფინანსებს სახელმწიფო გადაუდებელ სამედიცინო ოპერაციებს და რატომ გაუხდა სანატრელი საქართველოს მოქალაქეების დიდ ნაწილს უმწეოთა კატეგორიაში მოხვედრა

2011 წლის ბიუჯეტში სოციალურ ხარჯებზე საკმაოდ სოლიდური თანხაა გამოყოფილი: თითქმის მეოთხედი (და ეს იმასაც ნიშნავს, რომ ამ ქვეყანაში ღარიბების რიცხვი საკმაოდ მაღალია). სახელდობრ, ჯანდაცვაზე კი სულ რაღაც 5-6 პროცენტია, რაც ორჯერ ნაკლებია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის გამოყოფილ ხარჯებზე. თუმცა ისიცაა, თუ მოსახლეობის რაოდენობა უექიმობამ თუ უწამლობამ შეამცირა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, უბრალოდ, აღარ დაგვჭირდება. რაკი უკვე ვიცით, რა პროცენტიც აქვს გამოყოფილი ხელისუფლებას ჯანდაცვის საქმისთვის, საკრებულოს წევრი, „მემარჯვენე“ დავით საგანელიძე განგვიმარტავს, რა ადგილი უჭირავს სახელმწიფო პრიორიტეტებში მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.

– რატომღაც, ჩვენი მედია ნაკლებად აშუქებს ამ საკითხს, არადა, ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება მინიმალურია და ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიუხედავად სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული პოზიციისა, რომ მისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჯანდაცვაა, რეალურად ეს არ არის ასახული ბიუჯეტში. მთავარი პრობლემა ის არის, რომ არ არსებობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორის განვითარების მოკლევადიანი ან გრძელვადიანი პროექტი. მაშინ ვიტყოდით: მართალია, დღეს მძიმე პერიოდია, მაგრამ, რამდენიმე წლის შემდეგ, თუნდაც, 2020 წლისთვის მივალთ პრობლემების საბოლოო გადაჭრამდეო. შესაძლოა, ზოგიერთს დღევანდელი კვერცხი ურჩევნია ხვალინდელ ქათამს, მაგრამ იმას მაინც გავიგებდით, საით მივდივართ. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს, ამ მიმართულებით არანაირი მიზანი თუ პროგრამა, რომელიც რამდენიმე წელზე იქნებოდა გათვლილი, არ ჰქონია. კარგად გვახსოვს ის ბლეფი, რომელსაც „ასი ახალი საავადმყოფო ერქვა“.

– ეს ციფრი უკვე ჩამოვიდა 46-ზე.

– ეს იყო ბენდუქიძისა და ჭიპაშვილის აფერა, რომელმაც სრული კრახი განიცადა და, იმის ნაცვლად, რომ ეს გამოესწორებინათ, ხელისუფლებამ მეორე დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ჰოსპიტალური სფეროს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჯანდაცვაში, განვითარება დაავალეს სადაზღვევო სისტემას. არადა, ეს ბიზნესი ახლა იკიდებს ფეხს ქვეყანაში და ძალიან მნიშვნელოვანია მისი განვითარება. მათ დაამადლეს: რადგან ჩვენ ვაფინანსებთ უმწეოებისა და პედაგოგების, შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროს პოლისებს, კეთილი ინებეთ და ჩადეთ ინვესტიციები ჰოსპიტალურ სექტორშიო. ჩვენი გათვლებით, სახელმწიფო თავისი ხარჯით აზღვევს თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 24 პროცენტს, ქვეყნის მასშტაბით კი ეს ციფრი, ბუნებრივია, კიდევ უფრო მცირეა. სადაზღვევო კომპანიებიც იძულებულნი გახდნენ, წასულიყვნენ ამაზე და ხელი მოჰკიდეს თავიანთთვის უცხო საქმიანობას. თანაც, გაითვალისწინეთ, ერთი სადაზღვევო კომპანია აშენებს თელავში, მეორე – ახმეტაში, მესამე – ზუგდიდში, რაც იმას ნიშნავს, რომ ზუგდიდში ადამიანი მხოლოდ იმ სადაზღვევო კომპანიაში თუ დაეზღვევა, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ საავადმყოფოში ვერ იმკურნალებს. აქედან გამომდინარე, რეგიონების მოსახლეობას აღარ ექნება არჩევნის საშუალება და ისინი იძულებულნი გახდებიან, დაეზღვიონ იმ სადაზღვევო კომპანიაში, რომელთანაც მოუწევთ. ამის შედეგს რამდენიმე წელიწადში ვნახავთ და მივხვდებით, რომ ეს უაზრო ნაბიჯი იყო.

– ძალიან ნუ შევიცოდებთ სადაზღვევო კომპანიებს. ვერაფერს მოგახსენებთ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებზე, მაგრამ, უმწეოებისა და პედაგოგების დაზღვევისას ბევრ შემთხვევაში არანაირი თავისუფალი არჩევნის პრინციპი არ ყოფილა და სადაზღვევოები კარგადაც ითბობენ ხელს ამ საქმით.

– მე არ მინდა, განვიხილო რომელიმე კერძო კომპანიის შიდა საქმიანობა. ბუნებრივია, ნებისმიერი ბიზნესი ცდილობს, რომ მისთვის საუკეთესო პირობებით იმუშაოს. სხვა თემაა, რომ მაკონტროლებელ ორგანოებს არ უნდა დაეშვათ ამ სფეროს მონოპოლიზება. ჩემთვის ცალსახად ნათელია, რომ უმწეოთა პოლისებზე დიდი მოგებების იმედი არ უნდა ჰქონოდათ, რადგან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ვერ მიდიოდნენ ექიმებთან და ვერ იტარებდნენ სამედიცინო გამოკვლევებს, ბუნებრივია, ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდნენ და ისარგებლებდნენ პოლისებით. ასე რომ, სადაზღვევოებს ხარჯის გაწევა მოუწევდათ.

– სადაზღვევო კომპანიები ხშირად ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს, სარგებლობენ რა ხან დაზღვეულთა არაინფორმირებულობით და, ხანაც სხვა რაღაცეებით, რომ იმაზე მეტი ამოიღონ სახელმწიფოს მიერ დაზღვეულებიდან, ვიდრე მათთვის პოლისების ანაზღაურება უჯდებათ.

– ეს სხვა თემაა. მე ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ფუნქციაზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა, იქ, სადაც ჯანსაღი კონკურენცია არსებობს, ვერც ერთი კერძო ბიზნესი ვერ გაბედავს ამას, მაგრამ, როდესაც ჯანსაღი კონკურენცია არ არის, სახელმწიფო ერთზე ხუჭავს თვალს სადაზღვევოებთან მიმართებაში და სადაზღვევოები – მეორეზე სახელმწიფოსთან მიმართებაში. მოგახსენეთ, რომ დედაქალაქში დაზღვეულია მოსახლეობის დაახლოებით 24 პროცენტი, ესე იგი, დანარჩენი 70-75 პროცენტი დარჩენილია დაზღვევის გარეშე. სხვათა შორის, თბილისის ბიუჯეტი იძლეოდა იმის საშუალებას, თუ რეალურად შემოვიჭერდით ქამრებს, რომ შეგვექმნა პირველი პრეცედენტი და თბილისის მოსახლეობა დაგვეზღვია, რათა ყველა ადამიანს, რომელიც ვერ მოხვდა უმწეოთა დაზღვევის პროგრამაში, მიეღო დაზღვევა.

– ძალიან საინტერესოა ის, რომ, თუ სენი შეგეყარა და ძვირად ღირებული ოპერაცია დაგჭირდა, უცბად გახდები უმწეო, რადგან მოგიწევს ყველაფრის გაყიდვა, რაც გაგაჩნია, სიცოცხლე რომ გადაირჩინო.

– დამერწმუნეთ, ადამიანები ოცნებობენ, რომ უმწეოები იყვნენ. ოჯახს, რომლის ერთ წევრს მაინც 50 ან 100-ლარიანი შემოსავალი აქვს, ვთქვათ, სადგურზე ტვირთებს ზიდავს, არ ითვლება უმწეოდ და, თუ მათ სამედიცინო მომსახურება დასჭირდებათ, არანაირი დახმარება არ ეკუთვნით. მიუხედავად იმისა, რომ ხარვეზები არის, პედაგოგები და უმწეოები მაინც, ავად თუ კარგად, დაცულები არიან. მათ ეკუთვნით სამედიცინო მომსახურების გარკვეული პაკეტი, მაგრამ დანარჩენი მოსახლეობა სრულიად დაუცველია.

– თქვენ ხომ იცით, ჩვენი კანონმდებლობით, ვინ მიიჩნევა დასაქმებულად? – ვინც გამოკითხვამდე ერთი კვირის განმავლობაში ნახევარ საათს მაინც იმუშავა.

– მეტსაც გეტყვით: სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები, რომლებსაც უმწეოებად ვერ მივიჩნევთ, იმიტომ, რომ ბინები აქვთ, ყველაფრის გარეშე დარჩნენ. რაც შეეხება სამედიცინო პროგრამებს, არსებობდა რამდენიმე სამედიცინო პროგრამა ურგენტული, ონკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, ინფექციური და ასე შემდეგ. ეს პროგრამები გულისხმობდა თანადაფინანსებას: თანხის უმეტეს ნაწილს იხდიდა სახელმწიფო, ნაწილს – პაციენტი და ეს დიდი შეღავათი იყო. სამწუხაროდ, ეს პროგრამები გაუქმდა იმ მოტივით, რომ ამუშავდა უმწეოების დაზღვევის პროგრამა და ის პროგრამა, რომელიც ეხება 60 წელს ზემოთ მყოფ ადამიანებს. გეტყვით მაგალითს და ადვილად მიხვდებით, რა ხდება: ვთქვათ, პაციენტს ამოუღეს სარძევე ჯირკვალი. ოპერაციის შემდეგ ის წარმონაქმნი, რის გამოც ოპერაცია ჩატარდა, მიდის ჰისტომორფოლოგიურ გამოკვლევაზე, რომ დაისვას დიაგნოზი – კეთილთვისებიანია თუ ავთვისებიანი. თუ წარმონაქმნი კეთილთვისებიანი აღმოჩნდება, პაციენტმა თვითონ უნდა დაფაროს ოპერაციის ხარჯი, თუ ავთვისებიანია და პაციენტი 60 წელსაა გადაცილებული, შეიძლება, მოხვდეს პროგრამაში, ხოლო 60 წლამდე პაციენტებმა კი ნებისმიერ შემთხვევაში თავად უნდა გადაიხადონ ოპერაციის თანხა.

– მაგრამ, თუ კეთილთვისებიან წარმონაქმნს დაიტოვებს პაციენტი, იმიტომ რომ არ აქვს ოპერაციის თანხა, ის ხომ აუცილებლად გადაიზრდება ავთვისებიანში?

– რა თქმა უნდა. მაგრამ, 60 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რომლებიც არ არიან უმწეოთა დაზღვევის პროგრამაში და არ არიან პედაგოგები, ჯანდაცვის არანაირი პროგრამა არ არსებობს. ამასთან, გაითვალისწინეთ, ონკოლოგიის შემთხვევაში მხოლოდ საოპერაციო ხარჯი არ არის, ოპერაციას მოსდევს მკურნალობის ხანგრძლივი კურსი, რომელიც საკმაოდ ძვირად ღირებულია. ამიტომ, ზოგჯერ ადამიანები ოცნებობენ, რომ კიბო აღმოაჩნდეთ, ისიც, როდესაც 60 წელს არიან გადაცილებული, რადგან ოპერაციისა და მკურნალობის თანხა არ აქვთ. ჩემი აზრით, ეს ვითარება ძალიან სამარცხვინოა და მე მიჭირს იმის თქმა, რატომ ვერ იაზრებენ ამ პრობლემებს ის ადამიანები, რომლებიც ბიუჯეტს ადგენენ. იმასაც გეტყვით, რომ ექიმებმის მიმართ დაიწყო კამპანია, რომელიც არც ერთ ჭკუათმყოფელ ქვეყანას არ მოუვიდოდა თავში აზრად.

– ექიმები ძალიან სცოდავენ. ჩვენ ყველას გვაქვს მეტ-ნაკლები შეხება მათთან და ვიცით, რომ ხანდახან ძალიან უღირსად იქცევიან!

– არის რამდენიმე სპეციალობა, სადაც, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მაღალპროფესიული კადრები უნდა გყავდეს, მათთვის არ შეიძლება ავტორიტეტის შელახვა. ესენი არიან: პედაგოგი, პოლიციელი და ექიმი. რა შეცდომაც უნდა დაუშვას პედაგოგმა, მშობელმა ის არ უნდა აძაგოს შვილთან, რადგან ეს კატასტროფულ შედეგს მოუტანს. იგივე ითქმის პოლიციელზეც: მე შეიძლება, ბევრი რამ არ მომწონდეს პოლიციის, მაგრამ ვცდილობ, ამაზე აშკარად არ ვილაპარაკო, რადგან პოლიციაში არსებული ხარვეზები ვიწრო წრეში უნდა განიხილო, რომ საზოგადოებამ პოლიციის ნდობა არ დაკარგოს. მესამე ასეთი პროფესიაა ექიმი. ჩემზე კარგად არავინ იცის, რომელი ექიმი სცოდავს, მაგრამ, ეს არის სუფთა სამედიცინო თემა და ის სამედიცინო სფეროში უნდა გვარდებოდეს: დაისაჯოს თუ არა ესა თუ ის ექიმი; უნდა ჩამოერთვას თუ არა ლიცენზია. საჯაროდ სამედიცინო სფეროს და, ზოგადად, ექიმების მიწასთან გასწორება არ შეიძლება, რადგან, მერწმუნეთ, პაციენტების 50 პროცენტზე მეტი იკურნება ფსიქოლოგიურად, იმიტომ რომ, ექიმის სჯერა. თუ ექიმისადმი ნდობა არ აქვს, ავადმყოფი მხოლოდ მედიკამენტებით ვერ მორჩება! დღეს კი საპირისპირო ხდება: სრულ ნიჰილიზმს ნერგავენ ექიმების მიმართ, რათა საზოგადოება დაარწმუნონ, რომ ისინი არიან უვიცი, უზნეო, კორუმპირებული და არაპროფესიონალი ადამიანები.

– რატომ? არ მგონია, ხელისუფლებას უნდოდეს, რომ პაციენტები არასდროს არ განიკურნონ.

– რატომ?! როდესაც დაიწყება ახლა უკვე ამბულატორიული ქსელის ნგრევა, პოლიკლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის სტრუქტურაში შემავალი დაწესებულებების პრივატიზაცია და ექიმები ხმას ამოიღებენ, მათ ეტყვიან: „შენ იღებ ხმას? შენ ხომ უცოდინარი და კორუმპირებული ხარ?!” ექიმებს დიდი ძალა აქვთ, რადგან დიდი გავლენა აქვთ ადამიანებზე და სწორედ ამ გავლენის მოსპობას ცდილობენ, რადგან ამ ქვეყანაში გავლენა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილსა და მასთან ასოცირებულ პირებს უნდა ჰქონდეთ. მარტივად გეტყვით: ექიმმა რომ ავადმყოფს უფასოდ უმკურნალოს, იჭერენ. უფრო მეტი: იყო რამდენიმე შემთხვევა და მე განზრახ არ ვასახელებ გვარებს, თუმცა, ოთხი ასეთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ექიმი შუაღამეს გამოიყვანეს სახლიდან – სთხოვეს, მძიმე ავადმყოფი გვყავს და იქნებ მოხვიდეთო. წაიყვანეს, შემდეგ პაციენტის პატრონმა 50-ლარიანი ჩაუდო და, ექიმი რომ მანქანაში ჯდებოდა, დააკავეს. თუ უფულოდ არ წამოგყვა ექიმი, სხვა საქმეა, მაგრამ, როდესაც შენ სთხოვ, დამეხმარეო, სახლიდან მიგყავს ღამით, შემდეგ მადლიერების ნიშნად ან ფულს სჩუქნი, ან შემწვარ გოჭს, ან ჩურჩხელებს, ეს რატომ არის ქრთამი?! ჩემთვის ექიმი არ არის ის, ვინც ოპერაციას არ გააკეთებს, სანამ წინასწარ ფულს არ მისცემენ, არ ვგულისხმობ იმ შემთხვევებს, როდესაც ოფიციალური ტარიფია დაწესებული.

– მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ, რადგან პროგრამები არ არსებობს, არის მხოლოდ ტარიფები და მეტი არაფერი.

– ჯანდაცვის პროგრამების გაუქმების მოტივი ასეთი იყო: პროგრამულ დაფინანსებას ჰქონდა ბევრი ხარვეზი და ეს არგუმენტი გასაგებია; იმის მოტივად, რომ ვერ გადავდივართ მოსახლეობის სრულ დაზღვევაზე, დასახელდა ის, რომ დაზღვევის სისტემა არ არის სრულყოფილი და ამას დრო სჭირდება. ესეც გასაგებია. მაგრამ პროგრამები იყო იმიტომ, რომ არ გვქონდა სადაზღვევო სისტემა, ახლა პროგრამებიც არ არის და არც სადაზღვევო სისტემაა გამართული. ესე იგი, ველოდებით, როდის დადგება ფეხზე სადაზღვევო სექტორი და, ამის პარალელურად, ვაუქმებთ ჯანდაცვის პროგრამებს?! პოლიციასაც აქვს ხარვეზები, ამიტომ, როგორ მოვიქცეთ, გავაუქმოთ?! პრობლემა მხოლოდ ის კი არ არის, რომ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტები გყავს უცოდინრები, არამედ ისიც, რომ სრულიად უცოდინარი ადამიანები წერენ ბიუჯეტს. დამატებითი პრობლემაა ის, რომ თანამდებობის პირებს არ შეუძლიათ თავიანთი პრინციპების დაცვა. მინისტრები პირად საუბრებში ამბობდნენ, რა ვქნა, ძმაო, ვერ გამაქვსო. თუ ვერ გაგაქვს ის, რაც პრინციპულად მიგაჩნია, უნდა დაარტყა ხელი მაგიდაზე და წამოხვიდე.

– ხელი რომ დაარტყა, თსუ-ის რექტორი კი ვერ გახდები!

– ესეცაა: ან ციხეში აღმოჩნდები, ან – მიტინგზე. დღეს ხელისუფლებას სჭირდება არა პროფესიონალი და საქმის მცოდნე ადამიანები, არამედ მხოლოდ ისინი, რომლებიც ყველაფერზე თავს დაუქნევენ და თვალებში შესციცინებენ.

– შევაჯამოთ საკითხი: სახელმწიფო დაზღვევა აქვთ: უმწეოთა პროგრამაში მოხვედრილებს, რაც ვერ მოიცავს სრულად ყველა რეალურ უმწეოს; პედაგოგებს, პოლიციელებსა და სამხედროებს. სახელმწიფო აპარატში დასაქმებულები, იმედია, თვითონ ეზღვევიან კორპორატიულად, ისევე, როგორც კერძო კომპანიების თანამშრომლები. დანარჩენების ჯანმრთელობას რა პერსპექტივა აქვს?

– გაითვალისწინეთ, ფიზიკური პირი ვერ დაეზღვევა, რადგან ძალიან ძვირი დაუჯდება, ამიტომ აუცილებელია, იყოს ადამიანების დიდი ჯგუფი. მოსახლეობის დაახლოებით 70-75 პროცენტი დაზღვევის გარეშეა – მათთვის არანაირი სამედიცინო პროგრამა არ არის და ისინი ყველაფერში ფულს იხდიან; გამონაკლისია 3 წლამდე ასაკის ბავშვებისა და 60 წლის ზემოთ ადამიანების პროგრამები, ისიც, საკმაოდ მწირი.

– ვთქვათ, იმაზე მეტი 60 წელს გადაცილებული ადამიანი აღმოჩნდა სამკურნალო, ვიდრე ეს ამ პროგრამისთვის გამოყოფილი თანხითაა შესაძლებელი. რა ხდება ასეთ დროს?

– თუ თანხა ამოიწურა, კლინიკაში პაციენტს ეუბნებიან, ფული არ გვაქვს, ან მომავალ წელს მოდით, ან ჯანდაცვის სამინისტროდან მომიტანეთ საგარანტიო წერილიო. ჯანდაცვის სამინისტრო, თავის მხრივ, ამბობს, საგარანტიო წერილს ვერ გავცემ, რადგან, არ ვიცი, მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება თუ არა ეს მუხლიო. ანუ, ვისაც ეყოფა პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა, ეყოფა, დანარჩენები ამით ვერ ისარგებლებენ. ფაქტობრივად, როგორც წესი, მაის-ივნისში თანხა უკვე ამოწურულია ხოლმე.

– გადაუდებელი ოპერაციებიც არ ფინანსდება? თუ ვინმეს ბრმა ნაწლავი გაუსკდა ან თავში აგური დაეცა?

– არა. ვთქვათ, მიდიხართ ქუჩაში და დაინახეთ, რომ ადამიანი დავარდა და ფეხი მოიტეხა. ჩაისვით მანქანაში და მიიყვანეთ ტრავმატოლოგიურში. ექიმი ეკითხება პაციენტს, არის თუ არა დაზღვეული. პაციენტი პასუხობს, რომ არ არის. არანაირი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და ამიტომ, სანამ პაციენტი ფულს არ გადაიხდის, ექიმი მას ვერ მიხედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმს თავად მოუწევს ხარჯების გადახდა. თუ ექიმი არ დაეხმარება პაციენტს, ეთიკის საბჭოზე გაიყვანენ. წარმოგიდგენიათ, მიმყვანი რა დღეშია?! მაშინ მას ეუბნებიან, თქვენ გადაიხადეთ ხარჯებიო. შეიძლება, იქამდე მივიდეს ქართველი კაცი, რომ ფეხმოტეხილი ადამიანი დაინახოს ქუჩაში და თვალი აარიდოს? ეს არ ესმით იმ 25 თუ 26 წლის გოგო-ბიჭებს, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ და არც თეთრი ხალათი სცმიათ ოდესმე და პაციენტისთვის არათუ ოყნა არ გაუკეთებიათ, საკაცეზეც არ დაუწვენიათ. დღეს ჯანდაცვის სფეროში არიან ადამიანები, რომლებმაც არაფერი იციან, ან იციან და არ აქვთ იმის შნო, რომ პრინციპულად თქვან: ეს ასე და ასე უნდა გაკეთდეს!


скачать dle 11.3