როგორ ჯაბნის ხელისუფლება ოპოზიციას ინტელექტუალურად და რატომ არ ყოფნის ოპოზიციას გასამარჯვებლად მხოლოდ მორალური უპირატესობა
ბოლო დროინდელი მოვლენებიც თვალნათლივ მოწმობს, რომ ხელისუფლება თავის ოპონენტებს არა მხოლოდ ერთი ნაბიჯით უსწრებს, არამედ ხშირად მშრალი ანგარიშითაც უგებს პოლიტიკურ ორთაბრძოლებს. ქართულმა ოპოზიციამ საპროტესტო აქცია, რომელსაც წინასწარ აანონსებდა, ნატოს ლისაბონის სამიტსა და ნატოს საპარალმენტო ასამბლეას დაამთხვია, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა მიიღო. სავარაუდოდ, ოპოზიციამ არ იცოდა, თუკი მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას შეხვდებოდა, რაც მის პოლიტიკურ წონას კიდევ უფრო დაამძიმებდა. მეორე მხრივ, მთლად რთული არც იმის მიხვედრა უნდა ყოფილიყო, რომ ასეთი დონის საერთაშორისო ფორუმისთვის საპროტესტო აქციის დამთხვევა, მაინცდამაინც, შედეგიანი შეიძლება, ვერც აღმოჩენილიყო. რა შეცდომებს უშვებს ოპოზიცია ხელისუფლებასთან ჭიდილში? – თემაზე პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.
– თქვენი კითხვა უფრო საკითხია და ბევრ კითხვას უყრის თავს. ამიტომ ჩავთვალოთ, რომ ამ საკითხებზე ხმამაღლა ვფიქრობთ თქვენთან ერთად. დავიწყოთ იმით, ეს დაუდევრობაა ოპოზიციის მხრიდან თუ რაიმე ჩანაფიქრი. ჩემი აზრით, დაუდევრობაა, ანუ ოპოზიციამ უყურადღებოდ დატოვა ის, რომ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე გადადგმულ ნაბიჯებს შეეძლო, შეეცვალა საზოგადოების ოპოზიციური იმპულსი. ოპოზიციას აქვს მოსაზრება და ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, რომ საერთაშორისო პროცესები საერთაშორისო პროცესებად შეიძლება, დარჩეს და საქართველოს ხელისუფლების ბედი საქართველოს მოსახლეობაში უნდა გადაწყდეს.
– ალბათ, ეს გათვლა გულუბრყვილოა?
– ნაწილობრივ, რადგან საქართველოს ხელისუფლების ბედი მაინც საქართველოში უნდა გადაწყდეს. მაგალითად, მსოფლიო ბოლო მომენტამდე უკმევდა გუნდრუკს შევარდნაძესაც, მაგრამ ხელისუფლება რომ შეიცვალა, ახალ ხელისუფლებასთან გაგრძელდა გუნდრუკის კმევა. აქ პრობლემა სხვა მხრიდან უნდა დავაყენოთ: საერთაშორისო საზოგადოების განწყობა ირიბ გავლენას ახდენს ქვეყნის შიდა პროცესებზე, ისევე, როგორც შიდა პოლიტიკური მდგომარეობა ახდენს გავლენას საგარეო მდგომარეობაზე. საერთაშორისო არენაზე გასული პოლიტიკოსი, რომელმაც სახლში უკმაყოფილების დიდი ტალღა დატოვა, ვერ იქნება ისე მყარად საერთაშორისო არენაზე, როგორც ის, ვისაც თავისი ხალხი მხარს უჭერს. ამიტომაც ვამბობ, საგარეო და საშინაო ფაქტორები ერთმანეთზე ირიბ გავლენას ახდენს. იმდენი ფიქრის ტრადიცია, რაც თქვენ მაიძულეთ, მგონია, რომ ქართულ ოპოზიციაში არ არის.
– ხელისუფლება ბევრს ფიქრობს თუ მას უფრო მეტი მატერიალური რესურსი აქვს და ამის გამო ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებს ოპონენტებს? ხელისუფლებაში ჩვენი პოლიტიკოსების ყველაზე გონიერი ნაწილი მოხვდა? იმედია, ოპოზიცია არ მიწყენს ამ შეფასებას.
– ოპოზიცია არ გიწყენთ, თუ დავაზუსტებთ, რა იგულისხმება ამ გონიერების ქვეშ.
– ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიგულისხმე ხელისუფლების შენარჩუნების უნარი თვით ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი?
– ანუ პრაგმატულობა. მეორე მხრივ, სწორედ პრაგმატულობაა პოლიტიკოსის გონიერება, რადგან არაპრაგმატული პოლიტიკოსი ძალიან წამგებიანია. ეს დილემა მუდმივად დგას პოლიტიკაში: პრაგმატიზმისა და რომანტიზმის მიმართება.
– ანუ პოლიტიკაში მორალურობა მაინც რომანტიკოსობაა?
– მაინც რომანტიზმია და ძალიან ხშირად ჩვენი ოპოზიცია იმით კმაყოფილდება, რომ მას მორალური უპირატესობა აქვს, მაგრამ მორალური უპირატესობა ბრძოლასა და ომში გადამწყვეტი არ არის. მორალური უპირატესობა ჰქონდა საქართველოს რუსეთთან ომში, მაგრამ უშველა ამ მორალურმა უპირატესობამ?! საქართველოს ყოველთვის ნაკლები ძალა ჰქონდა, ამიტომაც ინტელექტუალურად იგებდა და შემდეგ ამბობდა, ხერხი სჯობია ღონესაო. რადგან მიიჩნევდა, რომ ინტელექტუალური უპირატესობა გადამწყვეტია, მაშინაც კი, როდესაც ფიზიკურად მტრის ძალა სჭარბობდა. ახლა ეს გადავიტანოთ პოლიტიკაში: პოლიტიკაშიც არის ხერხი, ანუ ინტელექტუალურობა; ფიზიკური ფაქტორი – კუნთები და მორალური ფაქტორი, ხარ თუ არა მართალი. მორალური ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შენს ჯარს, პოლიტიკური ჯარი მაქვს მხედველობაში, უნდა ჰქონდეს საკუთარი სიმართლის განცდა და იბრძოლოს ბოლომდე. მაგრამ სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლას აზრი არ აქვს, თავგანწირვა ვერ მოიტანს გამარჯვებას, თუ ბრძოლა ინტელექტუალურად არ არის მოფიქრებული. ჩვენს შემთხვევაში ოპოზიცია ხშირად სწორედ მორალური უპირატესობით არის კმაყოფილი, მაგრამ, რადგან ფიზიკური უპირატესობა არ გააჩნია, უნდა იზრუნოს ინტელექტუალურ უპირატესობაზე, მაგრამ ამაზე არ ზრუნავს. ჩვენ გვახსოვს, რომ ისინი სწორედ მორალური უპირატესობით ხელმძღვანელობდნენ, როდესაც მანდატები დახიეს და ის ფაქტი, რომ შეეძლოთ საპარლამენტო ტრიბუნის პოლიტიკური ბრძოლისთვის გამოყენება, გვერდზე გადადეს.
– ისინი იხტიბარს არ იტეხენ, მაგრამ აშკარად წამგებიანი აღმოჩნდა მათი ეს სვლა.
– მათ იმ მომენტში გაუჩნდათ განცდა, რომ ექნებოდათ მორალური უპირატესობა და იქნებოდნენ ამაყი და გმირულად დაღუპული ოპოზიცია, მაგრამ ვხედავთ შედეგს: დღეს მათი ინიციატივები პარლამენტში შეაქვს იმ ჯგუფს, რომლებმაც, მათგან განსხვავებით, მანდატები არ დახიეს. აქედან გამომდინარე, უკვე ცხადია, რომ ის ნაბიჯი არ იყო სწორი. ამას ვიხსენებ არა ნიშნის მოსაგებად, არამედ იმისთვის, რომ გავშიფროთ ჩვენი ოპოზიციის მოქმედების სტილი, რადგან მგონია, რომ ამაში დევს მათი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი. მაშინ, როდესაც ხელისუფლება ბრძოლაში ინტელექტუალურ მხარეს დიდ ყურადღებას უთმობს, მიუხედავად იმისა, რომ შეუძლია თქვას, ძალა მაქვს და ჭკუა არ მინდაო. გავიხსენოთ ბადრი პატარკაციშვილი, გვაპატიოს მიცვალებულის სულმა, რომ ანალიტიკური მასალისთვის ვახსენებთ. ბადრი პატარკაციშვილთან შესული კოდუა იყო ის ძირითადი საშუალება, რომლითაც ხელისუფლებამ მოიპოვა ეგრეთ წოდებული სამხილები. არადა ხმები კოდუასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების შესახებ ნახევარი წლით ადრე გავრცელდა. ანუ ხელისუფლებამ შექმნა ეს ვერსია, ბოლომდე მიიყვანა და შემდეგ გამოიყენა. აი, ეს არის სწორედ ინტელექტუალური ნაწილი, ხერხი სჯობია ღონესაო. მეორე საკითხია, გაამართლებ თუ არა ამ ხერხს, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას ამაზე ნაფიქრი ჰქონდა.
– ხელისუფლებისა და ოპოზიციის ჭიდილი ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა, არადა ხელისუფლება თითქმის ყოველთვის მშრალი ანგარიშით უგებს ოპოზიციას. რა შეიძლება, ვურჩიოთ ჩვენს ოპოზიციონერებს?
– თუ დახლზე ერთნაირი ხარისხის საქონელი დევს, მყიდველი მოგებულია, რადგან არჩევნის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ, თუ დახლზე ერთი საქონლის ხარისხი აშკარად ჩამორჩება მეორეს, მომხმარებელს ალტერნატივა აღარ აქვს და წაგებულია. რაც შეეხება რჩევას: უპირველესად, ვურჩევდი იმას, რომ რჩევებს უგდოს ყური. ჩვენ ვსაყვედურობთ ხოლმე ხელისუფლებას, რომ სხვის აზრს ანგარიშს არ უწევს, მაგრამ, როგორც კი მარცხის სუნს იგრძნობს, მაშინვე იწყებს მოსმენას და საკმაოდ ყურადღებით, რასაც ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე. გარშემო ყველა მხრიდან ესმის ოპოზიციას, შეცდომებს უშვებთო, მაგრამ, თუ გინახავთ ამ შეცდომების ანალიზი ოპოზიციის მიერ?
– არა, ოღონდ არ ვიცი, რამეს ჩუმად თუ აანალიზებენ?
– რადგან საზოგადოება გსაყვედურობს, საზოგადოების წინაშე უნდა გააანალიზო შეცდომები და საზოგადოებასთან შეხვიდე დიალოგში. ძალიან ხშირად ოპოზიცია ამას არ აკეთებს და თავისას განაგრძობს: ამბობენ, ეს მიტინგი არ გამოვიდა, იმიტომ რომ სხვა ჯგუფმა მხარი არ დაგვიჭირაო; არჩევნებში მარცხდებიან, მაგრამ ამბობენ, საარჩევნო გზა სწორია, უბრალოდ რაღაც მოხდაო. არანაირ პრინციპულ შეფასებას არ აკეთებენ, მაშინ, როდესაც ამ მხრივ ხელისუფლებისთვის დამახასიათებელია ელასტიკურობა. გაითვალისწინეთ, მე მხოლოდ ფიარის ნაწილზე ვლაპარაკობ. გაიხსენეთ: სააკაშვილი გადადგა, ოღონდ შემდეგ ყველაფერი გააკეთა, რომ ისევ დაბრუნებულიყო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაბიჯით გარკვეული შედეგი მიიღო როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. ეს მას უკვე საინტერესო მოთამაშედ აქცევს. მე არ მახსენდება ოპოზიციის ქმედებაში მსგავსი შემოვლითი ნაბიჯები.
– შეგიძლიათ, დაასახელოთ ეტაპები, როდესაც პროდუქტიული იყო ოპოზიციის აქტივობა?
– იყო ასეთი ეტაპები, მაგრამ სააკაშვილს ვერ დაუკარგავ იმას, რომ ის ძალიან ხშირად თმობს იმისთვის, რომ მოიგოს. მაგალითად, მან თითქოს დაუთმო ოპოზიციას კონსტიტუციის თემა, ამ დროს ოპოზიციამ უყურადღებოდ დატოვა კონსტიტუციაზე მუშაობის თითქმის მთელი პროცესი და მხოლოდ ბოლოსკენ ჩაერთო მოლაპარაკებაში. მეორე მხრივ, ადვილად ვერ ვამტყუნებ ოპოზიციას, რადგან მას ძალიან რთულ ვითარებაში უწევს მოქმედება. ერთი სირთულე ისაა, რომ ოპოზიცია მრავალფეროვანია, არადა, როდესაც სააკაშვილი იყო ოპოზიციაში, ის, ფაქტობრივად, ერთადერთი ლიდერი იყო. ამიტომაც გადაწყვეტილებებს ადვილად იღებდა. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ იმ პერიოდში ამერიკას აწუხებდა ხავერდოვანი რევოლუციების იდეა, ამიტომაც ის უცბად გახდა საოცრად ენერგიული პარტნიორი. მაილსი დადიოდა იმდროინდელ მინისტრებთან და ეუბნებოდა, სანამ შევარდნაძეს არ გაუშვებთ, არაფერი გეშველებათო. ამავე პერიოდში რუსეთიც ცდილობდა შევარდნაძის მოშორებას და ისე გამოვიდა, რომ რუსეთის ირიბი და ამერიკის პირდაპირი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ამას დაამატეთ შევარდნაძის აშკარად აპათიური დამოკიდებულება შიდა პროცესების მიმართ. საგარეო არენაზე გულგატეხილობამ, როდესაც მიხვდა, რომ ამერიკა მისი წინააღმდეგი იყო, ხელი ჩააქნევინა საშინაო პოლიტიკაზე. აი, ამ პირობებში მოვიდა სააკაშვილი. მას მეტოქედ ჰყავდა ადამიანი, რომელსაც თავისი წილი დიდება უკვე მიღებული ჰქონდა და საკმაოდ ადვილად წავიდა კომპრომისზე. ახლა კი ოპოზიციას საქმე აქვს ენერგიულ ახალგაზრდა კაცთან, რომელსაც მთელი ცხოვრება წინ აქვს. თანაც, სააკაშვილის მოსვლის დროს საშინაო და საგარეო განწყობები მომზადებული იყო „რუსთავი-2-ისა“ და სხვა საინფორმაციო საშუალებების მიერ.
– აშკარაა, ეს შეცდომა გათვალისწინებულია.
– ერთი სიტყვით, დღეს ოპოზიციას არ აქვს ის საშუალებები, რომლებიც ჰქონდა, თავის დროზე, სააკაშვილს; არ არსებობს ისეთი საშინაო და საგარეო კლიმატი და, რაც მთავარია, დღევანდელი ოპოზიციის წინ სულ სხვანაირი მეტოქე დგას, ვიდრე სააკაშვილის წინაშე იდგა. რაც მთავარია, ამ მეტოქემ ერთხელ უკვე აჩვენა, რომ დათმობაზე არ წავა და იგებს. ეს ძალიან მძიმე ფონია.
– ძალიან საინტერესოა ის, რომ მიხეილ სააკაშვილმა, ფაქტობრივად, ყველაფერი შესთავაზა დასავლეთს და სხვა პარტნიორებს, ასე რომ, ოპოზიციას შესათავაზებელიც კი აღარაფერი დაუტოვა?
– ამას არ აქვს მნიშვნელობა, ამერიკა სულაც რომ მოხიბლული იყოს ქართული ოპოზიციით, ის დღეს უბრალოდ აღარ თამაშობს რევოლუციებით. თანაც, დააკვირდით, რა მოხდა? როდესაც ამერიკიდან ცივმა ნიავმა დაუბერა, საქართველომ მჭიდრო ურთიერთობა დაამყარა ირანთან. რთული მოთამაშეა ჩვენი ხელისუფლება.
– მაგრამ ისიც იცის, რომ ირანი ვერ მისცემს მას ისეთ დახმარებას, რასაც ამერიკა აძლევს?
– მაგრამ ირანთან ურთიერთობა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, არ გადაადგმევინოს ამერიკას ის ნაბიჯი, რომელსაც სხვა შემთხვევაში გადადგამდა. ჩვენ სააკაშვილს ამერიკის სატელიტად განვიხილავთ, ის ამ ილუზიას ხელს არ უშლის, მაგრამ საქმე ასე სულაც არ არის: გაცილებით რთული ფიგურაა სააკაშვილი.
– დავაზუსტებ, რა ვიგულისხმე, როდესაც ვთქვი, შეთავაზებებშიც გაასწრო ოპოზიციას-მეთქი. მაშინ ოპოზიცია ამერიკელებს უნდა დაჰპირდეს, მთელი მოსახლეობა წავალთ ავღანეთშიო? თურქეთისთვის, საქართველო, ფაქტობრივად, გახსნილია, ესე იგი, ოპოზიციამ უნდა შესთავაზოს, აჭარას შემოგიერთებთო? ირანთან უკვე გვაქვს უვიზო რეჟიმი. რა უნდა შესთავაზოს ოპოზიციამ უცხოელ პარტნიორებს?
– თან სააკაშვილი ისე თამაშობს, რომ ასე ადვილად ხელს ვერ დაუქნევენ და ის, არც ასე ადვილად პროგნოზირებადია. სხვათა შორის, მისი ეს არაპროგნოზირებადობა მისი პოლიტიკური აქტივობის ხერხია. პოლიტიკოსისთვის არაპროგნოზირებადობა ძალიან დიდი ძალაა. ამიტომაც ვამბობ, ოპოზიციას ძალიან რთულ პირობებში უწევს ბრძოლა და უზარმაზარი სამუშაო აქვს ჩასატარებელი, ოღონდ არა ქუჩაში, მიტინგებით. რადგან მედია არ გაქვს, შენ უნდა იარო ხალხში. მეორე მხრივ, რთული პირობები ნიშნავს იმას, რომ უფრო რთული გზა უნდა მოიფიქრო. ანუ ჩვენი შენიშვნა ასეთია: რატომ უკეთესად არ ფიქრობენ. სხვათა შორის, ოპოზიციას აქვს ქართული ხასიათი, ხელისუფლებას კი – არა. საერთოდ, ქართველებს არცთუ იშვიათად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება მიზნიდან გამომდინარე, უფრო ხშირად ჩვენი სურვილის, ემოციის, ასოციაციის მიხედვით ვიღებთ გადაწყვეტილებებს. ეს არ არის მხოლოდ ოპოზიციის თვისება, ეს ქართული თვისებაა.
– რადგან სააკაშვილი უგებს ოპოზიციას პოლიტიკურ თამაშებს, ესე იგი, ქართველი საზოგადოება არაქართულ თვისებებს ანიჭებს უპირატესობას?
– ჩვენ არ ვიცით, ეს ქართველი საზოგადოების არჩევანია, თუ იმ მექანიზმების შედეგი, რაც ხელისუფლებამ გამოიყენა. რამდენჯერმე ჰქონდა ჩვენს საზოგადოებას თავისუფალი არჩევანი: პირველად საკმაოდ რომანტიკული პიროვნება, ფილოლოგი აირჩია, სხვათა შორის, ერთადერთი პრაგმატული არჩევანი შევარდნაძის შემთხვევაში გააკეთა, გამოგვადგებაო, თუმცა შემდეგ ნახევრად რომანტიკული იყო სააკაშვილის არჩევა. ქვეყანა, რომელსაც ძალიან უჭირს ეკონომიკურად, არასდროს აქცევს ყურადღებას ეკონომიკური ბლოკის პარტიებს. შესაბამისად, როგორი არაპრაგმატულიც არის საზოგადოება, ისეთივეა ოპოზიციაც, უბრალოდ, იქ, სადაც ხელისუფლება მუშაობს, ოპოზიცია აგებს, ხელისუფლება კი – იგებს. მგონია, რომ ხელისუფლებას ისიც ოპოზიციაზე უკეთ აქვს გათვლილი, ეს ხალხი როდის რა სახეობის არჩევანს გააკეთებს.