„ამას – დახვრეტა, იმას – ჩამოხრჩობა“
ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩვენი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს „ვეფხისტყაოსანი“ (ვიტყვი ოპტიმისტურად) ბოლომდე წაკითხული არ ექნება, თუმცა მისი თითოეული ნაბიჯი მოწმობს, რომ მისი მოქმედების დევიზია: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. ჰოდა, რაკი ჰგონია, რომ „შეიქმს“, ბუნებრივია, რომ პიპინიას შეგონებით ხელმძღვანელობს (წ ხûë ñòðîჯ ñëþჰüìè íî íåæåí ñ ëîøჭჰüìè, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგულისხმება „ნეჟენ ს მანდატურამი“). ჰოდა, რაკი „ნეჟენ“, მანდატურებს პანტა-პუნტით ნიშნავს სკოლის დირექტორებად, განსაკუთრებული ჟინით კი იმ სკოლების დირექტორები იხსნებიან, რომელთა მოსწავლეები გამოსაშვებ გამოცდებს პარლამენტის შენობის წინ აპროტესტებდნენ (იმიტომ, რომ ქართული დემოკრატიის წესი ასეთია: 1. ბელადი ყოველთვის მართალია; 2. თუ ეჭვი გეპარება, იხ. პუნქტი 1). თუმცა, სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ეს არაფერ შუაშია და მოხსნილი დირექტორები, ჯერ ერთი, სკოლების სამეურვეო საბჭოებმა გაათავისუფლეს (თუ განსხვავებული აზრი გაქვთ: იხ. პუნქტი1!) და, მეორეც, მათ დარღვევები აღმოუჩინა სამინისტროს გენინსპექციამ (და მერე რა, რომ გენინსპექციას რატომღაც მხოლოდ იმ სკოლების შემოწმება მოეგუმანება ხოლმე, რომელთა დირექტორები ნებითა თვისითა არ მიდიან თანამდებობებიდან). თუმცა, როგორც გასულ კვირას განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, მინისტრი შაშკინი უფრო შორსაც აპირებს წასვლას. ბ-ნი მინისტრი გასულ კვირას 173-ე საჯარო სკოლაში მიბრძანდა, სადაც სკოლის დირექტორის მოვალეობას მანდატური ასრულებს, რომელსაც აშკარად უჭირს საჯაროდ მეტყველება (ეტყობა, მანდატურთა მოსამზადებელ კურსებზე მხოლოდ „კბილების ჩამტვრევას“ ასწავლიან. სხვათა შორის, სწორედ ასე მიმართავდა 52-ე საჯარო სკოლის ყოფილი მანდატური ბ-ნი ადამაშვილი მოსწავლეებს და პედაგოგებს კი გაკვეთილებზე ჯიქურ უვარდებოდა, ახლა კი 151-ე სკოლის დირექტორის სკამს ამშვენებს!), მოსწავლეები კი გათავისუფლებული დირექტორის სამსახურში აღდგენას მოითხოვენ. გამომდინარე იმ დახვედრა-გაცილებიდან, რაც 173-ე სკოლელებმა მოუწყვეს განათლების მინისტრს (რომელიც ირწმუნებოდა, სასწავლო პროცესი არ ჩაშლილაო, მაშინ, როდესაც კადრში ჩანდა, რომ პროცესი ჩაშლილიც იყო ჩამოშლილიც), აშკარა იყო, რომ პიპინიას ზემომოტანილ შეგონებას სისრულეში მოიყვანდა. ასეც მოხდა, რადგან მეორე დღესვე გაირკვა, რომ „შესაძლოა, 173-ე საჯარო სკოლის დირექტორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“ (ციტატა განათლების მინისტრის კომენტარიდან).
ხოლო, რაკი ჩვენი განათლების სისტემა კვლავაც საბჭოთა ფესვებსაა დამყნობილი, ბარემ ადგილი დაგვითქვან და მოვალთ ჩვენი თოკებით!
P. S. ბრეჟნევმა წითელ მოედანზე შეკრებილ საბჭოთა მოქალაქეებს გამოუცხადა, რომ ხვალ დილით ყველას ჩამოახრჩობდნენ. ერთმა მოქალაქემ მორიდებით აიწია ხელი და იკითხა: თოკებს თქვენ დაგვირიგებთ, თუ ჩვენი ვიქონიოთო!